top of page

რატომ ვკარგავთ თვითკრიტიკის უნარს?

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

289392440_333521408952980_9128606099603628442_n.jpeg

ლაშა ჩხარტიშვილი

რატომ ვკარგავთ თვითკრიტიკის უნარს?

„თეატრალური იმერეთი“ ბევრ განაწყენებულ და ცოტა გახარებულ ხელოვანთა თანხლებით

 

დასრულდა მე-13 საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2022“ და მე-13 ფესტივალთან ერთად (ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საქართველოში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ შემდეგ), დასრულდა ჩემი ჟიურის წევრის ამპლუაშიც მუშაობა ამ ფესტივალზე. ეს გადაწყვეტილება მივიღე ბევრი მიზეზის გამო, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ დროა სხვებმა ჩამანაცვლონ. ნებისმიერ ჟიურიში და კომისიაში მნიშვნელოვანია როტაცია (თუმცა ამ ფესტივალზე, ყოველ წელს, იცვლებოდა ჟიურის წევრთა შემადგენლობა), არ მგონია სწორი ერთ ადგილას „ჩაბეტონება“, რადგან, პირველ რიგში, ეს ჩემს პროფესიულ განვითარებასაც უშლის ხელს.

 

ვინაიდან ფესტივალი დასრულდა და მომავალში ამ ფესტივალის ჟიურის წევრიც აღარ ვიქნები, გულწრფელად, თავისუფლად და ყოველგვარი მორიდების გარეშე ვიტყვი იმას, რასაც ვფიქრობ კონკურსების ფესტივალების, გამოკვეთილი ტენდენციების და ზოგადად ქართული თეატრის შესახებ.

 

პირველ რიგში, უნდა შეგახსენოთ, რომ „თეატრალური იმერეთი“ ის ერთადერთი ფესტივალია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს მოყვარულ და პროფესიულ თეატრებს. ჩემი კოლეგების, ჟიურის წევრთა წლების წინ, მიღებული გადაწყვეტილებით, ფასდება მხოლოდ მოყვარულთა თეატრალური დასები. ამიტომაც, კონკურსში არ მონაწილეობს არც პროფესიული თეატრი და არც პროფესიონალები. შეიძლება ამ თემაზე კამათი, ლეგიტიმურიც კია, რადგან ზოგჯერ ზღვარი პროფესიონალს და მოყვარულს შორის იშლება, მაგრამ ტრადიციულად, ასეთი პირობა გვქონდა, წლევანდელ ჟიურისაც...

 

მეორე: კოლეგა-მეგობრებს, არაერთხელ გვითქვამს ერთმანეთისთვის, რომ ჩვენ, ხშირად ვცოდავთ. ჩადენილი „ცოდვა“, თუ დაშვებული შეცდომა, კრიტიკოსებს ხშირად, ბუმერანგივით გვიბრუნდება თითოეული გადაჭარბებული შეფასების გამო, რომელიც ხელოვანის წახალისების, მოტივაციის ამაღლების მიზნით არის გაცემული. თუ ხელოვანი ერთხელ ხდება საუკეთესო ტიტულის მფლობელი კონკრეტული ნამუშევრისთვის, ჰგონია, რომ ის მუდმივად საუკეთესოა და ბევრს, სამწუხაროდ, ავიწყდება, რომ ჩვენს პროფესიაში, მუდმივად საჭიროა მტკიცება, რომ ხარ საუკეთესო. ეს მხოლოდ შრომაზე და მონდომებაზე არ არის დამოკიდებული. ნაწარმოებზე მუშაობისას, რაც უნდა შედევრად ჩაიფიქრო ის, შედეგი შეიძლება ისეთი არ დადგეს, როგორსაც ჩაიფიქრებ. ამის უამრავი მაგალითი არსებობს... გავიხსენოთ რობერტ სტურუას „ბიდერმანი და ცეცხლისწმაკიდებელნი“ (მაქს ფრიშის)... სამი გენიალური ხელოვანი - რობერტ სტურუა, გია ყანჩელი და გოგი ალექსი-მესხიშვილი კვლავ შეიკრიბნენ ერთად, რუსთაველის თეატრში ამ დროს ჯერ კიდევ სცენაზე იდგნენ ზაზა პაპუაშვილი და ნინო კასრაძე, სხვა გამორჩეულ მსახიობებთან ერთად, მაგრამ სპექტაკლი წარუმატებელი აღმოჩნდა, რის გამოც მალევე მოიხსნა რეპერტუარიდან. მხოლოდ ეპიზოდური როლის შემსრულებელი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ია სუხიტაშვილი ბრწყინავდა ამ სპექტაკლში...

 

ამიტომაც, ტიტული „საუკეთესო“ (ამა თუ იმ ნომინაციაში) არის პირობითი და ამ ჯილდოს იმსახურებს ხელოვანის ის კონკრეტული ნამუშევარი.

 

„თეატრალური იმერეთის“ დამაგვირგვინებელი აკორდი, კულმინაცია და ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა - კონკურსში გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოების ცერემონიაა. აქ ჩანს ქართული თეატრის მინი მოდელი, თავისი კულტურით, ურთიერთობით, დამოკიდებულებით სხვების და საკუთარი პერსონის მიმართ. ამ დროს მნიშვნელოვანია ის დეტალები, რომელიც იკვეთება ამა თუ იმ ხელოვანთა მიმიკაში, ემოციასა და ქცევაში. რასაც დავაკვირდი, შევამჩნიე თუ თვალში მომხვდა 2022 წლის „თეატრალური იმერეთი“ დაჯილდოებაზე და ფესტივალის საზეიმო დახურვის შემდეგ, არაოფიციალურ შეხვედრაზე, ყველაზე დიდი აზრთა სხვადასხვაობა საუკეთესო სპექტაკლის და საუკეთესო რეჟისურის ნომინაციებმა (თუ ამ ნომინაციებში გამარჯვებულებმა) გამოიწვია.

 

საუკეთესო სპექტაკლის (გრან პრი) ნომინაცია გადაეცა ტყიბულის თეატრს, გურამ დოჩანაშვილის მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლისთვის „ქალაქი“, რომელიც საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის რეჟისურის სპეციალობის სტუდენტმა (ჯერ ის სწავლობს და მას დრამის რეჟისორის კვალიფიკაცია არ აქვს მინიჭებული) ქეთევან სამხარაძემ დადგა. ტყიბულის თეატრმა, რომელიც ფესტივალზე აქამდე თითქმის არ გამოირჩეოდა, მაყურებელს უჩვენა პროფესიულად გამართული სპექტაკლი, რომელიც დაფუძნებული იყო ადამიანურ ურთიერთობებზე, მსახიობთა გულწრფელ სამუშაო პროცესზე და არა სცენურ ეფექტებზე, მდიდრულ დეკორაციაზე, ვიზუალურ ეფექტზე (ეტყობოდა სპექტაკლს, რომ მასში უზარმაზარი ადამიანური და მცირე ფინანსური რესურსი დაიხარჯა). ამ დადგმაში მთავარი იყო ამბავი და მსახიობები. „ქალაქში“ არ გვეკეკლუცებოდა და თავს არ იწონებდა არც რეჟისორი და არც მსახიობები. ამიტომაც, მაყურებლამდე მოდიოდა მათი გულწრფელი ემოცია და ამბავი, რომელიც გურამ დოჩანაშვილის შეთხზულ სამყაროს და პერსონაჟებს ეფუძნებოდა.[1]

 

მესხიშვილის თეატრის ხალხით გადაჭედილ დიდ დარბაზში საუკეთესო სპექტაკლის ნომინაციაში გამარჯვებული რომ გამოცხადდა - პუბლიკა დუმდა (თუ არ ჩავთვლით ათიოდე მაყურებლის მოკრძალებულ ტაშს). შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ საზოგადოება, რომელიც ძირითადად ფესტივალის მონაწილეებით იყო გადაჭედილი, არ დაეთანხმა ჟიურის გადაწყვეტილებას და ეს იყო ერთგვარი პროტესტი მათი მხრიდან, მაგრამ ეს იყო ამავდროულად არაკოლეგიურობაც და უხერხულიც, როცა არ შეგწევს უნარი კოლეგას წარმატება მიულოცო. არც ეს არის უცხო ქართული თეატრისთვის. ასეთ დროს, მხოლოდ გამარჯვებულს უხარია და სხვებს (თითქმის) არა...

 

რაც შეეხება ვანის თეატრის „ანტიგონეს“, რომლის რეჟისორიც ლაშა ლომჯარია საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდა და რომელმაც სცენიდან ჟიურის და მასთან ერთად სავსე დარბაზსაც დაუბღვირა. ადვილი მისახვედრი იყო, რაც არ უნდა შეენიღბა მისი ბრაზი პროფესიით მსახიობს, რომ ის უკმაყოფილო იყო მიღებული ჯილდოთი და მეტს ელოდა. განაწყენება იმაშიც გამოიხატა, რომ „საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრის“ ჯილდოს მფლობელი ფესტივალის დახურვის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე (სადაც ფესტივალის ყველა მონაწილე ერთმანეთს ხვდება და წარმატებას ულოცავს) არ გამოცხადდა და დაგვტოვა (მის გუნდთან ერთად), რასაც ვერ ვიტყვით ვანის მუნიციპალიტეტის მერზე ალექსანდრე გოგორიშვილზე, რომელმაც კოლეგა მერებს გამარჯვებაც მიულოცა და წარმატებაც უსურვა. სხვათა შორის, ალექსანდრე გოგორიშვილი ის გამორჩეული მერია, რომელიც განსაკუთრებულ მფარველობას უწევს ვანის თეატრს და ამ თეატრის რეჟისორის ლაშა ლომჯარიას ლამის ყველა შეუსრულებელ სურვილს (გნებავთ, ახირებას, აკვიატებას) ასრულებს. რეჟისორს სჭირდება ქვიშით დაფარული სცენა? აქვს! მონიტორებით დაფარული სცენა? ისიც აქვს ბატონო! ნამდვილი აუზი სცენაზე? დიახ, ისიც დგას სცენაზე! ასეთი მხარდაჭერის ფონზე ძვირფასს რეჟისორს ავიწყდება, რომ რეჟისურა და სპექტაკლი მხოლოდ ეფექტები არაა. რეჟისურა არც კლასიკური ნაწარმოებების თვითმიზნური, გაუმართლებელი, ლოგიკას მოწყვეტილი ახლებური ინტერპრეტაციაა! რეჟისურა და სპექტაკლი ლაშა ლომჯარიას დადგმული მროჟეკის „ემიგრანტებია“, რომელშიც გამორჩეულად საინტერესოდ მუშაობდნენ მსახიობები: აბელ სოსელია და ამირან შარაშენიძე, სადაც მთავარი ეფექტი სათეატრო ხელოვნებაა, რეჟისურით, მსახიობებით და ა.შ.

 

და დღეს, როცა ფესტივალი დასრულდა, უხერხულობის განცდა არ მასვენებს იმის გამო, რომ საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრის ჯილდო გადაეცა სპექტაკლს, სადაც დარღვეულია და გაუმართლებელია ჟან ანუის პიესის კონცეფცია, როცა ლოგიკას არ ექვემდებარება რეჟისორის ხედვა შუახნის ანტიგონეზე (სოფო ჩირაძე) და მასზე გაცილებით უმცროსს კრეონზე (აბელ სოსელია), როცა ანტიგონე ათწლეულებით უფროსია ჰემონზე (მაშინ ამ სიყვარულის ისტორია მაინც ეჩვენებინა რეჟისორს)... დიახ, თეატრი პირობითი ხელოვნებაა და ყველაფერს იტანს, მაგრამ ვერ იტანს სიყალბეს და ულოგიკობას. ასევე გაურკვეველი და ჩემთვის ამოუცნობი იყო რა დატვირთვა ჰქონდა მონიტორებს სცენაზე, თუ ის არ „მუშაობს“, თუ ის მხოლოდ ფონს ქმნის? თუ არ „თამაშდება“? ან რა შუაში იყო აუზი, ვინ იყო განსაწმენდი - ანტიგონე? ან სად ვნახეთ განწმენდილი კრეონი? რა ფუნქცია ჰქონდა აუზს, გარდა იმისა, რომ მაყურებელს ყურადღება სწორედ პერსონაჟთა აუზში ხტომა-ამოხტომაზე გადაეტანა და არა მათ მიერ წარმოთქმულ (სხვათა შორის, არც თუ ურიგოდ) ტექსტზე?! აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ვიზუალური თვალსაზრისით, ლაშა ლომჯარიას სპექტაკლი დავით დოიაშვილის სპექტაკლების „ბალიშის კაცუნა“ და „ოიდიპოს მეფე“ ერთგვარი მიქსია (უფრო შორს აღარ წავალ)...  

 

მაშინ, სავსებით სამართლიანად, მკითხავთ, რატომ გამოყო ჟიურიმ ვანის თეატრის „ანტიგონე“ და მისი რეჟისორი ლაშა ლომჯარია? იმიტომ, რომ ვეცადეთ მოტივაცია არ ჩაგვეკლა მასში; იმიტომ, რომ სპექტაკლში უზარმაზარი ფინანასური და ადამიანური რესურსი დაიხარჯა; იმიტომ, რომ ჟიური ფიქრობდა იმაზეც, რომ რეჟისორის უკან მთელი ვანის თეატრი დგას, რომლის წარმატებასაც ელოდება მისი დამფუძნებელი და სწორედ დამფუძნებელზეა დამოკიდებული თეატრის მომავალი. აი, ამიტომ!!!

 

და ახლა, სწორედ ამის გამო არ მასვენებს უხერხულობის განცდა ხონის თეატრის („აფხაზური ჩანახატების“, რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილი) და ბაღდადის თეატრის („სოფლის აშიკი“, რეჟისორი ზაზა კიკნაველიძე) მიმართ, რომელთა ნამუშევრები რეჟისურის თვალსაზრისითაც გამოირჩეოდნენ.

 

სპექტაკლის შექმნა შემოქმედებითი პროცესია, ერთგვარი ძიება, რომელიც ხან გამოდის, ხანაც არა. გამიზნულად „გრან-პრისთვის“, „დურუჯისთვის“, „თეატრალური საზოგადოების პრემიისთვის“ ან სხვა რომელიმე პრემიისა თუ ჯილდოს მისაღებად დადგმულ სპექტაკლებს კი არ მოაქვს წარმატება.

 

აქვე, ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობა მინდა გადავუხადო ფესტივალის გუნდს: ლევან როხვაძეს (ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი), მაია პაქსაშვილსა (ფირექტორი) და გელა ძაგნიძეს (კოორდინატორი), რომლებიც წლებია აცოცხლებენ იმერეთში სათეატრო ცხოვრებას, ქმნიან სივრცეს შეხვედრებისთვის, სარბიელს პაექრობისთვის და აწყობენ დღესასწაულს მაყურებლისთვის. ამ ინიციატივაში კი ლომის წილია იმერეთის მუნიციპალიტეტების და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსი, რომელმაც წელს ნომინაციების პრემიებში შეეხიდა ფესტივალს.

 

მადლობა ფესტივალის იმ მონაწილეებს, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით და თეატრისადმი უანგარო სიყვარულით ქმნიან დღესასწაულს მაყურებლისთვის. განსაკუთრებული მადლობა: ირინა ჩხეიძეს, გიორგი მეტონიძეს და ვეფხია ნადირაძეს, რომლებიც ღირსეულად ხვდებიან „განაჩენს“, მუდმივად არიან ღია დიალოგისთვის, თვალს უსწორებენ პრობლემებს და ერთობლივად ეძებენ მათი მოგვარების გზებს. ჩემი აზრით, სწორედ ასეთი ხალხი სჭირდება ქართულ თეატრს.

 

 

 

სტატიაში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს, ერთ კონკრეტულ ჟიურის წევრს და ის კატეგორიულად არ გამოხატავს ჟიურის სხვა წევრების ხედვას!!!

 

 

[1] კულუარებში იმასაც მოვკარი ყური, რომ ტყიბულის თეატრის სპექტაკლის მიმართ ჟიურის წევრები ემოციას რატომ გამოხატავდნენო. ნუ გავიწყდებათ, რომ კრიტიკოსი რობოტი არ არის, ისიც ადამიანია, მასაც, როგორც ყველას, უხარია, მოსწონს, სწყინს... იმასაც ამბობდნენ, რომ „ტყიბულის თეატრის მიწვეული რეჟისორი ქეთევან სამხარაძე ჩემი რეკომენდაციით ჩავიდა ტყიბულში და ამიტომაც მიიღო „გრან პრიო“. გაგახსენებთ, რომ ჟიურის წევრს მხოლოდ ერთი ხმა აქვს და გამარჯვებული კენჭისყრის შედეგად ვლინდება. დიახ, ქეთევან სამხარაძე ჩემი სტუდენტი იყო (ისე როგორც ფესტივალის სხვა მონაწილეები). დიახ,  რეკომენდაციას ვუწევ და ვუწევდი, წლების მანძილზე, ფესტივალში მონაწილე ყველა თეატრს ხან პიესის, ხან რეჟისორის, ხანაც მსახიობის შერჩევაში, ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია...

#საერთაშორისოფესტივალი

#თეატრალურიიმერეთი2022

საერთაშორისო ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთი 2022“ გრანპრის მფლობელი ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრი გახდა. „ქალაქი“ ამ სახელწოდებით ერთმოქმედებიანი პიესა, გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მიხედვით ახალგაზრდა რეჟისორმა, ქეთევან სამხარაძემ დადგა.

ფესტივალის საზეიმო დახურვას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად დაესწრო.

ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში გამართულ ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. სპექტაკლები და მსახიობები პროფესიულმა ჟიურიმ შეაფასა.

ნომინაცია - საუკეთესო სპექტაკლი - „ქალაქი“ , რეჟისორი ქეთევან სამხარაძე (ტყიბულის მუნიციპალური თეატრი);

ნომინაცია - საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი -მოქალაქეობრივი პოზიციის საუკეთესოდ წარმოჩენისათვის - აფხაზური ჩანახატები - რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილი (ხონის თეატრი)

ნომინაცია - საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი - ლაშა ლომჯარია, სპექტაკლისთვის „ანტიგონე“ (ვანის კარლო საკანდელიძის სახელობის სახალხო თეატრი);

ნომინაცია - საუკეთესო სცენოგრაფია - გიორგი მეტონიძე, „ნატვრის ხე“ (საჩხერის პაოლო იაშვილის სახელობის სახალხო თეატრი)

ნომინაცია - საუკეთესო მუსიკალური გაფორმება - მამუკა ცერცვაძე „ობლები“ (თერჯოლის სახალხო თეატრი)

ნომინაცია - საუკეთესო მსახიობი ქალი - ლორიტა ჯორჯიკია - სასტუმრო ორი სამყაროს აგსაყარზე, (სამტრედიის ეროსო მანჯგალაძის სახელობის თეატრი)

ნომინაცია - საუკეთესო მსახიობი ქალი - ირინე ჩხეიძე - მაცეკვე ტანგო, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახალხო თეატრი

ნომინაცია - საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - დემურ საღარეიშვილი - აფხაზური ჩანახატები, ხონის სახალხო თეატრი

ნომინაცია - საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - რადი შენგელია - სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე, (სამტრედიის ეროსო მანჯგალაძის სახელობის თეატრი)

საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობი - გუდუნა სახამბერიძე (ბაღდათის სახალხო თეატრი)

საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი - თეონა ლომსიანიძე - (ბაღდათის სახალხო თეატრი)

ნომინაცია - საუკეთესო ეპიზოდური ქალის როლი - ეთერ დევაძე, სოფლის აშიკი, ბაღდადის სახალხო თეატრი

საუკეთესო ეპიზოდური მამაკაცის როლი - მიხო ჭელიშვილი „ნაცარქექია“ (წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის სახალხო თეატრი)

საუკეთესო ეპიზოდური მამაკაცის როლი - ნიკოლოზ მაჭავარიანი მამის როლის შესრულებისთვის ნინო მირზიაშვილის „მაცეკვე ტანგო“, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახალხო თეატრი

ნომინაცია - ფესტივალის აღმოჩენა - ნინო ჭახნაკია - სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე - (სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის თეატრი)

წელს ფესტივალზე რეგიონის თეატრალური დასების მიერ წარმოდგენილი იყო განსხვავებული ჟანრისა და შინაარსის სპექტაკლები. ასევე, მაყურებელმა ნახა ყაზახეთის თეატრისა და თბილისის ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენები.

ფესტივალის ფარგლებში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილი იყო 17 სპექტაკლი.

პროექტს უკვე მეცამეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდაჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

bottom of page