
რას გვასწავლის სტუდენტური სპექტაკლი პროფესიულ თეატრზე?
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

28.07.2026
ლაშა ჩხარტიშვილი
რას გვასწავლის სტუდენტური სპექტაკლი პროფესიულ თეატრზე?
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის მსახიობის სპეციალობის სტუდენტებმა სადიპლომო ნამუშევრად „ანა ფრანკის დღიური“ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე წარმოადგინეს. სპექტაკლის რეჟისორია გაბრიელ (გაგა) გოშაძე, მხატვარი ცისანა პეტრიძე, მოდის დიზაინის მესამე კურსის სტუდენტი, მეტყველების პედაგოგი კი პროფესორი თამილა მეიშვილი.
გაგა გოშაძეს სტუდენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მას არაერთი სტუდენტური სპექტაკლი დაუდგამს და, როგორც ჩანს, კარგად იცის ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც სადიპლომო ნამუშევრის შექმნისას ზოგჯერ ავიწყდებათ: ასეთ შემთხვევაში რეჟისორის მთავარი ამოცანა საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება კი არა, სტუდენტის წარმოჩენაა. მაყურებელმა უნდა დაინახოს, რა ისწავლა მომავალმა მსახიობმა, როგორ ფლობს პროფესიას, როგორ მეტყველებს, მოძრაობს, აზროვნებს სცენაზე, უსმენს პარტნიორს და როგორ ქმნის მხატვრულ სახეს.
პარადოქსია, მაგრამ რაც უფრო უკანა პლანზე გადადის ამ სპექტაკლში რეჟისორი, მით უფრო კარგად ჩანს თავად რეჟისურაც. გაგა გოშაძე საკუთარ კონცეფციას არ გვახვევს თავს, მაგრამ მისი ნააზრევი იკითხება მიზანსცენებში, მოქმედების ორგანიზებაში, რიტმში, მსახიობთა ურთიერთობებსა და მთლიანად ანსამბლის მუშაობაში. კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს რეჟისორი, როგორც პედაგოგი, რომელსაც შეუძლია ახალგაზრდა მსახიობს პროფესიული უნარები შესძინოს და შემდეგ სცენაზე დამოუკიდებლად არსებობის საშუალება მისცეს. სწორედ ამ თვალსაზრისით არის მისი ნამუშევარი განსაკუთრებით დასაფასებელი.
ცისანა პეტრიძის მინიმალისტური მხატვრული გადაწყვეტაც იმავე პრინციპს ემსახურება. გარემო შექმნილია რამდენიმე ზუსტი დეტალით და სივრცე არ ცდილობს მსახიობის დაჩრდილვას. ცენტრში ახალგაზრდები რჩებიან, რომლებმაც უნდა მოგვითხრონ ანა ფრანკისა და მის გარშემო მყოფი ადამიანების ტრაგიკული ისტორია და, რაც მთავარია, მაყურებელს ამ ამბის განცდის შესაძლებლობა მისცენ.
ამ სტუდენტების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა სამსახიობო ოსტატობის, სასცენო მეტყველების და სცენაზე მოძრაობის უნარების ფლობაა. არ ვიცი, როგორ გაუმკლავდებიან ისინი დიდი სცენის მასშტაბს, მაგრამ კამერულ სივრცეში მათი სიტყვა ისმის, აზრი გასაგებია და ამბავი მაყურებლამდე აღწევს. თითქოს ელემენტარულ მოთხოვნაზე ვსაუბრობთ, მაგრამ თანამედროვე პროფესიულ სცენაზე ეს იმდენად ხშირად აღარ არის ელემენტარული, რომ ახალგაზრდა მსახიობების მკაფიო მეტყველება უკვე ცალკე აღნიშვნის ღირსი ხდება. ზოგჯერ პროფესიონალი მსახიობი კამერულ დარბაზშიც კი ვერ გაწვდის ვერც სიტყვას, ვერც ხმას და საბოლოოდ ვერც ამბავს. აქ კი სტუდენტები ამას ახერხებენ.
მათი მთავარი იარაღი გულწრფელობაა. თუმცა მხოლოდ ახალგაზრდული ემოციურობით მიღებული შედეგი არ არის. თითოეული შესრულების უკან ჩანს შრომა, რეპეტიციის პროცესი და პასუხისმგებლობა. ამიტომაც იქმნება ერთიან სტილს დაქვემდებარებული ანსამბლი, რომელშიც თითოეული ორგანულად არის ჩართული. თითოეული მათგანი არის ინდივიდუალიზმით გამორჩეული, დასამახოვრებელი.
სტუდენტებთან ერთად, სპექტაკლში მონაწილეობენ ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები და ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მიხეილ ღომიძე და გიორგი ყურავა. მიხეილ ღომიძე ოტო ფრანკს ასრულებს, გიორგი ყურავა კი ბატონ ვანდაანს. მათი მონაწილეობა სტუდენტურ წარმოდგენაში პროფესიული უპირატესობის დემონსტრირებად არ იქცევა. პირიქით, ჩანს პასუხისმგებლობა ახალგაზრდა პარტნიორებისა და მთლიანად ნამუშევრის მიმართ. მიხეილ ღომიძე დეტალურად მუშაობს პერსონაჟზე და დამაჯერებელ მხატვრულ სახეს ქმნის. გიორგი ყურავას ვანდაანი კი იმდენად ორგანულად იწვევს გაღიზიანებასა და აგრესიას, რომ მაყურებლის ეს რეაქციაც მსახიობის ზუსტი მუშაობის შედეგია. ამ შემთხვევაში გამოცდილება არა დისტანციას, არამედ პარტნიორობის ხარისხს ქმნის.
სტუდენტური ანსამბლიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი მარიამ გუჯაბიძეს, სალომე ბედინეიშვილსა და მარიამ გველესიანს. რთულია ამ სამიდან რომელიმესთვის უპირატესობის მინიჭება. მარიამ გუჯაბიძის ანა ფრანკი მართლაც მოზარდად აღიქმება. მსახიობს სცენაზე თითქმის არ აქვს წამი, როდესაც შინაგან მოქმედებას წყვეტს. მისი ბავშვურობა გათამაშებული თვისება კი არა, პერსონაჟის არსებობის ბუნებრივი მდგომარეობაა. მარიამ გუჯაბიძე სცენაზე ანა ფრანკის როლს კი არ „თამაშობს“, არამედ მისი პერსონაჟის ცხოვრებით ცხოვრობს. ანას მხატვრულ სახეს იგი გარეგნულადაც საოცარი სიზუსტით ხატავს: თითოეული მოძრაობა, ჟესტი, მზერა, ინტონაცია და რეაქცია მოზარდი გოგონას ბუნებიდან გამომდინარეობს. მის შესრულებაში არ იგრძნობა ზრდასრული მსახიობის მცდელობა, ითამაშოს ბავშვი. სცენაზე მართლაც მოზარდს ვხედავთ თავისი უშუალობით, ცნობისმოყვარეობით, მოუსვენრობით, სიჯიუტითა და ემოციური ცვალებადობით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მარიამ გუჯაბიძე არც მაშინ წყვეტს პერსონაჟის შინაგან ცხოვრებას, როდესაც მოქმედების ცენტრში არ იმყოფება. იგი მუდმივად უსმენს, აკვირდება, რეაგირებს და სწორედ ამ უწყვეტი სცენური არსებობით ქმნის ცოცხალ და დამაჯერებელ ანა ფრანკს.
სალომე ბედინეიშვილისა და მარიამ გველესიანის ნამუშევრებში კი არის ეპიზოდები, რომლებიც ერთდროულად გაძრწუნებს, გაღელვებს და პერსონაჟებისადმი თანაგრძნობას გიჩენს.
სალომე ბედინეიშვილს ერთ-ერთი ურთულესი ემოციური ეპიზოდი აქვს, როდესაც ქალბატონი ფრანკი თანდათან კარგავს საკუთარ თავზე კონტროლს და მთელი სიმძაფრით ავლენს კრიზისში მყოფი ადამიანის შინაგან მდგომარეობას. ასეთი სცენა ახალგაზრდა მსახიობისთვის განსაკუთრებით რთული შესასრულებელია, რადგან ძლიერი ემოცია ადვილად შეიძლება გადაიზარდოს გადაჭარბებაში, ყალბ ინტონაციასა და გარეგნულ ეფექტში. სალომე ბედინეიშვილი ამ საფრთხეს თავს არიდებს: მის შესრულებაში არც ერთი ყალბი ნოტი არ იპარება და ემოციური აფეთქება პერსონაჟის ხანგრძლივად დაგროვილი შინაგანი დაძაბულობიდან ბუნებრივად იბადება. არანაკლებ შთამბეჭდავია მარიამ გველესიანი ქალბატონი ვანდაანის როლში. იგი სცენაზე ყოფნის არც ერთ მონაკვეთში არ დუნდება და მაშინაც კი, როდესაც მოქმედების ცენტრში არ იმყოფება, პარტნიორებს უსმენს, რეაგირებს და პერსონაჟის შინაგან ცხოვრებას უწყვეტად აგრძელებს. ცალკეულ ეპიზოდებში კი იმდენად ზუსტად ხატავს ქალბატონი ვანდაანის ხასიათს, რომ მის ქცევაში, მანერებში, რეაქციებსა და დამოკიდებულებებში თითქოს იკითხება პერსონაჟის მთელი ბიოგრაფია, მისი ცხოვრება სხვენში დამალვამდე და ის გზა, რომელიც ამ უკიდურეს მდგომარეობამდე გამოატარა.
ანი მელაძის მარგო ფრანკიც ანსამბლის სრულფასოვანი წევრია და დასამახსოვრებელ ტიპაჟს ქმნის. პირველი კურსის სტუდენტი თომა ნოზაძე პიტერის როლში სრულიად დამაჯერებელია. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ანასთან მისი გულწრფელი საუბრის ეპიზოდი, როდესაც უხერხულობისა და მორიდებისგან ბიჭს ლოყები უწითლდება. ამ პატარა, სრულიად ბუნებრივ რეაქციაში ზოგჯერ უფრო მეტი სიმართლეა, ვიდრე ხელოვნურად გამძაფრებულ ემოციურ სცენაში. მარიამ ენდელაძის კრალერი ორგანულად ეწერება საერთო ანსამბლში, ნოდარ სამთელაძის დუსელი კი გამოკვეთილ და დასამახსოვრებელ ტიპაჟად ყალიბდება. მეორე მოქმედებაში კარგად ჩანს როგორც იცვლებიან პერსონაჟები (თუნდაც გარეგნულად) დროთა განმავლობაში, როგორც აისახება მათზე დრო და გარემო, როგორ ვერ უძლებენ ან უმკლავდებიან უკიდურეს მორალურ და ფიზიკურ კრიზისს.
სპექტაკლის ემოციური კულმინაცია ფინალური სცენაა, როდესაც სცენაზე მყოფნი ერთად იწყებენ ებრაული სიმღერის შესრულებას. თუმცა ამ ეპიზოდში სიმღერა უკვე მუსიკალური ნომერი აღარ არის. იგი ერთდროულად განწირული ადამიანების ერთმანეთის გამხნევებად, უკანასკნელად შეკავშირებისა და მოახლოებული აღსასრულის წინაშე ერთმანეთისთვის ძალის მიცემის მცდელობად იქცევა. მათ იციან, ან უკვე გრძნობენ, რა ელით, მაგრამ სწორედ ამ სიმღერით ცდილობენ შიშის დაძლევას და ადამიანური ღირსების შენარჩუნებას. თანდათან ემოცია სცენასა და დარბაზს შორის არსებულ ზღვარსაც შლის: მსახიობები ტირიან, მაყურებელიც ტირის და იქმნება უცნაური განცდა, თითქოს ყველას ერთდროულად ყელში ებჯინება სიტყვაც და ცრემლიც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ემოციური ზემოქმედება ხელოვნურად გამოწვეული არ არის. იგი მთელი წარმოდგენის განმავლობაში დაგროვილი განცდის ბუნებრივი შედეგია და სწორედ ამიტომ ფინალი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და დასამახსოვრებელ ეპიზოდად რჩება როგორც შესრულების, ისე რეჟისორული გადაწყვეტის თვალსაზრისით.
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის არსებობის განმავლობაში ჩემთვის გამორჩეულ სტუდენტურ ნამუშევრად დღემდე რჩებოდა ლევან მირცხულავას ჯგუფის „ყვარყვარე თუთაბერი“, რომელიც სადიპლომო სამუშაოს ფარგლებს გასცდა და სრულყოფილ მხატვრულ ნაწარმოებს მიუახლოვდა. „ანა ფრანკის დღიური“ მეორე ასეთი შემთხვევაა.
შეიძლება ვინმემ მითხრას, რომ ამ წლების განმავლობაში უნივერსიტეტის ყველა სადიპლომო სპექტაკლი არ მინახავს და მართალიც იქნება. თუმცა კარგი ნამუშევარი იშვიათად იმალება: მის შესახებ საუბრობენ, ინფორმაცია ვრცელდება, პროფესიული წრე იგებს. ყოველ შემთხვევაში, იმ ნამუშევრებს შორის, რომლებიც მინახავს ან რომელთა შესახებაც ინფორმაცია მქონია, ამ ხარისხის შედეგი დიდი ხანია არ შემხვედრია.
ამ წარმოდგენის შემდეგ ერთი, ერთი შეხედვით მარტივი კითხვა გამიჩნდა: რატომ ხდება, რომ სტუდენტებს ზოგჯერ შეუძლიათ მაყურებელს მკაფიოდ მოუყვნენ რთული ისტორია, ხოლო პროფესიულ თეატრში, გამოცდილი მსახიობებითა და გაცილებით დიდი რესურსით, ეს ყოველთვის ვერ ხერხდება?
პასუხის ერთი ნაწილი, ალბათ, სამუშაო პროცესში უნდა ვეძებოთ. მსახიობს, დამწყებია იგი, გამოცდილი თუ სცენის ოსტატი, რეჟისორი სჭირდება. მაგრამ რეჟისორის ფიზიკური ყოფნა სარეპეტიციო დარბაზში საკმარისი არ არის. საჭიროა დრო, ერთმანეთის გაცნობა, საერთო ენის მოძებნა, ცდა, შეცდომა, უარის თქმა პირველივე ნაპოვნ გადაწყვეტაზე და ხელახლა ძიება. მოკლედ, საჭიროა პროცესი.
რეგიონულ თეატრებში (რამდენიმე უიშვიათესი გამონაკლისის გარდა) კი ხშირად სრულიად სხვა მოდელი მოქმედებს. მიწვეული რეჟისორი ჩადის თეატრში, დაახლოებით ოც ან ოცდახუთ დღეში დგამს კლასიკურ თუ თანამედროვე ტექსტს, წინასწარ განსაზღვრულ დღეს აუცილებლად იმართება პრემიერა. ამ დროში რეჟისორი ზოგჯერ მსახიობის პროფესიული ბუნების გაცნობასაც ვერ ასწრებს, მსახიობი კი - რეჟისორის ენისა და მეთოდის გაგებას.
შემდეგ იწყება რბოლა პრემიერამდე. მთავარია დეკორაცია მოესწროს, კოსტიუმი მზად იყოს, ტექსტი იცოდნენ, მიზანსცენები დაიმახსოვრონ და დანიშნულ დღეს ფარდა გაიხსნას. პრემიერა შედგა, გეგმა შესრულებულია… შემდეგი…
ეს უკვე სახიფათოდ ემსგავსება არა შემოქმედებით პროცესს, არამედ საწარმოო ციკლს. თეატრი კი, როგორი ადმინისტრაციული მოთხოვნებიც უნდა არსებობდეს მის წინაშე, საამქრო არ არის და სპექტაკლი კონვეიერზე აწყობილი პროდუქტი ვერ იქნება.
ამიტომაც „ანა ფრანკის დღიურის“ წარმატება ჩემთვის მხოლოდ რამდენიმე ნიჭიერი სტუდენტის აღმოჩენის მიზეზი არ გამხდარა. მან კიდევ ერთხელ დამაფიქრა დროზე, როგორც მხატვრული ხარისხის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობაზე. თუ თეატრს შედეგი სურს, რეჟისორსა და მსახიობს მუშაობისთვის გაცილებით მეტი დრო უნდა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, პრემიერების სტატისტიკაც შთამბეჭდავი გახდეს, მაგრამ ხარისხი ამ არითმეტიკას ყოველთვის არ ემორჩილება.
ამ კონტექსტში უნებლიედ მახსენდება ბათუმის დრამატული თეატრის პერიოდი გიორგი თავაძის სამხატვრო ხელმძღვანელობის დროს. მაშინ ერთ-ერთი გავრცელებული პრეტენზია სწორედ პრემიერების სიმცირე იყო. დიახ, პრემიერა შეიძლება ცოტა იყო. სამაგიეროდ, გაცილებით იშვიათად ისმოდა პრეტენზია მათი მხატვრული ხარისხის მიმართ. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეს პერიოდი მნიშვნელოვანი შემოქმედებითი ეტაპი აღმოჩნდა როგორც თავად ბათუმის თეატრისთვის, ისე გიორგი თავაძისა და იმ მსახიობებისთვის, რომლებიც მის სპექტაკლებში მუშაობდნენ.
შესაძლოა, თეატრში ზოგჯერ ნაკლები მართლაც მეტი იყოს.
პატარა უნივერსიტეტის სადიპლომო სპექტაკლმა ეს ძველი ჭეშმარიტება კიდევ ერთხელ შემახსენა: სცენაზე შედეგს სტატუსი, შენობის მასშტაბი და პრემიერების რაოდენობა თავისთავად არ ქმნის. მას ქმნის ნიჭი, პროფესიული პასუხისმგებლობა, რეჟისორი, მსახიობი და, რაც ყველაზე ხშირად გვავიწყდება, მათთვის სამუშაოდ მიცემული დრო.