top of page

რატომაა ჩეხოვი ასეთი შეუწყნარებელი თავისი პერსონაჟებისადმი?

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

188922121_3851977248246975_506147628577800935_n.jpeg

მარინა მითაიშვილი

რატომაა ჩეხოვი ასეთი შეუწყნარებელი თავისი პერსონაჟებისადმი?

 

ანტონ ჩეხოვი ის ავტორია, რომელსაც კიდევ უთვალავჯერ მიაკითხავენ რეჟისორები, ამ ამოუწურავი სათქმელის მქონე მწერლის შემოქმედებაში ძნელია, არ ნახო ის, რაც გაინტერესებს, რაც დღესაც აქტუალურია და კიდევ დიდხანს იქნება. ვფიქრობ, მაყურებლისთვის ლოქდაუნის მონოტონური დღეების შემდეგ ერთგვარი სიურპრიზი იყო რუსი კლასიკოსის პიესის - „თოლია“ ანდრო ენუქიძისეული ინტერპრეტაციის ნახვა.

 

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა უკვე მიგვაჩვია კლასიკური ტილოების გაცოცხლებას, მნიშვნელოვანი და მონოლითური სათქმელის თავისებურად თქმას. ამის დასტურია არაერთი სპექტაკლი, რომელიც მან ამ სცენაზე დადგა (დავით კლდიაშვილის, უილიამ შექსპირის და სხვათა ნაწარმოებების მიხედვით) მეტ-ნაკლებად წარმატებულად, თუმცა ყოველ მათგანში იგრძნობოდა რეჟისორის ჩაღრმავება ავტორისეულ სამყაროში, მისი მრავალშრიანობის ჩვენება და გათანამედროვება, როგორც პარალელების გავლებით ჩვენს დროსთან, ასევე გამოსახვის ახალი ხერხების ძიებით.

 

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრის სცენაზე „თოლიას“ მისეულ ვარიანტში ვნახეთ რეჟისორის თვალთახედვის პრიზმაში გამოტარებული ჩეხოვისეული ირონიულ-სატირული დაკვირვება ადამიანთა სისუსტეებზე, სწორედ ამ უკანასკნელის როლზე იმ რეალობის წარმოქმნაში, რომელიც ასერიგად არ მოსწონთ არც თავად პერსონაჟებს და ბუნებრივია, არც მაყურებელს. დიახ, მაყურებელი ამ სათქმელის გამოხატვაში სწორედაც რომ შეიამხანაგა ბატონმა ანდრომ, როცა პარტერის ნაწილი სცენის ერთ კუთხეში „შეაცურა“ ცოცხალი მაყურებლითურთ. ცოცხალს ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ სცენის მეორე  (შიდა) კუთხეში განთავსებულ სკამებსა თუ ლოჟებში მანეკენებით განსხეულებული მაყურებლები ისხდნენ და მდუმარედ ავლებდნენ კონტურს რეჟისორის თვალით დანახულ იმ რეალობას, რომლის პარალელურ სამყაროდ შეიძლება სწორედ ჩვენი ყოფა აღვიქვათ. თუმცა აქ  სხვა „მაყურებელიც“ იმყოფებოდა - თავად მსახიობები, პიესის გმირები, რომლებიც პერსონაჟ ტრეპლევის პიესის მისივე, წარუმატებელ, დადგმას უყურებდნენ.  დიახ, სპექტაკლის სცენოგრაფია (კოტე ფურცელაძე) სიუჟეტური და იდეური ხაზის განვითარებისთვის საკმაოდ ხელსაყრელ და ლამაზ გარემოს ქმნის.

რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ წარმოდგენა, როგორც სჩვევია, არა მარტო უჩვეულოდ მოწყობილ სივრცეში, არამედ შინაარსობრივადაც მცირედი სახეცვლილებით დაიწყო და დაამთავრა. მან პირველი სიტყვა - წარმოდგენის დაწყების, მაყურებელთა დარბაზიდან სცენაზე პირველად ასვლისა და ფინალის პატივიც თავად ანტონ ჩეხოვს მიანიჭა, რითაც ერთგვარად გაზარდა მისი სათქმელის მნიშვნელობა. მართალია, სპექტაკლის პროგრამაში ამ პერსონაჟს უბრალოდ, უცნაური კაცი ჰქვია, მაგრამ იგი გარეგნულად, გრიმით ძალიან ჰგავს სწორედ ანტონ ჩეხოვს, რომელიც ვიზუალითაც და ხასიათითაც შესანიშნავად მოირგო მსახიობმა კახა კობალაძემ. მისი გმირი ლამის უტყვია,  მხოლოდ რამდენიმე სიტყვას ამბობს, თუმცა საკმაოდ ტევადს, სპექტაკლის დასაწყისსა და ბოლოში, შუალედში კი პარტერიდან სხვებთან ერთად უყურებს სპექტაკლს, აკვირდება განვითარებულ მოვლენებს. ამგვარად ანდრო ენუქიძემ ჩეხოვის ისედაც მდიდარ სიმბოლიკას კიდევ ერთი დაუმატა - თეატრისა და ცხოვრების სარკისებური ერთიანობის (თეატრში აირეკლება ცხოვრება და პირიქითაც) სიმბოლო - მაყურებელი და პერსონაჟი ერთ სხეულში.

 

ანდრო ენუქიძემ მოხერხებულად გამოიყენა პიესის დასაწყისში ტრეპლევის სპექტაკლის ჩვენების მცდელობა თეატრისა და მაყურებლის დასაახლოებლად, რითაც, ვფიქრობ, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ გარემოების აუცილებლობას. იგი აგრეთვე, შესანიშნავად ჩასწვდა ჩეხოვისეულ დამოკიდებულებას თავისი პერსონაჟებისადმი, მოგეხსენებათ დიდი მწერალი თავის ამგვარ ნაწარმოებებს კომედიად თვლიდა. რეჟისორმა ძალიან ბევრი წინამორბედისგან, მათ შორის ჩეხოვის თანამემამულეებისგან, განსხვავებით, სპექტაკლს სწორედ სატირულ-იუმორისტული დატვირთვა მისცა.

 

ბათუმური სპექტაკლის პერსონაჟებს გროტესკის დაღი აზით, რასაც „თოლიას“ ბევრ სხვა ვარიანტში ვერ ნახავთ. ამ პიესას უმეტესად, დრამატულ-ტრაგიკულ ფერებში გვთავაზობენ, მასში განვითარებული სერიოზული მოვლენების გამო, მაგრამ ჩეხოვი ამ მოვლენებს სულ სხვა თვალით უყურებს. იგი დასცინის ადამიანებს, რომლებსაც არაფერი შეუძლიათ იღონონ საკუთარი ბედის შესაქმნელად, არ იბრძვიან იმისთვის, რაც სურთ. ასეთი ადამიანები - სპექტაკლ „თოლიაში“ მხოლოდ დასტირიან თავიანთ ხვედრს, ზოგი - ეკონომიკურ სიდუხჭირეს (მედვედენკო), ზოგი - უიღბლო სიყვარულს (ტრეპლევი, მაშა), ზოგი არშემდგარ კარიერას (ექიმი დორნი), ზოგიც - განუხორციელებელ ოცნებებს (სორინი), ტრიგორინიც კი, რომელიც თითქოს არაფერს უნდა უჩიოდეს, რადგან წარმატებულია კარიერაშიც და სიყვარულშიც, მაინც არაა ბედნიერი, რადგან შინაგანად სულ სხვაგვარი ცხოვრება იტაცებს. ბათუმურ ინტერპრეტაციაში ეს პერსონაჟები, როგორც უკვე ვთქვით, მკვეთრად გამოხატული ხასიათებით გამოირჩევიან.

 

სპექტაკლში ამ ხასიათის მკაფიოდ და დამაჯერებლად დახატვით პირველ ადგილზე მაია ცეცხლაძეა. მისი ირინა არკადინა ექსცენტრიკული და გამომწვევია, აგრესიულიც და არაკეთილმოსურნეც პოტენციური კონკურენტისადმი (ნინა ზარეჩნაია)... სრულიად გადაუჭარბებლად შეიძლება ვთქვათ, რომ გამორჩეულია ამ როლის სხვა, საკმაოდ ტიტულოსან შემსრულებელთა შორისაც (მათ შორის შემიძლია დიდი ალა დემიდოვაც დავასახელო). მაია ცეცხლაძის არკადინას ხაზგასმული ადამიანური სისუსტეები, კომიკურობა არა მარტო არ არბილებს სათქმელს, არამედ ამძაფრებს კიდეც, თუმცა მისი გმირი შორსაა სწორხაზოვნებისგან, ანუ მის მიმართ არ ჩნდება ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი დამოკიდებულება. იგი სიბერეშეპარული ქალია მსახიობური დიდების პიკზე, საიდანაც თავდაღმართი იწყება და მთელი ძალით ცდილობს ამ მდგომარეობაში ყოფნის  გახანგრძლივებას, ყველაფერ დანარჩენს კი მეორეხარისხოვნად თვლის, მათ შორის საკუთარი ვაჟისადმი (ტრეპლევი) დედობრივ სიყვარულსაც. დიახ,  უყვარს შვილი და გულით ატარებს მის უბედობასაც, თუმცა საკუთარი გზა უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია. ვფიქრობ, ეს როლი ამ მსახიობის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და დასამახსოვრებელია, რომელშიც თავსდება სიღრმეც და გროტესკიც, ჩეხოვისეული ფილიგრანულობაც და კომიკურობაც.

სპექტაკლში ერთ-ერთ გამორჩეულად დასამახსოვრებელ სახეს ქმნის მსახიობი ზაალ გოგუაძე. მისი გმირი - სორინი (არკადინას ძმა), რომლის სახლშიც ცხოვრობს ნინა ზარეჩნაიაზე შეყვარებული დისწული ტრეპლევი, საკმაოდ კეთილი ადამიანია, რომელიც ქალაქში დამკვიდრებაზე ოცნებობდა, თუმცა სიბერეში მაინც სოფლის არცთუ ისე მდიდარ მამულში ცხოვრება არგუნა ბედმა. იგი უშედეგოდ ცდილობს  დას დაანახოს, რაოდენ და რატომაა უბედური მისი ვაჟიშვილი ტრეპლევი, დაარწმუნოს მისი დახმარების აუცილებლობაში, თუმცა ამაოდ. ზაალ გოგუაძის მიერ შექმნილ სახეში იკითხება ბედს მინდობილი მოხუცი კაცის სამდურავი. იგი დამაჯერებლად ხატავს ჭარმაგ ადამიანს,  ხმაც, სიარულის მანერაც და გამომეტყველებაც მსახიობის გარდასახვის შესანიშნავი მაგალითია.

 

მამუკა მანჯგალაძისთვის, როგორც მსახიობის განვითარებისთვის ზედგამოჭრილია ტრეპლევის როლი. მან კარგად მოირგო უხერხემლო, უსუსური ადამიანის  სახე, რომელსაც ნიჭისა და გარკვეული წარმატების მიუხედავად, არ შეუძლია საკუთარი ცხოვრება უკეთესისკენ შეცვალოს. სიმბოლურია, რომ სწორედ ტრეპლევი კლავს თოლიას - თავისუფალი სულის განსახიერებას. ამ ადამიანს იდეურადაც კი სამყაროს დასასრული და ლანდები უტრიალებს წარმოსახვაში, გასაქანისთვის დედის ფინანსებისკენ უჭირავს თვალი და მის წარმატებას საკუთარი მარცხების მიზეზად თვლის. მიუხედავად იმისა, რომ თეატრალურ ხელოვნებაში ახალ გზებს ეძებს და თითქოს დრომოჭმულს ებრძვის (ხელოვნებაში თავისუფლებას ეძებს), დაუოკებელ სიყვარულშიც კი ვერაა შეუპოვარი და ძალების მოკრებისა და ახალი სიყვარულის ძიების ნაცვლად გამოსავალს თვითმკვლელობაში პოულობს.

 

ცხადია, სამყარო ჩეხოვისეული გმირების ამარა რომ დარჩენილიყო, მალევე შეწყვეტდა არსებობას. კიდევ ერთი „უიღბლო“ სპექტაკლიდან ნინა ზარეჩნაია გახლავთ, რომლის როლსაც ახალგაზრდა მსახიობი ანო ზურაშვილი ასრულებს. იგი ცდილობს, დაგვიხატოს სუფთა, მეოცნებე გოგონას სახე, რომელსაც სახელი, სამსახიობო ასპარეზზე აღიარება სწყურია და ამისთვის ბევრი რამის დასათმობადაა მზად. უგონოდაა შეყვარებული ტრიგორინზე, რომლისთვისაც ტრეპლევი დაივიწყა. სპექტაკლის პირველივე მოქმედებაში ჩანს, რომ ეს სიყვარულიც და ოცნებაც განწირულია, რადგან ნინა ზარეჩნაია აქედანვე ადარებს თავს ტრეპელევის მიერ მოკლულ თოლიას და მართლაც, მისი ოცნებები, თავისუფალი სული კვდება. ნინა ზარეჩნაია ერთადერთია, რომელიც ცოტათი მაინც შეიცვალა სპექტაკლში ნაგულისხმევი 2 წელიწადის შემდეგ, ანო ზურაშვილი ახერხებს იმედგაცრუებული (სიყვარულშიც და კარიერაშიც) ქალის განწყობის გამოხატვას.

 

ცხადია, პრემიერის პირველ დღესვე ჩეხოვისეული გმირების უზადოდ თამაში ძალიან რთულია. სპექტაკლის გათამაშების შემდეგ, ვფიქრობ, მათი სახეები დაიხვეწება ახალ ფერებსა და პლასტებს შეიძენს, თუმცა აქედანვე ჩანს, რომ დავით ჯაყელის მიერ შექმნილი როლი წარმატებულია. მისი ტრიგორინი მომხიბლავი, ნიჭიერი, წარმატებული, მაგრამ დაღლილი და ერთგვარად დაბნეულიც კია. საკუთარ კარიერას და კეთილდღეობას ადევნებული საკმაოდ იოლად სამართავია, რითაც შესანიშნავად სარგებლობს კიდეც ირინა არკადინა, ანუ თავისუფალი სული აქაც დათრგუნულია - იგი გარემოებათა და საკუთარი კარიერის ტყვეა, რომელშიც სრულებითაც არ არის ბედნიერი. დავით ჯაყელის სახე ცოცხალი და დამაჯერებელია, მასში ნათლად იკითხება, ეგოიზმით სავსე ადამიანის განწირულება სულიერი მარტოობისთვის, სიყვარულის უუნარობა და ამის გამო ერთგვარი სასოწარკვეთილებაც, რასაც თევზაობის დროს განცდილი სიმშვიდით, ბუნებასთან შერწყმით ებრძვის.

 

ანანო იაშვილის მაშაც განსხვავდება სხვა სპექტაკლებში შექმნილი ანალოგიური სახეებისგან. იგი საკმაოდ თამამი და გამომწვევია, თუმცა ეს თვისებები ვერ ეხმარება ცალმხრივ სიყვარულში. მართალია, ცდილობს ამ უბედურებას მედვედენკოზე გათხოვებით და ოჯახზე ზრუნვის აუცილებლობით გაექცეს, მაგრამ უფრო და უფრო იძირება უნუგეშობასა და აპათიაში. გროტესკულია მედვედენკოს სახეც, რომლის როლსაც ლაშა კონცელიძე ასრულებს. იგი  მოკრძალებული, ღარიბი მასწავლებელია და მთლიანად ემონება თავის განსხეულებულ სიყვარულს - მაშას. მისი მოძრაობებიც, გამომეტყველებაც, მანერები, მთლიანად გარეგნობა დაბეჩავებული კაცის გამოხატულებაა, ანუ აქ ერთი შეხედვისთანავე ვხედავთ ხასიათს, რომელიც ასეთივეა მთელი სპექტაკლის განმავლობაში.

 

განსხვავებული და დასამახსოვრებელია ტიტე კომახიძის ექიმი დორნიც, რომლის გარეგნული კეთილშობილების მიღმა იმალება ერთგვარი ინდიფერენტულობა, გულგრილობა. დიდად არც პოლინას მისდამი გამოვლენილი სიყვარული აღელვებს, მაგრამ ისე სარგებლობს მისით, როგორც ხიდან ალალბედზე ჩამოვარდნილი, დასალპობად განწირული ხილით.

 

სპექტაკლის საერთო ქსოვილში თავიანთი ფერები შეიტანეს ზაზა ზოიძის ხმაურიანმა შამრაევმა, ქეთევან ეგუტიძის სასოწარკვეთილმა, მაგრამ სხვისი უბედურებისადმი გულგრილმა პოლინამ, მხიარულმა და ლამის ყველას აჩრდილად ქცეულმა იაკობმა.

 

რეჟისორ ანდრო ენუქიძის მიერ შემოთავაზებულ სცენურ ვარიანტში „თოლიას“ ყოველი გმირის ხასიათი ერთი შეხედვისთანავე იკითხება და მათში, უპირველეს ყოვლისა, ჩანს ერთმანეთის სულის შეცნობისადმი უგულისყურობა, ეგოიზმი და მარტოსულობა, პარადოქსი - ცალმხრივი სიყვარულით დატანჯულ ამ ადამიანებს ნამდვილი სიყვარულისა არაფერი გაეგებათ, რადგან სულის თავისუფლების გარეშე (ურომლისობაზეც სპექტაკლში მოკლული თოლია მიგვანიშნებს) იგი წარმოუდგენელია. ალბათ სწორედ ესაა მათ მიმართ ჩეხოვის შეუწყნარებელი სატირული დამოკიდებულების მიზეზიც, თუმცა ამ გადაწყვეტას ანდრო ენუქიძემ დაუმატა ჩვენს ცხოვრებაში ზოგადად, თეატრის როლზე,  მის გავლენასა და ახალი ფორმების ძიების საჭიროებაზე ფიქრიც.

bottom of page