როცა მწვანე ამკრძალავი ფერია
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
დავით ბუხრიკიძე
როცა მწვანე ამკრძალავი ფერია
რეჟისორ გეგა გაგნიძის თანმიმდევრული მინიმალიზმი დევიდ ჰაროუერის პიესის, „შავი ფრინველის“ მიხედვით.
რეჟისორმა გეგა გაგნიძემ ორი წლის წინანდელი, ხმაურიანი და ლამის სენსაციური დებიუტის შემდეგ (სპექტაკლი „ბალიშის კაცუნა“ თეატრალური უნივერსიტეტის სარდაფში, რომელიც 2019 წლის წინანდლის ახალგაზრდული პრემიით აღინიშნა), პოსტპანდემიურ თბილისს აპრილის ბოლოს პრემიერა შესთავაზა: ათონელის ქუჩაზე მდებარე თეატრში მან თანამედროვე შოტლანდიელი დრამატურგის, დევიდ ჰაროუერის გახმაურებული პიესა „შავი ფრინველი“ დადგა.
ვიდრე კონკრეტულად სპექტაკლის შესახებ ვისაუბრებთ, ორიოდე სიტყვით თავად დრამატურგის შესახებ, რომელიც თანამედროვე ბრიტანული თეატრის გამორჩეული პერსონაა. დევიდ ჰაროუერის პირველი პიესა „დანები ქათმებში“ (Knives in Hens) 1995 წელს ედინბურგში, ტრავერსის თეატრში დიდი წარმატებით დაიდგა.
2005 წლის ედინბურგის ფესტივალზე, ლამის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა ცნობილი გერმანელი რეჟისორის, პეტერ შტაინის მიერ დადგმული „შავი ფრინველი“, რომელიც დრამატურგის კიდევ ერთ მნიშვნელოვან აღიარებად იქცა. მოგვიანებით ლიტველმა რეჟისორმა იონას ვაიტკუსმა ეს პიესა სანკტ-პეტერბურგში, „ბალტიის სახლის“ ფესტივალზე დადგა. „შავი ფრინველი“ მალე კინემატოგრაფისტთა ყურადღების ცენტრშიც აღმოჩნდა. 2016 წელს ავსტრალიელმა რეჟისორმა ბენედიქტ ენდრიუსმა გადაიღო ფილმი „უნა“ ჰაროუერის პიესის მიხედვით. მთავარ როლებს ბენ მენდელსონი და რუნი მარა ასრულებდნენ.
2020 წელს, უკვე პანდემიის ფონზე, ამ პიესის სამეფო უბნის თეატრში გამართული საჯარო წაკითხვა (დავით გაბუნიას თარგმანი უკვე საფუძვლიან მიზეზს შეიცავდა) დამაინტრიგებელი დეტალებით გამორჩეული იყო. თუმცა, პიესის წაკითხვა მაინც სხვა ჟანრია და თეატრის ენაზე ის მხოლოდ ნაწილობრივ „თარგმანს“ ნიშნავს. ამდენად, პიესის მთავარი გმირები - კატო კალატოზიშვილი (უნა) და მიხეილ გომიაშვილი (რეი) მხოლოდ არტისტულ-დეკლამაციურ ფარგლებში მოქმედებდნენ.
სოციალური კონტექსტის კარგი ცოდნა, გამანადგურებელი ვნებების სიმძაფრე და ამავდროულად ფსიქოლოგიზმიც, დაუნდობელი პირდაპირობა და დიალოგების აგების ოსტატობა, იმთავითვე გვიბიძგებს დევიდ ჰაროუერი „სასტიკი თეატრის“ ორდენის წევრებს მივაკუთვნოთ. თუმცა, სიმართლე ვთქვათ, მთელი თანამედროვე ბრიტანული დრამატურგია არანაკლებ სასტიკი და დაუნდობელი ტექსტებითა მოკირწყლული. მოკლედ, გარკვეული ინფორმაციული თუ თეატრალური კვალის მიუხედავად, რეჟისორ გეგა გაგნიძეს საკუთარი რეჟისორული ძიების დაწყება მაინც გაუკვალავ გზებზე მოუხდა.
უმთავრესი რაც რეჟისორს აინტერესებს და რასაც იკვლევს, ესაა პერსონაჟებისა და მათი გარემოს ბუნებრივი კავშირი. რაც სპექტაკლში მიზანდასახული და ზუსტი დეტალებისგან აგებული მინიმალიზმითაა მიღწეული... ახალგაზრდა ქალი, რომელსაც უნა ჰქვია (თუმანიშვილის თეატრის მსახიობი ნინი იაშვილი) ერთ-ერთი კლინიკის მასალების საწარმოში, თანამშრომელს, რეის ეძებს (რუსთაველის თეატრის მსახიობი თემიკო ჭიჭინაძე). როგორც ირკვევა, დაახლოებით 15 წლის წინათ მათ ფარული სამთვიანი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ, კაცი ზრდასრული იყო, ხოლო გოგონა - არასრულწლოვანი. მათი გზები მაშინ გაიყარა, როცა ისინი ერთმანეთს ჩუმად სასტუმროში შეხვდნენ. თუმცა როგორც აღმოჩნდა, რეი სასტუმროდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა...
წარსული და აწმყო ჩვენს თვალწინ ამ ორი დროის გზაჯვარედინს ქმნის. უკვე მომხდართან მიჯაჭვულობა განუწყვეტლივ კარნახობს გმირებს წარსულს მიუბრუნდნენ და საკუთარი ტრავმები ერთმანეთის ხარჯზე განიახლონ. გმირების მოულოდნელი შეხვედრა განათებულ, პატარა ოთახში (ოფისის მაგიდა, სკამები, წყლის ავტომატი და შუშის კედლები) სასპენსის, დაძაბულობის ატმოსფეროს მაშინვე ქმნის.
უნას წარსულიდან დაბრუნების შემდეგ სცენაზე თითქოს ყველაფერი ცოცხლდება. ის საშინელი წლები, რომელიც რეიმ ჯერ ციხეში გაატარა, ხოლო შემდეგ ფსიქოლოგიური თერაპიის სეანსებზე, ცხადია ჯოჯოხეთად იქცა. მაგრამ მისი დაახლოებით ორსაათიანი დაძაბული დიალოგი უნასთან ვერც წარსულს ააშკარავებს და ვერც მომავლის შესაძლებლობას სახავს.
რეი განვლილი წლების განმავლობაში ცდილობდა ერთგვარი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ხარჯზე ახალი ცხოვრება დაეწყო. სწორედ წარსულის დასავიწყებლად გამოიცვალა სახელი და გვარი, გაიჩინა საყვარელი ქალი გაიჩინა, მუშაობა დაიწყო...თუმცა პრობლემა ისაა, რომ 30 წელს მიღწეული, დაქალებული უნა მას ისევ მოევლინა, რომელიც წარსულის აჩრდილებსა თუ ვნებებს ხელახლა აქცევს სექსუალურ სიამოვნებად. იქნებ ამით რეის ჩათრევაც სურს ამ თამაშში? ან იქნებ რეის თავად სურს ჩაერთოს?
თემიკო ჭიჭინაძის თამაში სწორედ გადატანილი ტრავმის თუ წარსული რეპრესიის კვალს ატარებს. მსახიობი ხმადაბლა ლაპარაკობს, თითქოს ფრთხილად და ფეხაკრეფით დადის, კარზე აყურადებს, ტანსაცმელს ისწორებს... ხანდახან პოლიეთილენის გამჭვირვალე კედელს არღვევს და ავანსცენაზე დადგმულ პიუპიტრს უბრუნდება. თითქოს მასზე დადებულ ნოტებზე პიესის რეპლიკებს და საკუთარ შიშებს კითხულობს.
ამგვარ შენელებულ ტემპსა თუ აკვარელურ-დეპრესიულ თამაშის მანერას გარკვეული პლუსებიც აქვს და მინუსებიც. რაც თავად პიესიდან გამომდინარეობს. ნინი იაშვილის თამაშში პირიქით, ფორტე და ვნებების ქარიშხალი მუდმივად შეიგრძნობა. ის ახალგაზრდა და ჯანმრთელი ქალია, რომელსაც ზრდასრული, ცოდვილი რეი ძველებურად იზიდავს. ამ მიზიდულობაში კი არამხოლოდ სიყვარული, არამედ გაუცნობიერებელი სიძულვილი თუ შურისძიება იგრძნობა. შემთხვევითი არ არის, რომ რეისა და უნას ჩხუბი სპექტაკლის მეორე ნახევარში რეალურად მათი ფსიქო-ფიზიკური ბრძოლისა თუ სად-მაზოხისტური სურვილების ანარეკლია.
რეჟისურა, სცენოგრაფია და მუსიკაც (მხატვარი და სცენოგრაფი - ქეთი ნადიბაიძე, კომპოზიტორი - ნოე კვირკველია) ხაზგასმულად ჩაკეტილ სივრცეზეა ორიენტირებული. სპექტაკლის მთლიანობა, მისი მხატვრული სისტემა თითქოს ავტონომიურ რეჟიმში არსებობს და დისტანცირებულია დრამატული ტექსტისა და პერსონაჟთა ვნებათაღელვისაგან. საოფისე ატმოსფერო და მუდმივად ჩამოშვებული პოლიეთილენის „ფარდა“ საგანგებოდ გამოყოფს საოფისე სივრცეს მაყურებლისგან; ასევე ამცირებს დისტანციას მაყურებელთან და აბუნდოვნებს სახეებს, სხეულებს, ჟესტებს...
რეჟისორი გეგა გაგნიძე ტოტალური თეთრ-ვერცხლისფერი განათებით დაუნდობელი გაუცხოებისა და სიცივის ატმოსფეროს ქმნის, რომლის შიგნით სინამდვილეში გავარვარებული ვნებები თუხთუხებს. ეს კაშკაშა, თეთრი სინათლე მხოლოდ ერთხელ შეიცვლება შხამისფერი მწვანეთ ფინალში, როდესაც რეის შვილობილი - პატარა პატარა გოგონა (თეკლა მძინარიშვილი) მოაკითხავს... მაყურებელს, რომელმაც შესაძლოა სპექტაკლის განმავლობაში მაინც აპატია რეის წარსულის ცოდვები, ისევ გაორებული გრძნობა და ეჭვები ეუფლება: იქნებ რეი ისევ „გამოუსწორებელია“? იქნებ ეს გოგონა მისი შვილობილი კი არა, მორიგი დაგვიანებული მსხვერპლია?
პარადოქსია, მაგრამ მწვანე განათება ფინალში არა სიმშვიდესა და მიუღწეველ ჰარმონიასთან ასოცირდება (რაც პირველ რიგში, მწვანე ფერს უკავშირდება), არამედ შინაგან შფოთვასა და აკრძალვასთან. ამიტომაც მაყურებლისათვის სპექტაკლში მწვანე - ამკრძალავი ფერია!