top of page

რას ეძებ, რას?!

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

340187001_2078076622583694_8336443328128207349_n.jpg

თამთა ქაჯაია

რას ეძებ, რას?!

 

„შეუძლებელია არ გაქრე და შეუძლებელია გაქრე. ამას მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გაიგებ. ხუმრობით კი ვიტყვი: მოველი აღსასრულს, რათა საბოლოოდ დავრწმუნდე, რომ უკვდავი ვარ“. ეს სიტყვები ცნობილ მწერალსა და სცენარისტ ერლომ ახვლედიანს ეკუთვნის.     

ერლომ ახვლედიანი ის ავტორია, რომელიც წინაპირობას ქმნის და ხელს უწყობს ხელოვანთა  ღირებული ნამუშევრების შექმნას. სწორედ მისი იგავური მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლის „ვანო და ნიკოს“ პრემიერა გაიმართა, 3 აპრილს, ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო დრამატულ თეატრში. რეჟისორი და ინსცენირების ავტორი მარიამ სიხარულიძეა; მხატვარი, სცენოგრაფი და თოჯინების ოსტატი - ვახტანგ ქორიძე. თოჯინები  ინერტული მასალისგან არაა დამზადებული. ხელებზე წამოცმული თეთრი და შავი ხელთათმანები ვანოსა და ნიკოს იდენტიფიცირების საშუალებას იძლევიან და  მარტივად აღიქმებიან. ტექსტი დამონტაჟებულია და მოზარდებისა თუ ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვისაა განკუთვნილი.

სპექტაკლში ამბავი ვანოს გარშემო ვითარდება, რომელსაც უძილობისა და მარტოსულობისგან გაორება ეწყება და მასში ნიკო იღვიძებს. „ვანო და ნიკო“  „რაღაცას“ გამოხატავენ. ეს „რაღაც“ მთლიანად სოციალიზებულია და  ცხოვრების პრობლემებს ასახავს.

 მართალია, თოჯინური სამყარო იძლევა ფანტაზიისა და უსაზღვრო შესაძლებლობების გამოხატვისა და განვითარების საშუალებას, მაგრამ აქვე არსებობს მხატვრულ-გამომსახველობით ფორმებში მთავარი სათქმელის დაკარგვის დიდი რისკიც.

სპექტაკლში დასმულია კითხვები, რომლებიც სამყაროში მუდმივად არსებობს და რომლებზეც პასუხის პოვნა რთულია. არა ერთი ფილმი თუ სპექტაკლი გვინახავს ეგზისტენციალური კრიზისისა თუ პიროვნების გაორების შესახებ. თუმცა მაინც დიდი გამბედაობაა საჭირო, როდესაც ასეთ ნაწარმოებს კიდებ ხელს.

ახალბედა რეჟისორმა (რომლისთვისაც „ვანო და ნიკო“ პირველი თოჯინური სპექტაკლია), მარიამ სიხარულიძემ მოახერხა და თავი გაართვა ამ რთულ ამოცანას. უნდა ითქვას, რომ დებიუტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

პირველ სცენაში ჩანს ვანო (აბელ სოსელია) ემბრიონის ფორმაში, რომელიც სრულიად დაუცველია და ჭუპრში გახვეული მწერივით - გამჭვირვალე ცელოფანი აქვს შემოხვეული. დეკორაციას წიგნები და გამორთული ტელევიზორი წარმოადგენს.  სიზმრის დროს იხსნება თაროები და სცენაზე  მუსიკალური ინსტრუმენტები ეშვებიან, ანათებს მთვარე, დაცურავენ თევზები, დაფრინავენ ფრთები. სიზმრის ინტერპრეტაციას სრულიად ესადაგება ის ქაოსური სცენა, რომელსაც ნივთები ქმნიან. განათების მეშვეობით სწორი აქცენტების ისმება და კონკრეტული სცენისთვის შესაბამისი ატმოსფეროს იქმნება.

საინტერესო პასაჟია, როდესაც ნიკო  (მსახიობი ბაქარ დეისაძე) კითხულობს: „რატომ არის ის ჩემზე ნიჭიერი?“ ... ვანო კი პასუხობს: „იმიტომ, რომ შენ სიყვარული არ შეგიძლია, ნიკო“... კაენიდან აბელამდე და ვანოდან ნიკომდე, ანუ დღემდე, უსიყვარულობა ანადგურებს ყველაფერს. სწორედ ამისკენ მიგვითითებს რეკვიზიტად შემოტანილი ვაშლი, პროექციაზე, ჭერში გამოსახული მთხრობელი, რომელიც სამყაროს შემქმნელის ასოციაციას იწვევს, (აბელ სოსელია) და შვიდი დასათაურებული ეპიზოდი.

მუსიკალური გამფორმებელი ნინო სიხარულიძეა. სპექტაკლის პირველ ნახევარში გამოყენებულია ბახის „ავე მარია“, რაც უფრო მეტად ასევდიანებს და მელანქოლიურს ხდის ვანოს. შემდეგ ნაწილში ისმის არია „O Mio Babbino Caro“ ჯაკომო პუჩინის ოპერიდან „ჯანი სკიკი“, როგორც მუსიკალური თემა და მოგვიანებით - ამავე არიის  ფრაგმენტი. ამასთანავე ნინო სიხარულიძის საავტორო მუსიკაც ჟღერს სპექტაკლში. იმის მიუხედავად, რომ  მხოლოდ ორი პოპულარული კლასიკური ნაწარმოებია გამოყენებული, მუსიკალური თემა სრულიად არ მიესადაგებოდა იმ მხატვრულ ღირებულებების წარმოდგენას, რომელიც მარიამ სიხარულიძემ შემოგვთავაზა.

თითოეული მსახიობი: ჯანეტ ქობულაძე, თინათინ ნემსაძე, აბელ სოსელია, ბაქარ დეისაძე, გიორგი ქართველიშვილი და ზაზა იოსებაშვილი ქმნიან თოჯინური პერსონაჟების ხასიათებს. მინდა გამოვყო აბელ სოსელიასა და ჯანეტ ქობულაძის ოსტატობა, რომლებმაც ასევე განაპირობეს სპექტაკლის წარმატება.

ერლომ ახვლედიანის ცხოვრებასა და ნაწერებს შორის გამყოფი ხაზი  ძალიან მკრთალი იყო. ამბობენ, რომ იგი წერდა იმაზე, რაც მის ცხოვრებაში ხდებოდა. ზოგჯერ კი, რაღაცას დაწერდა და ეს მოგვიანებით გადახდებოდა თავს.

სწორედ ასეთი სპექტაკლი შექმნა  მარიამ სიხარულიძემ და არ დაკარგა მთავარი, მკრთალი, გამყოფი ხაზი რეალურ და ირეალურ სამყაროებს, რეალურ და ირეალურ ამბავს შორის, რომელიც ვანოს, ნიკოს ან თუნდაც ვანიკოს გადახდათ თავს.

bottom of page