top of page

„რასაც დასთეს, იმას მოიმკი“

75534777_10220337429004328_3350144030695

„რასაც დასთეს, იმას მოიმკი“

ლაშა ჩხარტიშვილი

 

მსოფლიოში პროვოკაციულობით სახელგანთქმული უკრაინელი რეჟისორის, საავტორო თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, ოსტატის ანდრი ჟოლდაკის სპექტაკლს „მეფე ლირი. ანდრი ჟოლდაკის წარმოსახვა“ ქართველი მაყურებელი წლებია ელის. ორიგინალური სათეატრო ენის რეჟისორი ქართულ თეატრს იმხანად თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რეჟისორ ქეთი დოლიძის საშუალებით დაუკავშირდა. „მეფე ლირის“ დადგმაც კინომსახიობთა თეატრში დაიგეგმა და დაიდგა კიდეც სპექტაკლის პირველი მოქმედება, რომლის ვიდეო ჩანაწერი მაყურებელმა გასულ წელს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ გახსნის ცერემონიალზე ნახა „ფაბრიკაში“. ჩანაწერიდანაც კი სპექტაკლის მხოლოდ ერთმა ნაწილმა განსაკუთრებულ შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე. მიუხედავად იმისა, რომ ქეთი დოლიძე დღეს კინომსახიობთა თეატრის სამხატრო ხელმძღვანელი აღარ არის, პროექტი, ოდნავ შეცვლილი შემადგენლობით, მაინც განხორციელდა. მსოფლიო პრემიერა 2019 წლის ფესტივალ „საჩუქრის“ ფარგლებში გრიბოედოვის თეატრის დიდ სცენაზე შედგა. სავარაუდოდ, შემადგენლობასთან ერთად შეიცვალა დადგმის კონცეფციაც, აქცენტებიც, მაგრამ უცვლელი დარჩა მთავარი - ქალბატონი ლირი, რომელსაც, არც მეტი არც ნაკლები, ქეთი დოლიძე ასრულებს. ქეთი დოლიძემაც მისი პერსონაჟის მსგავსად, რეპეტიციებიდან პრემიერამდე, სიმბოლურად ლირის გზა გამოიარა. უმადურობისა და ადამიანთა სისასტიკის მაქსიმუმი საკუთარ თავზე იწვნია, როგორც შექსპირის ლირმა.

 

ანდრი ჟოლდაკის სპექტაკლი სინამდვილეში ვარიაციებია შექსპირის „მეფე ლირის“ თემაზე, ერთგვარი წარმოსახვა, ასოციაციების პრინციპით შეთხზული ეპიზოდები და მოვლენები, რომელსაც ერთი შეხედვით საერთო არ აქვთ, მაგრამ ირიბად მაინც მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან. ეტიუდების პრინციპით, სიუჟეტური ინტრიგით აგებული საექსპოზიციო ნაწილი, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენს სპექტაკლის პირველ და სრულ ნაწილს, სულაც არ უკავშირდება მეორე მოქმედებაში განვითარებულ სიუჟეტს, მაგრამ ეს ორი განსხვავებული ამბავი ერთმანეთთს პერსონაჟთა ტიპებით უკავშირდება. სხვადასხვა დროში, ან მოცემულობაში, ისინი ერთმანეთის იდენტურები არიან. მათ შორის პარალელების გავლება მაყურებელს თავისუფლად შეუძლია.

 

ანდრი ჟოლდაკის ოსტატობა არა მხოლოდ განსხვავებული სიუჟტების ერთმანეთთან დაკავშირებაში ვლინდება, არამედ ამ სიუჟეტების თხრობის მანერასა და ხერხებში. რეჟისორი, ზოგჯერ სხარტად, ზოგჯერ კი მიზანმიმართულად, შენელებული კადრივით აჭიანურებს გარკვეულ მიზანსცენას, რამდენჯერმე იმეორებს, რითაც ხაზს უსვამს მნიშვნელოვანს, მთავარ სათქმელს. „გაწელილი“ და „გამეორებული“ ეპიზოდები კი ისე ლოგიკურად ებმის ეთმანეთს, რომ მაყურებელში მხოლოდ ინტერესს იწვევს, ამიტომაც ძნელია მოწყდე სიუჟეტის მსვლელობას, რადგან სრულიად მოულოდნელად რეჟისორი ახალ ამბავს იწყებს, სიახლეს კი ყოველთვის მორიგი ინტრიგა შემოაქვს. ოსტატი რეჟისორი ჟანრობრივი კონტრასტით აგებს მიზანსცენებს, ამიტომაც, ერთმანეთს ენაცვლება ღიმილი და სევდა, სიცილი და გაბრაზება, „ქუჩის“ და „საკონცერტო დარბაზის“ მუსიკა, ტექსტი და მოძრაობა, ბევრი მოულოდნელობა... სპექტაკლის ავტორი ხელოვნურად არ ამძაფრებს და არ ამძიმებს დრამატულ და ტრაგიკულ ისტორიას, პირიქით, ამსუბუქებს კიდეც მას, მაგრამ ვერ/არ აცლის ძირითად ამბავს ტრაგიკულ საფუძველს. მას თითქოს ხელიდან ექცევა მთავარი სიუჟეტური ხაზი, იმდენად იტაცებს ეტიუდები, დეტალები, გზადაგზა უბრუნდება მთავარს და გრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ „მთავართან გაქცევის“ მცდელობის მიუხედავად, როგორც ბედისწერას, თავს ვერ დააღწევ, ისე როგორც, გარდუვალია ლირის ოჯახის დაშლა. ისე როგორც გარდაუვალი იყო ლირის შეცდომა, მისი შედეგი...

 

მოულოდნელ და სულ სხვა ამპლუაში გვევლინებიან ჩვენთვის ნაცნობი მსახიობები, ისე როგორც შთაბეჭდილებას ახდენენ უცნობი არტისტები. ქეთი დოლიძე - ლირის ხვედრი ტრაგიკულია, მაგრამ ლოგიკური, სევდიანია მის მიერ სრული გულწრფელობით და უშუალობით მოთხრობილი ისტორია, რომელიც მსახიობმა მთლიანად დაცალა თეატრალურობისგან. სპექტაკლში მონაწილე მსახიობებს: თეიმურაზ გვალიას, პაატა ბარათაშვილს, ირინა გიუნაშვილს, ანრი ბიბინეიშვილს, ბუბა ჭოღოშვილს, თამარ ბზიავას, თამარ ბუაჩიძეს, ილია ჭეიშვილს, სოსო ხვედელიძეს და ლაშა გაბუნიას ეტყობათ „კოსმოსში“ გასული რეჟისორის გავლენა, ისინი ზუსტად გამოხატავენ იმ კონტექსტს, რომელსაც სპექტაკლის ავტორი ქმნის სცენოგრაფთან დანიელ ჟოლდაკთან, კოსტიუმების მხატვართან სიმონ მაჩაბელთან, კომპოზიტორ სერგეი პარამინსკთან ერთად.

 

როგორც რობერტ სტურუას „ლირში“, ანდრი ჟოლდაკის წარმოსახვაშიც ინგრევა არა მხოლოდ ლირის, არამედ მისი უმადური ქალიშვილების სამყაროც, ამ ოჯახურ ომშიც, ყველა წაგებული და დაზარალებულია, ისე როგორც რეალურ ცხოვრებაში, აქაც დედის დამგმობთ და მისი „განძის მაძიებლებს“ ხელიდან ეცლებათ ყველაფერი და თავზე ენგრევათ ის, რაც მათ მემკვიდრეობით ერგოთ. ანდრი ჟოლდაკის სპექტაკლის კონცეფცია თითქოს კონკრეტულ, სევდიან და ტრაგიკულ ამბავს ეფუძნება, მაგრამ ის ამავდროულად ზოგადია და გლობალური. ამიტომაც, უნდა გვახსოვდეს, „რასაც დასთეს, იმას მოიმკი!“

bottom of page