top of page

რისთვის დაარსდა ქალაქთან ერთად თეატრი?!

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

429997533_2140554162959054_6611925279766474246_n.jpg

ნუცა კობაიძე

რისთვის დაარსდა ქალაქთან ერთად თეატრი?!

ჭიათურის დრამატული თეატრის სპექტაკლი

„ქალაქის გული“

ავტორი - ნინია სადღობელაშვილი

რეჟისორი - გიორგი სიხარულიძე

მხატვარი - თეო კუხიანიძე

მუსიკალური გაფორმება - მანანა კიკაბიძე

ტექნიკური რეჟისორი - მარინე პაპუშვილი

 

მონაწილეობენ: გიორგი ჩაჩანიძე (არალე - მსახიობ-ანიმატორი), გია კენჭოშვილი (ამირან გაფრინდაშვილი - იუბილარი), მაია მანჯავიძე (ლიკა ნოზაძე - ამირანის ცოლი), კოტე კახიშვილი (ლუკა გაფრინდაშვილი - ამირანის შვილი), მარიამ გაბაძე (ნია ლაბაძე - ლუკას მეგობარი), ანზორ ცაბაძე (ბონდო ჩაჩანიძე - თამადა), არჩილ ხვედელიძე (ნუგზარ ცარციძე - მოქეიფე)

 

პანდემიის შემდეგ აუდიტორია დაუბრუნდა დარბაზებს, ანშლაგებით მიდის წარმოდგენები. ის თეატრი კი, რომელიც ქალაქთან ერთად დაარსდა, მძიმე სიტუაციაშია. სწორედ კონკრეტული რეგიონის (ჭიათურა) ამ პრობლემაზე დაიწერა პიესა „ქალაქის გული“.

სიუჟეტში ასახულ ტრადიციულ დღესასწაულს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომელიც იღებს ერთგვარი რიტუალის სახეს. ეს დღე იძლევა ოჯახური კავშირების განმტკიცებისა და კულტურული მემკვიდრეობის ერთი თაობიდან მეორეზე გადაცემის შესაძლებლობას. მეუღლის (ლიკა) მიერ ორგანიზებულ ამირანის 50 წლის იუბილეზე მოდის გურულ სამოსში გამოწყობილი ექსცენტრული პერსონაჟი (ანიმატორი არალე), რომლის მოულოდნელი გამოჩენაც დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის. იწყება არატრადიციული გართობა/თამაში და დამაფიქრებელი კამათი თეატრისა და კულტურული მემკვიდრეობის ღირებულების შესახებ. ოჯახის უფროსი თაობა ტრადიციების მიმდევარია, უმცროსი თაობა ე.წ ჯენზი კი აყოლილია თანამედროვე ტენდენციებს, რაც ბადებს კონფლიქტს. იუმორითა და სარკაზმით რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და მწერალი ნინია სადღობელაშვილი გვიჩვენებენ ტრადიციების ჯახს თანამედროვეობასთან და თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები  ერთსა და იმავე სამყაროს განსხვავებულად.

ორი სიტყვა გმირებზე - გია კენჭოშვილის პერსონაჟი, რომელიც აღნიშნავს თავის საეტაპო დაბადების დღეს, საზოგადოებაში პატივსაცემი ფიგურაა. სევდიანი, იუმორნარევი სკეპტიციზმით საუბრობს მთელი სპექტაკლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი - არალესთან თეატრის შესახებ დისკუსიის დროს. მაია მანჯავიძის პერსონაჟი ემოციური, ისტერიკული ქალბატონია, რომელსაც ქმრის მიმართ დიდი სიყვარული და მოწიწება აქვს. ფაქტობრივად მისი ინიციატივა (ანიმატორის მოწვევა) ავითარებს სიუჟეტს. ტრადიციულ სამოსში მოვლენილი იდუმალი არალე/არლეკინი/ანიმატორი არღვევს დაბადების დღის იდილიას. სოციალურ ღირებულებებსა და თეატრის მნიშვნელობაზე კამათი სპექტაკლის კულმინაციურ ნაწილს წარმოადგენს. ახალგაზრდა პერსონაჟები, ლუკა და ნია, გვთავაზობენ  თანამედროვე ტენდენციების პერსპექტივებს და საზოგადოების დამოკიდებულებას ტრადიციული ფორმების მიმართ (როგორიცაა თეატრი).

ოჯახის სიმყარე ერთი-ერთი თვალსაჩინო თემაა, რომლის ილუსტრირებაც ხდება დაბადების დღეზე. დროდადრო დაძაბულობისა და უთანხმოების მიუხედავად, ისინი ერთი მაგიდის გარშემო სხედან, რითაც გამოხატავენ ერთგულებას და სიყვარულს. გმირები ერთვებიან ხუმრობაში, ერთმანეთს გულდაწყვეტით უზიარებენ ტკბილ მოგონებებს.

ყველა მსახიობი თეთრ კოსტიუმშია გამოწყობილი, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებიან. მხოლოდ არალეს ჩაცმულობა გამოირჩევა - ტრადიციულიც და ეპატაჟური-გამომწვევი სამოსიც არღვევს ვიზუალურ ჰარმონიას. ეს მიზანმიმართული კონტრასტი ხაზს უსვამს არალეს ექსცენტრულობასა და უნიკალურობას, რაც სხვა პერსონაჟებისგან გამოარჩევს. მას შემოაქვს არაპროგნოზირებადი ელემენტები დღესასწაულზე.

რეჟისორის გადაწყვეტა რელიგიური მოტივების ჩამატებასთან დაკავშირებით, როგორიცაა ეკლესიის ზარების გამოყენება და აღდგომის სიმბოლიკა არ ჩანს რა მიზანს ემსახურება. გაურკვეველია რატომ შემოაქვს იუბილარის მეუღლეს საზეიმო ტორტის ნაცვლად  წითელი კვერცხებით გარშემორტყმული „პასკა“ და რატომ ჩაანაცვლა დაბადების დღის ტრადიციული სიმღერა გალობამ - „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“. რელიგიური რიტუალის შეხამებამ თანამედროვე დღესასწაულთან, თითქოს სხვა ხაზით წაიყვანა წარმოდგენა. ამგვარი მოტივების გამოყენებამ მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს პიესის თემატურ თანმიმდევრულობასა და მხატვრულ ხედვაში.

პროექციაზე უხარისხო ისტორიული კადრების გამოყენება მოძველებული და უინტერესოა თანამედროვე აუდიტორიისთვის. დღევანდელ ციფრულ ეპოქაში მსგავსი ხერხი ნაკლებად მიმზიდველს ხდის სპექტაკლს.

სიკეთის ძაფის - საბაგირო ტროსის ჭერში გაჭიმვით არალე ამყარებს კომუნიკაციას თეატრსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც აღარც კი ახსოვთ ბოლოს როდის იყვნენ და იყვნენ კი ოდესმე ასეთ შენობაში. ამგვარად, ჭერზე მიბმული თოკი იქცევა იმედის, გამძლეობისა და ადამიანური კავშირის გარდამქმნელი ძალის სიმბოლოდ.

„მოსაწევის“ სცენა ზედმეტი და უხეშია. გასაგებია, რომ ის ასახავს ახალგაზრდების თავაშვებულობას და დაუმორჩილებლობას, მაგრამ ძალიან ხელოვნურია. აქვს თუ არა მას მნიშვნელოვანი წვლილი თხრობაში? თუ მოწევა არ არის სიუჟეტის ან პერსონაჟის განვითარების განუყოფელი ნაწილი, მაშინ რა საჭიროა უხერხული სცენის არსებობა წარმოდგენაში. არაბუნებრივი აღმოჩნდა კოტე კახიშვილის და მარიამ გაბაძის შესრულებული „ჯენზი“ თაობა. ვფიქრობ საჭიროა დიალოგების გადახედვა. ასე არ საუბრობენ დღეს. აქ უფრო დრამატურგის შეცდომას ვხედავ, ვიდრე რეჟისორის. მარტო ქართულ-ინგლისური ლექსიკა არ არის „ჯენზი“, ის მეტად კომპლექსური და საინტერესოა. ამისთვის საჭიროა მეტი სიახლოვე მათთან, რომ მიიღო მეტი ინფორმაცია თანამედროვე ქცევებისა და დამოკიდებულებების შესახებ, რაც საშუალებას მოგცემს რეალისტურად ასახო მოქმედება.

სპექტაკლს აქვს მცდელობა გვესაუბროს თეატრის ამოცანაზე ქართულ საზოგადოებაში, როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის კულტურულ ინსტიტუტზე, რომელიც მრავალმხრივ როლს ასრულებს ერის განვითარებაში. რეჟისორი გვესაუბრება თეატრის აუცილებლობაზე. ხაზს უსვამს ცოცხალი წარმოდგენის მნიშვნელობას დღევანდელ ციფრულ ეპოქაში. იმედია ეს წარმოდგენა შეძლებს საკუთარი მისიის შესრულებას - დააბრუნოს მაყურებელი თეატრში.

bottom of page