top of page

როგორ უნდა გახდე გმირი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

WhatsApp Image 2025-03-27 at 12.06.09 (1).jpeg

გიორგი ყაჯრიშვილი

როგორ უნდა გახდე გმირი

 

 სპექტაკლი „აჯანყებული ვაგონი“, რომლის პრემიერაც სენაკის აკაკი ხორავას სახელობის და ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრებში გაიმართა რიგით მეორე წარმოდგენაა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული თეატრის სპექტაკლ „სამშობლოს“ მერე, რომლებიც საფრანგეთში, ლევილში მომზადდა და აქაურმა ქართველმა მაყურებელმა იხილა. კულტურის სამინისტროს ლევილის აღდგენის პროექტზე ბევრი დაიწერა, ამიტომ მხოლოდ იმას დავუმატებ, რომ საქართველოს რამდენიმე თეატრი გასული წლის შემოდგომაზე ეწვია ქართველი ემიგრანტების საკუთრებაში მყოფ ადგილს და იქ რამდენიმე სპექტაკლი მომზადდა. წარმოდგენა ორ ნაწილიანია: პირველ მოქმედებას ზესტაფონის თეატრის მსახიობები ასრულებენ და შესაბამისად მისი რეჟისორი ვატო ჯუღელია, ხოლო მეორე მოქმედება სენაკის თეატრის შესრულებით და რეჟისორ ვახტანგ ნიკოლავას დადგმით მიმდინარეობს.

 

1924 წლის 30 აგვისტოს მოვლენა, რომლეიც  საფუძვლად დაედო ვალერი ოთხოზორიას დრამატულ ნაწარმოებს დიდხანს ტაბუდადებული იყო. შემორჩა მხოლოდ ისტორიული ფაქტების ჩამონათვალი, რომლებიც ამ მოვლენებს - ბოლშევიკების წინააღმდეგ მიმართულ აჯანყებას უკავშირდებოდა. მხატვრული ფორმა, ანუ პიესა მხოლოდ ახლა შეიქმნა და სპეციალურად ლევილში წარმოსადგენად იყო გათვლილი, აუცილებლად დააინტერესებდა ქართული ემიგრაციის შემორჩენილ მემკვიდრეებსა და არა მხოლოდ მათ.

 

ამ აჯანყების ჩახშობისა და დასჯა-დახვრეტის ორგანიზატორების მემკვიდრეები ჯერ კიდევ ცოცხლებია არიან და ხშირად სახელებისა და გვარების საჯაროდ დასახელებისგან თავს იკავებდნენ, თუმცა ისტორიულ წყაროებში და გამოკვლევებში ყველა მათგანი ცნობილია და დასახელებულიც.

 

ამბის თხრობა ორი ნაწილადაა დაყოფილი:  პირველი - რა ხდებოდა იმ ვაგონების წინ, რომლებიც შორაპანთან ახლოს არგვეთაში გააჩერეს და მეორე ნაწილი ვაგონებში მოხვედრილ აჯანყების მონაწილეების ნინა წერეთლისა და იულია გაფრინდაშვილის ბედის გვიჩვენებეს, რომლებიც დიდი ძალისხმევის შედეგად გამოიყვანეს ტყვიებით დაცხრილული ვაგონიდან.

 

მხატვარ ხარია დავითაშვილის მიერ შექმნილი დეკორაცია მკაცრია და პირქუში - ლიანდაგების მიმდებარე შემაღლება, რომლის უკან მიწის მთხრელი (ბადრი ტაბატაძე) უშველებელ ორმოს თხრის რევკომის დავალებით. შავი დრაპირებით შემოფარგლულ გარემოში, სულ მალე მატარებლის ვაგონი ჩამოდგება, საიდანაც დროდადრო დატყვევებულთა შეძახილები: „წყალი, გვშია, გვიშველეთ, რას გვიპირებთ“ ისმის. მიწის მთხრელი ენერგიულად მუშაობს და არც კი იცის რისთვის ათხრევინებენ ამ ორმოს.

 

ავანსცენაზე, ზუსტად მაყურებლის წინ კი დიდი სამზადისი მიმდინარეობს, სერჟანტი (ზურა აბესაძე) ხელმძღვანელობით ჯერ რაღაც ყუთები შემოაქვთ (უნდა ითქვას რომ ამ ყუთების დანიშნულება წარმოდგენის ამ ნაწილში გაუგებარი დარჩა), შემდეგ წითელი საბჭოთა დროშა, რომლის დამაგრებასაც ცდილობს, მაგრამ ვერაფრით ვერ აღმართავს, სულ მალე ტყვიამფრქვევსაც შემოაგორებენ. მატარებლის ჩამოდგომისთანავე აქოშინებული ლევან წერეთელი (გიორგი ბოგვერაძე) შემოიჭრება, რომელიც სირბილით მოჰყვებოდა მატარებელს ჭიათურიდან შორაპნამდე. გიორგი ბოგვერაძეს საკმაოდ რთული პერსონაჟის განსახიერება ერგო. ახალგაზრდა მსახიობისთვის ასეთი ემოციური, დაძაბული სცენების შესრულება არ იყო ადვილი - ნინა და იულია წერეთლების ძმის ბედი ისევე  ტრაგიკულია, როგორც სხვა დასჯილების, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ის ვაგონში არ იყო გამოკეტილი. გენერალი (თემურ კიკნაველიძე), რომელიც სერჟანტისა და ლევანის დაპირისპირებას შეესწრება დასაწყისში თითქოს თანაუგრძნობს მას, უქებს საქციელს, რომ დების გადასარჩენად ჩამოსვლა გმირობაა, მაგრამ მას სულ სხვა იდეა უჩნდება, სხვა ტიპის „გმირი“ სჭირდება, რომელსაც ბრძანების აღსრულებაში გამოიყენებს. მსახიობი პროფესიონალიზმით ასახირებს საბჭოთა გენერლის სახეს, ერთის მხრივ თითქოს კეთილგანწყობილს, მეორე მხრივ მკაცრს, უსიტყვოდ ზემდგომთა ბრძანების შემსრულებელს.

 

ამ ყველაფერს წინ უძღვის სერჟანტის „შეგონება“, თუ რა დანაშაული მიუძღვით დაკავებულებს, რომელსაც სულ მალე გენერალი დოკუმენტურად (თითოეული მათგანის პირადი საქმეებით) დაუმტკიცებს და ყველა მათგანს უცხო ქვეყნების აგენტებად გამოაცხადებს.

 

გენერლის თბილ სიტყვაში თანდათან დაძაბულობა იმატებს, მუქარიდან იგი ყვირილზე გადადის - განაჩენი სისრულეშია მისაყვანი - ზოგიერთი ქართველი ჯარისკაცი უარს ამბობს თავისი მოვალეობის შესრულებაზე და გენერალს „აღმასრულებელი“ სჭირდება და ფსიქოლოგიური ზეწოლა გრძელდება,  ტყვიამფრქვევზე მიბმულ ყმაწვილზე, რომელსაც მწარე „ბედი“ ერგო, გენერლის ბრძანების აღსრულება და იმ ვაგონების დაცხრილვა, სადაც მისი დები არიან. ახლა გენერლის ყვირილს და ტყვიამფრქვევის გაბმული ჯერის ხმას ვაგონში მყოფთან განწირული კივილი ემატება. გენერალი საკუთარ დანაშაულს ახალგაზრდა ლებანის  დანაშაულსაც ამატებს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება მას.

 

 თუმცა ნამდვილი გმირი სულ სხვა აღმოჩნდება: უბრალო მიწის მთხრელი, რომელიც აქ ორმოების ამოსათხრელად მოიყვანეს - ვერ უძლებს ამ ტრაგედიას - გენერალს, სერჟანტს და სხვა ჯარისკაცებს გაუსწორდება (ასეთი ფინალი ფანტაზიის სფეროდანაა, მაგრამ მხატვრული ნაწარმოები იტანს ასეთ შემობრუნებას). თუმცა დების გადარჩენის ფაქტი რეალურია, რასაც წარმოდგენის მეორე მოქმედებაში ვნახავთ.

 

ასეთი ტრაგიკული პირველი ამბის შემდგომ სენაკის თეატრის მსახიობების მიერ გათამაშებული ნინა და იულია წერეთლების ისტორია დრამატულია, მაგრამ ნაკლებად ემოციური. ხუთი პერსონაჟი ნინა (ლალი გაბელაია), იულია (ეკა კოღუა) წერეთლები, რიგითი (ირაკლი ადამია), რომელიც ბერიას ან „სამეულის“ ერთ-ერთ პროკურორს მოგვაგონებს, მეორე რიგითი (ლადო კოკაია) და ბიჭი (რაულ კიკალეიშვილი) სცენაზე ზვიად გამსახურდიას კუთვნილი დამოუკიდებელი საქართველოს (ნამდვილს და არა ბუტაფორიას) შემოასვენებენ და იმ ვაგონზე „აღმართავენ“, საიდანაც ცოტა ხნის წინა წერეთლის ქალები გამოიყვანეს. მეორე მოქმედებას აკლია სიმძაფრეა, ამბის თხრობა, იგი უფრო ლიტერატურულ კომპოზიციას ემსგავსება ვიდრე ქმედებასა და რაიმე მოვლენის განვითარებას. მსახიობები ემოციით გვიყვებიან ემიგრაციაში წასული დების ყოფას, სამშობლოში დაბრუნების სურვილს და ნოსტალგიას, თუმცა მაინც მგონია რომ ეს ნაწილი დასამუშავებელ-ასაწყობია, რომ თავისი არსით და დრამატიზმით პირველ ნაწილს გაუთანაბრდეს, ან იქნებ მოქმედებების  თანამიმდევრობა შეიცვლა  სჯობდეს. 

ფოტო: მიშა შენგელია

bottom of page