რეალური სინამდვილე ფანატიზმის წინააღმდე

რეალური სინამდვილე ფანატიზმის წინააღმდეგ                                      

სოფო ნადიბაიძე                                                                                                                                                                                                                                                      

ტოტალიტარულ სამყაროში ,,ერთადერთი კაცის” იმედად დარჩენილი ფრანგი მწერლის ეჟენ იონესკოს პიესის ,,მარტორქის” პერსონაჟი ბერანჟე დასასრულის საწყისად გვევლინება. ,,მე თავს დავიცავ, მთელი სამყაროს წინააღმდეგ! მე უკანასკნელი ადამიანი ვარ და ბოლომდე ადამიანად დავრჩები! მე იარაღს არ დავყრი!” იონესკოს ,,მარტორქამ” მასობრივი გახელებისგან გამოწვეული ტრანსფორმაცია განიცადა. 1957 წელს მწერლის ნოველა ,,მარტორქა” შოვინისტური პატრიოტიზმისა და რასიზმის გავრცელების წინააღმდეგ გამოდის,  ერთი წლის შემდეგ კი პიესად გადაკეთებული ნოველა სოციალური რევოლუციისკენ მოუწოდებს ხალხს.     

                                                                

თავდაპირველად იყო ,,ცილინდრი” პიესის ავტორი, ედუარდო დე ფილიპო, შემდეგ სემუელ ბეკეტის ,,კრეპის უკანასკნელი ფირი”, ახლა კი ეჟენ იონესკოს ,,მარტორქა” (სადიპლომო სპექტაკლი). სამივე სპექტაკლი დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრში (აუდიტორია N2), სამივე სპექტაკლი რეჟისორ რატი კობეშავიძის (ჯგუფის ხელმძღვანელი - გია კიტია, ასისტენტი - გიორგი აფხაზავა) მოწყობილი სანახაობაა, ყოველგვარი კლიშეებისა და ტყუილების გარეშე.                                                 

სპექტაკლის მსვლელობისას უკიდეგანო განუკითხაობაში ნამდვილად არ მიგრძვნია თავი. ჩვენდა შესაფერისად თვითოეული პერსონაჟი დაწყებული პიესის მოქმედი პირი  ბერანჟიდან (გიორგი გიორგიძე) დამთავრებული პერსონაჟ  მარტორქებამდე (ზუკა ბირკაია, მარიამ ბათიაშვილი, სესილია დავითაძე, ანასტასია ლორთქიფანიძე, მარიამ ჩხიკვაძე) არარსებობის აბსურდულობაზე მიგვითითებდნენ  და თან ამ არარსებობაში, ქაოტურად მოქმედებდნენ  ისე, როგორც არსებულ სამყაროში.   ლოგიკოსი (ალექსანდრე ტაბახმელაშვილი), ოფიციანტი ქალი (ნანუკი მაკრახიძე), ლოდინის რეჟიმში მყოფი ჟანი (კონსტანტინე ფოცხვერაშვილი) და  ნახევარი საათით დაგვიანებული ბერანჟე (გიორგი გიორგიძე) პიესის დასაწყისშივე ჩნდებიან. ჟანი არაპუნქტუალურობისგან გამოწვეულ პრობლემებზე ესაუბრება ბერანჟეს, რომლის გონებაც სხვა ღირებულებებისკენ არის მიდრეკილი. მაგალითად, დეზისკენ (ანა ბერელაშვილი)  ის, ბერანჟეს ემოციური ბმაა, რომელიც სხვა პერსონაჟებისგან გამოარჩევს, თუმცა ბოტარის (დავით ჩოგოვაძე) და დიუდარის (ნიკოლოზ ბარათაშვილი) პერსონაჟებსაც გააჩნიათ ღირებულება, რომელსაც ,,მატერიალიზმი” ჰქვია. მარტორქად გადაქცევა ,, მომაკვდინებელი ვირუსის” მომასწავლებელია, რომელიც სამყაროზე ბატონობს. კოლექტიური ისტერიკა სპექტაკლის მამოძრავებელი ღერძია, თუმცა სამყაროს  შემეცნებამდე და მარტორქისეული მოძღვრების ამოცნობამდე მისული ბერანჟე  თავისი იარაღის ხელშეწყობით, სოციალური რევოლუციისკენ მიისწრაფვის.     

                                                                                           

მოძრავი დეკორაცია (მხატვარი - ლუკა  ჭულუხაძე)  და მუსიკალური გაფორმება Massive Attack ,,karmacoma” სინთეზურად, კვალივით გასდევს სპექტაკლს. დატყვევებული ადამიანი იმ ,,კანონზომიერ სამყაროში”, სადაც ცხოვრობს ყველაზე საშიშია. მისთვის ემოციური ლტოლვა ნებისმიერ ვითარებაში მეორე ხარისხოვანია და ამიტომაც მისდევს გაბატონებულ სტერეოტიპებს. ჟანის  და დეზის  ვნებიანი და ამავე დროს, შეშლილი მდგომარეობა სპექტაკლში დასამახსოვრებლად ტრანსფორმირდა,  დრამატურგისა და რეჟისორის წარმოსახვამ კი  ,,მარტორქაში”დაამსხვრია ბურჟუაზიული კოდექსი.