top of page

როგორ შერაცხეს სასიკეთო სიმართლე და თავისუფლება - „ხალხის მტრად“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ხალხის მტერი ანუ სიმართლის მეგობარი_edited.jpg

18.08.2026

ვახტანგ ლორთქიფანიძე

როგორ შერაცხეს სასიკეთო სიმართლე და თავისუფლება - „ხალხის მტრად“

ჰენრიკ იოჰან იბსენი ( 1828-1906 ) „ნორვეგიელ შექსპირად“ წოდებული გენიალური დრამატურგია. მისმა პიესებმა უკვე სამოციან წლებში დაიპყრო სკანდინავიის თეატრები და სამოცდაათიანი წლებიდან საყოველთაო აღიარება დაიმსახურა. იბსენის დრამატურგიის შედევრები დაწერილია ნორვეგიული ლიტერატურის აღმავლობის პერიოდში, რომელიც განპირობებული იყო ქვეყნის ისტორიული განვითარების თავისებურებით. ნორვეგია იბრძოდა ეროვნული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად და ეროვნული კულტურის შექმნისათვის. ნორვეგიელი წვრილი ბურჟუა - გვევლინება კაპიტალისტური სინამდვილის მიერ ჯერ კიდევ ზნეობრივად შეურყვნელ, სულიერად მტკიცე „ნამდვილ ადამიანად“. იბსენის დრამატურგიის ერთ-ერთი ძალაც კი სწორედ ისაა, რომ მან ბურჟუაზიული დრამის დაკნინების პირობებში, ევროპის სცენაზე გაბატონებულ ნატურალისტურ-დეკადენტურ პიესათა არსებითად უნებისყოფო, სულიერად დასახიჩრებულ, ხალხის მასის მიმართ ქედმაღლურად განწყობილ და რაიმე დადებითი იდეალისთვის ბრძოლის უნარს მოკლებულ „გმირებს“ დაუპირისპირა „ნამდვილი ადამიანი“, მთლიანი ბუნების მქონე ძლიერი პიროვნება, რომელიც შეუპოვრად იბრძვის, აბსტრაქტული, მაგრამ მაღალჰუმანური იდეალებისთვის.[1]

 ასეთი „ნამდვილი ადამიანი“ გახლავთ ჰენრიკ იბსენის პიესის - „ხალხის მტერის“ მთავარი პერსონაჟი, მეცნიერი ექიმი სტოკმანი. ეს არის პოლიტიკური დრამა, რომლის პრობლემატიკა სამწუხაროდ დღესაც ძალზედ აქტუალურია. სიუჟეტური ქარგა ასეთია: ექიმი სტოკმანი აღმოაჩენს, რომ დიდად განთქმული სამკურნალო წყლები მოწამლულია და აქტიურ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანების ჯანმრთელობისათვის. ის მეცნიერულ მტკიცებულებას წარმოადგენს და ცდილობს ხალხს და საკუთარ ბურგომისტრ ძმას ეს ამბავი შეატყობინოს, რათა მათ სწრაფი რეაგირება მოახდინონ. თავდაპირველად ექიმის წამოწყებას მხარს უჭერენ „სახალხო უწყების“ გაზეთის წევრები, თუმცა ეს ძალიან არ მოსწონს ექიმის ძმას, ბურგომისტრს - პეტერს. ბურგომისტრს ადარდებს ამ ინფორმაციის ნეგატიური შედეგები ქალაქის ეკონომიკაზე, უფრო კი საკუთარ რეპუტაციაზე და ის ყველანაირად ცდილობს ძმას ხელი შეუშალოს გეგმაში. პეტერი მალევე გადმოიბირებს პრესას თავის მხარეზე, ხალხი ბურგომისტრისა და პრესის ხელშეწყობით დაუპირისპირდება სტოკმანს და მას შერაცხავენ როგორც „ხალხის მტერს“, სტოკმანი ასეთი მოპყრობის შედეგად განუდგება ბრბოს, ახლა ის „ახალ აღმოჩენას“ აკეთებს, ფიქრობს რომ: „ქვეყნად ყველაზე ძლიერი ისაა, ვინც ყველაზე უფრო მარტოა.“

 პიესაში გვხვდება რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა: პიროვნებისა და ბრბოს დაპირისპირება, ხელისუფალთა უვიცობა, ადამიანთა კონფორმიზმი, სიმართლეზე თვალის დახუჭვა ან სიმართლის ფაბრიკაცია, ხალხის/ბრბოს მანკიერებანი.

 მე ძალიან აბსურდულად მეჩვენება იმ ხალხის ქცევა ვინც სტოკმანს ეწინააღმდეგება, ისინი აქტიურად იტყუებენ თავს, რათა დარჩნენ კომფორტის ზონაში, თუნდაც ეს კომფორტის ზონა ბინძური ჭაობი იყოს. ასევე შემაძრწუნებელია პეტერის ქედმაღლობა, ის ცდილობს ძმაზე მეტი პატივი დაიმსახუროს, იმაში რაშიც მთავარი წვლილი სტოკმანს მიუძღვის. ეს აბანოები სწორედ ექიმმა სტოკმანმა აღმოაჩინა და მის გარეშე არც კი აშენდებოდა ისინი, თანაც აბანოების მოწამლვა ისევ ხელისუფლების დაუდევრობას მიეწერება და არა სტოკმანს. ბურგომისტრი კი მაინც ცდილობს ძმას დამსახურებულ პატივში ზომაზე მეტად შეეცილოს და მას ართმევს მნიშვნელოვანი წამოწყების განხორციელების უფლებას, რომ სცადოს და გამოასწოროს ისევ ხელისუფლების უვიცობისგან გამოწვეული საშიშროება.

 

ასევე საინტერესოა, რომ ხალხს თითქოს მოთხოვნილება აქვს ვიღაცა ან რაღაცა მტრად აღიქვას, ამით ადამიანები გარკვეულწილად ცდილობენ ტვირთი შეიმსუბუქონ: საკუთარ განსაცდელზე პასუხისმგებლობის აღების მაგივრად, მათ უკვე შეუძლიათ ვიღაცა სხვას გადასდონ ბრალი და მარტივად შეხედონ კომპლექსურ და რთულ იდეებს. აქვე იკვეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა რასაც ადამიანების დიდ ნაკლად მივიჩნევ - სხვების მყისიერი განსჯა და არა მოსმენა. ადამიანები ძალიან სწრაფად  და ხშირად საკმარისი დასაბუთების გარეშე განვსჯით სხვებს, წამებში ვაყალიბებთ საკუთარ ინტერპრეტაციას და ვაფასებთ მათ, ვაფასებთ და არა ვუსმენთ.

 

ვხედავთ ხელისუფლებისა და ხალხის კონფორმიზმს, უვიცობას, კორუფციას და პირად სარგებელზე ზრუნვას, ნაცვლად საზოგადო კეთილდღეობისა.

 

ახლახანს ეს პიესა სცენაზე გააცოცხლა სოფიო ქელბაქიანმა მარჯანიშვილის თეატრში. ვფიქრობ, რეჟისორმა სწორი დრო აარჩია სპექტაკლის განხორციელებისათვის, რადგან ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პრობლემებზე საუბარი რაც იბსენის ნაწარმოებში გვხვდება.

 

რეჟისორი წარმოგვიდგენს საკუთარ ინტერპრეტაციას, ის პიესას კიდევ უფრო აქტუალურს ხდის, ამის ერთ-ერთი დამსახურებაა გაზეთი - „სახალხო უწყების“, ტელევიზიით ჩანაცვლება. ამით რეჟისორს საშუალება ეძლევა კომენტარი გააკეთოს თანამედროვე ტელევიზიის მანკიერებაზე, იმაზე რომ ხშირად ტელევიზია არ არის ობიექტური სიმართლის წყარო, არამედ მიკერძოებული, პირადი ინტერესებით მოტივირებული უწყება. პიესაში ჰოვსტადი, როდესაც მას სტოკმანის სტატიაზე ეკითხებიან ამბობს: „მე ხომ სპეციალისტი არა ვარ, მხოლოდ თვალი გადავავლე.“ ესეც ერთ-ერთი მანკიერებაა ასეთ სახალხო უწყებაში მოღვაწე პირთა გარკვეული ნაწილის, რომელიც კარგად არც კი ცდილობს გაერკვეს იმ საკითხში, რომლის გაშუქებაც უნდა. ტელევიზია ხალხის სასიკეთო საქმიანობას უნდა ეწეოდეს და არა მათზე მანიპულაციით პირადი სარგებელის მიღებას! ეს ძალიან მკაფიოდ ისმის ქელბაქიანის დადმგაში.

 

სპექტაკლს თანამედროვე იერის შეძენაში ეხმარება სცენოგრაფიაც, რომელიც დაფუძნებულია ბრუნავ სცენაზე. სპექტაკლი რამდენიმე განსხვავებულ სივრცეში მიმდინარეობს, თავდაპირველად მოქმედება ვითარდება სტოკმანის სახლში, რომლის მოწყობა და დიზაინიც შეესაბამება თანამედროვეს. შემდეგ მოქმედება გადადის ტელევიზიაში, აქ ვხედავთ ორ უბრალო ნაცრისფერ კედელს ინგლისური წარწერებით: „კარი“ და „პირდაპირი ეთერი”. ამ კედლების წინ დგას მაგიდა, რომელზეც დევს ფურცლები და ასევე ნიუტონის აკვანი, რომელიც შესაძლოა არის მიზეზ-შედეგობრიობის მეტაფორა ან უბრალო საინტერესო ნივთი, რაც ოფისში გვხვდება ხოლმე.😊სცენოგრაფია არის თანადროული და ეფექტურად ერწყმის სპექტაკლის ატმოსფეროს.

 

სპექტაკლის ბოლოსკენ,  სტოკმანის სახლში ვხედავთ მართკუთხედ მინაში ჩასმული დამფრთხალი ირმების გამოსახულებას. უკეთ თუ დავაკვირდებით მინა ნაწილობრივ ჩატეხილი ჩანს. პიესაში ხალხი სტოკმანთან დაპირისპირების შემდეგ, მისი სახლის ფანჯრებს კენჭებს ესვრის და ამსხვრევს. მგონია ეს ნაწილობრივ ჩატეხილი გამოსახულება ამით აიხსნება. ირმები კი შესაძლოა გამოყენებულია როგორც უმანკოების სიმბოლო, ხოლო რადგან ისინი დამფრთხალნი არიან ეს შეიძლება აღნიშნავდეს იმას თუ როგორ შებილწა და უარყო საზოგადოებამ სტოკმანის კეთილშობილური სურვილი - სიმართლე გაეზიარებინა და ხალხის ჯანმრთელობაზე ეზრუნა. მაგრამ ჩემი აზრით ამ გამოსახულების მეტაფორული თუ სიმბოლური დატვირთვა, ერთი შეხედვით ცოტა რთულად გასაგებია, რის გამოც ის მეტნაკლებად ამოვარდნილი ჩანს.

 

კიდევ მნიშვნელოვანი მეტაფორული ელემენტია კლოუნის ნიღაბი.  კლოუნის ფორმითა და ნიღბით შემორბის თავდაპირველად ჰოვსტადი, შემდეგ კი ეს ნიღაბი სხვადასხვანაირად არის გადათამაშებული რათა ამხილოს და „დასცინოს“ ამა თუ იმ პირის მანკიერებას და აბსურდულ დამოკიდებულებას.

 

მეორე მოქმედება საკმაოდ ეფექტურად იწყება, პარტერის ზემოთ მაყურებელს აშუქებს ნეონის მწვანე ფერის განათება. ამით თითქოს მაყურებელიც სპექტაკლში ერთვება, გადაინაცვლებს პასიური დამსწრის პოზიციიდან და აქტიური მონაწილე ხდება. ასევე საინტერესო ინტერაქციული ელემენტია, როდესაც ტელევიზიაში სანამ დისკუსია დაიწყება, მაყურებელს პატარა თამაშს გვთავაზობენ: ეკრანზე გამოსახულია სხვადასხვა ნივთები და წამყვანი მაყურებელს ეუბნება, რომ ჩაიფიქროს აქედან რომელიმე, შემდეგ რამდენჯერმე გვთხოვენ ამ ნივთთან ყველაზე ახლო კონკრეტული ფერის სხვა ნივთი აღვიქვათ, სურათზე კი ნივთები ისეა განლაგებული, რომ რაც არ უნდა ჩაგეფიქრებინა, მაინც საბოლოოდ მწვანე ვაშლზე გაჩერდები. ამით მგონია რეჟისორმა მეტაფორულად გვანახა, როგორ ქმნიან ტელევიზია, მთავრობა და მსგავსი ორგანოები თავისუფალი არჩევანის ილუზიას, როდესაც სინამდვილეში ეს ყველაფერი მანიპულაციაა, შენ გაჯერებენ რომ სასურველ შედეგამდე თავად მიხვედი, თუმცა შენი ამ შედეგამდე მისვლა თავიდანვე განპირობებული იყო.

 შემდეგ უკვე იწყება სპექტაკლის ყველაზე დინამიკური ეპიზოდი, როდესაც ტელევიზიაში მიმდინარეობს დისკუსია. ამ დროს განსაკუთრებით დამამახსოვრდა პეტრას ორატორული გამოსვლა, სადაც იგი საკუთარ თავისუფალ აზრს აფიქსირებდა და მისი წარმოთქმული ტექსტი პირდაპირ შეესაბამებოდა დღევანდელ რეალობას.

 

ბოლოს ისევ გადავინაცვლებთ ექიმი სტოკმანის საცხოვრებელში, სადაც იგი „ახალ აღმოჩენას აკეთებს“ და სპექტაკლი მოულოდნელად სრულდება, რამაც უკმაყოფილების განცდა დამიტოვა, თითქოს  კიდევ უნდა გაგრძელებულიყო და უეცრად შეწყდა. მართალია პიესას ღია დასასრული აქვს და შესაძლოა რეჟისორსაც ასეთი ფინალი სურდა, თუმცა როგორც მაყურებელს თითქოს რაღაც დანაკლისის გრძნობა გამომყვა.

 

სპექტაკლის განმავლობაში გამოყენებულია კინო ელემენტები, სახელდობრ - პროექცია. ამას ვხედავთ როდესაც სტოკმანი ხსნის როგორაა მოწამლული სამკურნალო წყლები, როდესაც ტელევიზიაში გადაცემის კადრები გადის და ა.შ. ეს ყოველივე ვიზუალურად შთამბეჭდავია და კიდევ უფრო აძლიერებს რეჟისორის მიერ შექმნილ ატმოსფერულ გარემოს.

 

მსახიობების შესრულება პროფესიულად გამართულია. ჰოვსტადი და ბილინგის სახეებს სცენაზე აცოცხლებენ გიორგი შერვაშიძე და გიორგი კიკნაძე. ისინი იუმორისტულად  და ბუნებრივად ირგებენ კონფორმისტი ტელევიზიის მუშაკების როლს, რომელნიც პირად სარგებელზე, კომფორტზე ზრუნავენ.

 

ნატალია გაბისონიას პეტრა წარმოგვიდგენს ძლიერ და თავისუფალ ქალს, რომელიც აქტიურად იცავს საკუთარ ღირსებას და სიმართლეს. ის მხარს უჭერს მამას და ეწინააღმდეგება ტელევიზიას, ხელისუფლებას. 

 

სტოკმანის ცოლის პერსონაჟი პიესისგან განსხვავებით, სპექტაკლში უფრო პატარა როლს ასრულებს. თითქოს ამ პერსონაჟის ხაზი ნაკლებად მკვეთრადაა განვითარებული, რაც შესაძლოა პიესის სცენური მონტაჟის ხარჯზე მოხდა.

 

სპექტაკლის მთავარი პერსონაჟების - თომას სტოკმანის და ბურგომისტრ პეტერის განსაკუთრებით გამოკვეთილ, ორგანულ და დასამახსოვრებელ სახეებს ქმნიან ნიკა თავაძე და დავით დვალიშვილი. ნიკა თავაძეს ექიმი სტოკმანი - თავისუფალი, ჭკვიანი, სიმართლისთვის მებრძოლი კაცია, რომელიც არ უშინდება არაფერს  და ყველანაირად ცდილობს სიმართლე დაიცვას და სამშობლოზე იზრუნოს.

  

დავით დვალიშვილი არ გვაჩვენებს ცალსახა ბოროტმოქმედს, არამედ კომპლექსურ ადამიანს, რომელიც ღრმად ცდომილი და ნეგატიური თვისებებით სავსეა. პეტერი რა თქმა უნდა ნეგატიური პერსონაჟია, თუმცა შემსრულებელი არ თამაშობს ამას ზედაპირულად, ის ისე ბუნებრივად და ლოგიკურად ავითარებს პერსონაჟის ხაზს, რომ ბურგომისტრის მოტივაცია დამაჯერებელი და რაღაც დონეზე გასაგებია, მაგრამ რასაკვირველია მაინც სრულიად გაუმართლებელი და ამორალური.

 

სპექტაკლში, ასევე არ ჩანს ის, რაც პიესაში ძალიან მკაფიოდ არის - ბრბოს დაპირისპირება სტოკმანთან. პიესის მეოთხე მოქმედება თითქმის სრულიად ფოკუსირებულია სტოკმანისა და ხალხის დაპირისპირებაზე, აქ იკვეთება ბრბოს უვიცობა და სტოკმანის იმედგაცრუება საზოგადოებაზე. სტოკმანი ბრბოს ყველა თავის ნეგატიურ თვისებაზე პირდაპირ ესაუბრება და ამბობს რომ ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ბრბოა, რადგანაც ეს ბრბო ქმნის იმ ჭაობს რაშიც ყველას უწევს ცხოვრება და ეს ბრბო ქმნის ხელსაყრელ პირობებს ხელისუფლების უვიცი, ეგოისტური გადაწყვეტილებებისთვის. სოფიო ქელბაქიანის დადგმაში პიესის მეოთხე მოქმედების უმეტესობა ამოღებულია, არ ჩანს ბრბოს კრებითი სახე და დაპირისპირება სტოკმანთან. ამის გამო იბსენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სათქმელი და შეხედულება ბრბოზე ბევრად უფრო სუსტად იგრძნობა.

  

საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, სოფიო ქელბაქიანმა წარმატებით გადმოსცა საკუთარი ინტერპრეტაცია და გააჟღერა ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი: საჭიროა თვალი გავუსწოროთ ჭეშმარიტებას, საკუთარ მანკიერებებს და ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის, სიმართლისთვის და სიკეთისთვის. უნდა ვზრუნავდეთ საერთო კეთილდღეობაზე, უნდა გვამოძრავებდეს ერთმანეთისადმი კეთილი განზრახვა და არა მხოლოდ პირადი სარგებელი.

 

 

[1] დავით ლაშქარაძე, წინათქმა წიგნისა - „ჰენრიკ იბსენი - დრამები“. გამომცემლობა <<საბჭოთა საქართველო>>, თბილისი 1974 წ. (გადამოწმებულია 20.07.2026)

bottom of page