
რემარკ ა თეატრალური ფესტივალისათვის
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ნინია სადღობელაშვილი
რემარკა თეატრალური ფესტივალისათვის
თეატრი ცოცხალი და მრავალგანზომილებიანი სამყაროა. სადაც თეატრია, იქ, უპირველესად, ტექსტია და სადაც ტექსტია, იქ რემარკაცაა - მცირე ან ვრცელი შენიშვნა ავტორის მხრიდან, რომელიც კონკრეტულ მოცემულობას, პირობას, დაზუსტებულ დროსა და სივრცეს გულისხმობს.
მიყვარს რემარკები - ისინი მკითხველის/მაყურებლის ფოკუსს იპყრობენ და ვირტუალურ ეფექტებს ქმნიან. გზის მაჩვენებელი ისრებივით არიან - ზუსტი პასუხები კითხვაზე - „საით წავიდეთ“. რემარკა ცოტაოდენი თავდავიწყების უფლებაცაა, მთავარი ტექსტიდან ამოსუნთქვის ან პირიქით, ღრმად ჩასუნთქვის (ძალა)უფლება.
ამ ძალას და უფლებას ვიშველიებ, როცა იმაზე უნდა მოვყვე, რაც, წესით, ბევრად უფრო აკადემიურ, პროფესიულ თხრობას მოითხოვს. მოვყვე სულ ცოტა ხნის წინ წარმატებით დასრულებული თეატრალური ფესტივალის შესახებ, ოღონდ არა კონკრეტული პოზიციიდან (ამ შემთხვევაში, ჟიურის ერთ-ერთი წევრი ვიყავი), არამედ რემარკის პრინციპით - ის, რაც მთავარი ტექსტის მიღმა და(მ)რჩა და რამაც, პირადად ჩემთვის, ფესტივალის ხასიათი განსაზღვრა.
ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წელს, ოზურგეთში, მეხუთედ ჩატარდა. თუმცა, ფესტივალი თავისი არსებობის ათ წელს ითვლის - ის ყოველ მეორე წელიწადს, კულტურის სამინისტროს პატრონაჟით ტარდება. დუმბაძის ფესტივალის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის თეატრი და მისი ხელმძღვანელი - ვასო ჩიგოგიძეა. შესაბამისად, ფესტივალს ყოველთვის ოზურგეთის თეატრი მასპინძლობს, ჩოხატაურის თეატრთან ერთად. საფესტივალო დღეები მცხუნვარე ივლისში ტარდება, მზითა და სიყვარულით სავსე გურიაში, გურული ლაზათით, იუმორით და სანიმუშო მასპინძლობით.
საერთაშორისო ფესტივალში უცხოური თეატრალური დასებიც მონაწილეობს. მაგალითად, წელს ნოდარ დუმბაძის შემოქმედების მიხედვით დადგმული ნამუშევრები წარმოადგინეს ისრაელის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის და უზბეკეთის თეატრებმა. ფესტივალის საპატიო სტუმრები იყვნენ ესპანეთიდან და საბერძნეთიდან. უცხოელი არტისტები ჟიურიშიც იყვნენ - ანტონელა კორნიჩი (რუმინეთი) - პროფესორი, მსახიობი და რეჟისორი, და ემრე ერდემი (თურქეთი) - რეჟისორი და დრამატურგი.
ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს განსაკუთრებული კონცეფცია აქვს - ის გულისხმობს ქართული კლასიკური და თანამედროვე მწერლობის სცენიურ ინტერპრეტაციებს, ნოდარ დუმბაძის შემოქმედებასთან ერთად. ეს კი, თავისთავად ნიშნავს ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ჩვენი ეროვნული მწერლობა თეატრალური დასების ფოკუსში ექცევა, მაყურებლის წინაშე კი ხელახლა ცოცხლდება ნაცნობი თუ უცნობი ლიტერატურული ნაწარმოებები, რომელთა ინტერპრეტაციის ხარისხს/აქტუალობას უკვე ჟიური აფასებს.
მქონდა პატივი, ფესტივალის მეხუთე სეზონს ათი დღის განმავლობაში დავსწრებოდი და თვალი მედევნებინა პროცესებისთვის, რომლებიც, თავის მხრივ, რამდენჯერმე გასცდა მხოლოდ თეატრალური ფესტივალის კონტექსტს და გაცილებით დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ეს განცდა განსაკუთრებით მაშინ მეუფლებოდა, როცა სცენაზე უცხოური დასები იდგნენ. მათ მიერ წაკითხული ქართული ლიტერატურა, ნოდარ დუმბაძის შემოქმედება, მათ მიერ აქცენტირებული თემები და იდეები, ინტერპრეტაციის თავისუფლება, ერთი შეხედვით ქართულ სათქმელში საკუთარი პრობლემის წარმოჩენა და მასშტაბური გააზრება მაძლევდა იმის იმედს, რომ ამ საყოველთაოდ რთულ დროში, გლობალური კონფლიქტების, ცეცხლისა და სიძულვილის მეუფებაში, ხელოვნებას ჯერ კიდევ აქვს იმის უნარი, რომ ერთმანეთთან დააახლოვოს ერები და ქვეყნები, გამოძებნოს საერთო ენა და ამ ენის უპირატესობაში მაყურებელიც დაარწმუნოს.
მაყურებელი - მოქალაქე.
ფესტივალის დაწყების წინ „სპონსორების ხურჯინები“ დაგვირიგეს - ქართული ჩაით, ღვინითა და ფესტივალის ატრიბუტებით სავსე ძღვენი. მათ შორის, ჩვენთვის ბლოკნოტებიც იყო, შენიშვნებისა და კომენტარებისათვის. უამრავი ბლოკნოტისა და უბის წიგნაკის პატრონს ჩვევა მაქვს - სიმბოლურად მივიჩნიო პირველი სტრიქონები, რითაც ახალ ბლოკნოტს ვხსნი.
„ბუნების ციკლურობა - როდის ვთესთ და როდის ვიმკით...“ - ასე იწყება ჩემი ფესტივალის ბლოკნოტი, თუმცა ვერაფრით ვიხსენებ, რა საუბარს მოჰყვა ის, რატომ ჩავინიშნე, რის დასამახსოვრებლად. მაგრამ ჩვევა რჯულზე უმტკიცესია - ეს ფრაზა წლევანდელი ფესტივალის მეტაფორად მივიღე, მით უფრო, რომ მასში შთაბეჭდილებათა და ემოციათა ექოებიცაა.
ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალის ამ ხარისხით და მასშტაბით ორგანიზება სწორედ იმის მკაფიოდ გააზრების შედეგია, თუ „როდის ვთესთ და როდის ვიმკით“, ანუ რამდენად ზუსტად უნდა გავთვალოთ ყველა დეტალი და წარვმართოთ შრომის პროცესი, რათა ნაყოფიც სრულყოფილი მივიღოთ.
ვასო ჩიგოგიძე ვახსენე - ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი და ფესტივალის სულისჩამდგმელი. რომ არა მისი ტიტანური და მიზანმიმართული ენერგია, დაუღალავი შრომა და საქმის სიყვარული, შეუძლებელი იქნებოდა არათუ ფესტივალის, არამედ ბევრი სხვა კეთილი საქმის ორგანიზება გურიის მხარეში. ბატონი ვასო ბურჯად უდგას თეატრსაც და იდეასაც, რაც თავის გუნდთან ერთად დაისახა. გადამდებია ასეთი სიმტკიცე და თანამოაზრეობა. ყველაფერთან ერთად, ამოდ სანახავი იყო ის ანსამბლური შრომა, ყოველწუთიერი მუშაკობა, პროფესიული თუ ყოფითი დეტალების ზედმიწევნით გათვლა და გათვალისწინება, რითაც ფესტივალის გუნდმა თავი ყველას დაგვამახსოვრა და შეგვაყვარა კიდეც. თუმცა, ეს სიყვარული ამ ფესტივალიდან არ დაწყებულა. ყველას თავისი წილი ისტორია აქვს ოზურგეთის თეატრთან და ამ ადამიანებთან - ზაზა ჯინჭარაძესთან, ლაშა ჩხარტიშვილთან, ირინა აბჟანდაძესთან - ჩემთვის ეს სამი ადამიანი ასიმბოლოებდა იმ აზრს, რომ ამოუწურავია ჩვენი შესაძლებლობები - ზოგჯერ, დღის ბოლოს წარმოუდგენლად დაღლილები, მაინც უზადო გულისხმიერებით და პროფესიონალიზმით ახერხებდნენ ჩვენს მასპინძლობასაც და მომდევნო დღის დაგეგმვასაც, ჩვენს გაცინებასაც კი, თუმცა სიცილი ვის უნდა გაუკვირდეს გურიაში - სიცილის ჩემპიონთა უმაღლეს ლიგაში.
ამ გულწრფელმა გარემომ მეც ღიმილის საღერღელი ამიშალა და სხვა დროს რომ საკუთარ თავს ამ ფამილარობის უფლებას არ მივცემდი, ახლა ამაზე არც დავფიქრებულვარ, ზაზა ჯინჭარაძეს ხუმრობით ზაზა ხურჯინაძე შევარქვი და ყველას ვაცნობდი - ეს ჩვენი ბატონი ზაზა ხურჯინაძეა-მეთქი. საქმე ისაა, რომ ბატონ ზაზას, ბევრ სხვა მისიასთან ერთად, ესაც ერგო - ყოველი სპექტაკლის შემდეგ, ბატონ ვასოსთან ერთად, სცენაზე გამოდიოდა და თეატრალურ დასს ფესტივალის სპონსორთა ხურჯინს გადასცემდა, რომელიც სპექტაკლის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე უკვე მხარზე ჰქონდა გადაკიდებული. ამიტომ, სად არ ნახავდით ხურჯინიან ბატონ ზაზას - კულისში, ფოიეში, დარბაზში, ბოლოს სცენაზეც; მგონია, რომ ფესტივალის დამთავრების შემდეგ, „ტვირთი ჩამოიხსნაო“ - ეს ნათქვამი პირდაპირ, სიტყვასიტყვით მასზე იქნება ზედგამოჭრილი.
თუმცა, ტვირთის (მით უფრო, მისი სიმძიმის) იქ არავის შეშინებია. განსაკუთრებით, ქალებს - ორ ნათიას - ბატონი ვასოს მარჯვენა ხელს, ნათია მუქერიას, არაჩვეულებრივ, ლამაზ, საოცრად შრომისმოყვარე ქალბატონს და, თარჯიმანს - ნათია სურგულაძეს, რომელიც პირადად მე წლევანდელ ფესტივალზე გავიცანი და ალბათ დიდხანს გამყვება ის სითბო და სინაზე, რაც ამ ადამიანმა ჩემში დატოვა.
ფესტივალის სტუმრების ნაწილი ურეკში ვცხოვრობდით და ჩვენი მასპინძელი - თეა ჟვანია დაუღალავად ზრუნავდა თითოეულ ჩვენგანზე. ეს „თითოეული ჩვენგანი“ მოკრძალებულ რაოდენობად არ მიიღო, მკითხველო! წარმოიდგინე, რომ მასში ოცდაერთი სპექტაკლის თეატრალურ დასებს ვგულისხმობ, ქართული და უცხოური თეატრების მსახიობებს, რეჟისორებს თუ ტექნიკურ პერსონალს! ისინი ყოველდღიურად ცვლიდნენ ერთმანეთს, ანუ რიგი ჩამოდიოდა, რიგი მიდიოდა, თეა კი მშვიდად და გულდასმით იღებდა და აცილებდა მათ, ადგენდა სადილ-საუზმეების დაუსრულებელ განრიგებს, გვაცილებდა და გვანაწილებდა ტრანსპორტში და ბოლოს ჩვენთან ერთად ტიროდა ან იცინოდა სპექტაკლებზე, მთელი გულით და არსებით ისეთივე ჩაფლული შემოქმედებით ემოციაში, როგორც რუტინულ ყოფით წვრილმანებში...
მართალია, დუმბაძის ფესტივალის კონცეფცია ქართული პროზის ნიმუშების სცენიურ გაცოცხლებას გულისხმობს, მაგრამ წელს ამ მხრივაც დიდი სიახლე იყო - პროზას პოეზიაც შეემატა და ოზურგეთის თეატრის მცირე სცენაზე პოეზია სამჯერ გაისმა - ორჯერ ქართველი და ერთხელ ესპანელი მსახიობის მიერ.
ჯერ გორის თეატრის სპექტაკლი ვნახეთ - „მე მოვალ სიზმარი“ (რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე) - გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების მიხედვით შექმნილი კომპოზიცია (ინსცენირების ავტორი: გიორგი ლობჟანიძე); მერე მსახიობ ნინო ფილფანის საავტორო პერფორმანსი „რადგან ყველა ომი ტყუილია“ (რეჟისორი კახაბერ შარტავა), რომელშიც თანამედროვე პოეტების მიერ ომის თემაზე შექმნილმა პოეზიამ მოიყარა თავი. ბოლოს, ესპანელი რეჟისორის - კრისტინა იანესის (ესპანური თეატრალური კომპანია ტრამვაის თეატრი) მიერ წაკითხულ ფედერიკო გარსია ლორკას ცეცხლოვან პოეზიას ვუსმინეთ და ესაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება იყო, ისევე როგორც მთელი ეს „პოეზიის ეპიზოდი“ წლევანდელ ფესტივალში. ლექსის მხატვრული კითხვა იმდენად რთული და პრეტენზიული საკითხია, რომ ბევრი არტისტი განგებ ერიდება კიდეც ამ ტვირთის აღებას; თუმცა, ეს პროცესი ესთეტიკურ სიამოვნებასთან ერთად, ენისა და აზროვნების სივრცეებსაც აფართოებს და იმ პირველსაწყის ხსოვნასაც გიღვიძებს, როცა პოეზია საჯარო დეკლამაციის წყარო იყო და მას არამხოლოდ კითხულობდნენ, არამედ, უპირველესად, უსმენდნენ.
ფესტივალს ნოდარ დუმბაძის სახელი ჰქვია და ბუნებრივია, დასებს ყველაზე ხშირად სწორედ ამ დიდი მწერლის შემოქმედების მიხედვით დადგმული სპექტაკლები ჩამოაქვთ. წლევანდელ სეზონზე, უცხოურმა დასებმა მხოლოდ დუმბაძის შემოქმედება წარმოადგინეს: ბეერ-შევას ფრინჯ თეატრმა (ისრაელი) – „სისხლის კვანძი“ (ნოდარ დუმბაძის მოთხრობის „სისხლი“ მიხედვით); ბერდახის სახელობის ყარაყალპაყეთის თეატრმა (უზბეკეთი) – „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, ყაზახეთის რეგიონული დრამისა და ოპერეტას თეატრმა - „ძაღლი“; იყო კოპროდუქციაც - ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და აზერბაიჯანის, განჯის სახელმწიფო დრამატული თეატრის ერთობლივი ნამუშევარი „კუკარაჩა“ (რეჟისორი ვასო ჩიგოგიძე).
ნოდარ დუმბაძის შემოქმედება ხომ მზითა და სიყვარულითაა სავსე, ალბათ შეუძლებელიც კია, ვინმემ ვერ გაიგოს, ვერ ჩასწვდეს მის სამყაროს, რა ენისა და ეროვნებისაც უნდა იყოს ის. ეს სპექტაკლებიც ამის მაგალითი იყო - ებრაელი რეჟისორის, იოავ მიქაელის მიერ შექმნილი მომხიბვლელი, მკაფიო სამყარო, რომელიც ერთდროულად მშობლიური/ინტიმურიცაა და გლობალურიც. მსახიობების თამაში, მუსიკალური ხაზი, ვნება და იუმორი - ეს ყველაფერი ერთად ქმნის სისხლით ნათესაობის მეტაფორას, რომელიც ელექტრონული სისხლძარღვების და გულის პროექციის ფონზე კიდევ უფრო შთამბეჭდავია... უზბეკეთის თეატრის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, შეიძლება ითქვას, მოთხრობის სიტყვასიტყვითი ილუსტრაცია იყო. რეჟისორმა მუხთარ რეიმოვმა ქართული ეთნოგრაფიული დეტალებით, ხალხური სიმღერის ფრაგმენტებით გადაწყვიტა დუმბაძის სამყაროს შექმნა. სპექტაკლი ჩოხატაურის თეატრში ითამაშეს და მიუხედავად იმისა, რომ ილიკოს და ილარიონის შემსრულებელი მსახიობების მიერ საგანგებოდ დამახსოვრებული „გამარჯობა-გაგიმარჯოს“ მეტი არაფერი ესმოდათ, მაყურებლის რეაქციით მაინც იგრძნობოდა, რომ ყველანი ჩართულნი იყვნენ და ყველა ნაცნობ სცენას ტაშითაც აჯილდოებდნენ.
„ძაღლის“ თავისებური ინტერპრეტაცია წარმოადგინა ყაზახეთის თეატრის ახალგაზრდა რეჟისორმა აბაი დაულეტულიმ. მან სპექტაკლს აქცია-პერფორმანსის ხასიათი შესძინა და შექმნა სამყარო, სადაც ფული და ძალაუფლება ჩაგრავს სულიერ არსებებს (ადამიანი იქნება ის თუ ძაღლი). სპექტაკლი დუმბაძის ამ არაჩვეულებრივი მოთხრობის შინაარსს გასცდა და რომ არ მცოდნოდა, რომ „ძაღლს“ ვუყურებდი, ალბათ დამოუკიდებელი ნაწარმოები მეგონებოდა. თუმცა, ინტერპრეტაციის ხელოვნებაც ხომ ამაშია - ავტორისეული ტექსტის იდეას საკუთარი ისე შეუხამო, რომ არც დედნისეული ატმოსფერო დაარღვიო და არც შენი თავისუფლება. აბაი დაულეტულის მცდელობა ნამდვილად დასაფასებელია - დარწმუნებული ვარ, ის სათქმელი, რაც მან თავის ნაწარმოებში ჩადო, ნოდარ დუმბაძესაც მოეწონებოდა და ჩვეული იუმორითაც „დაუთმობდა“ თავის დაუვიწყარ მოთხრობებს ახალი ინტერპრეტაციებისათვის.
„კუკარაჩას“ კოპროდუქციამ კი ოზურგეთის თეატრის მაყურებლით სავსე დარბაზი კიდევ ერთხელ ააგუგუნა და გაახალისა. ამ სპექტაკლის წარმატებული პრემიერა, ცოტა ხნის წინ, განჯაში შედგა. ამჯერად, ოზურგეთის მაყურებელმა იხილა სცენაზე ორი კუკარაჩა, ორი ინგა, ორი მურტალო, ორი ანიკო - ქართველი და აზერბაიჯანელი მსახიობები, რომლებიც სცენაზე ერთმანეთს საოცრად ფაქიზად ენაცვლებოდნენ. სპექტაკლი ორენოვანია და არც ეს გაბნევს, პირიქით - ლამის მთელმა საქართველომ ზეპირად იცის „კუკარაჩა“ და ყოველი აზერბაიჯანული ტექსტი ისედაც გასაგებია. განსაკუთრებული განცდაა, როცა ერთდროულად ქართველ ინგასაც ხედავ და აზერბაიჯანელსაც, ან თუნდაც კუკარაჩას, ან ნებისმიერ პერსონაჟს - აფასებ მათ, ადარებ, მერე, სპექტაკლის შუაგულისკენ, უკვე ეს შედარებაც წყდება და მთლიანად ამ უცნაურ მხატვრულ ქსოვილში ხარ ჩაღვრილი - შენს წინაშე ქართულ-აზერბაიჯანულად ცოცხლდება და კვდება განწირული სიყვარულის ისტორია, სავსე სიკეთის წყურვილით და ბოროტების შეუძლებლობით...
ფესტივალის მრავალფეროვან რეპერტუარში თოჯინური სპექტაკლიც აღმოჩნდა - ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის მიერ ნაჩვენები „გუდული ბაბუ და პატარა უჩა“ (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი). სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის მოთხრობის „უმადური“ მიხედვით შეიქმნა და მადლიერების ნამდვილი საგალობელი იყო. თოჯინური სამყაროს მიუხედავად, ეს ნამუშევარი მაინც არაა საბავშვო, რადგან მასში ისეთი ფილოსოფიური წიაღსვლებია, რომ ბავშვს მისი გაგება ნამდვილად გაუჭირდება. თუმცა, თეატრის მაგია ისაა, ზრდასრულ და ხანმოთეულ მაყურებელშიც თავდაპირველი ბავშვი გააღვიძოს და მისი თვალებით აყურებინოს ცხოვრების სცენიურ პროექციას. ჩემს შემთხვევაში ზუსტად ასე მოხდა - სპექტაკლს ბავშვის თვალითაც ვუყურე და ასაკოვანისაც, ბევრიც ვიტირე და სიყვარულითაც აღვივსე...
რა გამოარჩევს ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას? სიცილი და ცრემლი. ეს ორი ისეა ერთმანეთში ჩაწნული, რომ გიჭირს გაარჩიო, რომელი უფრო ბევრია და საიდან უფრო იწყება ის უმთავრესი სიცოცხლის საზრისი, რითაც მწერლის სამყაროა დამუხტული. დუმბაძის ფესტივალის ატმოსფეროც ამ ორმა სიტყვამ განსაზღვრა - სიცილმა და ცრემლმა - მხატვრულ-შემოქმედებითი გაგებითაც და ცხოვრებისეულ-ყოფითი შეფასებითაც. თავიდანვე მძიმე დაბრკოლებებით დაწყებულ საფესტივალო პროცესებს თითქოს ეს სიმძიმე დაებედა - ათი დღის მანძილზე თან სდევდა სევდიანი ამბები, თუმცა ეს არც მაყურებლამდე მიუტანია ვინმეს და არც ჩვენს მასპინძლობაში შეშლიათ ხელი... ფესტივალის დახურვის წინა დღეს, თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ (სადგურის ქუჩაზე ჩამოშლილი გუმბათი და მის ქვეშ მოყოლილი მსხვერპლი) ყველანი შეგვძრა, ასეთი მასშტაბის ტრაგედიები სხვანაირი ექოებით აირეკლება ხოლმე სახელოვნებო პროცესზე, თითქოს შემზარავი ეფექტით გაღვიძებდეს რაღაც მარადიულ ხსოვნაში, გაფხიზლებდეს რაღაც მუდმივი ტკივილისათვის...
მაგრამ სადაც ცრემლია, იქვეა ღიმილიც და ეს ყოველწამიერი მონაცვლეობაც ხომ მარადიულია!.. ბევრი სიცილი იყო წლევანდელ ფესტივალზეც, სცენიდანაც და სადაგი წუთებიდანაც. თანაც, რა სჯობია სიცილს კარგ საზოგადოებაში, ნამდვილი ფუფუნებაა, მით უფრო დღეს, ასეთ გაუხეშებულ, სულიერებადამცრობილ დროში, რა სჯობია სიცილს გურულების გარემოცვაში, ვისთანაც ცხოვრება იმაზე მეტია და ცინცხალია, ვიდრე წარმოგედგინა. ის სიცილიც განსაკუთრებულია, რომელიც ერთმანეთთან გაახლოვებთ უცხო ადამიანებს, ერთმანეთს აღმოგაჩენინებთ, აღგაფრთოვანებთ. ურეკიდან ოზურგეთამდე გზა ამ აღმოჩენების მანძილი იყო, ბევრს ვხუმრობდით, მით უფრო, თუ ჩვენთან ერთად მგზავრობდა ვალერი ოთხოზორია - დრამატურგი და კრიტიკოსი, უნიჭიერესი, ექსტრავაგანტური ადამიანი, საერთოდაც, ყველა ცდილობდა, ერთმანეთისთვის კომფორტული გარემო შეექმნა, რამდენი საინტერესო ამბავი მოვისმინე, რამდენი ვინმე გავიცანი დაუსწრებლად - ქართული თეატრის და ლიტერატურის კორიფეებიდან დაწყებული, დასამახსოვრებელი მაყურებლით ან ვინმე დამახსოვრებული გამვლელით დამთავრებული...
ნამდვილად იყო ჩემთვის ფუფუნებაც და პატივიც გია ცქიტიშვილთან (თეატრმცოდნე, ჟიურის თავმჯდომარე) და მის მშვენიერ მეუღლესთან - ქეთი ტრაპაიძესთან (კინომცოდნე), არაჩვეულებრივ დათო ბუხრიკიძესთან (თეატრმცოდნე, ჟიურის წევრი), გოგი ყაჯრიშვილთან (თეატრმცოდნე), ძალიან კარგ და საინტერესო ადამიანებთან - ანანო მირიანაშვილთან, ლელა არაბიძესთან (თეატრმცოდნეები) ურთიერთობა. ფესტივალს ყოველდღიურ რეჟიმში, ოპერატიულად აშუქებდნენ ახალგაზრდა თეატრმცოდნეები - ალექსანდრა სულამანიძე და ანასტასია ჩერნეცოვა, ორი გადასარევი გოგო, რომელთა ახალგაზრდული ენერგია ყველა ჩვენგანზე გადამდებად მოქმედებდა.
მათი კამერის თუ კალმის „ობიექტივში“ გაიარა ფესტივალის ათივე დღემ, ოცდაერთივე სპექტაკლმა, სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად (დღეში რამდენჯერმე) იდებოდა ახალი ინფორმაცია ფესტივალის მიმდინარეობის შესახებ და ამ თავბრუდამხვევ საინფორმაციო კარნავალში, ამ ზღვასავით მიქცევ-მოქცევაში, ფესტივალის და ზოგადად, თეატრალური ცხოვრების სიღრმეში ილექებოდა ის მთავარი მარგალიტები, რის გამოც ნებისმიერი თეატრალური ფესტივალი ღირს ამ ქვეყანაშიც და ყველგან, რის გამოც, საერთოდ, თეატრის და ლიტერატურის არსებობაა მნიშვნელოვანი!
დავით კლდიაშვილი, ნოდარ დუმბაძე, ვაჟა-ფშაველა, ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, გალაკტიონ ტაბიძე - ქართული კლასიკური მწერლობის ეს თანავარსკვლავედი ქართულმა თეატრალურმა დასებმა, თბილისის და რეგიონულმა თეატრებმა სცენაზე გააცოცხლეს. თითოეული ნამუშევარი, პირადად ჩემთვის, რაღაც უნიკალურით იყო აღბეჭდილი, მყავდა ჩემი ფავორიტები და ბევრმა მათგანმა ფესტივალის ჯილდოც დაიმსახურა, თუმცა გულიც დამწყდა რამდენიმე მსახიობზეც და სპექტაკლზეც... ეს ბუნებრივი მოვლენაა, ყველა კონკურსს ახლავს და გამონაკლისი არც დუმბაძის ფესტივალი ყოფილა.
ლაშა ჩხარტიშვილი, ვასო ჩიგოგიძესთან ერთად, ყოველთვის ზრუნავს ფესტივალის საინტერესო შემოქმედებით პროგრამაზე და ყველამ აღნიშნა, რომ წლევანდელი სეზონი განსაკუთრებული იყო. დაუვიწყარი შთაბეჭდილება იყო ჩოხატაურის თეატრში ნაჩვენები „სტუმარ-მასპინძელი“ - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოს მრგვალ მაგიდასთან შექმნილი სამყარო, სადაც შორეულ კავკასიაში მომხდარი უნიკალური მოვლენა განირჩევა (დმანისის თეატრი, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე), იტალიური ნეორეალიზმის სიმსუბუქე და ტრაგიკომიზმი გამახსენა გიორგი კაშიას სპექტაკლმა „სამანიშვილის დედინაცვალი“ (ზუგდიდის თეატრი, ფესტივალის გრან-პრის მფლობელი), დავით კლდიაშვილის მოთხრობა „მსხვერპლი“-ს ძალიან საინტერესო ინტერპრეტაცია წარმოადგინა საბა ასლამაზიშვილმა (ფოთის თეატრი), ეროვნული ბედისწერის ტრაგიზმი ასახა ემოციით და ნაღველით სავსე სპექტაკლში „ლამბალო და ყაშა“ რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა (ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთაა თეატრი); პირქუში, ლურჯ-ნაცრისფერი, ნახევარტონებით დაბინდული (თუ, განათებული?) სამყარო შექმნა რეჟისორმა ვახო ნიკოლავამ სპექტაკლში „კაცია ადამიანი?!“ (სენაკის თეატრი). ამ სპექტაკლში ლუარსაბის როლის შემსრულებელი მსახიობი, თენგიზ თოფურიძე, პირადად ჩემთვის ფესტივალის მთავარი აღმოჩენა იყო, მისი ეპიკური გამომსახველობა, რომელიც მსახიობ თამარ აბშილავასთან (დარეჯანის როლის შემსრულებელი) ერთად საოცრად შთამბეჭდავ ტანდემს ქმნიდა, ყოველთვის დარჩება ჩემთვის ლუარსაბის პერსონაჟის ერთ-ერთ საუკეთესო განსახიერებად. საგანმანათლებლო მისიის მატარებელი იყო ანბანის დეკორაციაში „გადაშლილი“ „იავნანამ რა ჰქმნა“ - ზესტაფონის თეატრის სპექტაკლი (რეჟისორი ვატო ჯუღელი), დავით კლდიაშვილის „მსხვერპლი“ ჰქონდა წარმოდგენილი რუსთაველის თეატრსაც - საბა ასლამაზიშვილის უცხო, ფორმალისტური სამყაროსგან განსხვავებით, ბევრად უფრო ეთნოგრაფიული, მყუდრო და მშობლიური, მიუხედავად იმ ტრაგიზმისა, რის შესახებაც ეს ნაწარმოებია დაწერილი. ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“ ითამაშა ბათუმის თეატრმა (პეტრე ჩარგეიშვილი), სცენოგრაფიის და შემოქმედებითი კონცეფციის ცენტრში - ბეჟანას პერსონაჟით, რამაც სპექტაკლს სევდიანი სიმსუბუქეც შესძინა.
ძნელია ჟიურის წევრობა და საქართველოში ეს კიდევ უფრო ძნელი. თუმცა, ამ მხრივაც გამორჩეულად „მშვიდობიანი“ სეზონი გამოდგა - ჟიურის ხუთივე წევრს, უცხოელებიანად, ძირითად საკითხებზე თანმხვედრი აზრები გვქონდა და ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ანტონელას და ემრეს შეფასებებიც დიდწილად ჩვენსას დაემთხვა. ცალკე საუბრის ღირსია ამ ორი არაჩვეულებრივი ადამიანის საოცარი გულდასმით მუშაობა, მათი გაფაციცება ყველა სპექტაკლის, მსახიობის, მხატვრის თუ მუსიკოსის ნომინაციის მიმართ. ფესტივალის დახურვისას კი, ორივემ ისეთი ამაღელვებელი სიტყვა წარმოთქვა, რომ კიდევ ერთხელ განვიმსჭვალე მათ მიმართ უდიდესი მადლიერებით. არ დამავიწყდება ანტონელას სიტყვები: „ბევრი ქვეყანა მაქვს მოვლილი, ცხოვრებითაც არაერთგან მიცხოვრია, თუმცა საქართველოში საკუთარი თავი ვიპოვეო“. მე კი შენ გიპოვე, ანტონელა, და შენთან ერთად, ფიქრის და კვიმატი იუმორის კიდევ ერთი ფერი, სავსე სიმართლით და ადამიანური სიყვარულით!..
სპექტაკლის ან ნებისმიერი წარმოდგენის დაწყებამდე, ცარიელი და მაყურებლის მომლოდინე დარბაზის თვალიერება მიყვარს - ის დაძაბული სიჩუმე, თითქოს დროში გახევებული დეკორაცია, ნახევრად ჩაბნელებული სცენა და დარბაზი, რომელიც ცოტა ხანში გადაიჭედება.
ნოდარ დუმბაძის მეხუთე (და საიუბილეო მეათე წლის) საერთაშორისო ფესტივალის დახურვის წინ, ოზურგეთის თეატრის დიდი სცენის სიჩუმე და სიცარიელე საგანგებოდ დავიმახსოვრე.
ის ბოლო რემარკაა, რომელიც საფინალო კამერტონს ელოდება.
ფინალი კი ყოველთვის ერთადერთია. მთავარი მისი ინტერპრეტაციებია. ამისთვისაა თეატრიც და ამისთვისაა დუმბაძის ფესტივალიც.
ჩემი მარადიული მადლიერება მას!