ლიტვური „რუსული რომანი“
ლიტვური „რუსული რომანი“
@ ლაშა ჩხარტიშვილი
მსოფლიოში ცნობილი, გამოჩენილი ლიტველი რეჟისორის ოსკარას კორშუნოვასის ყოველ ნამუშევარს უკვე წლებია დიდი ინტერესით ხვდება თეატრის მოყვარული საზოგადოება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ბუნებრივია, ინტერესით და იმედით ელოდა პროფესიული საზოგადოება მის ნამუშევარს პეტერბურგშიც, მით უმეტეს, რეჟისორმა მორიგი სპექტაკლი ვილნიუსის რუსულ დრამატულ თეატრში დადგა. მარიუს ივაშკიავიჩიუსის პიესა „რუსული რომანი“ პირველად დაიდგა ლიტვაში, რომელიც ლევ ტოლსტოის დიდი და მრავალრიცხოვანი ოჯახის პერიპეტიებს და გენიალური მწერლის ცხოვრების უკანასკნელ თვეებს ეხება. დრამატურგი აგებს მონუმენტურ, რთულ და ჩახლართულ კონსტრუქციას, მრავალი თემით და დრამატული ტვირთავს სიუჟეტს. ამ კარკასზე კორშუნოვასი, რომელსაც დაუშრეტელი ფანტაზია აქვს, აშენებს თავის რეჟისურას. შესაბამისად, სპექტაკლი დატვირთულია იდეებით, ტექსტით, პარალელური მოქმედებებით, რაც ცოტა არ იყოს შოუს მიჩვეულ მაყურებელს ცოტას ღლის კიდეც.
დრამატურგი და რეჟისორი ლევ ტოლსტოის ოჯახის მაგალითზე ყვებიან პერიპეტიებით სავსე ადამიანთა ცხოვრების გზას, ხშირად პერსონაჟები გმირებად იქცევიან, ლევ ტოლსტოი ღმერთადაც კი, რომელსაც ისე დავშორდით, რომ მისი იდენტობა დავკარგეთ, ავცდით...
სპექტაკლში მოქმედება მუდმივად რეალურისა და ირეალურის ზღვარზე მიმდინარეობს. მწერლის მეუღლის და მისი რომანის მთავარი გმირი ანა კარენინას დრამატურგიული ხაზი ხშირად ერთმანეთს კვეთს, რომელიც შედეგადაც იქმნება რთული კონსტრუქციის დრამატურგიული ქსოვილი. სწორედ ამ ლაბირინთში ხანგრძლივად (სპექტაკლი თითქმის 4 საათს გრძელდება, ორ მოქმედებად) გვამოგზაურებს რეჟისორი.
ოსკარას კორშუნოვასი ხშირად მიმართავს სცენურ მეტაფორებს, რომლებიც მიზანსცენებში და სცენოგრაფიაში იკითხება. ერთი შეხედვით მარტივი და სიმბოლური სცენოგრაფია მრავალფუნქციური ხდება. სცენაზე ორი ლიანდაგია, ერთი ვერტიკალურად არის განლაგებული სცენაზე, მეორე ჰორიზონტალურად. სცენის სიღრმეში კი მულტიმედიურად ლიანდაგის დინამიკური გრაფიკული გამოსახულება იკვეთება.
სპექტაკლში ხშირად იცვლება არა მხოლოდ სიტუაცია, არამედ პერსონაჟთა განწყობა, მძაფრ ტრაგიზმს მსუბუქი იუმორი ანეიტრალებს, შესაბამისად იცვლება მსახიობთა თამაშის მანერა და გამომსახველობითი ხერხები, ფსიქოლოგიურ თეატრს ილუსტრატიულობა და პათეტიკურობა ანაცვლებს, რეალისტურ მანერას უკიდურესი პირობითობა და ა.შ.
ოსკარას კორშუნოვასმა „რუსული რომანით“ ერთგვარად გამოიწვია მაყურებელი, მისი შეგრძნების და აღქმის რეცეპტორები გააღიზიანა და სადისკუსიოდ და დასფიქრებლად მაყურებელს გარკვეული ფრაზები „გადაუგდო“. სპექტაკლში ვხვდებით ფრაზებს და პარადიგმებს: „რუსული იმპერიალისტური ნაციონალიზმი“, „ეს ის ტოლსტოია, რომელიც არც იცოდით და არც გინდოდათ გცოდნოდათ...“ „თქვენ ხართ ცხოველური არსებები“ და სხვა.
მთელი სპექტაკლი ორ ფერშია გადაწყვეტილი (სცენოგრაფია, კოსტიუმები, განათება), თეთრსა და შავში (მხატვარი: ირინა კომისაროვა, ვიდეო პროექცია: მიკას ჟუკაუსკასი, მხატვრული განათება: ევგენიუს საბალიაუსკასი). ერთმანეთს მორიგეობით ენაცვლება ნათელი და ბნელი, კეთილი და ბოროტი. მთელი სივრცე შავ ყუთშია ჩაკეტილი, რომელსაც მკვეთრი თეთრი შუქი ანათებს, როგორც ჯოჯოხეთში მზის სხივი, ანათებს. რეჟისორმა ეპიზოდები სურათებად დაანაწევრა, ისინი ერთმანეთს არა სიუჟეტური უწყვეტობით, არამედ მულტიმედიური ჩანართით უკავშირდებიან, რომელზედაც ხან მოძრავი მატარებელია გამოსახული (სხვადახვა კუთხით), ხანაც სიუჟეტის შესაბამისი გრაფიკული ილუსტრაცია.
ორიგინალურადაა გადაწყვეტილი სპექტაკლი მუსიკალურად (ანტანას იასენკა). წარმოდგენაში მხოლოდ ორიგინალური ან ცნობილი მუსიკალური თემები და მელოდიები კი არ ჟღერს, არამედ ის ხშირად ცოცხლადაც სრულდება. ამავდროულად, სპექტაკლში მსახიობები ქმნიან მუსიკალურ ხმოვან რიგს, რეკვიზიტის თუ სხვადასხვა საგნების სცენაზე ან ერთმანეთზე შეჯახების შედეგად, რომელიც ქმნის უჩვეულო მელოდიას, მუსიკალურ ფონს დრამატული ეპიზოდებისთვის.
დრამატურგი და რეჟისორი ინტელექტუალური ეპატაჟის ხერხს მიმართავენ და იწვევენ მაყურებელს. „რუსული რომანი“ მაყურებელს ბევრ ისეთ თემაზე და საკითხზე დააფიქრებს, რომელზედაც ან თავს არიდებს ადამიანი, ან შეგნებულად არ ფიქრობს, რადგან გაანალიზების შედეგად რაღაც უნდა შეცვალოს. ცვლილების განხორციელება კი დიდ ენერგიას და შრომას მოითხოვს, რომლისთვისაც თანამედროვე ადამიანს თითქოს აღარც სცალია, ის გულგრილი გახდა ყველაფრის მიმართ. მაყურებლის თვალწინ ტოლსტოის ოჯახის (და რა ამხოლოდ) მთელი ცხოვრება მატარებლის ვაგონივით ჩაიქროლებს. ცხოვრების ამ ეპიზოდებს, როგორც ფაზლს, ისე აწყობს კორშუნოვასი, ხანაც იოლად უღებს ალღოლს ამოცანას, ხანაც რთულად. მიუხედავად საინტერესო და ოსტატურად წაკითხულო მონოლოგებისა, ვფიქრობ, რეჟისორმა მაყურებელზეც იძალადა, რადგანაც რომანი არა სასიამოვნო სანახავ ისტორიად, არამედ მოსაწყენ დრამატულ თხრობად გადაიქცა.
ოსკარას კორშუნოვასის სპექტაკლი „რუსული რომანი“ მონუმენტური სპექტაკლია (თემებით, მოცულობით), ერთგვარი ეპოპეა, საგა ერთ ოჯახზე, რომელიც სახელმწიფოს სიმბოლოდაც შეიძლება აღვიქვათ, თუმცა მგონია, რომ ლიტველი რეჟისორის მიერ მოთხრობილი ამბავი სცილდება ერთი რომელიმე კონკრეტული ოჯახის, ერის, თუ სახელმწიფოს საზღვრებს და ის ზოგადად სამყაროს კანონზომიერებასა და ქაოსს გვიჩვენებს. სპექტაკლში იხატება სამყარო და მასში არსებული ადამიანები. სპექტაკლში აქცენტირებულია ადამიანური გრძნობები, მისწრაფებები და ურთიერთობები.