top of page

როგორ ცხოვრობენ და კვდებიან კონკიები და როგორ იბადებიან

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

როგორ ცხოვრობენ და კვდებიან კონკიები და როგორ იბადებიან

31.07.2026

ლელა ოჩიაური

როგორ ცხოვრობენ და კვდებიან კონკიები და როგორ იბადებიან

თითქოს ყველაფერი ხელოვნურია, როგორც ნეილონი, პოლიესტერი ან აკრილი. არასდროს და არსად (ტაბლოიდებს თუ არ ჩავთვლით) არავის აინტერესებს, ვინ არიან ქალები, რომლებიც ტანსაცმლის ან რაიმე სხვა დიზაინერულ კოლექციებს აჩვენებენ ან მსახიობები, როლებს რომ თამაშობენ - სპექტაკლში, სხვა ტიპის წარმოდგენებში, თუ სხვა სახელოვნებო ფორმატსა თუ პირობებში. აქ მთავრდება ერთი და ნამდვილი ცხოვრება და იწყება მეორე. სცენის/პოდიუმს მიღმა სხვა რეალობაა. წარსულიც სხვაა და აწმყოც სხვაა.  

საკმაოდ უცნაური, მოულოდნელი განაცხადი გაკეთდა და კიდევ უფრო მოულოდნელი და უჩვეულო, „არატრადიციული“ აღმოჩნდა „თეატრი სახელოსნო 42-ში“ წარმოდგენილი  „კონკიას სიკვდილი“ - ხელოვნების სხვადასხვა დარგის - მაღალი მოდა + თეატრი + ქორეოგრაფია + შოუ - მშვენიერი შეხვედრა ერთად, ერთიან „არტად“. (ადვილი არაა მისთვის  რომელიმე კატეგორიის „მარკის“ მინიჭება, ჟანრის ზუსტი  განსაზღვრა, მოხაზვა და შეფასებაც, „დადგენილი“  ნორმების მიხედვით.

„კონკიას სიკვდილი“ ახალგაზრდა დიზაინერ ჯაბა ქურთიშვილის - DZHABA- ცნობილი კოლექციის  სახელწოდებაა. მისმა ახალმა „როლმა“ და „ჩვენების“ ახალმა ფორმატმა, სხვა მოცემულობასა და პირობებში  სხვა შინაარსი და მნიშვნელობა შეიძინა.  (თუმცა, იგივეს ვიტყვი უშუალოდ კაბებზე ამ კოლექციიდან, რომლებსაც ასევე არ აქვთ მხოლოდ მოდის, თუნდაც, „მაღალის“, სფეროს ქმნილებების ნიშნები და მახასიათებლები). ის ახლიდან არა, ვთქვათ, სადემონსტრაციო დარბაზში, დეფილირებითა თუ უშუალოდ კოსტუმებში ცვლილებით დაიბადა, არამედ, თავისთავადი და არასტანდარტული, იგივე სახელწოდების პერფორმანსის - „კონკიას სიკვდილი“ - ინსპირაციად, საფუძვლად და მის ფარგლებში მოვლენების მსვლელობის ძირითად პირობად იქცა.  

„თეატრი სახელოსნო 42-ში“ ნაჩვენები „კონკიას სიკვდილის“ ფორმატის უჩვეულობას შემოქმედებითი ჯგუფის შემადგენლობაც  მეტყველებს -  იდეის ავტორი და დიზაინერი - ჯაბა ქურთიშვილი, იდეის ავტორი და პროდუსერი - ბექა მაისურაძე,  დრამატურგი და რეჟისორი - ქეთევან სამხარაძე; მონაწილეობენ: მსახიობები - ნინო ბურდული, ბაია დვალიშვილი, ნინო კასრაძე, მანანა კოზაკოვა, ნატა მურვანიძე, ნატო გაგნიძე; მოდელები - ნათია ბუნტური, თინათინ წულაძე,  ირინკა ჩხენკელი, ანა გავვა, ჩიდერა ოდუქუ, მარიამ კორკოტაძე, სოფო ლიპარტელიანი, თეოშა კუბლაშვილი, ქეთა ლომაძე; ფოტოგრაფი - თორნიკე აივაზიშვილი, ქორეოგრაფი - გიორგი ტიელიძე, მეიქაფი - ქეთი ანდღულაძე, მონტაჟი - ანუტა მესხიშვილი, გრაფიკა - ნინა სუმბაძე.

მოქმედება „კონკიას სიკვდილში“ მოდის კოლექციის ჩვენების ფორმატში იშლება, რომელსაც თავისი სქემა, წესები და რიტუალი და იდეური საფუძველი აქვს, რაც ამ შემთხვევაში, თეატრალურ რიტუალადაა ქცეული, რომელსაც ასევე აქვს თავისი წესები, მსვლელობის ლოგიკა, დრამატურგია. და თუ პირველი - სანახაობაა, შესატყვისი „ფურნიტურით“, მეორე აერთიანებს - რეჟისურასა და მსახიობის ოსტატობას, ტექსტს - მონოლოგებსა თუ დიალოგებს, რეპლიკებსა და კომენტარებს, დეკორაციას, მუსიკალურ და ხმოვან დრამატურგიას, პლასტიკასა და ქორეოგრაფიას - და ორივეს - ერთიანი იდეის, კონცეფციისა და მხატვრული გამომსახველობის „ქოლგის“ ქვეშ.

„კონკებისა“ და მაღალი მოდის - საპირისპირო ცნებების - კავშირი, კონტრასტი და თითქოს შეუსაბამო გაიგივება, კოლექციის სახელწოდებაშივე მოქცეული ირონია და კონტრაპუნქტულობა, ორაზროვნება და ქვეტექსტი მრავალშრიანი შოუს არსის, მხატვრულ-იდეური აგებულების, განვითარების განმსაზღვრელია. და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ დეკლარირებული და უშედეგო იქნებოდა, აზრს დაკარგავდა, რომ არა დიზაინერისა და შემდგომ, რეჟისორის ხედვა და კონცეფცია - როგორაა გააზრებული, წარმოსახული და „ამოქმედებული“ - ახალ ფორმატში კაბები კოლექციიდან.

საერთო და ფერადოვანი კოლორიტისა და ქსოვილების ფაქტურის, სამკაულებისა თუ სხვადასხვა დეტალის, მაკიაჟის, ვარცხნილობის ხასიათი, პარიკებისა და კონტრასტული ფერების ელვარება და ფიზიკური ნათება, მხატვრულად განათების, სინათლის სხივების სხვადასხვაგვარად დაცემისას, ახალ ჟღერადობას, ფაქტურას, შინაარსს იძენს.

და სილამაზე მხოლოდ გარეგნულად  დარჩებოდა (თუმცა, ისიც დასაშვებია, რომ ვიღაც უბრალოდ დატკბეს მონაწილეებისა და კაბების სილამაზით), რომ არა საერთო იდეისა და ჩანაფიქრის შინაგანი ორგანულობა,  დიზაინერისა და „ჩვენების“ დადგმის რეჟისორის კონცეფციების ერთობა და ბალანსი. თითოეული კაბა და შესაბამისი დეტალები ხელოვნების დამოუკიდებელი ნიმუშებია და ამავე დროს, სანახაობის ორგანული და მეტყველი ნაწილი.

ყველაფერი ხმით იწყება. მთავარი სიტყვით. და ასევე სრულდება. ნატო გაგნიძის ხმა ხსნის „პირველ ბეჭედს“, რომელიც თითოეული მონაწილის, როგორც მოწმედ ქცევისა და  „ჩვენების“ მიცემის მიზეზს იუწყება, ანუ, იმას, რაც სცენაზე კოლექციის დემონსტრირების მიღმა და მის შემდეგ მოხდა. ეს კონკიას ხმაა, მისი მიმართვაა საზოგადოებას, მისი ხმა იმ დღეს, როდესაც მოკვდა.

კონკია  - ნათია ბუნტური - იმ მოქმედებას ასახიერებს, რომელზეც „მისი“ ხმა იუწყება - პირველი გამოჩენიდან ფინალამდე - პირდაპირ სცენაზე, საჯარო სიკვდილამდე და რომლის ვინაობაც, კაბების ჩვენების მსვლელობის განმავლობაში, ბოლომდე საიდუმლოდ შეიძლება დარჩეს. და რომელიც, როგორც ხმა აცხადებს - დამსწრეებს, მაყურებელს, საზოგადოებას აკვირდება,  რადგან „პრივილეგიები აქვს.

ნინო ბურდული, ბაია დვალიშვილი, ნინო კასრაძე, მანანა კოზაკოვა და ნატა მურვანიძე - ხუთი სხვადასხვა პროფესიის, განსხვავებული ხასიათებისა და ბიოგრაფიის პერსონაჟების სახეებს განსხვავებული ხერხებითა და მანერით ქმნიან და ქმნიან უცნაურ და თან რაღაცით ნაცნობ სამყაროს, არა ერთ ასოციაციისა და მოგონებას რომ იწვევს. იმის თაობაზე, თუ როგორ ცხოვრობდნენ, რისი იმედი ჰქონდათ, რა სჭირდებოდათ, რისი ეშინოდათ, რა უხაროდათ და რა დაიკარგა სამუდამოდ მათი ცხოვრებიდან.

ისტორიების გაშლასთან ერთად იკვეთება თითოეულის პირადი, თუმცა მაინც „ნაცნობი“ სიტუაციები, ოდესღაც წარმატებული და „აღიარებული“ ქალების ამბები, რომლებიც ინარჩუნებენ   მიმზიდველ გარეგნობასა და დახვეწილ მანერებს, ელეგანტურობასა და გრძნობიერებას. რომლებსაც ჰქონდათ პირადი ცხოვრებაც, საკმაოდ დატვირთული, წარმატებული ბიოგრაფიაც და მისიაც. და აღარაფერი აღარ აქვთ.

ისინი ეჭვმიტანილები არიან კონკიას სიკვდილში. რადგან თითოეულში, სხვებისა და სხვადასხვა მიზეზით, სხვადასხვა შემთხვევითობით, ოდესღაც მოკვდა კონკია.

თითოეულის მონოლოგი, რომელიც ერთი-მეორის მიყოლებით იმართება, წინამორბედების შეიძლება არაპირდაპირი, მაგრამ ლოგიკური გაგრძელებაა. მონოლოგები, წარსულში, თუ ახლახან მომხდართან დაკავშირებით, ამხელს და ააშკარავებს თვალისმომჭრელ ფერად გარსში კოხტად შეფუთულ რეალობას. ისეთს, როგორიც იყო ან შეიძლება ყოფილიყო და აღარაა. ან როგორიც სხვებს ჯერ კიდევ გასავლელი აქვთ.  და იმ საიდუმლოს ახსნასაც, თუ გამოძიებას  - ემსახურება, თუ რატომ მოკვდა, ვინ და რამ მოკლა საქორწინო თეთრ კაბაში გამოწყობილი ან ფინალურ გამოსვლამდე, კონკია.

თითოეული, გამოსვლის შემდეგ, ადგილს მომდევნოს უთმობს, ზოგჯერ სცენაზე რჩებიან, ზოგჯერ ტოვებენ სცენას,  სივრცეში გადაადგილდებიან და კვლავ ბრუნდებიან.

თუ ტექსტებს ჩავუკვირდებით და აუცილებლად ჩავუკვირდებით, მათი შინაარსი, ნაამბობი და სათქმელი მნიშვნელოვან და არც თუ პოზიტიურ ინფორმაციას შეიცავს, არც თუ ბედნიერი და სიხარულიანი ცხოვრების შესახებ - თითოეულისა თუ ზოგადად, ადამიანურ ისტორიებზე. გრძელი, დიდი ხნის წინანდელი ისტორიებია, რომლებსაც მთხრობელებთან ერთად მაყურებელმაც უნდა მიადევნოს თავი, რაღაცნაირ განტევებულ გარემოში, რაღაცნაირდ დაძაბულ სიჩუმეში, თუ სხვადასხვა ჟანრისა და ხასიათის მუსიკის ფონზე, ცოცხალ და ხელოვნურ ხმებში, ცარიელ სივრცეში.

ეს ტექსტები და ფრაზები ბასრია და ტკივილსშემცველი. მათში ისმის დიდი ხნის დაგროვილი ან დასავიწყებლად განკუთვნილი წყენა, იმედგაცრუება, განცდა. რაღაცნაირად განყენებულად და თითქოს ზედმეტი ემოციის გარეშე, ფრაგმენტულად და ასოციაციურად.

თითოეულის გულახდილ აღიარებებში, ვითარებიდან გამომდინარე,  შეიძლება, პირველად გაცნობიერებულ მდგომარეობაზე და ცხოვრების შეჯამებაზე იქ, სადაც ეს ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია. შეიძლება არა. ეს მოგონებები, ალბათ ყველაზე მძიმე და გადამწყვეტი იყო მათ ცხოვრებაში. არა ფიზიკურად, არამედ, მორალურად. თუმცა, დარწმუნებით ვერაფერს იტყვი.

შესაძლოა, თითოეულს მთლიანობაში მხოლოდ თვითონ ესმის, რასაც და როგორ ყვება. მაგრამ არც ტყუილია და არც გამონაგონი. ნამდვილი და გულწრფელია, ისე, თითქოს თავადაც უნდათ მომხდარის საიდუმლოს ამოხსნა. გაშიფვრა. იმის, რასაც განიცდიან და რაც იციან. მიზეზებში გარკვევა. ზოგჯერ ძლიერ ნათებაში და ზოგჯერ სიბნელეში, როგორც მზეზე და ჩრდილში, როგორც რეალურად და სცენასა თუ პოდიუმზე, რამპის შუქების ქვეშ.

ნინო ბურდულის პერსონაჟი - მარა - დიზაინერი - თითქოს აქაურობის „უფროსადაა დანიშნული“. ისედაც ეკუთვნის, მოდების დემონსტრირების დროს. შეიძლება, ეს მისი ბოლო კოლექციის ჩვენებაა. შეიძლება, მოგონებების ფრაგმენტები, იმ საღამოს, როდესაც ყველაფერი მოხდა და რესტავრირებულია. ოღონდ, სხვა სამყაროდან, განზომილებიდან, როდესაც უკვე აღარაა. კონკიას მსგავსად. ის რაღაცით ზღაპრების დედინაცვალს წააგავს (იგივე, კონკიასას), რომელიც შესაძლოა, ოდესღაც თავადაც კონკია იყო. უტრირებული გრიმით (სხვათა შორის, აქტიური გრიმი - მაკიაჟი - თეატრალური თუ „ჩვენების“ - ყველა პერსონაჟს სპეციფიკური და სახასიათო აქვს და ესეც თამაშია წესია - პოდიუმსა და სცენაზე).

ბაია დვალიშვილის - გრეტა ყოფილი მსახიობია. გარეგნობით, ვარცხნილობით, მანერებით კინოვარსკვლავს (მაგალითად, მარლენ დიტრიხს, თუ გრეტა გარბოს) წააგავს. ექსპრესიული, მკვეთრად გამომსახველი ჟესტებით, პლასტიკით, საუბრის თავისებური მანერით. სიცოცხლით სავსეა. შენარჩუნებული აქვს ამბიცია და იცის, როგორ იმუშაოს პუბლიკაზე. ადრე იცნობდნენ, უყვარდათ. ახლა კი აღარ. საკუთარ თავსაც ვეღარ ცნობს. და ეს ძალიან ცხადი და აშკარაა. „ქალი, რომელიც სიცოცხლის განმავლობაში ბევრჯერ მოკვდა, ოღონდ სცენაზე... მსახიობისთვის ყველაზე რთული სიკვდილი არ არის, ყველაზე რთულია ის დღე, როცა აპლოდისმენტების ხმა სუსტდება“.

მანანა კოზაკოვას - კლარა ვაისი - ცნობილი და პოპულარული ჟურნალისტია, რომელსაც „ინტერვიუები აქვს აღებული - პაპისგან, ამერიკის პრეზიდენტისგან“, კონკიასგანაც და ომიდანაც წაუყვანია რეპორტაჟები. მონოლოგის პირველი ნაწილი - პირადულია. შემდეგ მას მოდელი ესაუბრება, მისგან იღებს ინტერვიუს, იმაზე, რაც მოხდა, შეგრძნებებზე, დამოკიდებულებებზე, იმაზე, თუ რას ფიქრობდა და რა გაიფიქრა. და მსახიობი ქმნის მკაცრი, ნეიტრალური, მიუკერძოებელი და ამავე დროს, ისეთი ქალის პორტრეტს, რომელსაც ტკივა მარტოობა და უარაფრობა.

შემდეგ ნინო კასრაძის შარდონეს - ბალერინას (სხვებივით, ყოფილის) მონოლოგია. მის პერსონაჟსა და ტექსტს, რომელსაც მსახიობი წარმოთქვამს, მსუბუქი ირონია გადაჰკრავს, უცნაური და უჩვეულო სიმშვიდე, თითქოს მხოლოდ ახლა აჯამებს და აფასებს, რაც და როგორც მოხდა და საკუთარ თავსაც, ახალ რაკურსში ხედავს. და კარგად ნიღბავს შინაგან დაძაბულობასა და ნერვულ დაჭიმულობას.

მონოლოგებს ნატა მურვანიძის ჰელგა - ქვრივი ასრულებს. შავი კაბა - გლოვის ნიშნად აცვია.  მისი მოძრაობა და საუბრის მანერა სტილიზებულია. სიმბოლური ფიგურაა, რომელიც თითქოს თავს უყრის თითოეული მონაწილის მონათხრობს - შეყვარების, სიყვარულის, ეჭვიანობის, პირადულის, პროფესიისაა და თავისუფლების ფორმებისა და შეგრძნებების სხვადასხვაგვარობაზე და მთავარ მახვილს სვამს. სევდიანი და ტკივილიანი სიტყვებია,  მაგრამ მსახიობი აუღელვებლად ყვება ქალის ამბავს, რომელმაც ქმარი დაკარგა და „მაინც ძალიან კარგად გამოიყურება“ და გარეგნულ სიმშვიდეს, წონასწორობასა ინარჩუნებს.

მონოლოგების პარალელურად, სანამ ყველა მონაწილე, როგორც „ტრადიციულ“ ფინალში, ყველა მონაწილე სცენაზე ერთად მოიყრის თავს, კაბების კოლექციის ჩვენება უწყვეტად გრძელდება. მოდელ გოგონებს (რომლებიც ცოცხალ მშვენიერ ფონსა და გარემოს ქმნიან), აქამდე, თითქოს ნეიტრალურებსა და მიუკერძოებლებს, რომლებსაც თავიანთი, ზუსტად განსაზღვრული ადგილები, გამოსვლის დრო  და „პარტია“ აქვთ, ფინალში ახალი მისია ენიჭებათ. შიფრის დეკოდირების მთავარი გასაღებიც სწორედ მათ პერსონაჟებში, კაბებში თუ ნომრებიან დაფებში შეიძლება აღმოვაჩინოთ. 

კლარა ვაისის ინტერვიუდან: „მაგრამ არ ვიცით: ეს  გარდაცვალება იყო, თუ მკვლელობა… უბედური შემთხვევა იყო, თუ თვითმკვლელობა… ჩვენ რეალურად არაფერი არ ვიცით! ადამიანებს სიმართლე კი არ აინტერესებთ -  წესრიგი უნდათ. სურთ, ყველაფერი გასაგებ ფორმაში ჩასვან: ვინ იყო მსხვერპლი, ვინ - დამნაშავე, ვინ უყვარდა, ვინ სძულდა, ვინ არ უნდა ჰყვარებოდა, ვისი შეყვარება იყო არასწორი... შეიძლება სიყვარული არასწორი იყოს? მჯერა, მისი სიცოცხლის ბოლო წამს, მთელი ძალით შეეცდებოდა ეცოცხლა. თქვენ კი შურით ათვალიერებდით, რადგან ლამაზი იყო! გეშინოდათ, რადგან ჭკუა ჰქონდა! და სჯიდით თავისუფლებისთვის! შეგიძლიათ ჩაინიშნოთ!“ 

ჯაბა ქურთიშვილის კოლექციამ, კონცეფციამ, თავისთავადობამ და ჩვენებამ, თავის დროზე საზოგადოება აახმაურა და აალაპარაკა. ყურადღება მიიზიდა და ინტერესი გამოიწვია. და ამ ჯერზე ახალი აზრი, ფორმა და წარდგინებით უჩვეულო მისმა და ბექა მაისურაძის იდეამ, ჩანაფიქრმა და თამამმა ნაბიჯმა ამ შემთხვევაშიც გაამართლა და შედეგი მოიტანა. კაბების წარდგინების კანონების სიახლე, სიღრმე, შინაარსი ახალი შეფუთვით.

„კონკიას სიკვდილი“  სიცოცხლის წარმავალობასა და ამაოებაზეა. მშვენიერ გარსში შეფუთული, ელვარე, მჭახე ფერები, ფიზიკური სილამაზის დემონსტრირება  გადაფარულია, თუ პირიქით, ფარავს მოჩვენებითი თავისუფლების  ფასადს მიღმა არსებულ განცდებს, ღრმად ჩაკეტილ და თვალსმიფარებულ ტკივილებს, რომლებიც კონკიას სიკვდილის გამო და წინაშე/მიზეზით იჩენენ თავს.  

ქეთევან სამხარაძე არაორდინალური აზროვნებისა და ხელწერის ახალგაზრდა რეჟისორია, რომლის სპექტაკლები ყოველთვის ბადებენ ინტერესს და იქცევენ ყურადღებას. მას აქვს განსაკუთრებული ხედვა, სამყარო და მიმზიდველობა, რადგან პიროვნული და თეატრალური შტამპებისგან თავისუფალია. და როდესაც ასეა, მაყურებელიც თავისუფლდება დამკვიდრებული კლიშეების „საშიშროებისგან“ და თვითონაც „მოქმედებს“ თამაშის ახალი წესების  მიხედვით.

„კონკიას სიკვდილი“ ასეთი ახალი  ფორმატისა და შემოქმედებითი სინთეზის წარმოდგენაა, ახალი გამომსახველი ფორმების მოსინჯვა და ხელოვნების დარგებს შორის ახალი კავშირებისა და კავშირების შესაძლებლობების აღმოჩენის წარმატებული ექსპერიმენტი.

შეგიძლიათ, ესეც ჩაინიშნოთ!

 

 

ფოტო - ნატალი ბეროზაშვილი

bottom of page