top of page

რა სურს ჰედა გაბლერს?

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

258649056_4249025631893849_8168570577669246038_n.jpeg

თამთა ქაჯაია

რა სურს ჰედა გაბლერს?

 

“დიახ!  ეს კანონი და წესრიგი! ხშირად მომდის თავში, რომ ზუსტად ესაა მიზეზი ქვეყანაზე ყველა უბედურების“ - ეს სიტყვები ეკუთვნის ნორვეგიელ დრამატურგს ჰერნიკ იბსენს, რომელიც მიჩნეულია „ახალი დრამის“ წარმომადგენლად და რეფორმატორად. მის შემოქმედებაში წამყვანი ადგილი უკავია ახალი ადამიანის გამოღვიძებულ ცხოვრებას, რომელიც უარს ამბობს კანონსა და წესრიგზე. სწორედ ეს წინადადება შეიძლება მივიჩნიოთ დრამატურგის შემოქმედების ფაბულად, რადგან უმრავლესობა მისი პიესებისა ამ იდეოლოგიის მატარებელია. დრამატურგმა დრამის რეფორმა მის შინაარსობრივ-პრობლემატური ასპექტის შეცვლით განახორციელა და ამისათვის  ტრადიციული  ფორმა გამოიყენა. როგორც ჩანს, ქართულ თეატრალურ საზოგადოებაში  ნორვეგიელი დრამატურგის მიმართ ინტერესი არ ცხრება. რამდენიმე კვირის წინ თავისუფალ თეატრში ვიხილეთ საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლი „მოჩვენებები“, ახლა კი რუსთაველის ექსპერიმენტულ სცენაზე თათა პოპიაშვილმა „ჰედა გაბლერის“ საკმაოდ საინტერესო ვერსია შემოგვთავაზა. ფაქტია, დრამატურგის შემოქმედება დღემდე აქტუალურია.

იბსენის შემოქმედებაში   წამყვანი როლი ქალის ფიგურას უკავია: „თოჯინების სახლი“, „მოჩვენებანი“, „ჰედა გაბლერი“ - ეს უკანასკნელი მისი შემოქმედების გვიანდელ პერიოდს ეკუთვნის და თითქოს მთელ შემოქმედებას ერთ პერსონაჟში აჯამებს. მასში თავმოყრილია ყველა ის თვისება, რაც დანარჩენ პერსონაჟ ქალებს აქვთ. სიძლიერე, დამოუკიდებლობა, გამბედაობა, თვითდაჯერებულობა და ამბიციურობა - სწორედ ასეთია,  ია სუხიტაშვილის „ჰედა გაბლერი“. სცენოგრაფია, (ბარბარე ასლამაზი) ჰედას  შინაგანი მდგომარეობის ანარეკლია, ცარიელი სივრცე, თეთრი ცივი შუქი და კედლები, მისი ემოციური მდგომარეობის ამბივალენტურია. ამბავი, რომელიც ჰედა გაბლერის გარშემო ტრიალებს, ერთი შეხედვით საკმაოდ  მარტივია. იგი მიყვება ახალგაზრდა სახელმწიფო სტიპენდიატს ცოლად, იორგენ ტესმენს (ბაჩო ჩაჩიბაია), რომელსაც გარანტირებული აქვს კარიერული წინსვლა. მათი პირველი სტუმარი ახლად შეძენილ ბინაში მამიდა იულიაა (დარეჯან ხარშილაძე), რომელიც საკმაოდ სახასიათო პერსონაჟია. მის მანევრულობას კოსტიუმი კიდევ უფრო სახასიათოს ხდის (მხატვარი ბარბარე ასლამაზი). შავი გამჭვირვალე წულის კაბა, ვარდისფერი სარჩულით და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლით, აშკარად შეუსაბამოა მის ასაკთან.

ჰედას პირველი გამოჩენა საკმაოდ ეფექტურია, მისი თეთრი სადა კაბა მის ვიზუალს კიდევ უფრო გამოკვეთს და უჩვეულო სისპეტაკეს მატებს. დასაწყისშივე შეფარვით ვხედავთ ჰედას დამოკიდებულებას მეცნიერების მიმართ, როდესაც ის მამიდა იულიასთან გასათანაბრებლად წიგნების მეშვეობით მაღლდება. მალევე ვხედავთ ია სუხიტაშვილს წითელ ხავერდის კაბაში გამოწყობილს, რომელსაც დემონური ძალით, თითქოს, ხელთუპყრია  ადამიანების ბედი.  მთელი სპექტაკლის განმავლობაში იგრძნობა ჰედას შინაგანი სიძლიერე და  ძალაუფლება, რომლითაც მარიონეტებივით  მართავს გარშემომყოფებს. ერთი შეხედვით, გაბლერი კმაყოფილი უნდა იყოს თავისი ცხოვრებით, ჰყავს პერსპექტიული ქმარი, მატერიალურად უზრუნველყოფილია, მაშინ რატომ აქვს  შინაგანი კონფლიქტი საკუთარ თავთან?  რა სურს ჰედა გაბლერს?

ტესმანების ოჯახს ცოტა ხანში ეწვევა, ელვსტედი (ლელა ახალაია), მისი შინდისფერი ძველმოდური კაბა, თეთრი გრძელი საყელოთი მის მორცხვ ბუნებას აფიქსირებს. ლელა ახალაიას პერსონაჟი მსხვერპლია ოჯახური ცხოვრების (როგორც ნორა , „თოჯინების სახლი“). მისთვის, ერტ დროს, მთავარი ფრაზა: „რას იტყვის ხალხი?“ - გაუფასურებულია, აღარ აინტერესებს  ოჯახი  და ძველი ცხოვრება, მან სამუდამოდ მიატოვა ყველაფერი  და მოიჭრა უკან დასახევი გზა. სპექტაკლის დასაწყისში მორიდებული, მორცხვი გოგონა წარმოდგენის ბოლოს სრულიად სხვა ადამიანად გვევლინება; მასში იღვიძებს დაუოკებელი წყურვილი სიცოცხლისა, სურს ცხოვრება დადგენილი კანონებისა და წესების მიღმა.

იორგენ ტესმანი, მორჩილი ბუნების კაცია, რომელიც კმაყოფილია თავისი მდგომარეობით. მას შეხვდა ყველაზე გამორჩეული მეუღლე, გენერალ გაბლერის ქალიშვილი. მის დაუოკებელ სურვილს  გახდეს წარმატებული და აღიარებული მეცნიერი ანადგურებს ლევბორგის წარმატება, რომელმაც მთელი ქალაქი აალაპარაკა. ბაჩო ჩაჩიაბაია ცდილობს გაერკვეს საკუთარ თავში, გრძნობებში და განდევნოს შური საკუთარი თავიდან.

 პიესაში ჰედა გაბლერი სრულიად მიზანმიმართულად წვავს ლევბორგის შემოქმედებას, სპექტაკლში კი სულ ერთი წამით ის დაფიქრდება. ასესორი ბრაკი (მალხაზ ქვრივიშვილი) ერთგვარი მუქარით თუ გაფრთხილებებით ცდილობს ჰედას დამორჩილებას. თუმცა თვითონაც კარგად იცის, რომ ჰედა დაუმორჩილებელი ქალია და ყველა მისი კანონებით მოქმედებს. მალხაზ ქვრივიშვილის პერსონაჟი  ზედმეტად ხელოვნური ჩანს, მსახიობს თითქოს ბოლომდე არ აქვს გაშინაგნებული პერსონაჟი და ზედაპირული მიდგომითაა შესრულებული. მისი ფსიქოლოგიური ძალადობა  გაბლერზე ლაიტ მოტივად გასდევს სპექტაკლს, მაგრამ საბოლოოდ მაინც სიკვდილზე გამარჯვებულ ჰედას ვხედავთ.

ახალგაზრდა მწერალი ლევბორგი (ლაშა ჯუხარაშვილი) საკმაოდ ეფექტურია თავისი ჰაბიტუსით, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ რთულია ითამაშო და საკადრისი პარტნიორობა გაუწიო ისეთ გამოცდილ მსახიობთან როგორიცაა ია სუხიტაშვილი. მის პერსონაჟს სიღრმე აკლია და უფრო ზედაპირული ჩანს მისი თამაში. ია სუხიტაშვილის თავისი სამსახიობო ოსტატობით ძალიან ფრთხილად, მოზომილად და რაც მთავარია შეფარვით, დახვეწილად გვაგრძნობინებს გმირის მთავარ სათქმელს.

სადამდე მივდივართ, როდესაც წესები და კანონები სრულიად  იშლება  და ვრჩებით საკუთარ თავთან მარტოები. იქნებ სწორედ აქ იწყება ის რთული გზა, რომელსაც საკუთარი თავის შეცნობა ჰქვია და ისადგურებს მოწყენილობა. „მოწყენილობა“ - სწორედ ესაა მთავარი გმირის „პრობლემა“ რომელმაც ისე დაუკარგა მოსვენება, რომ  სიცოცხლეც სუიციდით დაასრულა.

და მაინც რა სურდა ჰედა გაბლერს?

bottom of page