რა მოხდა 2022 წლის პერფორმანსის ფესტივალზე?
რა მივიღეთ და რა დაგვაკლდა?
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ვალერი ოთხოზორია
რა მოხდა 2022 წლის პერფორმანსის ფესტივალზე?
რა მივიღეთ და რა დაგვაკლდა?
დღეს ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პერფორმანსის ფესტივალის ბოლო დღეა - 2022 წლის 21 სექტემბერი, თუმცა საპროგრამო ჩვენებები გუშინ დასრულდა; დღეს გაიმართება დაჯილდოვება და მომღერალ ერეკლე დეისაძის კონცერტი. ფესტივალის შეფასება უკვე სავსებით ლეგიტიმურია.
რა იყო კარგი? უპირველეს ყოვლისა, ახმეტელის თეატრს უნდა მივულოცოთ და მადლობა გადავუხადოთ იმ ფაქტის გამო, რომ ამ ტიპის ყოველწლიური ფესტივალი დააფუძნა და გზა გაუხსნა საქართველოში ხელოვნების ამ მოსაზღვრე მიმდინარეობას. საქართველოში პერფორმანსის კულტურის წახალისება, ვფიქრობ, აქტუალურია, რაც წლევანდელ ფესტივალზეც ნათლად გამოჩნდა: ქართველ მონაწილეთა დიდ ნაწილს, როგორც ჩანს, პერფორმანსი ქორეოგრაფიაში აერიათ.
სიტყვა „Performance“ ინგლისურ ენაში, ზოგადად, წარმოდგენას ნიშნავს, რომელიც ცეკვასაც მოიცავს, მაგრამ „Performance Art“ ხელოვნების ცალკე მიმდინარეობაა, რომელიც არტისტის იმგვარ, სპეციფიკურ ქმედებას („გამოსვლა“) გულისხმობს, რითაც ის ცდილობს გამორჩეულად, განსხვავებულად და ინდივიდუალურად გადასცეს დამსწრეს კონკრეტული მესიჯი (რომელიც, ცხადია, თავის კონკრეტულობაში შესაძლოა ზოგადიც იყოს), ან ემოცია გარკვეულ - მოტივთან, მოვლენასა ან თემასთან დაკავშირებით. ორივე ტერმინი - „Performance“ და „Performance Art“ - „პერფორმანსის“ მნიშვნელობით აქტიურად გამოიყენებოდა გასული საუკუნის 70-იან წლებში, პერფორმანსის ბუმის ეპოქაში, მაგრამ ამ მიმდინარეობის დასაწყისად გასული საუკუნის 10-იანი წლები მოიაზრება, კაბარეებში არტისტთა ფუტურისტული გამოსვლებითა და ცდებით.
გასული საუკუნის მანძილზე, მსოფლიოს პერფორმანსის, ანუ პერფორმანსის ხელოვნების მრავალფეროვანი არქივი დაუგროვდა. ანტონენ არტოდან - მარინა აბრამოვიჩამდე, ბევრი მქუხარე სახელი და მოვლენა გაიელვებს. და მაინც, რა არის პერფორმანსის ხელოვნება? რისგან შედგება ის? როგორია მისი სტრუქტურა, ანუ მისი შემადგენელი მინიმუმი, თუ შეიძლება ასე ითქვას?...
ერთ-ერთი მთავარი თვისება მე უკვე ვახსენე სიტყვით - „მოვლენა“. პერფორმანსი, უპირველეს ყოვლისა, მოვლენაა. ის არის რაღაც, რაც ხდება აქ და ახლა. აქვე შემოვიტანოთ მეორე ტერმინი „ხდომილება“ („ხდება“), ანუ „happening“, როგორც ინგლისურენოვან სამყაროში ამბობენ. მესამე ტერმინი, რომელიც დაგვეხმარება, არის „სხეულთან კავშირი“, „body art“ - ინგლისურად, და მეოთხე, რასაც დავამატებდი, - „კონცეპტუალურობაა“, „conceptual art“. ესე იგი, პერფორმანსი, თავისი არსით (ფორმითა და შინაარსით), იქმნება მოვლენის, ანუ ხდომილების, ბოდიარტისა და კონცეპტუალური ხელოვნების გადაკვეთაზე. ამიტომაც ვუწოდე ზევით „მოსაზღვრე“ ხელოვნების მიმდინარეობა.
კიდევ ერთი, არის ის, რომ პერფორმანსმა უნდა შეძრას დამსწრე, მაყურებელი. ის რაღაცნაირად უნდა გადაედოს მაყურებელს. მაყურებელი/დამსწრე უნდა „ტრანსფორმირდეს“. დიდწილად, პერფორმანსის „მიზანი“, სწორედ, ტრანსფორმაციაა: დამსწრის და საზოგადოების. ამ მხრივ, თავისი ბუნებით, ის „მემარცხენე“ აქტივობაა. არ დაგვავიწყდეს ფილოსოფიის ნამდვილი პერფორმერის - კარლ მარქსის თეზისი: აქამდე ფილოსოფია აღწერდა სამყაროს, ამიერიდან მისი ნამდვილი მიზანი სამყაროს შეცვლაა. ნიშანდობლივი მეჩვენა ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის - ირაკლი გოგიას განცხადებაც: ჩვენ, როგორც მემარცხენე თეატრი, წარმოგიდგენთ ამ ფესტივალს ზედმეტი ტაშისა და ოვაციების გარეშე.
რამდენად შეისხა ხორცი ამ მიზანმა წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში?
ფესტივალის პროგრამა ორი ნაწილისაგან შედგებოდა: არასაკონკურსო და საკონკურსო. პირველ ნაწილში მონაწილეობდნენ მოწვეული უცხოელი პერფორმერები, რომლებმაც პერფორმანსების გარდა, ვორქშოპიც ჩაატარეს მსურველებისთვის. მეორე ნაწილში მონაწილეობა მიიღო ექვსმა ქართველმა პერფორმერმა. გამარჯვებულის პრემია წლევანდელი წლისათვის ხუთი ათასი ლარით განისაზღვრა. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს პირობებში, ეს არის კოლოსალური თანხა, წარმოდგენილი პერფორმანსების ხარისხის გათვალისწინებით. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ირაკლი გოგიას; როგორც კერძო საუბარში აღნიშნა, მან ეს სავსებით განზრახ ჩაიდინა, რათა ძლიერი ბიძგი მიეცა ხელოვნების ამ მიმართულებისათვის საქართველოში.
მოდი, ჯერ ვთქვათ, რა იყო ამ წლის ფესტივალის ძალიან კარგი მიღწევა, გარდა სოლიდური ფულადი პრემიისა. შემიძლია ვთქვა, ვისაც ბოლო ორი (შვედების) პერფორმანსი არ უნახავს, ის ფესტივალს პრაქტიკულად არც დასწრებია, რადგან ბოლო ორი გამოსვლა ნამდვილად პერფორმანსი იყო თავისი ფორმითა და შინაარსით, რასაც დანარჩენებზე ასე თამამად ვერ ვიტყვით.
სანამ ამ პერფორმანსების მოკლე აღწერას შევუდგები, მინდა აღვნიშნო ერთი, სრულიად ბანალური რამ: პერფორმანსი აღწერადია, განსხვავებით სპექტაკლისაგან, ნახატისაგან, ან სიმღერისაგან. აღწერა არ ვნებს პერფორმანსს, არ „ასპოილერებს“ (როგორ უნდა დასპოილერდეს ის, რაც თავისი არსით ერთჯერადი და განუმერებელია?!); მეტიც: პერფორმანსი, როგორც არაფერი სხვა, ემორჩილება აღწერას, რითაც ის ხდება „გადამდები“ და „გადატანადი“. პერფორმანსის შენახვის ერთ-ერთი ფორმა, გარდა ჩაწერისა, მისი მოყოლა, ანუ აღწერაა. აღწერა/მოყოლა ერთგვარ „გაგრძელებად“ შეიძლება ჩაითვალოს პერფორმანსისა, რომელიც უკვე დასრულდა.
შვედი ეკატერინა სისფონტესი გამოდის სცენაზე. გამოაქვს შავი ნაჭერი, წითელი ძაფის გორგალი და ნემსი. იწყებს ნაჭრის განასერების შემოქსოვას წითელი ძაფით. ქსოვს, ქსოვს, და პერიოდულად შემოგვხედავს. და ისევ ქსოვს, მშვიდად, მაგრამ იგრძნობა მშფოთვარება ამ სიმშვიდეში. ჩვენ ვიცით, რომ მისი პერფორმანსი ამჟამინდელი უკრაინის ომის, უფრო ზუსტად რუსეთის აგრესიის მიმართ პროტესტია. ეკატერინა იცმევს წითელი ძაფით შემოქსივილ ნაჭერს ჟილეტის მსგავსად. იცმევს შავ ქვედაკაბას, და სპარსელ ან მავედრებელ ქალს ემსგავსება. იღებს შამპანიურის ბოთლს და ხსნის მას. საცობი ვარდება და ბოთლიდან ქაფი გადმოდის. ქალი ბოთლს თავზე იცლის, ერთ ადგილზე ტრიალებს და ყვირის: ომია! ომია! ომია! (მესიჯი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, რომ უკრაინაში ომი არ არის.) მაყურებელი ტაშს უკრავს, პერფორმერი ქვითინს ვერ იკავებს.
ეს იყო მარტივი, შთამბეჭდავი, სხეულებრივი, კონცეპტუალური, ნამდვილი, წრფელი და თავგანწირვის მუხტის (რომელიც სრულ უსასოობასა და სისუტის ძლიერებას გამოხატავდა) მატარებელი გამოსვლა. ქსოვამ შექმნა ატმოსფერო, აურა. ანტიკურობაში გადავვარდით. უფრო სწორად, მარტივ მარადისობაში, სადაც ანტიკურობა თანამედროვეობას განმსჭვალავს: ტრაგედია, გლოვა და სიჩუმე. და რა თქმა უნდა, ქალი... ქალია ამ ყველაფრის მატარებელი. თუმცა, არსებობს კაცის გლოვაც და ჩვენ ამას ქვევით ვიხილავთ.
შავი და წითელი („სტენდალის ფერები“) იტევდა და გამოხატავდა ეკატერინას გრძნობას, მის სათქმელს. ქსოვა - მისი მოქმედება იყო ყველაფერი: დასაწყისიც და დასასრულიც. მისი ტრიალი შავ სამოსში ტურბულენტულ ზონას ქმნიდა ჩვენში და ჩვენ გარშემო. და შამპანიური, თავზე გადასხმული შამპანიური, ეს იყო (ბედის... მე ვიტყოდი - პოსტმოდერნიზმის) ირონია, სარკაზმი და ტრაგიკული ზეიმი, სადაც საზეიმო არაფერია: ეს იყო ცრემლი, შეუძლებელი ქვითინი, როგორც შამპანიური... ომი არის! ომია! ნამდვილად! ომია! და მაინც, ეკატერინამ ვერ გაუძლო ტაშს და იტირა... ემპათიას ვერავინ და ვერაფერი უძლებს სამყაროში... ხომ ასეთია თვითონ ღმერთიც - ჩვენი მაგალითი?!
ომის თემა გაგრძელდა ანდრო ზვერევის პერფორმანსითაც. ორი დიდი ბომბი ამ ორი პერფორმანსის სახით, ფესტივალის ბოლოში ყოფილა ჩამარხული. სიტყვამ მოიტანა და, ანდრო, მართლაც, ხელში იღებდა ბომბს, პატარა რაკეტას, სავარაუდოდ ყუმბართმტყორცნის ჭურვს და მარხავდა მიწაში. ჩვენ წინ სამი მიწის გროვა იდო სამ თეთრ ნაჭერზე, როგორც ზეწარზე. სამი მიწა „იწვა“, მე ასე ვიტყოდი. ყველა საგანი, მიწა, ჭურვი, წიგნი და თევზი თეთრ ნაჭერში იყო შეხვეული, სცენის ბოლოში. მათ შორის იდგა ფრინველის თეთრი სახლი. ანდროს მიწაზე ხოხვით გამოჰქონდა, რიგრიგობით, სამი ზეწარში გახვეული მიწის გროვა და შლიდა ავანსცენაზე. შემდეგ მიდიოდა უკან და ამოჰქონდა ჭურვი თეთრი ზეწრიდან, გამოჰქონდა ის და მარხავდა პირველ მიწაში. მეორე მიწაში ჩამარხა წიგნი. მესამე მიწაში კი - თევზი, რომელსაც დამარხვამდე ეფერა, ეალერსა და გარკვეული გზა შემოატარა. ყოველი ჩამარხვის შემდეგ, იხრებოდა მიწაზე და როგორც ყურში, ჩაჰყვიროდა რაღაცას, ჩემთვის გაუგებარს, მაგრამ მიუხედავად ამისა, შინაგანად სრულიად გასაგებს. მიწისთვის „ყურში“ ჩაძახილი ყველაზე ემოციური მომენტი იყო ჩემთვის. შემდეგ კი, გამოიტანა „ფრინველის თეთრი სახლი“ და ზევიდან მოატარა მიწებს: ყოველი მიწის ზევით დოლივით ხელს ურტყამდა სახლს ფერდებში, იქიდან გადმოცვენილი ფერფლით კი იფარებოდა მიწა. მთელი პერფორმანსის განმავლობაში ისმოდა დევიდ ჰეიკინენის მუსიკა, მაგრამ ჩემი აზრით, მუსიკა დიდად არ სჭირდებოდა ამ პერფორმანსს. ხშირად, ის „ზედნადები“ და ხელოვნური მეჩვენებოდა, თითქმის ხელს მიშლიდა.
ანდრო ზვერევის პერფორმანსი არანაკლებ ემოციური, კონცეპტუალური და დასამახსოვრებელი გამოდგა. თეთრი ფერის დომინაცია, როგორც ფონისა, რომელზეც მიწა და საგნები წვანან, ტრაგიკულ კონტრასტს ქმნიდა მიწასა და ფერფლთან. საგნებმა, რომლებიც დომინირებენ თანამედროვეობაზე, ურთიერთკონტრასტულობით გამოყვეს მათი სამყოფელი, სამი კუნძული თანამედროვეობისა: ჭურვის/ძალმომრეობის, წიგნის/მეცნიერებისა და ხელოვნების, და თევზის, ანუ ღმერთის/რწმენის სამყარო. ფრინველის სახლი და მისგან ჩამოცვენილი ფერფლი, სამივე მიწის გროვა რომ დაფარა, გამოხატავდა ბუნების სიმარტივესა და დაუძლევლობას, თავისუფლების ამაღლებასა და წარმავლობას, ამაოებას. თავად პერფორმერი, რომელიც მიწაზე ხოხვით, გარკვეული თვითგვემით პრეზენტირებდა ამ სურათს, მსხვერპლია, არსება, რომელიც იტანჯება, რადგანაც სწამს. როგორც ვაჟა-ფშაველა იტყოდა: „მე ხომ სულ ყველას მონა ვარ, პირზე ოფლგადამდინარე.“ ვაჟა-ფშაველა შემთხვევით არ მიხსენებია აქ, რადგან მიწაში ჩაძახილმა სწორედ მისი ლექსი გამახსენა იმ წამს: „ძვალები“. ანდროს პერფორმანსზე ყველაზე მეტად ვიგრძენი მიწა.
ამ ორი პერფორმანსის ნახვის შემდეგ, კიდევ უფრო გამიმყარდა აზრი, რომელიც იქამდეც მქონდა: პერფორმანსზე დასწრება ქირურგიულ ოპერაციას ჰგავს; რომელ ორგანოს ამოგაჭრიან ან დაგამატებენ, არავინ იცის.
ხსენებული ორი პერფორმანსი საუკეთესო ნაწილი იყო ფესტივალისა. მხოლოდ მათ გამო ღირდა ფესტივალის ჩატარება. ამიტომაც ისინი გამყავს კატეგორიაში - „ძალიან კარგი“.
ახლა შევეხოთ სხვა უცხოურ გამოსვლებსაც, რომლებიც სულ სამი იყო: უკრაინელი ჰალინა შუპაკის, ირანელი (გერმანიის სახელით) მეჰრან მირმირის, და ესტონელი კორნელ ინდრეკის. მქონდა ბედნიერება, ამ სამი ადამიანის ვორქშოპსაც დავსწრებოდი და თვალი მედევნებინა იქ განვითარებული მოვლენებისთვის.
ფესტივალი ჰალინა შუპაკის საეჭვო ხარისხის პერფორმანსით გაიხსნა. თავიდანვე, თქვეს, რომ ის უკრაინელია და თავისი ხალხის ტკივილს უძღვნის ამ პერფორმანსს, და აგრეთვე ისიც გვითხრეს, რომ ის პინა ბაუშის ცეკვის დასის წევრია. მე კი ვიტყოდი: ჯერ პერფომანსი და მერე - უკრაინა და ბაუში, თუ შეიძლება! ამაზრზენია მანიპულირება უკრაინითა და ბაუშით; ამ თემებს ძალიან ფრთხილად უნდა მოვეპყრათ; განსაკუთრებით არტისტს არ აქვს უფლება, ამოეფაროს რამეს, მასზე უფრო მოწყვლადსა და საშინელს. არაფერია არტისტზე საშინელი და მოწყვლადი, როცა ის თავის სიმაღლეზე დგას. იმას კი გეტყვით, რომ ჰალინა თავის სიმაღლეზე ვერ იდგა...
მისი ცეკვა პერფორმანსისაგან შორს იყო, არ მოქმედებდა, არ მეხებოდა. ამ გოგოს რაღაცის ჩვენება სურდა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ერთადერთი მოვლენა, ჩემთვის, იყოს შემდეგი: მტვრიან მაგიდაზე გრძელი თმის მოსმა და მტვრის ჩამოყრა. ეს იყო სულისშემძვრელი, რომელსაც არც ბაუშის ხსენება სჭირდებოდა და არც უკრაინის, ისედაც ყველაფერს ამბობდა მაგიდის მტვერი და ჰალინას თავის თმა... მაგრამ ეს მოტივიც უკვალოდ ჩაიკარგა მის არაეფექტურ ცეკვაში.
ჩემი აღფრთოვანება ვერც მეჰრან მირმირის პერფორმანსმა ვერ გამოიწვია. აღწერისაგან თავს შევიკავებ (უფრო საინტერესო ეტიუდს ზოგიერთი სტუდენტი აკეთებს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში), მხოლოდ ერთს ვიტყვი: მანეკენი წითელი კაბითა (გნებავთ, ამას დამატებული შემოდანი... ა-ლა-ჰ!...) და მეჰრანის მიერ მისი გაშეშებული ძუძუს დაყნოსვა, სამწუხაროდ, ჩემი მეხსიერებიდან ვერ წაიშლება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი თრეში.
კორნელ ინდრეკმა საინტერესო ხელების თამაში შემოგვთავაზა, მაგრამ კორნელამდე დიდი ხნით ადრე იყო მიქელანჯელო, ვინც გაცილებით მნიშვნელოვანი რამ გვასწავლა და გვაჩვენა ხელებისა და მათი შეხების შესახებ... გარდა ამისა, ხელებით შეხებისა და ერთმეტრიან დისტანციაზე ხმამაღლა ჰაერის გამოფრქვევის იდეა, რომელსაც კორნელი გვირჩევდა, ჩემთვის მაინცდამაინც მიმზიდველი არ აღმოჩნდა. იმედია, არავინ დაინფიცირდა დარბაზში.
ვფიქრობ, ეს სამი არტისტი დიდად გათვითცნობიერებული არ აღმოჩნდა პერფორმანსის სპეციფიკაში ჩვენი, ქართველი მონაწილეების მსგავსად. მათაც, როგორც ჩანს, პერფორმანსი რაღაც სხვაში აერიათ, რაც მათ ვორქშოპსაც ეტყობოდა.
ვორქშოპი ეძღვნებოდა გრძნობიერების განვითარებას სხეულის მოძრაობით, შინაგანი გრძნობიერების გარეთ გამოტანას. იმდენად პერფორმანსს არ ეხებოდა აქ საქმე, რამდენადაც თანამედროვე ცეკვის („Contemporary Dance“) საფუძვლებს. ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი სტუდიური ვარჯიში იყო. თუმცა, აქაც აჩვენეს ქართველმა მონაწილეებმა სერიოზული პრობლემები. ქართულის მოცეკვავეები კვლავინდებურად ქართულს ცეკვავდნენ. სხვა მოცეკვავეები ვერ ეშვებოდნენ თავიანთ ილეთებს, ვერ თავისუფლდებოდნენ მათი სხეულები და შინაგანი ცეკვა გარეთ არ დაბადებულა, ამის ნიშან-წყალიც არ გამოვლენილა. ვორქშოპს თვალს ვადევნდებდით მე და ჩემი მეგობარი ქორეოგრაფი, რომელმაც დაასკვნა: ისე, როგორც არაფერ სხვაში, ცეკვაში ჩანს, რომ ქართველებს თავისუფლება გვაკლია.
ვორქშოპი გავიყვანე „ცუდის“ კატეგორიაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დავგმე და საერთოდ არ მომეწონა. ამ „ცუდსაც“ ჰქონდა თავისი ღირსებები და სულ არაფერს ჯობდა, ცხადია.
რაც შეეხებათ ქართველ მონაწილეებს: პერფორმანსს ყველაზე მეტად ჰგავდა ნინო ხოსიტაშვილის „დღის ზმანება“, თუმცა არასრულყოფილი იყო და დახვეწილობით ვერ გამოირჩეოდა. კონცეფცია მხოლოდ ინგლისურ ენაზე მოგვეწოდა დამსწრეებს, რაც პრინციპულად არ მომეწონა. ყველა ქართველმა ინგლისური ენა არ იცის, თანაც საქართველოში ვართ, სახელმწიფო ენა ქართულია და არა ინგლისური! რადგან ენას შევეხეთ, ბარემ ესეც ვთქვათ: მონაწილეთა ნაწილი რატომღაც ინგლისურ ენაზე დეკლამირებდა და მერე თარგმნიდა ქართულად თავის ნათქვამს... რატომ, ღმერთო ჩემო?! როდის აქეთ ითვლება ქართულად საუბარი მეორეხარისხოვნად?! მხოლოდ სანდრო სვანიძესთან - ქართველ გამომსვლელთან არ მაქვს პრეტენზია, რადგან ის თავის ინგლისურ გამოცდილებაზე ყვებოდა და თავდაპირველად ინგლისური საუბარი და შემდგომ ქართული მის საუბარში ავთენტური იყო. დანარჩენებმა რატომ იკეკლუცეს ზედმეტად თავიანთი ინგლისურით, გაუგებარია.
ნინო ხოსიტაშვილის კონცეფცია საინტერესო იყო (ყოველდღიურობის რუტინა, რობოტიზმი, რომელშიც ადამიანი დეჰუმანიზაციას განიცდის) და გამოხატვის ფორმაც: ცომის ზელა და სხეულის ბრძოლა ამ ცომთან. ჩემი აზრით, ცომთან მიმართებაში, პროპორციაში იყო აშკარა დაღრვევა: ცომი იყო ძალიან პატარა, მოთავსებული მცირე მაგიდაზე და სათანადო ეფექტს ვერ ახდენდა, მაყურებლამდე ვერ მოდიოდა. ცომი რომ ყოფილიყო უზარმაზარი და დებულიყო უშუალოდ სცენაზე, პერფორმერი გაცილებით მიაღწევდა თავის მიზანს. პერფორმანსს სხვა ნაკლოვანებებიც არ აკლდა: ფრაგმენტული და მოკლე იყო. ეს უფრო გაელვებას ჰგავდა, ვიდრე განხორციელებას.
მეორე, საინტერესო გამოსვლა სანდრო სვანიძეს ჰქონდა. თუმცა, ჟანრის თვალსაზრისით, ეს უფრო სთენდაფი იყო, ვიდრე პერფორმანსი. მიუხედავად ამისა, ყველაზე მეტად ამ გამოსვლამ იმოქმედა ჩემზე. სანდრომ თავის საშემსრულებლო შესაძლებლობებითა და გულწრფელობით (იხარჯებოდა ბოლომდე, ნატურალიზმი და ხელოვნურობა მის გამოსვლაში ლამაზად ერწყმოდა ერთმანეთს) დისტანციის შესაძლებლობა არ დატოვა მაყურებელთან. მაყურებელი თანაუგრძნობდა მას, მაგრამ მისი გამოსვლა ნარატივის ფარგლებს ვერ გასცდა, სცენაზე სხვა არაფერი მომხდარა, ჰეფენინგი აკლდა მის სიტყვას.
ლაშა რობაქიძის „ზღვა“, „სიყვარული ნოტებით“, ქორეოგრაფია იყო ცირკის ელემენტებით და არა პერფორმანსი. გიორგი ღონღაძის „სახლიც“ ქორეოგრაფიულ სპექტაკლად შეიძლება ჩაითვალოს და არა პერფორმანსად.
წლევანდელმა ფესტივალმა აჩვენა, რომ ჩვენი საზოგადოება პერფორმანსს არ იცნობს და შეუჩვეველია. ამდენად, ამ ფესტივალის აქტუალობა უდავოა, ის აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. წლიდან წლამდე, ფესტივალი დაიხვეწება და ნამდვილ პერფორმანსებამდეც მივაღწევთ.
რაც შეეხება ვორქშოპს, აღნიშნული კომპონენტი ფესტივალის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად უნდა იქცეს და სულ უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს, უპირველეს ყოვლისა, თეორიული დისკურსის გავრცელებას. როცა თეორიაშიც კი არ ვიცით, პერფორმანსი რა არის, პრაქტიკაზე გადასვლა ძნელია და სათანადო ნაყოფსაც ძნელად მოიმკის. ვისურვებ, მომავალ წელს მეტი ვისაუბროთ პერფორმანსის რაობაზე, მის ისტორიაზე, და მეტი ცნობილი პერფორმერი ვიხილოთ ფესტივალზე.
და ბოლოს, მიხარია, რომ ფესტივალი ტარდება შესანიშნავი ზურაბ რთველიაშვილის სახელით. ზურა იყო ის იშვიათი ადამიანი ჩვენს სინამდვილეში, ვინც აცოცხლებდა ჩვენში ნაკლებად ცნობილ მოსაზღვრე ხელოვნებას.