
როცა კ აცი/ქალი ხარ, ადამიანი
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

18.05.2026
ლელა ოჩიაური
როცა კაცი/ქალი ხარ, ადამიანი
ქართული თეატრი ხშირად მიმართავდა და მიმართავს, იყენებდა და იყენებს, ეყრდნობოდა და ეყრდნობა ქართული (ცხადია, არა მხოლოდ ქართულის) კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის, დრამატურგიისა და პროზის ნიმუშებს და მათ ტრადიციული, ახალი თუ განახლებული სახით წარმოადგენს. ეს ქმნის თეატრის ახალ სახესაც, ფორმასაც, ახალი ხედვის ახალ ნორმებს ამკვიდრებს. განახლებისა და ახლის გამოჩენის პროცესია, რაც აცოცხლებს და სიცოცხლეს უხანგრძლივებს მხატვრულ ლიტერატურასაც (თუ, რა თქმა უნდა, ის საშუალებას იძლევა) და თეატრის სიცოცხლესაც ახანგრძლივებს.
არ ვიცი ზუსტი სტატისტიკა, მაგრამ დავით კლდიაშვილი ქართული თეატრის უპირობო ლიდერია, რომელსაც არც ილია ჭავჭავაძე ჩამორჩება და განსაკუთრებით, „კაცია-ადამიანით?!“, რომლის გარეშეც, ისტორიულადაც, საქართველოს არც ერთი თეატრის რეპერტუარი არ არსებობს. წარსულზე რომ არაფერი ვთქვა, ილიას ამ სახელგანთქმულ მოთხრობას დღეს პარალელურად თამაშობენ ან უახლოეს წლებში წარმოადგენდნენ რეჟისორები - თბილისის კამერულ თეატრში - ნიკოლოზ თენაძე, დამოუკიდებელ თეატრში N1- კიაზო ჯობავა, სენაკში - ვახტანგ ნიკოლავა, ბათუმში - გაგა გოშაძე, ქუთაისში - რეზო შატაკიშვილი, ინტეგრირებულ „აზდაკის ბაღში“ - ბაჩო გაბრუაშვილი, თელავში - ლევან წულაძე, რუსთაველში - რობერტ სტურუა და სხვები.
ილიას მოთხრობაც, ამბავიც, სათქმელიც, პერიპეტიები, პერსონაჟებიც (მსახიობებისთვის მშვენიერი მასალა, სახეების შესაქმნელად) – „მზადაა“ რეჟისორებისთვის საავტორო, მოქალაქეობრივი პოზიციის, დამოკიდებულებების, მსოფლაღქმის გამოსახატად. და მოვლენებისა და საგნების ხედვის, აზროვნების მაყურებლისთვის გადასაცემად და მისგან - ამ, მორიგი შემოქმედებითი პოზიციისა თუ შეხედულებების - მისაღებად, გასაცნობიერებლად, გასაზიარებლად თუ უარსაყოფად.
სწორედ ამ პირობასა და მოცემულობას, ჩვეული სითამამით იყენებს, საბა ასლამაზიშვილი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, „კაცია-ადამიანის?!“ მიხედვით, სპექტაკლის „კაცია, ადამიანი“, ახალი ფორმითა და ვერსიით დადგმისას, რომლის ინსცენირებაზე, ტრადიციულად, მანანა ანთაძესთან ერთად იმუშავა, როგორც ყოველთვის, განუყრელ სადადგმო ჯგუფთან ერთად - მხატვარ გიორგი უსტიაშვილის, ქორეოგრაფ კოტე ფურცელაძის, კომპოზიტორ კონსტანტინე ეჯიბაშვილის - შემადგენლობით. მათ ტექნიკური რეჟისორი ელა კაზარიანი შეუერთდა.
ეს სპექტაკლიც, რომელიც არაჩვეულებრივი, კონცეპტუალური, შავ-თეთრი და მეტყველი ტყუპი საიმიჯო და ასეთივე, დამოუკიდებელი, „საინფორმაციო“ აფიშებით (მხატვარი გიორგი უსტიაშვილი) იწყება, „საზოგადო ჭირზედაა“. და იმ ადამიანებზე, რომლებიც ასახიერებენ და ატარებენ „საზოგადო ჭირის“ მთელ სიმძიმეს, უკვე ორი საუკუნეა (შეიძლება, მეტიც), ტვირთზე, რომელიც სხვადასხვა დროში სხვადასხვანაირად იცვლება, მძიმდება და არსობრივად გარდაიქნება, რადგან ყველაფერს დრო მართავს, როდესაც წინააღმდეგობა არ არსებობს. გამოსავლის ძიებას კი „ცით მონაბერი სულის“ არსის განჭვრეტა სჭირდება.
საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლში მოთხრობა საფუძვლიანად გადაკეთებულია, დაშორებულია ორიგინალს, ტექსტს, დატოვებულია მხოლოდ ფაბულა და ისიც, კუპიურებით. შენარჩუნებულია - მთავარი ხაზი, რამდენიმე საკვანძო სცენა და დიალოგები, ისიც, თანამედროვე ჟღერადობითა და კონტექსტური დატვირთვით შეცვლილი. თან, სულ სამი პერსონაჟისა და მსახიობის - „ორმოცის წლის კაცი, თავადი ლუარსაბ თათქარიძე“ - შაკო მირიანაშვილი, „თავის განუშორებელ მეუღლითურთ, რომელსაც ჰქვია - კნეინა დარეჯანი“ - თამრი ბზიავა და მკითხავი - ახოვანი, დეკორატიულ, „საკარნავალო“ სამკაულ-ნიღბიანი („ერთი ტანში მოხრილი, პატარა, მოკუნტული, დაღმეჭილი ბებერი დედაკაცის“ - კუდიანის ნაცვლად) - ბექა ჯუმუტია - მონაწილეობით.
XIX საუკუნე კი არა, XXI საუკუნეა (რადგან „გაიარა რაოდენმამე ჟამმა და წუთის-სოფლის დაუდგრომელმა ბრუნვამ ბევრი რამ გამოსცვალა დედამიწის ზურგზედ“). ამბავი დღეს ხდება. ლუარსაბი და დარეჯანი ჩვენი თანამედროვეები არიან, ჩვეულებრივ ბინაში სახლობენ, რომლის, მხოლოდ ბევრი მაცივრით გაწყობილ დიდი სამზარეულო/სასადილო ოთახით ჩანს, მთავარი ადგილი, სადაც გადის ამ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება („მაინც ტკბილად და აუნღვრევლად“). კომფორტულ გარემოში, სადაც კნეინა დარეჯანი თვითონ გულმოდგინედ და გატაცებთ საქმიანობს (ჯერ კიდევ სპექტაკლის დაწყებამდეც) და ჩიხირთმას, ბოზბაშს, არტალას, ბატკნის კანჭს თუ კიდევ რაღაც სხვა კერძს ამზადებს. მაშინ, როდესაც ლუარსაბი დარბაზში დასეირნობს, მაყურებელს ყურადღებით აკვირდება, ბუზებად აღიქვამს და ითვლის.
თავადი ლუარსაბ თათქარიძე აღარ „გვახლავს კარგად ჩასუქებული ძველი ქართველი, მრგვალი, როგორც კარგი ნასუქი კურატი“. აღარც „ამისი ძვირფასი მეუღლე კნეინა დარეჯანია“, იგივენაირად მრგვალი, იგივენაირად მსუქანი, იგივე მოცინარე პირითა და თითქმის იგივენაირად, სულელი.
პირიქით, მშვენიერი შესახედაობის, მოხდენილი, მოქნილი, კარგადაც მოვლილ/მოწესრიგებული წყვილია, საკმაოდ გონიერიც, საკმაოდ საქმიანიც, აქტიურიც ორივე სავსებით თანამედროვედ გამოიყურება, ასევე აცვიათ - „საშინაოდ თუ საგარეოდ“, ჩვეულებრივად და სადად, ერთადერთი, ისინიც და მკითხავიც, სხვადასხვა ეპიზოდში - სტილიზებულ ჩოხებში იმოსებიან, რაც შარჟად აღიქმება; ასევე სტილიზებულ ხალხურ მელოდიებზე ცეკვავენ, ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ილეთებითა და თანამედროვე, „საკლუბო“ ცეკვის ელემენტების გამოყენებით, სხვადასხვა მდგომარეობისა და ვითარების გამოსახატად. ისევე, როგორც მთელი სპექტაკლი და მოქმედებაა გაშარჟებული, გროტესკული და სხვადასხვა სცენური ტრუკით აწყობილი.
ცხადია, აღარც მათი თავადური ჩამომავლობაა არსებითი; აღარც „ბიჭებს აწიოკებენ“, არც ჰყავთ „დასაწიოკებელი“ ბიჭები და მოახლეები, არც ლამაზისეულია, არც ელისაბედი, არც დათო, არც დავითი, არც სუტ-კნეინა და სხვები, მათ მხოლოდ ახსენებენ, საჭიროებისამებრ.
აღარც ის „კარგი რამ სახლკარი“ აქვთ, რომელშიც, „ქართველი კაცი იდგა. აქ სცხოვრებდა ტკბილად და აუმღვრევლად“, აღარც „ციხედარბაზი“ და აღარც ეზო, აღარც მარანი და აღარც ტყრუშული ღობე, აღარც საბძელი და აღარც ბუჩო... აღარც ორი გრძელი ტახტი უდგათ, „ფაქიზი ქეჩითა და ხალიჩით“ და აღარც გაქონილ ქაღალდაკრული ფანჯრები აქვთ, ზედ ნემსით ამოჩხვლეტილი გულითა თუ ჯვრით.
სამაგიეროდ, ცუდად განათებულ სივრცეში (რომელიც დროდადრო ძლიერად ნათდება და ისევ ბნელდება) მაცივრებთან ერთად, უდგათ - მაგიდები, მაგიდებზე - ბევრი და სხვადასხვა დანიშნულების ჭურჭელი, მაგიდების ქვეშ - საწოლები, რომლებსაც, ისევე, როგორც მთელ ფართს, არა მხოლოდ დასაძინებლად ან მოსასვენებლად, სტუმრის მისაღებად თუ კვების „წერტილებად“, სექსისთვისაც და ხშირად იყენებენ. უდგათ პატარა ბროწეულის ხე, „ხე ბოროტისა და კეთილისა“, ზურმუხტის ფოთლებითა და ალმასებისა და იაგუნდების ნაყოფით, რუსთ ხელმწიფის ოქროს ოთახიდან რომ გამოათავისუფლეს, სავარაუდოდ. ოღონდ, სურვილები არ უსრულდებათ.
თუ პირდაპირ შევხედავთ, ისინი თანამედროვე დარეჯანი და ლუარსაბი არ არიან; არც ისინი - როგორები შეიძლება, დავუშვათ, ლუარსაბი და დარეჯანი ყოფილიყვნენ, მაშინ კი არა, დღეს რომ ეცხოვრათ. არც მათი შთამომავლები არიან (რომც ჰყოლოდათ). იყენებენ მობილურებს, მიკროფონებს, მუსიკის ჩანაწერებს. თანამედროვე რეალობის განუყრელ ატრიბუტებს და გარემოსთან ადაპტირებულები არიან.
საბა ასლამაზიშვილის „კაცია, ადამიანის“ მოქმედი გმირები სულ სხვა და სხვანაირი ხალხია, მხოლოდ, ის საწუხარი, პრობლემები და განსაცდელი აქვთ, რაც „კაცია-ადამიანის?!“ ძალიან კარგად ნაცნობ ადამიანებს. და შეიძლება სხვაც, დამატებითაც და განსხვავებულიც.
თამრი ბზიავას დარეჯანი ლამაზი, ჭკვიანიც კი, მოხერხებული და სიცოცხლით სავსე ქალია. ხასიათის ცოცხალი და მეტყველი ნიშნებით. მყარი შეხედულებებისა და „მიწაზე მყარად მდგომი“. თუმცა, მაინც გულუბრყვილო და მიმნდობი. აქტიურად მოქმედებს, საქმიანობს. სახელმწიფო საქმეებზე, პოლიტიკურ ვითარებაზე, ადამიანის მდგომარეობაზე, ქვეყნის მომავალზე დამაჯერებლად მსჯელობს ლუარსაბთან ერთად და „სწორობაში“ ტოლს არ უდებს, თანამედროვე და განათლებული ქალის (რაც, როგორც ლუარსაბისგან ვიცით, „ქალის საქმეა“) მსგავსად, „ჭკუის გონიერ ვარჯიშობაში“.
შაკო მირიანაშვილის ლუარსაბიც, ასევე თანამედროვე გარკვეული, ნაცნობი კატეგორიის ადამიანის ტიპია, რომელიც მშვიდ და გაწონასწორებულ, მაგრამ ენერგიული ცოლისგან განსხვავებით, მუდამ ნერვული დაძაბულობის ზღვარზეა, კომპლექსების გადაფარვას საკუთარი უპირატესობის გამოხატვით ცდილობს („არ ვიცი, დარეჯანმა დაუთმო, თუ არა, ეს კი ვიცი, რომ ლუარსაბს ძალიან ეწყინა, დარეჯანი რომ შეეცილა“), მუდამ უკმაყოფილო, მუდამ გაღიზიანებულია, მკვეთრი მოძრაობებით, ჟესტიკულაციითა და ხისტი მეტყველებით. ეჭვით უყურებს ყველასა და ყველაფერს. მოკლედ, მუდამ „შარზეა“ და ეს მისი „საზოგადო ჭირის“ მეტაფორული მდგომარეობაა, იმ ადამიანების სახეების ანაბეჭდი სარკეში, რომლებმაც მასავით იცხოვრეს და ცხოვრობენ.
დარეჯანი და ლუარსაბი ოცნებებში, ილუზიებში, მომავალზე ფიქრში და შვილის დაბადებაზე ოცნებაში ატარებენ დროს. მათი ინტერესის მთავარი საგანი, ნამდვილად არაა საჭმელი. მართალია, მაცივრებს პერიოდულად აღებენ და შიგთავსი გამოაქვთ, მაგრამ თითქმის არაფერს მიირთმევენ, შეუბრალებლად და დაუნანებლად ასხამენ წვნიანს და აქეთ-იქით ექსცენტრიკულად ისვრიან კერძებს. მთავარი საზრუნავიც აღარაა - „რა ვჭამოთ?“ (თუმცა, საუბრის, ანუ კამათის უცვლელ თემად რჩება).
აქ არის უიმედობა, შიში, უმომავლობა, უფუნქციობა და უსაზღვრო სევდა. დაკარგული და შეუმდგარი ცხოვრების გამო. და მუდმივი (უსასრულო და გაუნელებელი) ტკივილი, რომელსაც თითქოს არ ამჟღავნებენ, მაგრამ, რომელიც არც ერთს არ ასვენებს.
თანამედროვე თაღლითის ტიპია ბექა ჯუმუტიას მკითხავი/მისანიც. იგი მოულოდნელად, თითქოს მიწისქვეშეთიდან ამოდის, ჯოჯოხეთის ცეცხლის კვამლში გახვეული და იდუმალი. უცნაური ნიღბით სახედაფარული. მსახიობი ქმნის მსგავსი კინო თუ თეატრალური პერსონაჟების პაროდიულ სახეს, უტრირებული და ექსპრესიული, „გაყალბებული“ მეტყველებითა და მანერებით, ირონიულად აღიქვამს, აფასებს და თვალთმაქცურად აშინებს ლუარსაბსა და დარეჯანს, რომლებიც, მისი ენერგეტიკისა და ავანტურისტული ხრიკების ფლობის ძალით, ადვილად ებმევიან მახეში. და ყველაზე მთავარსა და სასურველს იჯერებენ - რომ შვილი ეყოლებათ.
სანამ თხრობას ახალ გეზისკენ წაიყვანს, ილია ჭავჭავაძე წერს: „მკითხველო, ხომ არ მოგეწყინა? რასაკვირველია, მოგეწყინა: აქ არ არის არც სიყვარულის ეშმაკობა, არც კაცის-კვლა, არც უიმედო ქალის ოხვრა, არც წყალში გადავარდნა, ერთის სიტყვით - რაც აშვენებს გასართველად დაწერილს მოთხრობასა - ის აქ არაფერი არ არის“.
არა. არ მოგვეწყინა. იმის მიუხედავად, რომ არც კაცისკვლაა, არც უიმედო ქალის ოხვრა, არც წყალში გადავარდნა. საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლის მაყურებელს მოწყენა აშკარად არ ეტყობა. მართალია, აქ არის სიყვარულის ამბავი, ნამდვილი სიყვარულისა და ერთგულების, თანამოაზრეობის, თანაგვარობის. „და ძვირფასი მეუღლე კნეინა დარეჯანი სწორედ თავის ქმრის მეორე გვერდი გახლდათ და იყვნენ და არიან, „ერთ სულ და ერთ ხორც“, როგორც ბრძანებს საღმრთო წერილი“.
მაყურებელი ყურადღების გაუნელებლად უყურებს ახალი დარეჯანისა და ლუარსაბის ნაცნობ, მაგრამ უცნაურად ახალ თავგადასავალს, მათი ურთიერთობების, კამათის (სხვადასხვა საკითხზე და რა თქმა უნდა, ჩიხირთმა თუ ბოზბაშის თემაზეც), თვალს ადევნებს მათ, პლასტიკაში, საუბრისა და თავის დაჭერის მანერაში, ურთიერთობის ფორმაში, მეტყველების მანერაში გამოხატულ ბუნებას, ხასიათებს, ერთობა და თანაუგრძნობს და ბოლოს, არათუ იწყენს, განიცდის სასოწარკვეთილ ლუარსაბთან ერთად.
„დარეჯანმა ერთი აქიმი დედაკაცი იშოვა და წამლობა დაიწყო, აქიმმა დედაკაცმა ერთი რაღაც წამალი მისცა, მთელი ორი კვირა ასმევდა და მესამე კვირას კი, დარეჯანს ფეხები გააჭიმინა. დარჩა ქვრივად საწყალი ლუარსაბი. წვერი დაიყენა, შავები ჩაიცვა. თავისი ბედნიერება სულ დარეჯანთან დამარხა“.
ბედნიერება სულ დარეჯანთან დამარხა.
შაკო მირიანაშვილის ლუარსაბი ცდილობს, შეაღვიძოს თამრი ბზიავას უსულო დარეჯანი, რაღაცნაირად „გააცოცხლოს“, რადგან არ სჯერა და არ უნდა დაიჯეროს მისი სიკვდილი. ისედაც ცარიელი, მოსაწყენი და ბნელით მოსილი ცხოვრების კიდევ უფრო ჩაბნელება რომ აირიდოს. რადგან მარტო დარჩენისა და უდარეჯანობის ეშინია. რადგან კაცია - ადამიანი.
P.S. „კაცია-ადამიანს?!“ ქართულ თეატრში ხშირად და აქტიურად დგამენ. სხვადასხვა და სხვადასხვაგვარად. სხვადასხვა სტატუსს ანიჭებენ და ახალ-ახალ ფორმებს ეძებენ ახალი სათქმელის თავისებურად გამოსახატ/გადმოსაცემად. ილიას შემდგომ, მისით შთაგონებული, თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ასეთი ახალი ვერსიაც არსებობს და სრულიად მოულოდნელ ლუარსაბს წარუდგენს თანამედროვე მკითხველ საზოგადოებას. როგორც საბა ასლამაზიშვილის „კაცია, ადამიანი“.
„ანდრონიკაანთ თავადმა კი იცოდა ერთი რამ: გადარჩენა ამ კაცისა, მისი გამოხედვა სინათლეზე, მოვლა მისი ჭრილობისა, შესაძლოა, ამ ერთადერთ, განგებისგან მოსულ გზით, რომ თავის დაღუპვა ბნელ ოთახში ერთია და მეორე კიდევ - ომში, და ამ წრფელის აზრით შემკულმა უთხრა: „კარში გამოდი, მეტს არას გთხოვ“, - და გამოუძღვა გარეთ.
გარეთ კიდევ სცემდა დღის სინათლე და მთელი ეზო გაევსო ხალხს, მთელი ეზო გაევსო ამხედრებულ იარაღასხმულ თავადობას კახეთისას და ყველანი უყურებდნენ ამას, თავის სიბნელიდან გამოსულს და მან, როცა შეხედა თავის კახელებს, გამზადებულს საომრად და ასე მოსულთ მის სახლ-კარში, სთქვა ხმადაბლა: „მე... ომისა, რა გამეგება?“
და დაინახა შორიახლო მდგომი მოურავი, ხელში იმ ძველი თოფით და კიდევ ასჯერ ძველი, კოხტა ქამარ-ხანჯლით, თითქოს უნდა მიართვას თავის ბატონსო, და მოესმა ანდრონიკაანთ თავადის ხმა, მისთვის ასე ამხანაგური და თბილი:
„მთელი კახეთი აქა ვართ, შენ სახლში. ჩინ-მედლისთვის არ მივდივართ იქა, ეგებ თავის მოსარჩენათ ან ტკივილის უფრო მეტ ტკივილით მოსავლელად. აისხი ეგ იარაღი და წამოგვყევი. ვინ იცის, როგორ მისვლა სჯობია იქა... ცაში“.
ასე წავიდა თავადი ლუარსაბ თათქარიძე ომში“. (აკა მორჩილაძე. „მოგზაურობა კახეთში. 1885 წელი“).
ასეთიც შეიძლება ყოფილიყო ლუარსაბი, სხვა გარემოებებში სხვანაირად რომ ეცხოვრა. თუ მას, მის ქვეყანასა და ხალხს დასჭირდებოდა. ასეც შეიძლებოდა მომხდარიყო. მაგრამ, რატომღაც არ დასჭირდა.
P.P.S. და ასეც შეიძლება იყოს და ისიც გვახსოვდეს, „რომ ლუარსაბი და დარეჯანი შენს კალთაში დაბადებულან და შენის ძუძუთი გაზრდილან. გინდა მიწყინე, გინდა არა. თუ იმათ დასცინებ, მითამ შენის თავისთვის დაგიცინია, თუ დასტირებ - ეგ კაი ნიშანია: სჩანს, სწუხხარ, რომ ამისთანანი ვართ, სჩანს, შენის თავის გასწორების განზრახვამ ფრთა აიბა. ღმერთმა ქნას, რომ ეგ აგრე იყოს“.