top of page

რამდენიმე ეტიუდი მსახიობის შესახებ

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

att.Q6BcuwlB-5OcLSBKJ-ianLlixRHyFMx90jhrmMs5Hxk.jpg

მანანა თევზაძე

რამდენიმე ეტიუდი მსახიობის შესახებ

 

 

„შელოცვა რადიოთი“ ანუ ჩვენთვის უცნობი ქვეყანა... მანანა სურმავას საავტორო სპექტაკლი

 

მანანა სურმავას დიდი ხანია კარგად იცნობს ქართველი მაყურებელი. კარგად იცნობს მის საინტერესო, თვითმყოფად შემოქმედებას თეატრალური სცენიდან, კინოსა თუ ტელევიზიიდან.

მანანა სტუდენტობიდანვე გამოირჩეოდა რომანტიკული განწყობილებებით, რაც შესანიშნავად წარმოჩნდა მის თეატრალურ არჩევანში, როდესაც  ქართული სცენისათვის ნაცნობი „ერთი მსახიობის თეატრის“ ტრადიცია გააგრძელა, ასევე მის ლიტერატურულ არჩევანში: ანტუან დე სენტ ეგზიუპერი, ანდრე მორუა, რაინერ-მარია რილკე, გურამ რჩეულიშვილი, მარსელ მიტუა, ნიკო ლორთქიფანიძე...

ამ ავტორთა ნაწარმოებების გარდა, წლების მანძილზე, მას სხვადასხვა თეატრებში სხვა როლებიც  აქვს შესრულებული, თუნდაც ბოლო ხანს, მაგრამ განსაკუთრებით ქართული მწერლობის შესანიშნავი წარმომადგენლის, უბადლო ნოველისტის ნიკო ლორთქიფანიძის ღრმად ემოციურ ნოველაზე მინდა შევჩერდე,  „შელოცვა რადიოთი“ ჰქვია მას....

ეს სატელევიზიო სპექტაკლი 2015 წლის ზაფხულში ვნახე...

ჩემი აზრით, იგი ერთგვარი საჯილდაო ქვა გამოდგა მსახიობისთვის. სრულად გაამჟღავნა, თუ რა კარგად ფლობს მანანა ქართული სიტყვიერების, ამ შემთხვევაში, ნიკო ლორთქიფანიძის ენის რიტმსა და სტილს...

ნოველის გმირთა სამყაროს შესაფერი ზუსტი განწყობილება სწორედ იმგვარი თეატრალური ქმედებისათვისაა ზედგამოჭრილი, როდესაც მაყურებლის წინაშე მყოფი ერთი მსახიობი უზარმაზარ თეატრალურ-ლიტერატურულ სამყაროს ქმნის.

საამისოდ, მანანამ, სამოქმედოდ გამოიყენა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მშვენიერი ფოიეს ყველა წერტილი, კიბე, მოაჯირი და იმგვარად თავისებური პლასტიკით, მიხრა-მოხრით, მოძრაობით ააგო მიზანსცენები, შეჰკრა მოქმედების მთლიანი ჯაჭვი, რომ პერსონაჟთა სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე თხრობის პერიოდული შეჩერება, პაუზა, განცდის სიწრფელე ორგანული და ბუნებრივია...  

ერთი საათის მანძილზე გმირის ცხოვრების რამდენი ეპიზოდი გამოიარა მსახიობმა: მამისა და დედის შეხვედრა, საკუთარი დაბადება, მერე ჩაშლილი ქორწილი, მიტოვებული მატარებელი და კვლავაც შემთხვევითი გათხოვება, მერე შვილის გაჩენა, სიღატაკე, წვალება, მარტოობა... ინგლისელი კაცის გვერდით ყოფნა, მოგზაურობა რუსეთსა და ევროპაში და კვლავაც იმედგაცრუება, განხიბვლა და საბოლოო ცეკვა ვნებიანად ხელგაშლილის...

მან განასახიერა ნოველის ყველა პერსონაჟი, ხმის მოდულაციებით ბუნებრივად მიჰყვა ტექსტის ხვეულებს, სიუჟეტურ ქარგას და ამით მისი თხრობა კიდევ უფრო მშვენიერი,  უფრო ემოციურია...

ხასიათთა მრავალფეროვნება სრულიად არ არის მისთვის ხელისშემშლელი, რათა იყოს ხან ელი, ხან მამამისი, ხან მისი მოტრფიალე მამაკაცები, ხან რომელიღაც მიყრუებულ სოფელში ჩაკარგული შეშლილი ძიძა...

თითქოს სცენა სავსეა ამბებითა და ადამიანებით, პერსონაჟები, ყველანი აქ არიან... მსახიობი თამაშობს განცდით, უბრალოდ, სადად, მოხდენილობით მოგვითხრობს ელის ამბავს და გრძნობ, რომ ისინი ერთნი არიან!

რა ძალიან კარგია „ტანგოს“ ცეკვის სცენა... ორ ასპიტ გველთან ერთად...

შელოცვა... რადიოთი?

მაგრამ შელოცვამ რომ ვეღარ გასჭრა...

მანანა სურმავას შესანიშნავი დამხმარენიც აღმოუჩნდნენ, ახალგაზრდა მუსიკოსები - საფორტეპიანო, სასულე და სიმებიანი საკრავების მუსიკის საშუალებით, სხვადასხვა მოვლენების მაუწყებელნი, მსახიობის გვერდით რომ მიდი-მოდიან და ასევე მხატვარი, ცალკეული თეატრალური დეტალებითა თუ კოსტუმით რომ ერწყმის სპექტაკლის საერთო სტილს...

და უეცრად, ავტორისეული ფრაზების წინასწარმეტყველება:

„ - მე მგონი თქვენ, ქართველები ყველაზე უფრო არსებობის შენარჩუნებაზე  ფიქრობდით და ჭეშმარიტად განსაცვიფრებელია, თუ როგორ გადაიტანეთ ამდენი, მრავალგვარი უბედურება... მე შეიძლება ისე კარგად არ ვიცოდე თქვენი ისტორია, მაგრამ, რაც ვიცი, მაკვირვებს, როგორ გადარჩით ამდენ მტერს... მტერს უცხოს, შემოსეულს, მტერს შინაურს და თქვენ გაკაჟებული იბრძოდით არსებობისთვის...  - ეს არის პირველი.  ყველა დანარჩენი - ევროპული გატაცება მეცნიერებით, პოლიტიკით, ხელოვნებით და ამერიკის დევიზი - სიმდიდრე, დოვლათი, დოლარი - თქვენთვის მეორეხარისხოვანი მოთხოვნილება იყო თქვენი სულის. მე შევხვედრივარ საქართველოში ყველა მიმართულების, მდგომარეობისა და ასაკის პიროვნებებს და განცვიფრებული დავრჩენილვარ... სადაც სრულიად მოულოდნელია, იქაც კი იპოვიდით ამ მძაფრ, ავადმყოფურ მუდმივ ფიქრს ეროვნული სხეულის შენარჩუნებისას...“

 

 

bottom of page