რესპუბლიკა გურია

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

273632965_505189787836949_8114385668655785820_n.jpg

ნუცა კობაიძე

რესპუბლიკა გურია

ოზურგეთის თეატრის სპექტაკლში - „რესპუბლიკა გურია“ - (ავტორი - ნიკოლოზ საბაშვილი) დაკავებულია მთელი დასი. პროგრამაში არ არის ორ გვერდზე ჩამოწერილი სახელები და გვარები.  კრიტიკოსებიც ნაკლებად გავირჯებით მათი რეცენზიაში გადმოწერით. სცენის წრეშია მოქცეული გურული ხალხის ცხოვრება: სწავლა, შრომა,  სიყვარული, ომი. მუსიკის (მუსიკალური გაფორმება: თაზო იმნაძე) ფონზე მბრუნავი წრის მეშვეობით  სცენები ერთმანეთს ჰარმონიულად ებმის, ისე, თითქოს არც წყდება მოქმედება. ნიკოლოზ საბაშვილმა სპექტაკლი ააგო გურულ ფოლკლორზე (ლოტბარები: მაია რუსიძე, ლედი კეჭაყმაძე) და ამ კუთხისთვის დამახასიათებელ შეძახილებზე, რამაც კომიკური ელემენტები შეიტანა დრამაში. რეჟისორმა ოსტატურად ჩაატია გურული ყოფა ერთ ბრუნში.

პარტერში შესულ მაყურებელს სცენაზე ქალები გვხვდებიან იატაკის ჯოხებითა და ტილოებით ხელში. ქანცგაწყვეტილები სულს ძლივს ითქვამენ, რაც მანერული და არადამაჯერებელია. მსახიობები თუ უფრო ნაკლებად მოინდომებენ დაღლილობის ხაზგასმას, ცხადია უკეთესი იქნება. გამოდის პროტაგონისტი (გიორგი დოლიძე), ველოდებით, რომ სიტყვას იტყვის, ის კი ხელის მიკროფონზე დარტყმით, გულის ცემის იმიტაციას აკეთებს. ეს ხერხი გვაფიქრებინებს, რომ ასე უსიტყვოდ ჩაივლის წარმოდგენა.  იხსნება ფარდა და სპექტაკლიც იწყება. წრეზე გაშენებული სიმინდის ყანის ცენტრში მოქცეული უსიცოცხლო ნატვრის ხე  კარგს არაფერს მოასწავებს. შეყვარებული წყვილის გარშემო ვითარდება მთელი სიუჟეტი.  სპექტაკლი მთლიანად ქმედითია, უსიტყვო დადგმაში სულ რამდენჯერმე გვესმის ტექსტი: ევროპული ცივილიზაციის შემოსვლის დროს და რუსი გენერლის გამოჩენისას - „Здравствуйте, вот и мы, вы не рады?!”

სპექტაკლი ორ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ, პირველი - ჯაფაში, თუმცა ლაღად, გატარებული ცხოვრება და მეორე - მთლიანად შეცვლილი, დრამატული სიუჟეტი. რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი ქმნის საკუთარი ფანტაზიის, ფიქრის ნაყოფს - უტექსტო ტექსტს, რომელსაც სცენაზე ასხამს ხორცს და ილუზიურ სამყაროს მხატვრულ, ემოციურ რეალობად აქცევს.

მსახიობების თამაში ხასიათის ძებნისა და მორგების პროცესია. ლიტერატურულ მასალას გასისხლხორცებული გურული მიმიკითა თუ მოძრაობებით ისე გადმოგვცემენ, თითქოს გვესაუბრებიან. ეს ხომ მათთვის ბუნებრივი მოცემულობაა, პიროვნულ-ინდივიდუალური თვისება, არ სჭირდებათ გურული ტემპერამენტის გათამაშება. ამ შემთხვევაში მსახიობები იმ პერსონაჟების ცხოვრებით ცხოვრობენ, რაც მათ გენეტიკაში დევს.

ქორეოგრაფიულ (ქორეოგრაფი - მარიკა ქვეითაია) ელემენტებს არაერთხელ იყენებს რეჟისორი. ამ ხერხით ის გამოკვეთს პერსონაჟების ხასიათს, ინდივიდუალურობას. პლასტიკური გადაწყვეტით ვხედავთ გმირების შინაგან ბუნებას, კონფლიქტს. როგორც გურული ხალხური სიმღერები, ისე ქორეოგრაფიაც სპექტაკლის ორგანული ნაწილია.

ბევრი შთამბეჭდავი სცენის გვერდით გვხვდება რამდენიმე ტრივიალურიც. გაცვეთილი და ორიგინალურობას მოკლებულია სცენა, როდესაც რუსეთის იმპერია შემოდის საქართველოში - ვხედავთ, როგორ მოაბიჯებენ ჩექმები (რუსული ჩექმა უკვე ძალიან ბანალური სიმბოლოა). არ შემიძლია არ აღვნიშნო ომის სცენა, რომელიც ძალიან ეფექტურია - სცენის განათება ეშვება დაბლა, პარტერისკენ ტრიალდება, ხმისა და ციმციმის მეშვეობით შთაბეჭდილება  იქმნება, რომ მაყურებელს გვესვრიან. მართალია, მსგავსი ხერხი აქამდეც მინახავს, მაგრამ ვთვლი, რომ ძალიან მოუხდა ეს მიზანსცენა სპექტაკლის ესთეტიკას, რასაც ვერ ვიტყვი იარუსზე განლაგებულ მსახიობებზე, რომლებიც სცენისკენ მიმართულ იარაღს ისვრიან. გასაგებია, რომ ამით რეჟისორმა ბრძოლის ველი გამართა და ერთმანეთს დაუპირისპირა მოწინააღმდეგე მხარეები, თუმცა ამის გარეშე უფრო ეფექტური იქნება.

ახლა კი ეპიზოდები, რომლებმაც, ალბათ, გულგრილი არავინ დაგვტოვა. რუსეთის იმპერიის შემოსვლასთან ერთად სცენაზე ვხედავთ გენერალს (დავით კვერღელიძე) და მის მეუღლეს (თამარ მდინარაძე), რომლებსაც ოფიცერი (კობა ახალაძე) თეფშებს (დასარტყამი სამუსიკო საკრავი) აფარებს კეფაზე და ჩვენ ვხედავთ შარავანდედის ეფექტს - წმინდანად მოვლენილ  სისხლისმღვრელი იმპერიის წარმომადგენლებს. რეჟისორი არაერთხელ უსვამს ხაზს ერთმორწმუნეობას და აქ გვიჩნდება კითხვა - ნუთუ რამეს ცვლის ერთ ღმერთს რომ ვეთაყვანებით, ერთი რელიგიის სადარაჯოზე რომ ვდგავართ?! ძალაუფლებამ სიყვარული და დანდობა არ იცის. სპექტაკლის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია ტროსებზე დაკიდებული ქართული სუფრა (სცენოგრაფი - ნიკოლოზ საბაშვილი), რომელიც გამოჭრილი ეკლესიის შიგნით ქანაობს თოვლისა და მელანქოლიური მელოდიის ფონზე, რაც სპექტაკლის ცენტრალურ ასპექტს წარმოადგენს.

ფინალი - გაუპატიურების შემდეგ ორსულად დარჩენილი ანა (ანი გოდერძიშვილი), რომელსაც შეყვარებული (ნიკა ძნელაძე) მოუკლეს, სქელი ბაწრით ექაჩება სიმინდის წრეს და ცდილობს ტრაგედიის შემდეგ თავიდან დააწყებინოს სოფელს მოძრაობა და სიცოცხლე. რეჟისორი მკვეთრად აფიქსირებს ქართველი ქალების ძალას, ეს ფინალური სცენა იქნება თუ დედის (ზაირა თოთიბაძე) მიმტევებლობა შვილის მკვლელის მიმართ ან თუნდაც სცენა, როცა იატაკის ჯოხებით აპირებენ ქალები გაუსწორდნენ რუს ოფიცერს. და ისევ ქალი იწყებს ომის შემდეგ ფერხულში ჩაბმას.