რაზე გვესაუბრება „მოზარდიდან“ თავისი გუნდით მისული ლუკა ინწკირველი?

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

_MG_4474.CR2

ლაშა ჩხარტიშვილი

რაზე გვესაუბრება „მოზარდიდან“ თავისი გუნდით მისული ლუკა ინწკირველი?

 

თავდაპირველად იკითხავთ ვინ არის ლუკა ინწკრიველიო... ამიტომ, აქვე გეტყვით, რომ ის ახალგაზრდა რეჟისორია, რომელმაც რამდენიმე წელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის რეჟისურის სპეციალობა დაამთავრა (ვანო ხუციშვილის ხელმძღვანელობით) და უკვე შეძლო საყურადღებო სპექტაკლების დადგმაც. მათ შორისაა, პიტერ შეფერის „ბნელი კომედია“ და ბრაიან ფრილის „თარგმანები“. ამ უკანასკნელით კი, როგორც რეჟისორი, 2018 წლის „წინანდლის პრემიის“ სამ ნომინანტში მოხვდა. ლუკა ინწკირველი თეატრის მოყვარულ საზოგადოებას ბათუმის მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალიდანაც უნდა ახსოვდეს, რომელმაც 2020 წელს მიხეილ ბაშკიროვის „თეთრი ბიზონი“ გადაიღო. ამავე წელს ლაბორატორია 2/20-ის ფარგლებში შექმნა „ოქროსფერი განთიადი“ მსახიობ გივიკო ბარათაშვილთან ერთად.

 

ამჯერად, ლუკა ინწკირველი, როგორც დამოუკიდებელი არტისტი თავისი გუნდით შევიდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ სივრცეში, სადაც თანამედროვე რუმინელი ქალი ავტორის ელის იულკის „მწვანე კატა“ დადგა. ელის იულკის პიესები, რომლებიც ძირითადად თინეიჯერების (და მათი მშობლების) აქტუალურ და მწვავე პრობლემებს ეხება, იდგმება არა მხოლოდ რუმინეთის სახელმწიფო და კერძო თეატრების, არამედ ევროპის რამდენიმე ქვეყნის სცენაზე. ევროპაში ცნობილი, 40 წლის ავტორი პირველად დაიდგა ქართულ სცენაზე. პიესა ქართულად ანა მირიანაშვილმა თარგმნა, რომელმაც ფაქტობრივად ბეწვის ხიდზე იარა. ერთი მხრივ, არ დაკარგა პიესის ავთენტურობა და პერსონაჟთა ჟარგონულ-ასაკობრივი ლექსიკა, ხოლო მეორე მხრივ, მაქსიმალურად დაიცვა ქართული სალიტერატურო ენის ნორმები. ანა მირინაშვილმა ამავდროულად ტექსტი ქმედითად დატვირთა, რომელმაც მნიშვნელოვანი ფუნქცია შეიძინა და სპექტაკლის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლიც შეასრულა, რადგან ლუკა ინწკირველის დადგმა დაშენებულია მხოლოდ ქმედით ტექსტზე, ახალგაზრდა მსახიობების ოსტატობასა და რეჟისორულ ხერხებზე (თუ არ ჩავთვლით კონსტანტინე ეჯიბაშვილისა და ვახტანგ გვახარიას მუსიკალურ თემებს, რომელიც განწყობასაც ქმნის და მოვლენების ფონსაც).

 

ლუკა ინწკირველმა, ფაქტობრივად დეკორაციის გარეშე, მინიმუმამდე დაყვანილი რეკვიზიტით შექმნა ატმოსფერო, მოგვიყვა ტრაგიკული ისტორია, გაგვაცნო ჩვენი დროის თინეიჯერების (ყმაწვილი გოგო-ბიჭების) ცხოვრების ისეთი მხარეები, რომელსაც მშობლები ვერ ამჩნევენ, დასვა განსაზღვრული ასაკის ახალგაზრდების პრობლემები და გვიჩვენა მისი ტრაგიკული შედეგები.

 

ლუკა ინწკირველი, თავის თანამოაზრეებთან ერთად „მოზარდში“ სათქმელით და მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიციით მივიდა. ელის იულკის „მწვანე კატა“ აღმოჩნდა ის მასალა, რომელიც იმ დეფიციტის შევსებას შეუწყობს ხელს, რომელსაც ასე განცდის საყმაწვილო თეატრების რეპერტუარი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. იშვიათად იქმნება პიესები ბავშვებისა და ყმაწვილებისთვის. წლების წინ თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა დრამატურგებისთვის კონკურსიც კი გამოაცხადა საბავშვო და საყმაწვილო პიესის დასაწერად, რომლითაც (მომხიბვლელი საპრიზო ფონდის მიუხედავად) ქართული დრამატურგია ფაქტობრივად არ დაინტერესდა, ან ვინც კონკურსში მიიღო მონაწილეობა, მათი პიესები ვერ აკმაყოფილებდა კონკურსის პირობებს. „მწვანე კატა“ სწორედ თინეიჯერების ყოველდღიურობას, მათ ყოფას და მისწრაფებებზე მოგვითხრობს. თანამედროვე ახალგაზრდების პრობლემად კვლავაც რჩება ნარკოტიკი (თუნდაც ე.წ. მსუბუქი, კლუბური), ალკოჰოლი და თვითგამორკვევის პროცესით გამოწვეული სტრესი, რომელსაც თინეიჯერი ტრაგიკულ შედეგამდე მიჰყავს.

 

რეჟისორი ლუკა ინწკირველი თხრობის რთულ ხერხს ირჩევს. ვრცელი მონოლოგები, მცირე დიალოგები კინოკადრებივით, მონტაჟის პრინციპით ენაცვლება ერთმანეთს, პარალელურად, ჯვარედინი დიალოგების და მონოლოგების საშუალებით იკვრება სიუჟეტური ხაზი და იკვეთება პერსონაჟთა ხასიათები და ტიპაჟები. რეჟისორი მუსიკის ფონზე მიმართავს პოსტდრამატული თეატრისთვის დამახასიათებელ მოქმედების გამეორების ხერხს, რაც ერთგვარ რიტუალს ემსგავსება, რომელიც შემდეგ რუტინად იქცევა. სპექტაკლის მოქმედი გმირები ჩვენი თანამედროვეები არიან, ისინი ჩვენი საზოგადოების ნაწილია და ამიტომაც მონაცვლეობით სხდებიან პარტერში და იქედან „თამაშობენ“. რეჟისორი ერთ გონივრულ ხერხსაც მიმართავს, გრძელ მონოლოგებს „ჭრის“ და მას მორიგით ანაცვლებს, ის ამ გზით გაურბის ერთფეროვნებას და მონოტონურობას. ამიტომაც, ამბის თხრობის ეს სტილი კი არ ღლის და აწყენს მაყურებელს, არამედ ინტრიგას ტოვებს და მოვლენების განვითარებისადმი ინტერესს ამძაფრებს. მონოლოგების თხრობისა და გათამაშების პარალელურად პირობითი სცენის ფონზე ვიდეო პროექციაც ჩნდება, რომელიც მსახიობთა მიერ შექმნილ ვითარებას მეტ სიმძაფრეს სძენს როგორც ერთ-ერთი თვალსაჩინოება. ვიდეო პროექცია სპექტაკლში ილუსტრაციად კი არ აღიქმება, არამედ სიუჟეტის დრამატიზების გასამძაფრებლად, ერთ-ერთ კომპონენტად, რომელიც ვიზუალურად „ავსებს“ მაყურებლის წარმოსახვას. ამიტომაც, ვიდეო პროექცია ლუკა ინწკირველის სპექტაკლში გამომსახველობითი საშუალების ერთ-ერთი კომპონენტია.

 

სპექტაკლის ღირსება, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გამართული თარგმანი, რეჟისორისთვის ამ ეტაპზე არსებული მატერიალური რესურსის გათვალისწინებით, ზუსტად მოძებნილი რეჟისორული ხერხები და სამსახიობო ანსამბლია. დიახ, ანსამბლი. ახალგაზრდა მსახიობებმა შეკრეს გუნდი, რომლებიც სწორ პარტნიორობას უწევენ ერთმანეთს. ამ დადგმაში არ ვხვდებით მთავარ და მეორეხარისხოვან როლებს, ყველა პერსონაჟს თავისი როლი და ფუნქცია აქვს, არტისტები კი ამ დატვირთვას თანაბრად ინაწილებენ. რეჟისორი მათ ხშირად ფუნქციებს უცვლის და ერთმანეთს ანაცვლებს (მაგალითად დაკითხვის სცენებში, პროკურორის თუ გამომძიებლის როლის შესრულება ფაქტობრივად თითოეულ მათგანს უწევს). მსახიობები ამ „ნიღბებს“ ორგანულად იცვლიან და მაქსიმალურად ცდილობენ კი არ ითამაშონ, არამედ სცენური გულწრფელობით მოგვითხრონ მათი ამბავი და ასე დახატონ დის, მეგობრის, შეყვარებულის, კლასელის პორტრეტი.

 

ფლორი, პიესის ცენტრალური ფიგურის ბიანკას (ნუკა ქევხიშვილი)დაა, რომელსაც ანიკო შურღაია ასრულებს. მსახიობი მონოლოგებსა და დიალოგებში აღწევს სისადავეს და სილაღეს, გარკვეულ ეპიზოდებში კი დრამატიზმსა და შინაგან ტრაგიზმს. ხასიათის ამ გრადაციას, რომელიც გმირის განწყობებს მოცემულ სიტუაციებში შეესაბამება, ანიკო შურღაია ლოგიკურად და დამაჯერებლად წარმოაჩენს. მსახიობის ზუსტი შეფასებები და ინტონაცია გამოკვეთს გმირის არა მხოლოდ ტიპაჟს, არამედ მის დამოკიდებულებას მოვლენებისადმი. განსაკუთრებით ორგანულია ანიკო შურღაია დაკითხვის ეპიზოდში, როცა ფლორი გამომძიებელს თავის ცრურწმენებზე მოსაზრებებს უზიარებს.

 

გამოკვეთილი სახასიათო პერსონაჟია რობერტი, რომელსაც სანდრო კახათელიძე ასრულებს. ერთ-ერთი მთავარი გმირის ხასიათი ყველაზე მეტად დაკითხვისას და ფინალურ მონოლოგში იკვეთება. მსახიობი ამ ეპიზოდებს განსხვავებული ხერხებით გაითამაშებს. თამაში ვახსენე, მაგრამ სანდრო კახათელიძეც, ისე როგორც დანარჩენი, სპექტაკლში მონაწილე მსახიობები, ქმნიან ატმოსფეროს, თითქოს კი არ თამაშობენ, არამედ გმირები ჰყვებიან ამბავს საკუთარ თავზე. სცენური უშუალობა ერთ-ერთი ფაქტორია, რომელმაც გამოაკვეთინა სანდრო კახათელიძეს რობერტის გმირი. გაზულუქებული, გაყეყეჩებული და გათამამებული ყმაწვილი კაცი დაყენებული ტონით და თითქმის შეუმჩნეველი ქცევით, ფინალში ადამიანად იქცევა, რომელსაც მოვლენების ადეკვატურად გადაფასება შეუძლია.

 

სპექტაკლში მოვლენები ბიანკას გარშემო ვითარდება და თითქმის ყველა ისტორია (მონოლოგი, დიალოგი) მას უკავშირდება. ჯერ კიდევ სტუდენტი - მსახიობი ნუკა ქევხიშვილი, ორგანულად ირგებს თინეიჯერი, თავნება და თვითმყოფადი გოგონას მხატვრულ ნიღაბს, რომელიც მის მიმართ აგრესიას კი არ უჩენს მაყურებელს, არამედ პირიქით, მას თანაუგრძნობს და ცდილობს მის სულში, ფიქრებში, წარმოსახვაში წარმოშობილ იდეებში გარკვევას. მსახიობი არაფერს უტრირებს, პირიქით, ის ბიანკას ფსიქოტიპის შექმნისას მწირ გამომსახველობით საშუალებებს მიმართავს. მხოლოდ ტექსტის სწორად გააზრებით, ზუსტი მახვილებითა და ინტონაციებით ქმნის თინეიჯერი, საკუთარ თავში ჯერ გაურკვეველი თინეიჯერი გოგოს ზოგად პორტრეტს.

 

თითქოს ერთმანეთს ჰგავს დანი (გიორგი ქორიძე) და ბუგი (ლადო ვაშაკიძე). ორივე გმირი თვითგამორკვევის რთულ და წინააღმდეგობით აღსავსე გზას გადის. გიორგი ქორიძის დანი, ისე როგორც ლადო ვაშაკიძის ბუგი, უარყოფითი პერსონაჟები არ არიან, მაგრამ მათი ცხოვრების წესი და რეგლამენტია მცდარი, რომელიც შემდეგში საბედისწერო აღმოჩნდება არა მარტო მათთვის, არამედ ყველასთვის. ეს ორი პერსონაჟი თითქოს ერთმანეთს და იმ საზოგადოებასაც ავსებს, რომელსაც სპექტაკლში ვეცნობით. ბიჭებს ღრმა შინაგანი სამყარო, ოცნებები და სიყვარულის უნარი გააჩნიათ, რომელიც მიძინებულია და არ ჩანს.

 

თინათინ ნიკოლაიშვილი როქსანას როლს ასრულებს, რომელიც მთავარი გმირის უახლოესი დაქალია. უყურადღებობა და დაუდევრობა ეს ის სუსტი წერტილებია, რომელიც როქსანას მომავალზეც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. მსახიობი სცენური გულწრფელობითა და ოსტატობით გვიჩვენებს ჯერ უდარდელი და უნაღვლო თინეიჯერი გოგონას მხატვრულ სახეს, ხოლო შემდეგ მოაზროვნე ახალგაზრდა ქალის გრძნონებსა და განცდებს, რომელმაც უახლესი მეგობარი დაკარგა.

 

მიზანმიმართულად არაფერს გიყვებით პიესის სიუჟეტზე, მოვლენების ჩახლართულ განვითარებაზე, გმირებზე მოცემულ კონკრეტულ სიტუაციებში, რადგან ვფიქრობ, თითოეულმა მაყურებელმა მათზე დასკვნები თავად უნდა გამოიტანონ. სპექტაკლის შემდეგ, მოზარდის მე-6 (თუ მერვე) სართულიდან გრძელი კიბეების ჩამოვლისას, ნაცნობი მაყურებლის დიალოგი შემომესმა, რომლებიც არკვევდნენ პერსონაჟთა ხასიათის დადებით და უარყოფით მხარეებს. მთავარია, რომ მაყურებელმა დაინახა პრობლემა, რომლის წინაშეც სპექტაკლის მოქმედი გმირები დგანან და მათ არ თქვეს (როგორც ხშირად ამბობენ-ხოლმე უფროსი თაობის წარმომადგენლები) – „რა საშინელი თაობა მოდის!“, რომლებიც თავის წილ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ.  

 

დასაწყისში ვახსენე, რომ ლუკა ინწკირველმა „მწვანე კატა“ „მოზარდში“ როგორც დამოუკიდებელი პროექტი მიიტანა. სპექტაკლის დასადგმელად ახალგაზრდა რეჟისორების (თუნდაც გამოცდილების და აღიარებულების) მიწვევა სამხატვრო ხელმძღვანელების უმრავლესობას უჭირთ. მცირე გამონაკლისებს შორისაა დიმიტრი ხვთისიაშვილი, რომელმაც მოზარდ მაყურებელთა თეატრი ერთ-ერთ ყველაზე ღია თეატრად აქცია შემოქმედებითი ექსპერიმენტებისთვის. ცხადია, ყველა პროექტი წარმატებული ვერ იქნება, მაგრამ მუდმივ აქტივობას და ახლის ძიების მცდელობებს ზოგადად პროცესისთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა.