top of page

„რის საფასურად მოვიპოვებ ბედნიერებას“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

339276305_2206646869525054_4309766579473576303_n.jpg

გიორგი ყაჯრიშვილი

„რის საფასურად მოვიპოვებ ბედნიერებას“

ანტიგონეს ამბავი თითქმის ყველა რეჟისორის შთაგონების წყაროა. ზოგისთვის იგი პატარა მეამბოხე გმირია, რომლისთვისაც სახელმწიფო აპარატის წინააღმდეგ ბრძოლა ცხოვრების მთავარი არსია. ზოგისთვის იგი სრულყოფილი ქალია, რომელიც უარს ამბობს სიყვარულზე, ოჯახის შექმნაზე, შვილებზეც კი, რათა დაკანონებული ტრადიცია დაიცვას და მიცვალებული მიწას მიაბაროს განურჩევლად იმისა, მოღალატე იყო იგი თუ სამშობლოს დამცველი. ზოგისთვის ჭირვეული გოგონა, რომელსაც მიზნად დაისახავს წინააღმდეგობა გაუწიოს საკუთარ უფროს დას სახლიდან გასვლას რომ უკრძალავს, შეებრძოლოს ბიძას, მის მიერ გამოცემული „უაზრო“ კანონის გამო, რომელმაც თვითნებურად ჩაიგდო ტახტი ხელში, შეურაცხყო მამამისი ოიდიპოსი და კოლონოში გააძევა. ამ პიესას დამდგმელი რეჟისორიც, ჩემი აზრით, ამ განსხვავებული შეხედულებათა გამო ირჩევს ანტიგონეს მითის სხვადასხვა ინტერპრეტაციებს (სოფოკლე, ევრიპიდე (მხოლოდ შინაარსია შემორჩენილი), ჟან ანუი, ბერტოლდ ბრეხტი, ჟან კოკტო, ანრი ბოშო, იანუშ გლოვაცკი, შეიმას ხინი) ან თუნდაც მთავარი როლის ანტიგონეს შემსრულებლის გამო.

ეს ერთხელ კიდევ ნათლად გამოჩნდა ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ დრამატული თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის ვატო (ვახტანგ) ჯუღელის მიერ დადგმულ სპექტაკლში, შექმნილი ჟან ანუის დრამატული ტექსტის მიხედვით და სადაც ამ როლზე მან ორი მსახიობი ნანუკა მაკრახიძე და ნინიკო აბესაძე დანიშნა (მათ შორის განსხვავების შესახებ მოგვიანებით).

თეატრში ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის მოსვლა ძალიან არსებითი მომენტია, როგორც თვით რეჟისორისათვის ასევე თეატრის აწმყოსა და მომავლისთვის - განსაკუთრებით, კი პირველი სპექტაკლი, რითაც ხელმძღვანელისა და დასის შემოქმედებითი ურთიერთობა იწყება. რეჟისორმა პაჟი, ჯალათი და ქორო ერთ სცენურ პერსონაჟში გააერთიანა (კონსტანტინე ფოცხვერაშვილი), სწორედ ეს პერსონაჟი იწყებს ამბის თხრობას, რომელიც დარბაზიდან ამოდის სცენაზე მთავარ გმირებს წარმოგვიდგენს სცენაზე უძრავად რომ განლაგებულად და სწორედ ის ამთავრებს ამ წარმოდგენას. მისი ჩაცმულობა უფრო ჯალათისაა, წინსაფრით, სახეზე ნიღბით, ხელთათმანებით, სისხლიანი ლაქებით სპეცტანსაცმელზე, ვიდრე მეფის პაჟის ჩაცმულობა უნდა იყოს. ის გამუდმებით სცენაზე (როგორც მარიანა ჯანაშიას პაჟი მიხეილ თუმანიშვილის ცნობილ დადგმაში) ყველა ფაქტისა და ამბის მოწმე. კრეონის (გიორგი გლოველი) ბრძანებათა უტყვი აღმსრულებელი, მკაცრად ჩაავლოს ხელი და ოთახიდან „გაათრიოს“ ანტიგონე, სასტიკად დასაჯოს ურჩი, ტომარაში გამომწყვდეული დამნაშავე და სისხლი ადინოს მას, მკაცრად შეუძახოს და გააკრიტიკოს ჩაფრების მათი უყურადღებობის გამო, მაგრამ არასდროს წინ არ აღუდგეს მბრძანებელი კრეონის სურვილს - მისი პოზიცია მომხდარ ამბებთან დაკავშირებით ცალსახადაა გამოხატული. იგი ქოროცაა - ამბის მთხრობელი, რათა დროდადრო შეაჩვენოს ანტიგონე ან კრეონი: „ის ხომ ბავშვია კრეონ?“ დამდგმელმა რეჟისორმა და კომპოზიტორმა სანდრო ნიკოლაძემ სპექტაკლს ახალი ელფერი შესძინა. იგი ბენდის ცოცხალი მუსიკის თანხლებით მიმდინარეობს, რომელიც არა მხოლოდ ინტერპრეტატორია, არამედ სცენაზე მიმდინარე დრამატული მოვლენების მუსიკალური თანამონაწილე. კომპოზიტორის მიერ შექმნილი მუსიკა და შესრულებული ანსამბლის (ლუკა პაჭკორია, სანდრო ფოცხიშვილი, სანდრო მოსაშვილი) მიერ ანტიგონეს ტრაგედიისთვის ხან მშვიდი და წყნარია, ხან მძაფრი და დრამატული. ეს მუსიკალური კომპოზიცია თავის თავში მოიცავს და ასახავს არა მხოლოდ იმ ყოფას, რაც კრეონის სასახლესა და მის შემოგარენში სუფევს, არამედ იმ გრძნობათა ბუნებასაც გამოხატავს, რაც თითოეული მოქმედის გმირის სულში ხდება. ბენდი სცენის სიღრმეში მშენებარე აკლდამასთანაა განთავსებული, მის წინ კი სკამებზე, საწერ მაგიდასთან ტრაგედიის გმირებია არიან განლაგებულნი, ზოგი უძრავად - ანტიგონე სკამზე ზის, ისმენე (ნანცო ცხვირაშვილი) კეკლუცად ჩაცმული თამამად ელაზღანდარავება ბიძამისს, მუხლებზეც კი ჩამოუჯდება - თუ ანტიგონე მამის, ოიდიპოსის ასლია, ისმენე დედამისი იოკასტასი, ვნებიანი, რომელიც არც კი თაკილობს ღიად „შესთავაზოს“ საკუთარი სხეული კრეონს (სპექტაკლის ფინალში).

დღევანდელ წარმოდგენაში, ალბათ არსად სხვა სპექტაკლში როგორც აქ აშკარაა ანტიგონესა და ისმენეს დაპირისპირება და არა მხოლოდ ჰემონის გამო. უფროსი და ცდილობს ოჯახში პირველობას და ანტიგონეს გმირობა ეწინააღმდეგება მისი გეგმებს, მისი „არ წახვიდე“ მასზე ზრუნვას არ ჰგავს, ეს მცდელობაა შეინარჩუნოს უპირატესობას, აჯობოს საკუთარ დას, იყოს ისეთივე კაშკაშა, როგორიც მისი ჩაცმულობაა, ასე ხშირად რომ იცვლის ტანზე. ამ „გმირობით“ კრეონის მთელი ყურადღება ანტიგონეზე გადადის, იმისი უმცროსი და ხვდება მბრძანებლის „ზრუნვის“ ან დასჯის საგანი, რასაც ვერაფრით ვერ გაუძლებს ისმენეს პატივმოყვარეობა.

ანტიგონე (ნანუკა მაკრახიძე, ნინიკო აბესაძე) ვერ ამჩნევს ამ დაპირისპირებას, ვერც ხვდება თუ მსგავსი რამ შეიძლება არსებობდეს. მისი აზრების სხვა მიმართულებით ვითარდება. დასაწყისში, როცა ისმენე „დელიკატურად“ უთმობს ჰემონს, იგი არ იღებს ამ მსხვერპლს და მზადაა უარიც კი თქვას. უშედეგოა ჰემონის (გიორგი ჩაჩუა) მცდელობები, სიყვარულის ახსნა, ოცნებები ოჯახის შექმნაზე, ბედნიერ მომავალზე. ანტიგონე შეუვალია - სიკვდილი და მსხვერპლშეწირვა მისი მიზანი და გამოსავალია იმ დიქტატურის წინააღმდეგ, რაც თებეში ხდება ოიდიპოსის განდევნის შემდეგ და კრეონის გამეფებიდან. ანტიგონესთვის სიკვდილი შვებაა და ერთ რამეს სთხოვს კრეონს - არ მიუსაჯოს სიცოცხლე!

კრეონი (გიორგი გლოველი) ძლიერი მმართველია, შეძლო გამკლავებოდა მის წინააღმდეგ ამხედრებულთ, ეთეოკლე მიიმხრო, პოლენიკესთან ომი მოიგო, თუმცა ძმათა დაპირისპირება და ბოლოს ორივე მათგანის სიკვდილი სურს საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის მიზნით გამოიყენოს და სწორედ აქ იწყება კონფლიქტი მასა და ანტიგონეს შორის. კრეონი ძალიან ლაღია, საკუთარ კაბინეტში სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებისთვის ემზადება, ტანზეც კი არ ჩაუცვამს ჯერ ხეირიანად, ვერც კი ამჩნევს როგორ უსწორდება მისი ჯალათი გვერდით ოთახში მისი მოწინააღმდეგეს. მცველების შემოსვლა და ახალი ამბის გაგება, რომ მისი ბრძანება დაარღვიეს და ვიღაცამ პოლენიკეს დაკრძალვა სცადა გაიყვანს დილით საკუთარი ძალაუფლების ტრფობის ილუზიიდან. დოკუმენტებზე ხელისმოწერასა და ბეჭდის დასმის პროცესის შუა იმ პატარა ნიჩაბს ათვალიერებს მიცვალებულის დამცველებმა რომ მოუტანეს. კრეონი - გლოველი მშვიდად ხვდება ამ ამბავს, თითქოს ელოდა კიდევაც რომ რაღაც მსგავსი უნდა მომხდარიყო. ავანსცენაზე კი სახლიდან გამოპარული ანტიგონეა, რომელიც უკვე დიდი ნიჩბით არის ქვიშას მიცვალებული ძმის ნეშტს, ჯერ ნელა, პარვით, შემდეგ თანდათან უმატებს რიტმს და ცდილობს რაც შეიძლება ჩქარა დამარხოს ძმა, მაგრამ ჯერ მცველები მკლავებში აღმოჩნდება, შემდეგ კი ხელებშეკრული კრეონის კაბინეტში.

კრეონი დამნაშავის შესახვედრად ემზადება, პირს ცივი წყლით ჩამოიბანს, ტანთ ჩაიცვამს და გვირგვინს თავზე დადგამს, ტყვეს მოუახლოვდება და თავზე ჩამოცმულ ტომარას ახდის - მის წინაშე ანტოგონეა - კრეონი შეცბება უკან დაიხევს და მისი პირველი რეაქციაა - „ახლავე გაათავისუფლეთ!“.

მცველებს დაითხოვს და იწყება მათი გრძელი დიალოგი, გრძელი გზა, დიდი ხანგრძლივი კამათი ცხოვრების მიზანზე, მოვალეობებზე, სახელმწიფოს მართვაზე, ძმების ღალატზე, პასუხისმგებლობაზე, ვალდებულებებზე, ოჯახის შექმნაზე, ჰემონზე, საკუთარ მისიაზე, მაგრამ ორივე ხვდება, რომ ფინალის ისაა, რაც უნდა მოხდეს, ის რომ ამ დაპირისპირებას შერიგება და კეთილი ბოლო არ უწერია. ანტიგონესთვის, რომელიც უკვე მეორეს აღმოჩნდება კრეონის ტყვედ (პირველად კოლონოში, ოიდიპოსს რომ ახლდა თან) და თუ პირველად მან ვერ შეძლო კრეონის „დამარცხება“ ახალა კი ნამდვილად სურს აჩვენოს, რომ მიუხედავად იმ დიდი ძალაუფლებისა, რომელსაც მეტოქე ფლობს, ანტიგონე მასზე ძლიერია: „საბრალო კრეონი!...ჩემი შიშით, რომელიც გულ-მუცელს მიღადრავს, უფრო ძლიერი ვარ, მე ვარ მბრძანებელი და არა თქვენ“.

კრეონს ეს ნაკლებად აწუხებს - მისი მთავარი მიზანია ძალაუფლების და სახელმწიფო წყობილების შენარჩუნებაა - იგი ვერ შეცვლის კანონს, რომელიც თვითონვე მიიღო, ვინაიდან კანონის ნებისმიერი ცვლილება არა მხოლოდ დაასუსტებს მის მმართველობას, არამედ ჩამოშლის სახელმწიფო წყობას - „მე ცუდი როლი შემხვდა“ - აღიარებს კრეონი. ამ ჭიდილში ორივე მართალია, მათ ორივეს ეს როლი ერგოთ - ანტიგონეს ტრადიციებისა და საღვთო წესის დამცველის - კრეონს სახელმწიფოებრიობის გადარჩენის მცდელობის. ამ ბრძოლას ეწირება ანტიგონეც, ჰემონის, ევრიდიკეც (რომელიც ამ სპექტაკლში არა არის) ხოლო კრეონი კი ისევ რუტინულად აგრძელებს მოვალეობის შესრულებას. ავანსცენაზე ქვიშას აგროვებს. ანტიგონე იმარჯვებს.

როგორც ზემოდ ითქვა, რეჟისორმა ანტიგონეს როლი ორ შემსრულებელს მიანდო - დმანისის ახალ შექმნილი თეატრის მსახიობ ნანუკა მაკრახიძეს და ნინიკო აბესაძეს ზესტაფონის თეატრის დასიდან. უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ერთნაირი ჩაცმულობა- ვარცხნილობისა (კოსტიუმების მხატვარი ხატია დავითაშვილი) ეს ორი მსახიობი ძალზე განსხვავდება ერთმანეთისგან არა მხოლოდ ტემპერამენტით, თამაშის სტილით, შესრულების ტექნიკითა და პლასტიკით არამედ თვით როლის გააზრებითა და ინტერპრეტაციით. ნანუკა მაკრახიძე, რომელიც პრემიერის პირველ დრეს თამაშობდა სრულიად ნორჩი, გამოუცდელი და საკმაოდ „დაბნეული“ გმირია, რომელიც ერთგვარად ჩვენს წინაშე ყალიბდება და გადაიქცევა ანტიგონე. მისი პირველი კამათი ისმენესთან, პირველი მცდელობებია წინააღმდეგობა გაუწიოს დის მითითებებს, არ გავიდეს სახლიდან გულუბრყვილო და უფრო ემოციებიდან გამომდინარედ ჩანს, ვიდრე გააზრებული და მიზანდასახული. ანტიგონე - ნანუკა მაკრახიძეში თანდათან, ნელ-ნელა ყალიბდება აზრი, რომ მხოლოდ მას ძალუძს შეებრძოლოს ქვეყანაში არსებულ დიქტატურას, წინ აღუდგეს კრეონის ტრიუმფალურ სვლას მმართველობის გაძლიერების გზაზე, თუნდაც იმით, რომ შეასრულოს ღვთის კანონი და მიწას მიაბაროს თავისი ძმის ნეშტი. კრეონის მიერ მოთხრობილი ამბავი ძმების, მამის ოიდიპოსის მიმართ ღალატზე შოკისმომგვრელია. სასახლის სვეტს ჩაჭიდებული ანტიგონე უეცრად შემობრუნდება და იტყვის: -„იქნებ სჯობდა. ადრე მე მწამდა“. ამ ეპიზოდის მერე იგი ანტიგონე - ნანუკა მაკრახიძე უკვე ნამდვილ გმირად იქცევა, რომელსაც უკვე არაფერი შეაჩერებს აღასრულოს თავისი როლი, თავისი მისია.

ნინიკო აბესაძე - ანტიგონე დასაწყისში ისიც დაბნეულადა გამოიყურება, საცოდავად ზის სკამზე, თუმცა მასში უკვე იგრძნობა ის სიძლიერე, რაც ამ პერსონაჟს უნდა ახასიათებდეს. მსახიობი თამაშობს მომცრო ტანის ძლიერ ქალს, რომელსაც დიდი ხანია უკვე შეგნებული აქვს თავისი „როლი“ აქ მიმდინარე მოვლენებში და მასზე ისმენეს თხოვნები არ დატოვოს ღამე სასახლე არანაირად არ მოქმედებს. ძლიერია იგი ჰემონთან ურთიერთობაშიც.

 

დარწმუნებულია თავის ყოველ ნაბიჯში და კრეონის მიერ მოყოლილ ძმების ღალატის შესახებ მასში გაკვირვებასაც არ იწვევს. პირიქით. ეს მონათხრობი მცირე პაუზის შემდეგ საბაბი ხდება უკანასკნელი გაბრძოლების იარაღით რომ ცდილობს შეაცვლევინოს კრეონს ბრძანება.

ისმენეს (ნანცო ცხვარიაშვილი) გამჭრიახი ბუნება კარნახობს ყოველთვის იყოს მოვლენათა ეპიცენტრში. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბოლოსდაბოლოს მხარი დაუჭიროს ანტიგონეს და გაჰყვეს ძმის დასასაფლავებლად, რომელიც მართლა დაგვიანებულია, რაზეც მიუთითებს ანტიგონე - „შენ სიცოცხლე აირჩიე, მე სიკვდილი“ განპირობებულია არა მხოლოდ საკუთარი დის დასაცავად, არამედ იმით, რომ ქვეცნობიერად ვერ ეგუება იმ აზრს, რომ ანტიგონემ რაღაცით აჯობა და ის მოექცა ყველას ყურადღების ცენტრში - ის ხდება მიმდინარე ამბების გმირი.

კრეონის ურთულეს სახეს ქმნის გიორგი გლოველი. დასაწყისში იგი წყნარი და მშვიდია, გამარჯვებული დარწმუნებული იმაში, რომ სწორად მართავს სახელმწიფოს. ეს მშვიდი გარემო სუფევს მის სამუშაო კაბინეტში. მცველების მოყოლილსაც მხოლოდ ვიღაცის უბრალო მცდელობად მიიჩნევს და არა სერიოზულ გადაწყვეტილებად წინ აღუდგეს მის ბრძანებას, მაგრამ როდესაც ამ ამბავში დამნაშავედ ანტიგონეს აღმოაჩენს - გუნება-განწყობა აშკარად ეცვლება. როგორ მოიქცეს? აპატიოს და გაუშვას თუ დასაჯოს? და აქ იწყება მისი ბრძოლა როგორც საკუთარ თავთან, ისევე ანტიგონესთან, ვინაიდან დაყვავება და თხოვნები რომ ამ უკანასკნელმა უარი თქვას თავის განზრახვაზე არ მოქმედებს. რა შეიძლება უნდოდეს ან აწყობდეს ყველაზე მეტად ამ მომენტში კრეონ-გლოველს? შევიდეს ანტიგონე თავის ოთახში, ჩაიკეტოს ჰემონთან ერთად და დაუცადოს ვიდრე ცხოველები და მტაცებელი ფრინველები არ გაანადგურებენ პოლენიკეს ნეშტს? მაგრამ კანონი ხომ მაინც უკვე დაირღვა - ანტიგონეს მიერ ჩატარებული „დაკრძალვის“ რიტუალი ხომ უკვე შესრულადა!

აქ დგება გარდაუვალობის ის მომენტი (მითშიც, პიესაშიც სოფიკლესთან, ანუისთან და შესაბამისად სპექტაკლშიც) როცა დაპირისპირება სახეზეა და ყველაფერი ისე უნდა დასრულდეს, როგორც სრულდება. ლაიოსის და ოიდიპოსის, იოკასტეს, მისი ძმის თვით კრეონის ჩადენილ ცოდვათა დასასრული ვერ იქნება კეთილი - მათი შთამომავლობა ანტიგონე, ეთეოკლე, პოლენიკე, ჰემონი, მათი ოჯახის წევრები ევრიდიკე მსხვერპლად ეწირებიან - საკუთარი ცხოვრება და ბედი მათ არ ეკუთვნით. ადამიანები მარცხდებიან ღმერთის წინაშე.

რა გვაქვს ჟან ანუის შემთხვევაში - განსხვავებით თავის თანამედროვე მწერლებიდან ალბერ კამიუ, ჟან პოლ სარტრი, სემიუელ ბეკეტი, ჟან კოკტო, რომლებიც ცნობილი რომანისტები იყვნენ ანუი რჩება მხოლოდ დრამატურგად და სცენარისტად. სამაგიეროს ყველაზე კარგად იცნობს თეატრსა და მის სპეციფიკას. მის პირველ პიესებში იგრძნობა მეოცე საუკუნის ოციან ოცდაათიანი წლების გავლენა - პანიკური შიში ცხოვრების წინაშე, მეშჩანური კეთილდღეობა მის გმირებში სასტიკ პროტესტს იწვევს, ხოლო მის შემოქმედების ის პერიოდი, როდესაც „ანტიგონე“ დაიწერა (1943 წ.) მიმართულია ევროპაში ფაშიზმის გავრცელების წინააღმდეგ. სუნი, რომელსაც პოლენიკეს გვამი ავრცელებს და მთელ ქალაქს მოსდებია, რითაც გაჟღენთილია მთელი ევროპა - ფაშიზმის სუნია და ამ სუნში არ უნდა ცხოვრება ანტიგონესა და მისთვის სიცოცხლის მისჯა ნიშნავს აიძულო იყოს იქ „ბედნიერი“, სადაც არ სურს ცხოვრება - იცხოვრო ნიშნავს სარგებლობდე სიცოცხლის სიხარულით - რაც კრეონის სამეფოში შეუძლებელია.

ამიტომაც ჟან ანუის დრამატულ ტექსტებში ცალსახად იკითხება რომ ავტორმა ანტიგონესა და კრეონს თეატრის მსახიობებსავით ის როლები დააკისრა, რაც მათ უნდა შეასრულონ მაყურებელთა წინაშე. სცენოგრაფის (ხატია დავითაშვილის) შექმნილი სასცენო გარემო ძალიან ორგანული და ფუნქციურია. სკამები, ამბის მოწმეებად რომ დგანან საწერი მაგიდის გარშემო, ავანსცენა ქვიშის ორმოებით, რომელიც დასაფლავების რიტუალის სიმბოლურ სახეს იღებს, ძალაუფლების სიმბოლიკა, რომელიც დროდადრო ციდან ეშვება და თავს გვახსენებს. გმირის მოსაგონარი კედელი და სისხლის ასოებით დაწერილი „პოლენიკე“, აკლდამა, რომელსაც მთელი სპექტაკლის განმავლობაში აშენებენ და ფინალში მის ნანგრევებში იმარხებიან ანტიგონე და ჰემონი. თავზე გვირგვინდადგმული და სამეფო მანტიაში გამოწყობილი კრეონი კი ქვიშის უკანასკნელ მარცვლებს აგროვებს. უკვე ხუთის საათი ხდება - მას სხდომაზე ელოდებიან.

bottom of page