რადგან იმედი ამარცხებს სიკვდილს!..

რადგან იმედი ამარცხებს სიკვდილს!..

 

ლელა ოჩიაური/ Lela Ochiauri

 

ყოველთვის,  როდესაც სპექტაკლსა თუ ფილმზე სტატიას  ვწერ (მითითების საჭიროებას „ჟანრის კლასიკა“ მოითხოვს, ფაქტის დასაფიქსირებლადაც და ისტორიისთვისაც), აღვნიშნავ, რომ ამა და დროს, აქა და აქ, ამა და ამ ახალი სპექტაკლის/ფილმის პრემიერა გაიმართა.  ახლა კი,  ჩემგან დამოუკიდებელი და ობიექტური მიზეზით (თუმცა ასევე, ფაქტის „გამოსავლენად“ და ისტორიისთვის)  მიწევს ვთქვა, რომ:  2019 წლის  ნოემბერის ბოლოს, ათენის საკონცერტო დარბაზ „მეგარონში“  ათენელ/ბერძენ რეჟისორ დიმიტრის პაპაოანუს (Dimitris Papaioannou) სპექტაკლ „დიდი მომთვინიერებელის“ (The Great Tamer) ბოლო ჩვენება ჰქონდა. სახელგანთქმული და უკვე დაუვიწყარი „მომთვინიერებელის“  (რომელმაც 2 წელიწადნახევარში ანშლაგებით მოიარა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა)  ცხოვრება მისი იდეისა და კონცეფციის ავტორის, სცენოგრაფისა და რეჟისორის (არათეატრალურ  წრეებს შევახსენებ, რომ ეს ის რეჟისორია, რომელმაც ათენის 2004 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია დადგა) და თვით სპექტაკლის (პრემიერის დღე - 2017 წლის 24 მაისი, ათენი) მშობლიურ ქალაქში დასრულდა.

 

დრამატულ-ქორეოგრაფიულ-პლასტიკურ-აკრობატულ (ეს ჩამონათვალი თუ განსაზღვრება პირობითია) „დიდ მომთვინიერებელში“ ისმის და ჩანს -  ეპოქების გადაძახილი და კულტურათა შეჯახება, თუ კავშირი, ადამიანების ცხოვრების ეტაპებითა და ხელოვნებაში კაცობრიობის ისტორიის ანარეკლით,  შექმნილი არა, ვთქვათ, საყოველთაოდ მიღებული „კურსის“ მიხედვით, არამედ, რეჟისორის ინდივიდუალური მეხსიერებით, თავისთავადი არჩევანითა და შერჩევით.  ჩანს და ჟღერს მოვლენებისა და პროცესების თავისებური და თავისთავადი ანაბეჭდი დიალოგში, რომელსაც დიმიტრის პაპაოანუ უძღვება 10 მსახიობთან: პავლინა ანდრიოპოლოუ, კოსტას ქრისაფიდის, ექტორ ლიათსოს, იოანის მიქოს, ევანჯელინა რანდოუ, კალიოპი სიმოუ, დროსოს სკოტის, ქრისტოს სტრინოპოულოს, იორგოს ციანტოულას, ალექს ვანჯელის (Pavlina Andriopoulou, Costas Chrysafidis, Ektor Liatsos, Ioannis Michos, Evangelia Randou, Kalliopi Simou, Drossos Skotis, Christos Strinopoulos, Yorgos Tsiantoulas, Alex Vangelis) ერთად, რომელთაგან ორს - ორ პროტაგონისტს - ძირითადი ხაზი მიჰყავს, სპექტაკლისა თუ სიცოცხლის ღერძი, რომელზეც  სამყარო ტრიალებს.

 

დიმიტრის  პაპაოანუს სპექტაკლში  ყველაფერი დაცლილია ხორციელი ტვირთისგან და სრული თავისუფლება ბატონობს. არეულია, უფრო ზუსტად, ზღვარწაშლილია რეალობა და გამონაგონი. მიღებულია - სასწაულის,  სიზმრების, ხილვების  „ჩვეულებრივობა“. ცოცხლდება და მწყობრ სისტემას ქმნის - საზოგადოების ისტორია, კულტურაში ასახული ეპოქების ფრაგმენტები, კაცობრიობის აღმოჩენებისა და სულიერი თუ მატერიალური მემკვიდრეობის ნიმუშები, ციტატები და კლასიკური სახეების არაბანალური ციტირება. გამოყენებულია - წამის მეათასედებსა და მილიმეტრებში  გათვლილი ნაბიჯების, მოძრაობის,  ინტენსიურად გაჯერებული მოქმედებისა და არაერთგვაროვანი, მრავალშრიანი  ჟესტების კონტექსტი და უსაზღვრო, სრულიად უჩარჩოო ფანტაზია. მოვლენების დრამატულობას დროდადრო მსუბუქი ირონია და იუმორი გადაუვლის, ერთი თეატრალური ხერხი მეორით იცვლება, ვიზუალური გამომსახველობა და პლასტიკური კარკასი შინაგანი მდგომარეობისა და ძლიერად კოდირებული ქვეტექსტის იდენტურია.   ამ კატეგორიების სინთეზი წარმოადგენს „დიდი მომთვინიერებელის“ თხრობის სტილსა და სარეჟისორო/ქორეოგრაფიული  ხერხის საფუძველს. 

 

„დიდი მომთვინიერებელის“ სამყარო სამ სტიქიას შორისაა მოთავსებული. მიწა - დამრეცად, უსწორმასწოროდ, ქაოტურად დაყრილი თხელი ფიცრებითაა აწყობილი,  ზეცა, მთვარის ზედაპირი თუ უფსკრული (ჯოჯოხეთი? სამოთხე?), რომელშიც  ადამიანები პერიოდულად ცვივიან და საიდანაც ამოდიან - ერთიანი და განუყოფელია, როგორც კოსმოსი.

 

უწონადობის მდგომარეობა და მისი ილუზია, მიწაზე მიჯაჭვულობა,  მის წიაღში ღრმად ჩაზრდილი ფესვებითა და თაბაშირის არტახებში  მოქცეული სხეულებით,  გახსნილი/გარღვეული სივრცის შორეული წერტილიდან მიწის/საუკუნეების  სიღრმიდან ამოტეხილი ადამიანის - სიცოცხლის -  დაბადება, დაბადების საიდუმლო  (ადამის, ქრისტესი თუ რომელიღაც სხვა კონკრეტული პერსონაჟის), კაცობრიობის, რომელსაც  რთული და წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრება ელოდება. 

 

შობას  აღმოცენების, სამყაროსთან პირველი შეხებისა და პირველი გაუბედავი ნაბიჯების, მსვლელობის, ცხოვრების რიტუალში ჩაბმის პროცესი მოჰყვება. ფესვებგადგმული და მიწიდან (ფიცარნაგიდან)  ფესვებამოგლეჯილი ადამიანების, თუნდაც, ყირაგაჭიმული, საკუთარ ხელებზე ან ერთმანეთზე ხელ-ფეხ დაყრდნობით, თუ გლობუსზე ეკვილიბრისტივით სვლა - დაბადებიდან სიკვდილამდე და კვლავ დაბადებამდე.

 

მანათობელი მზის დისკო შიშველი ქალღმერთის თავზე ან წყლის/სითხის გამჭვირვალე ბურთულები მამაკაცების სამოსჩახსნილ გულმკერდზე,  გამჭვირვალე და ბლანტი სფეროები, რომლებიც შეიძლება ცრემლივით ჩამოვარდნენ - ლოყაზე დადენილი ცრემლის მანათობელი მზე-წვეთივით.

 

მზე აქ სუსტად ანათებს გარემოს. საერთოდ თუ ანათებს. სხვანაირად ვერც იქნება. განათების უცნაურ წყაროებს მოვლენები ბნელიდან ნათელში  გადაჰყავთ და პირიქით. მთლიანად შავ-თეთრ სამყაროს იშვიათად მეწამული გადაჰკრავს. ან, ოქროსფერი, ან გლობუსის ცისფერი ერევა.  მოძრავი ფიგურების მოძრავი ჩრდილები და უფსკრულები, რომლებშიც ადამიანები იჩეხებიან,  მაშინ, როდესაც დრო იმარჯვებს, იქამდე, სანამ ყველაფერი თავიდან დაიწყება.

 

„დიდ მომთვინიერებელს“ ავსებენ - მსოფლიო კულტურის შედევრების „კუპიურები“ და ბერძნული კლასიკური ქანდაკებების სილამაზე და ჰარმონია სამყაროსთან, ისეთი სახეები, როგორიცაა ტიტანების შერკინება და გიგანტომაქია; რემბრანდტის „ანატომიური თეატრი“ და ლუკას კრანახის „ვენერა“ თუ ევა „ადამ და ევადან“,  ჭაბუკი უფლისწული კნოსოსის სასახლიდან ან ქალღმერთი, ამავე სასახლის წმინდა პროცესიის კომპოზიციიდან, ანტიკური ღმერთები, ნახევარღმერთები, ქალღმერთები და მითების გმირები, ღმერთების ორგია; ქალისა და მამაკაცის სხეულების გორგალის, როგორც სიცოცხლის ერთიანობის ციკლურობის ნიშანი; თუ ნაყოფიერების ღვთაებისა თუ ჰარპიას ყოვლისმომცველი მსვლელობა; ადამიანის განსაგმირად ნასროლი ისრები, რომლებიც თავთავებად იქცევიან, ბორცვზე გაზრდილ პურის ყანად, რომლის მოსავალსაც შემდეგ იღებენ; ადამისა თუ საბრალო იორიკის თავისქალა - როგორც ადამიანის ყოფიერების წარმავალობის მეტაფორა, ბოლო განათებული საფინალო წერტილი სცენაზე, ადამიანის მზერის არეში.

ბევრი რამ სახეცვლილია,  ორიგინალისგან განსხვავებული, ზოგიერთი ხატი მხოლოდ ბუნდოვნად ან ასოციაციურად მოგაგონებს პირველსახეს. ნაცნობი სახეები და არქეტიპები თავიანთ პირვანდელ ფორმებსა თუ დატვირთვას კარგავენ.  ახალ მნიშვნელობას იძენენ. ახალ თამაშში ებმევიან. ახალ სისტემას ქმნიან. ძველისა და ნაცნობის ახალი გამომსახველობა და ხელახლა შეძენილი ფუნქცია ყველაფერს მოულოდნელ და არატრადიციულ  კონტექსტში აქცევს.  ყველას ერთად რეინკარნაცია ხდება.

 

მსახიობები თავისუფალი, დინამიკური თუ ტეხილი მოძრაობებით, აკრობატული ოსტატობითა და საბალეტო ილეთების დახვეწილი სტილიზებული მანერითა თუ რაპიდში გადაადგილდებიან,  ერთდებიან, იშლებიან, „იმსხვრევიან“,  გორგალად იკვრებიან და ცად მაღლდებიან.  ამ მაგიურ რიტუალებს სხვაგვარად ვერ აღასრულებენ, თუ არა სხეულის ფლობის მაღალი კლასი და  სრული შინაგანი თავისუფლება. 

მათი, თითქოს მოლივლივე ფიგურები,  მსუბუქი და უწონადო, ზოგჯერ ვალსის ჰაეროვან მელოდიას აყოლილი  ნაბიჯებით მიწასა თუ ჰაერში, რომლებიც მათ (ჩვენ) ათავისუფლებენ  მეხსიერების, სხეულის შემბოჭველი   ფუტლარის,  ყოფისა თუ არყოფნის ტყვეობისგან.

ფრიალებენ თეთრი ქსოვილები,  ფარავენ და აშიშვლებენ სხეულებს, როგორც თავდაცვის ჯავშანი ან სუდარა, როგორც ახალშობილის სისპეტაკე, სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნა  და საკუთარ საპყრობილესთან მიჯაჭვულობა.

 

სრულყოფილი, ათლეტური  სხეულების სილამაზე,  როგორც კლასიკური ბერძნული ქანდაკებები  (უბრალოდ ცოცხალი თუ გაცოცხლებული  და არა მარმარილოში თუ ბრინჯაოში ნაკვეთი), რომლების პლასტიკა და მოძრაობის მოხდენილობა დომინირებს. თავისუფალი ეროტიზმისგან,  სქესისგანაც, კონკრეტიკისა და მიწიერი, რეალური, ტრადიციული განზომილებებისგან.

 

ილეწება მყიფე და მსხვრევადი  ობიექტები თუ თაბაშირის არტახებით შებოჭილი სხეულები.  სხეულს  შემოჭდობილი ჯავშნები.  იშლება სხეულები, ნაწილ-ნაწილად და შემდეგ თითოეული ნაწილი დამოუკიდებლად მოძრაობს.  ეს დანაწევრებული ნაწილები - კიდურები, ტორსები, ინტიმური ადგილები და სხვა და სხვა თუ მთლიანი ფიგურები (ნამვილი თუ კომპოზიტური) „კოლაჟებსა“ და ერთიან კომპოზიციებს ქმნიან, იშლებიან, ერთდებიან. ერთი სხეული მეორეში გადადის. ერთის ნაწილი მეორის კიდურად იქცევა.  ერთი - მეორის საფუძვლად, საყრდენად. ერთ სხეულად. ერთ  არსებად,  ერთ მონუმენტად.

მსხვრევისა და მოქმედების  ხმები ყველა მხრიდან ისმის. მხოლოდ ეს ხმები. ზოგჯერ ცოცხალი და ზოგჯერ უტრირებული, ჩანაწერით გახმოვანებულ-გაძლიერებული.  ისინი დროდადრო არღვევენ სიჩუმეს.  სამარისებულ სიჩუმეს, რომელშიც არსად და არასდროს ისმის ადამიანის ხმა. სწორედ ეს სიჩუმე ქმნის,  პირველ რიგში,  სივრცის უსასრულობის განზომილების ეფექტს და შემდეგ - საუკუნო სიმშვიდის ჟრუანტელისმაგვარ შეგრძნებას.

სიჩუმეს სწორედ ეს ხმები არღვევენ და კიდევ შტრაუსის „ცისფერი დუნაის“ ხშირად გამეორებული, ოღონდ სულ რამდენიმე,  ერთი და იგივე აკორდი (სტეფანოს დროუსიოტისის /Stephanos Droussiotis/ ადაპტაცია), რაც ამ გაშლილ და განყენებულ სივრცეში უცნაურად ისმის. თითქოს არც მოგისმენია. ასე   გამოყენებული  მუსიკა  მართლაც არ მოგისმენია.  არც ასე დანახული და აღწერილი სამყარო და არც  ასე ამოძრავებული ადამიანები გინახავს. მხოლოდ მათ უნახავთ, ვისაც დიმიტრის პაპაოანუს  სხვა სპექტაკლების ხილვის შესაძლებლობა ჰქონდა.

აქ არის განყენებული და მისტიკური ბუნება, რომელიც „უძღებ შვილებს“ გაზაფხულისა და ყვავილების ნაცვლად, წვიმას, სიცივეს, მდინარისა და ზღვის ტალღებს და ქარის ქროლვას სთავაზობს. აქ არიან ღმერთები და ღვთაებები, რომლებიც მათ წყლის, ცეცხლის, წვიმის, მდინარისა და ზღვის, მიწისა და ქარის ენაზე ესაუბრებიან, მათი სურნელი მოაქვთ და არა მზისა და ყვავილების, არა სინათლისა და სითბოსი.

დიდი მომთვინიერებელი დიმიტრის პაპაოანუ ყველასა და ყველაფრს  განაგებს. ადამიანებს სცენასა თუ დარბაზში და ალბათ,  სხვაგანაც,  წარსულს,  აწმყოს, მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს და იმორჩილებს დროს, რომელიც ისევე სწრაფად გადის, როგორც სპექტაკლის ჩარჩოთი შემოსაზღვრული პერიოდი. და ისეთივე მარადიულია, როგორც ცივილიზაცია დედამიწაზე. დღეს ასეთი დროა. მითების ასეთი სახეცვლილების. გარდასახვის. და მოლოდინის, რომელიც ცხოვრების მარადიული წრებრუნის ახალ ციკლში დაწყებაზე მიგვანიშნებს.

 

„დიდი მომთვინიერებელი“ მთავრდება და არ გინდა დამთავრდეს,  რადგან  დამთავრება ამ შემთხვევაში,  ორმაგ  განშორებას ნიშნავს. განშორების სევდა კი ამსხვრევს მაგიას,  რომლითაც გმირები  უნდა იმარჯვებდნენ ღმერთებზე.  აქ ღმერთია გამარჯვებული და გმირებიც,  რომლებიც გმირებად იბადებიან, ან გადაიქცევიან. შემდეგ კი ლაღად,  ძალდატანებისა და დაჟინების გარეშე გიმტკიცებენ, რომ ცხოვრებაცა და სიკვდილიც არაფერია, როგორც ჰაერში სულის შებერვით აფრიალებული  ქაღალდის ფურცელი. არაფერია, რადგან იმედი ამარცხებს სიკვდილს.

დროის  წარმავალობისა და მსვლელობის შეჩერების შეუძლებლობის მიუხედავად, შემდეგ, როდესაც წრე (უკვე მერამდენედ) იკვრება და თითქოს ყველაფერი მართლაც მთავრდება,  გულისწყვეტასთან ერთად მოულოდნელად გრძნობ, რომ ბედნიერი ხარ. რადგან  იმ ზღვარს მიღმა იყავი, სადაც და როგორშიც იშვიათად მოხვედრილხარ ცხოვრებასა თუ სახელოვნებო სივრცეში. რადგან ბედნიერებისა და თავისუფლების განცდა და იმედი ყველაზე დიდი ძღვენია, რაც კი ადამიანებმა შეიძლება გაჩუქონ.  უკაცრავად. ადამიანებმა არა,  ღმერთ(ებ)მა.

 

ჯულიან მომერტის ფოტოები

Photo - Julian Mommert

 

 

THE GREAT TAMER / A PIECE FOR TEN PERFORMERS

Conceived, visualized + directed by Dimitris Papaioannou

Set Design + Art Direction in collaboration with Tina Tzoka

Artistic Collaborator for costumes Aggelos Mendis

Lighting Designed in collaboration with Evina Vassilakopoulou

Artistic Collaborator for Sound Giwrgos Poulios

Sound Design and operation Kostas Michopoulos

Music Johann Strauss II, An der schönen blauen Donau, Op. 314

Music Adaptation Stephanos Droussiotis

Sculpture Design Nectarios Dionysatos 

Costume – Props Painting Maria Ilia