რას უნდა ველოდოთ?!

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

2022_0509_05351800.jpg

ნინო გაბედავა

რას უნდა ველოდოთ?!

ომის გარდაუვალ სისასტიკეზე აგებული, ემოციით დატვირთული, ტრაგიზმით აღსავსე, უბედურებას მოცული ადამიანები, სულიერი ტკივილებისა და განცდების გაცხადება, მომავლის იმედის დაკარგვა და ამ ცხოვრებას შეგუებულ ინდივიდებს სპექტაკლში ,,ცუდი გზები’’ აცოცხლებენ არტისტები: სოფია სებისკვერაძე, გიორგი გასვიანი, ოთო ჩიქობავა, მამუკა მაზავრიშვილი, თამარ ბეჟუაშვილი და თეკლა სულაქველიძე, სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ირაკლი გოგიას რეჟისორობით. ისტორიულად ცნობილია, რომ 2014 წელს რუსეთის აგრესიამ თავი იჩინა აღმოსავლეთ უკრაინაში. მას შემდეგ, რაც დონეცკში დაიწყო პრორუსული დემონსტრაციები, სამოქალაქო რევოლუციის შემდეგ, უშედეგო აღმოჩნდა რომელიც მტკიცე ხელისუფლების არ არსებობის საფუძველზე მოხდა და შესაბამისად, რუსეთის მიერ შეიარაღებულმა სეპარატისტებმა როგორც დონეცკში და ლუგანსკში მოახდინეს კონტროლქვეშ არსებული გარკვეული ტერიტორიების გაფართოება, ასევე მოხდა დონბასშიც, და შესაძლებელია ითქვას, რომ დონბასი საომარი მოქმედებების ცენტრი გახდა. სწორედ დონბასში მიმდინარე საომარ მოვლენებს, ქრონიკებს, აღწერს ჯერ სპექტაკლის ლიტერატურული საფუძვლის ავტორი: უკრაინელი დრამატურგი ნატალია ვოროჟბიტი თავის პიესაში ,,ცუდი გზები’’ (მთარგმნელი გიორგი ყაჯრიშვილი), და შემდგომ, რეჟისორი ირაკლი გოგია ამ ნაწარმოების მიხედვით ამავე სახელწოდების წარმოდგენაში. დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე უფრო მძიმეა აღვიქვათ მსგავსი თემატიკის მქონე წარმოდგენა, რომელიც უშუალოდ უკრაინაში მიმდინარე გამწვავებულ საომარ მოქმედებებს ეხება, ქართველი მაყურებლისთვის კი, იმდენად ახლოა ეს ტკივილი და ომის შედეგად გამოწვეული მძვინვარე ატმოსფერო, რომ შეუძლებელია ამ განცდამ და ტკივილმა ემოციურად არ იმოქმედოს.

სცენაზე რეალისტური ატმოსფერო სუფევს (მხატვარი: ანა ქობულაშვილი, ირაკლი ბილისეიშვილი), სადაც უბედურებას მოცული ადამიანები გაქვავებული გამომეტყველებით დაიარებიან და ქმნიან ომის სისასტიკის შეგუებულ ინდივიდთა სახე-ხატს. უმოქმედობა, ბედს შეგუება, იმედის დაკარგვა, ეგზისტენციალური კრიზისი, მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ვფიქრობ, რეჟისორის მხრიდან მოწოდებული მთავარი საკითხი იყო ის, რომ წარმოეჩინა თუ რა მოსდის ადამიანს ომის დროს?! როგორ იცვლება მათი დამოკიდებულება ცხოვრების გაგრძელების თვალსაზრისით?! როგორ შეიძლება იმოქმედოს ადამიანმა, რომელიც ძალადობის მსხვერპლია და რა შედეგამდე მიდის მისი ქმედება?! როგორ ფსიქოლოგიურ ტერორში იმყოფებიან და ამის ფონზე იმედგაცრუებული ადამიანები რამდენად შეძლებენ გააგრძელონ არსებობა - არსებობა არა როგორც ფიზიკურად, არამედ სულიერად. გარკვეულწილად კი, რეჟისორმა ნამდვილად მოახერხა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, ისეთი მუსიკალური გაფორმების ფონზეც, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს სიუჟეტის ხაზს.

წარმოდგენაში თითქოს მთავარ გმირად გვევლინება მსახიობ სოფია სებისკვერაძის პერსონაჟი იულია, რომელიც ახალგაზრდა ჟურნალისტი გახლავთ. მისი ამბავი იწყება იმ წუთიდან, როდესაც ერთ-ერთ უკრაინულ ოჯახს (მამუკა მაზავრიშვილი და თამარ ბეჟუაშვილის შესრულებით) გაიცნობს, თან უცნაურად: ჟურნალისტი იულია მანქანით მგზავრობისას გზაზე შეუმჩნევლად, შემთხვევით კლავს ამ ოჯახის ქათამს, რომელიც გამოდის, რომ მათი (უკრაინული ოჯახის) შემოსავლის წყარო იყო. ამის გამო კი, იულიას არარეალურ ფინანსურ ანაზღაურებას მოსთხოვენ, და უფრო მეტიც, მის გაძარცვასაც კი ცდილობენ (რაც კი ძვირფასეული სამკაული აქვს  სხეულიდან აგლეჯენ, მის ჩანთაში იქექებიან, იქნებ კიდევ რამეს მიაგნონ, მანქანის წართმევასაც კი გაიფიქრებენ), მაგრამ უცებ იცვლებიან და დაუფიქრებლად უბრუნებენ წართმეულ ნივთებს, რატომ?! რეჟისორმა წარმოაჩინა ომის ის გარემოება, რომ ამ მძვინვარე, სისასტიკით აღსავსე რეალობაში საკითხავია ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე, არტისტებმა (მამუკა მაზავრიშვილი და თამარ ბეჟუაშვილი) უკრაინული ოჯახის გამომძალველ„ი სახე-ხატი შექმნეს ისევ თავის მოძმე ინდივიდთან მიმართებაში (ჟურნალისტი იულია), რადგან გადარჩენის სხვა გზა მათ არ დარჩენიათ, საარსებო წყარო ხომ სჭირდებათ და ამიტომ, წამიერად ეშმაკურ ფიქრებსაც კი გაიელვებენ ხოლმე. მოვლენის გააზრების საფუძველზე და მეტაფორულად ნივთების დაბრუნებით მიგვანიშნებენ იმაზე, რომ ასეთი გზა გადარჩენისა არაფერში სჭირდებათ, მაინც არაფერი შეიცვლება, ომის სისაძაგლეს ვერავინ გადაეღობება წინ და ესენიც რჩებიან ისევ მარტონი და ასეთ რეალობას შეგუებულნი. ერთ-ერთ ტრაგიკულ პერსონაჟს აცოცხლებს მსახიობი სოფია სებისკვერაძე, მისი იულია კი ერთ-ერთი მსხვერპლია გარემოებებისა. მსახიობ ოთო ჩიქობავას პერსონაჟისგან (სტასი - რუსი ჯარისკაცი, რომელიც რუსული სამხედროს დაუნდობელი სახეა), რომელიც ძალადობს მასზე, გამანადგურებელ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში (მკვლელობამდეც კი მიდის) მყოფ პერსონაჟს სოფია სებისკვერაძე მეტნაკლებად წარმოაჩენს, მაგრამ ამ შემთხვევაში მისი სამსახიობო ოსტატობა ვფიქრობ ერთ მდგომარეობას ასახავს, ანუ გმირის ნიღბის შესაქმნელად ვფიქრობ რომ, მხოლოდ ერთ მიმართულებას ირგებს, რაც განცდას ბადებს, რომ თითქოს მის მიერ გაცოცხლებული გარკვეულ პერსონაჟთა ,,პალიტრა’’ ერთმანეთს ჰგავს (მაგალითად: ამავე რეჟისორის ირაკლი გოგიას მიერ განხორციელებულ სპექტაკლში ,,ქალის სხეული, როგორც ბრძოლის ველი’’). აღსანიშნავია მსახიობ გიორგი გასვიანისა (კოლია - სკოლის დირექტორი) და მსახიობ თეკლა სულაქველიძის (ლიუტკა მარჩენკო - ახალგაზრდა უკრაინელი გოგონა) დუეტი: ამბიდან გამომდინარე კოლია მეზობელია ლიუტკასი, რომელიც ზრუნავს მასზე, მის გარდა სხვა არავინ გააჩნია, მუდამ ლოცულობს და იმედი აქვს რომ ყველაფერი გამოსწორდება. ვფიქრობ რომ, ლიუტკას პერსონაჟს სიმბოლური დატვირთვა გააჩნია, მისი ტრაგიკული სიცოცხლის დასასრულით კი, მოკვდა იმედი, სურვილი სიცოცხლის გაგრძელებისა, და მის ცხედარს სცენაზე სწორედ კოლია შემოასვენებს მარხილით, რომელიც უბრალოდ ქმედება არ არის, მსახიობმა მოახერხა, რომ პერსონაჟის სულიერი ტკივილი, განცდა რეალური გაეხადა რაც აუდიტორიას მის მიმართ გარკვეულ ემოციას აღუძრავდა. უფრო მეტად დასამახსოვრებელი პერსონა კი, თავისი სამსახიობო ოსტატობით თეკლა სულაქველიძემ გამოძერწა, ახალგაზრდა გოგონა, რომელიც მთელი სპექტაკლის მსვლელობისას ტოვებს განცდას თუ რა ბედი ეწევა მის არსებობას და ფინალური სცენა კი პასუხია იმაზე, რომ ომის ფონზე ადამიანებს აღარ შესწევთ უნარი სიცოცხლის გაგრძელებისა, დაკარგეს რწმენა და იმედი მომავლისა. მუდამ სივრცეში იყურებიან გაქვავებული გამომეტყველებით, არაფრის მთქმელი მიმიკით, შეეჩვივნენ ასეთ მდგომარეობას, რადგან რეალობისგან დაღწევის გზა არ არსებობს და სპექტაკლში არსებული პაუზებით მაყურებელიც იძულებულია დაფიქრდეს, განიცადოს და შეაფასოს დღეს არსებული ყოფა.

როგორც ცნობილია, სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი, ზოგადად, თანამშრომლობს უკრაინელ სათეატრო ხელოვნებაში მოღვაწე შემოქმედებთან, მწერლებთან, მუსიკოსებთან, რეჟისორებთან, მსახიობებთან და ა.შ., რაც მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი გარემოებაა. შესაბამისად, დღეს, უკრაინაში არსებული ტრაგიზმის გადმოცემა სცენაზე თავად რეჟისორისგან (ირაკლი გოგია) არც იყო გასაკვირი, მაგრამ მისი მიზანი, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ იყო იმ ინდივიდთა ფსიქო-ტიპაჟის წარმოჩენა რომელთა არსებობა/ცხოვრება ტერორის ქვეშ გაუსაძლისი გახდა და როგორ შეიძლება შეიცვალოს (ან უარესი: გარემოებების მსხვერპლმა მიმართოს სუიციდს) ადამიანი ამ მოვლენის საფუძველზე. შესაძლებელია ითქვას, რომ შემოქმედებითმა ჯგუფმა მიზანმიმართულად განახორციელა ამოცანა: წარმოეჩინა ომის საფუძველზე ფსიქოლოგიური წნეხის, სულიერი ტკივილისა თუ ეგზისტენციალური კრიზისის მქონე ადამიანების არსებობა დღევანდელ რეალობაში, რაც, სამწუხაროდ, XXI საუკუნის მსოფლიოში აქტუალური პრობლემაა.

ფოტოები: გიორგი ყაულაშვილი