
ზუსტად ვიცი, სად არის ჩემი ადგილი
.jpeg)
31.07.2026
საბა ასლამაზიშვილი: ზუსტად ვიცი, სად არის ჩემი ადგილი
რეჟისორ საბა ასლამაზიშვილს ესაუბრება ზუკა ნემსაძე
საბა ასლამაზიშვილი იმ რეჟისორებს შორისაა, რომლის მიმართ ინტერესი ქართულ თეატრალურ წრეებში წლების განმავლობაში არ შენელებულა. გამოჩენის დღიდან მასზე ბევრს საუბრობდნენ - ზოგჯერ აღფრთოვანებით, ზოგჯერ კრიტიკულად, თუმცა გულგრილი თითქმის არავინ ყოფილა. მის შემოქმედებით გზას ყოველთვის თან ახლდა დისკუსია, მოლოდინი და კითხვები, რაც, ალბათ, ნებისმიერი აქტიური ხელოვანის ბუნებრივი თანამგზავრია.
ეს ჩვენი მესამე ინტერვიუა და სწორედ ამიტომ, ამ საუბარს სხვა მიმართულება აქვს. საბა ასლამაზიშვილი იმ იშვიათ რესპონდენტთა შორისაა, რომელიც პასუხებს არ გაურბის, საკუთარ თავზეც კრიტიკულად ფიქრობს. მასთან დიალოგი ყოველთვის სცილდება ფორმალურ ინტერვიუს და უფრო ფართო საუბრად იქცევა - თეატრზე, დროზე, ადამიანებზე, ამბიციებზე და იმ პასუხისმგებლობაზე, რომელსაც შემოქმედებითი გზა მოითხოვს.
მკითხველისთვის ეს ინტერვიუ საინტერესო იქნება არა მხოლოდ იმით, რომ ცნობილი რეჟისორი პროფესიულ თუ პირად თემებზე საუბრობს, არამედ იმითაც, რომ გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო ახლოდან დავინახოთ ადამიანი, რომლის შესახებაც ქართულ თეატრში დღემდე ბევრი საუბარი და არაერთი მითქმა-მოთქმა არსებობს.
საბა გამარჯობა და მიხარია, რომ ჩვენ უკვე მესამედ ვხვდებით ერთმანეთს ინტერვიუს ფორმატში, ძალიან საინტერესოა შენთან საუბარი და იმედია, რომ დღევანდელი ინტერვიუც, წინა ორის მსგავსად, საინტერესო გამოვა მკითხველისთვის.
მადლობა, მეც მიხარია შენთან საუბარი. ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია შენთან ერთად ყოფნა, ჩემთვის ეს კომფორტის ზონაა. ეს ტრადიცია რაც მე და შენ გვაქვს ამბიციურად რომ ვთქვა, დიდ ისტორიას წერს და ეს ისტორია ასევე ქართული თეატრის ისტორიასაც დაწერს, ასე რომ მადლობა თქვენ.
წლების განმავლობაში შენზე ხშირად ამბობდნენ, რომ ქართული თეატრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდა რეჟისორია საბა ასლამაზიშვილი - თავად, დღეს, როგორ უყურებ საკუთარ თავს - სად არის საბა ასლამაზიშვილი, როგორც რეჟისორი?
საინტერესო შეკითხვაა. გულწრფელად, რომ ვთქვათ, საბა ასლამაზიშვილი, როგორც რეჟისორი სად არის, ამაზე ალბათ ყველაზე უკეთ საუბარი შეგიძლია - შენ. ეს ინტერვიუ უკუღმა, რომ მიდიოდეს, ამ კითხვაზე, პასუხი შენი მხრიდან უფრო საინტერესო იქნებოდა, ვიდრე ჩემი მხრიდან. მაგრამ, თუ უნდა ვისაუბრო სად არის საბა ასლამაზიშვილი, მე?! გარე თვალიდან რომ შევაფასოთ, მაშინ ვიტყვი, რომ იმ ეტაპზეა თავისი შემოქმედების, როცა ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელები თქვა. იმ ეტაპზეა, როცა მისი მოლოდინი ძალიან დიდია. იმ ეტაპზეა, როცა შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. იმ ეტაპზეა, როცა ისტორიას წერს, შემოქმედებით ისტორიას. მგონია, რომ ყოველი ახალი ნამუშევარი კიდევ ერთი დიდი გამოცდა, რამდენად ახერხებს ის იმ საფეხურის გამართლებას, რომელზეც ახლა დგას.
ერთ დროს, თითქმის ყოველ სეზონზე, რამდენიმე სპექტაკლს დგამდი. ამას აღნიშნავდი თავადაც, დასრულებული არ იყო რომელიმე სპექტაკლზე მუშაობა, მორიგ პრემიერას აანონსებდი.
დიახ მაბულინგებდით.
ხუმრობა უფროა.
არა, ეს ბულინგი იყო.
კარგი, ბოლო წლებში, ეს ინტენსივობა აშკარად შენელდა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელისგან განსხვავებით, ახლა თქვენი თეატრი გაქვთ…
ის ჩემი არ არის.
ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობას ვგულისხმობ.
დიახ.
მოკლედ, ახალი სპექტაკლების გამოშვების ნაწილში, პასიურობა შენი შეგნებული არჩევანია, თუ გარემოებამ შეგანელა?
იცი, როგორ არის ზუკა? ამ ხნის განმავლობაში, ვისწავლე რა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და რა შეიძლება იქცეს უმნიშვნელოდ. არჩევანი, რა მასალა, რა ტექსტი უნდა გაკეთდეს, უნდა იყოს გაცილებით გააზრებულად არჩეული და უნდა იყოს იმ მოცემულობისა და მდგომარეობის შესაბამისი, რა მდგომარეობაშიც მე ვარ. ადრე თუ იყო ბევრი ექსპერიმენტი, ბევრი მასალა, რომელიც ადრე შეიძლება ინტერესს არ იწვევდა მაგრამ შენ თავთან გინდოდა გამოგეცადა, აბა აქ რას ვიზამ, აბა ამ მასალაში ჩემ თავს როგორ ვიპოვი. ახლა სრულიად, სხვაგვარადაა ყველაფერი, წყნარად, მშვიდად უნდა ავირჩიო რას დავდგამ და დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ დღეს საზოგადოებისთვის, ჩემი პროფესიული განვითარებისთვის ეს მასალა და ამ ტექსტით საუბარი არის მნიშვნელოვანი. ამიტომ, ეს აბსოლუტურად შეგნებული ნაბიჯი იყო, როგორც მაშინ იყო ძალიან შეგნებული ნაბიჯი, რომ მეცადა ყველაფერი და დამედგა ბევრგან. დღეს რაღაცნაირად მივედი იმ ეტაპზე, რომ გავაკეთო ზუსტი არჩევანი და ამ არჩევანს მოყვეს მასშტაბი. თუნდაც ბოლო დადგამ, იგივე „ყაჩაღები“ და „კაცია ადამიანი“ საკმაოდ დიდი დაშორებით გაკეთებული ორი სპექტაკლია, იქითკენ იყო მიმართული, რომ მასშტაბი გაზრდილიყო ჩემი შემოქმედების.
აქ ჩაგეკითხები, გარკვეული წყვეტა გქონდა დედაქალაქთანაც, შენელებაზე დასმული კითხვა დედაქალაქთან შემოქმედებითი ურთიერთობის შენელებასაც მოიაზრებდა.
ლოგიკური წყვეტა იყო, გულდასაწყვეტი, თუმცა ლოგიკური. იმიტომ, რომ მე წამოვედი ფოთში, ჩემი მთელი ძალით და რესურსით, რომ ფოთი თეატრისთვის მიმეცა ყველაფერი რაც შემეძლო, როგორც ხელმძღვანელს, როგორც მენეჯერს და რა თქმა უნდა, როგორც რეჟისორს. ამან განაპირობა ეს წყვეტა, იმიტომ, რომ ჩემი დრო, რესურსი და ნიჭი უნდა წამოსულიყო აქეთ, იმიტომ, რომ მე აქ მოვდიოდი. თუმცა რაღაც პერიოდის, მერე როცა ფოთში შეიქმნა, რეპერტუარი, რომელიც მგონი საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო რეპერტუარია, არა იმიტომ, რომ ჩემი სპექტაკლებია, არამედ იმიტომ, რომ ძალიან საინტერესო ახალგაზრდა რეჟისორებმა იმუშავეს ამ თეატრში და ძალიან საინტერესო ტექსტები გაკეთდა და ამ თეატრმა დაიჭირა თავისი სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტი რეპერტუარში. სამი წლის თავზე შედგა რეპერტუარი, რამაც განაპირობა რომ გაჩენილიყო თავისუფალი სივრცეები. ამის დამსახურებით გაჩნდა სურვილიც, რომ დავბრუნებულიყავი თბილისში, დავბრუნებულიყავი მარჯანიშვილის თეატრით და იმ ტექსტით, რომლის დადგმაც ძალიან დიდი ხანია მინდოდა - „ყაჩაღებით”. ერთი დასკვნა გამოვიტანე, რომ რაც არ უნდა გააკეთო რეგიონში, თბილისში ერთმა დადგმამ შეიძლება ყველაფერი გადაფაროს და ის პოპულარობა, რაც „ყაჩაღებს” ხვდა წილად, ერთ დღეში მოხდა ეს ყველაფერი. რაც გულდასაწყვეტია, იმიტომ რომ რეგიონში საინტერესო პროცესები მიდის. საინტერესო სპექტაკლები კეთდება, მაგრამ ლოგიკურია, რომ თბილისი უპირატესია და იქ დადგმული ერთი სპექტაკლით შეიძლება ყველაფერი გადაიფაროს, რაც რეგიონში გიკეთებია.
შენი ბევრი სპექტაკლი სოციალურ და პოლიტიკურ თემებს ეფუძნებოდა, დღეს, ამ რეალობაში, რაზე გსურს საუბარი?
ეს, ძალიან საინტერესო შეკითხვაა, ყველაზე ხშირად ამაზე ვფიქრობ. ჩემს ბოლო პრემიერაში, რომელსაც „კაცია ადამიანი” ქვია, აქვე გავამხელ რაღაცეებს თქვენი ნებართვით, თვითონ ტექსტი, რომელიც შეიქმნა, ინსცენირებას ვგულისხმობ, მთავრდება შემდეგი ფრაზით: „საუკუნე სიჩუმე მხოლოდ” - მანდ უკვე მქონდა შინაგანი მზაობა, დრო არის ალბათ მეთქი შემოქმედების ამ გრანდიოზულ ეტაპზე, ყოფნა არ ყოფნაზე ვილაპარაკო.
შექსპირი, ჰამლეტი?
ალბათ მგონია, რომ მივადგები, დიახ „ჰამლეტს” და ვილაპარაკებ ყოფნა არ ყოფნასთან დაკავშირებით. შინაგანი მზაობა მაქვს ამისი. ან არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი, იქაც იგივე საკითხია მნიშვნელოვანი სიყვარულთან ერთად, რასაც რომეო და ჯულიეტა ქვია. ვნახოთ - დროს და სიკვდილს ავირჩევ თუ ყოფნა არ ყოფნას. თუმცა, არჩევანს ამ ორ ტექსტს შორის შევაჩერებ. ჯერ არაფერია ამ ამბავთან დაკავშირებით დაზუსტებული, თუმცა ახლო მომავალში აუცილებლად დავდგამ.
გასაგებია, ხშირად ამბობ, რომ თეატრი საზოგადოებას კითხვებს უნდა უსვამდეს. დღეს შენთვის არსებობს განცდა, რომ ქართულმა თეატრმა ეს ფუნქცია ნაწილობრივ დაკარგა და უფრო უსაფრთხო სივრცედ იქცა? თუ ასეა, რატომ?
რას გულისხმობ უსაფრთხოებაში?
პეპლებზე, ჩიტებზე, ყვავილებზე საუბარს.
ჩემთვის არასდროს არ იყო ეს პრობლემა, გულწრფელად ვამბობ. ჩემთვის ყველაზე მთავარი, რაც ჯერ კიდევ მაქვს პროფესიაში და ეს რომ არ მქონდეს აუცილებლად წავიდოდი, არის უკომპრომისობა და ძალიან ღრმა ბავშვობიდან დღემდე ამ უკომპრომისობას შემოქმედებაში ვინარჩუნებ. ვლაპარაკობ იმაზე, რაზეც მინდა. ვსაუბრობ იმ თემებზე, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია. თავისუფლება ჩემ თავთან ყოველთვის მქონდა, რა გამოდიოდა და რა არ გამოდიოდა ეს სხვა საკითხია, მაგრამ მე ჩემი თავიდან გამომდინარე ვლაპარაკობ. ხშირად მაქვს ეს შეკითხვა, როცა მივდივარ სპექტაკლზე, სხვადასხვა რეჟისორის - რატომ? რისთვის? ხშირად მაქვს ის განცდა, რომ სპექტაკლები მთავრდება, გამოვდივარ და არანაირი თანაგანცდა არ დამრჩენია. მგონია, რომ ძალა რასაც ხელოვანს აძლევს სამყარო, ეგ ძალა სწორად უნდა მიიმართოს. ქართულმა თეატრმა კი მგონია, რომ ძალიან საინტერესო სათქმელი თქვა მაგ მიმართულებით, ისტორიის განმავლობაში და რაღაცნაირად მგონია და ინტუიცია მკარნახობს, რომ ბევრ სათქმელს იტყვის.
ქართულ თეატრში ხშირად საუბრობენ ჩაკეტილ წრეებზე, გავლენებზე და გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროფესიულ კრიტერიუმებს ყოველთვის არ ემყარება. შენც ასე ფიქრობთ, თუ ეს უკვე მითია?
ეს მითი არ არის. ჩაკეტილი წრე დავარქვათ თუ უბრალოდ ადამიანური სიმპათიები არ ვიცი. შენ თუ ჩაკეტილი წრე მოგწონს დარჩეს ჩაკეტილ წრედ. გარკვეული სიმპათიებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მიდის, შექებაც და გავლენების გადანაწილებაც. გარკვეულ ჯგუფს თუ მოეწონება შემოქმედი, რა თქმა უნდა, მისი მიმართულებით გადაიხრება, უბრალოდ ამ ყველაფერშიც კი, მთავარია, რასაც ვერასდროს ვერავინ მოერევა, სხვათა შორის, ამას ძალიან ხშირად ვამბობ, იმიტომ, რომ გარკვეული თავდასხმები მომდინარეობს ხოლმე - ნიჭი! არსებობს ნიჭი, რომელსაც ვერავინ ვერ დაამარცხებს. ნიჭი, რომელიც ყველა საზღვარს, გაანგრევს და როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ქონდეს, უყვარხარ თუ არ უყვარხარ ამ ნიჭის წინააღმდეგ ყველა უძლურია. მაგას ვერ მოუგებ, ამიტომ უყვარდეთ ის ვინც უყვართ, ნიჭი ყოველთვის გაიმარჯვებს სხვანაირად გამორიცხულია.
შენი თაობის რეჟისორებს ხშირად „ახალი ტალღის“ წარმომადგენლებს უწოდებდნენ. როგორ გგონია, ამ ტალღამ შეძლო, რომ ქართული თეატრი შეეცვალა, თუ საბოლოოდ თავადაც იმ სისტემის ნაწილად იქცა, რომელსაც წლების განმავლობაში აკრიტიკებდა?
ეს არის შეფასების ამბავი. მოკლედ მე ვაკრიტიკებდი რას?! ვაკრიტიკებდი რომ თეატრებში არ არსებობდა სარეპერტუარო ენა, რომ გაუგებარი იყო რა, რის მერე იდგმებოდა. მგონია, რომ ფოთის თეატრში, სამი წლის მერე შევძელი, რომ ფოთი თეატრს აქვს რეპერტუარი და ამ თეატრს აქვს ენა, რომლითაც ის საუბრობს, ყველაფერს ამბობს რაც საჭიროა, ნებისმიერი თემასთან დაკავშირებით. ვაკრიტიკებდი, იმას რომ არ იყო ახალგაზრდა რეჟისორებისთვის არ იყო კარები ფართოდ ღია სახელმწიფო თეატრებში და მე სამი წლის განმავლობაში მოვახერხე, ის, რომ ეს კარები ახლა ჩემს თეატრში ნამდვილად არის ღია. ვაკრიტიკებდი იმას, რომ არ იყო ამ რეჟისორებისთვის შესაბამისი ფინანსური დახმარება, დადგმის დროს. მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს თეატრში ვინც მოდის მას დახვდეს ყველანაირი კომფორტი, მიუხედავად იმ მოცემულობაში, რა მოცემულობაშიც ფოთის თეატრი დღეს არის.
უარი გითქვამს, რომელიმე ახალგაზრდა რეჟისორისთვის, გაგიბრუნებია უკან?
კი, რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ ძალიან სკურპუროზულად, ძალიან დეტალურად ვარჩევ რეჟისორს და ასევე იმ მასალას რასაც მთავაზობს.
გაბრუნებულმა რეჟისორმა, მეორედ რომ კარგი და საინტერესო პროექტი,მოგიტანს შეუწყობ ხელს?
თუ იმ წამს პროექტი დამაინტერესებს და ამ რეჟისორში ვხედავ რესურს, რომ მას შეუძლია თეატრში მუშაობა, ჩემს მსახიობებთან მუშაობა, რა თქმა უნდა. ჩემთვის მთავარი არის ხარისხი და ენა, რასაც რეპერტუარი ქმნის. ამიტომ, მე რასაც ვაკრიტიკებდი მგონია, რომ ყველაფერი შევასრულე, როგორც მენეჯერმა. ამიტომ, მგონია, რომ თუ გენდომება რომ სიტუაცია გამოსწორდეს, აუცილებლად გამოსწორდება. ვფიქრობ, რომ ჩემს თეატრში ადამიანებს მოსვლა უნდათ, სამუშაოდ. ძალიან ბევრ ახალგაზრდა რეჟისორს აქვს სურვილი, რომ ფოთის თეატრში ჩამოვიდეს და სპექტაკლი გააკეთოს, რაც ძალიან მახარებს. მიხარია, რომ ჩემი მსახიობებიც მოწოდების სიმაღლეზე არიან, რომ ახალგაზრდებთან ითანამშრომლონ. პრობლემა, იცი რაშია?! ამას მე კი არ უნდა ვაფასებდე, შესაბამისი ადამიანები უნდა აფასებდნენ ამას და მთელი პრობლემა ამაშია, რომ ეს არ ხდება. არ არის ზუსტი და ადეკვატური შეფასება იმ შრომის, რაც კონკრეტულ მაგალითზე ვიღაცამ გააკეთა. თუ გინდა თავის ქებაში ჩამითვალონ, სულ აღარ მაინტერესებს უკვე რაღაცეები, ეს არ არის ჩემი შესაფასებელი. ესე კულისებში შეფასებული ამბები შედეგზე არ გადის.
ბოლო პერიოდში თეატრალურ წრეებში აქტიურად საუბრობენ, რომ შესაძლოა მალე რომელიმე თეატრს დაუკავშირო შენი საქმიანობა. რამდენად ახლოს არის ეს რეალობასთან?
არ ვიცი ზუკა, ჭორია თუ რეალობა. მე ასე შევხედავდი ამ საკითხს, ადამიანები, რომლებიც ამ ჭორს თუ რეალობას ავრცელებენ ალბათ გრძნობენ და აანალიზებენ, რომ იმ ეტაპზე ვარ, რომ სხვა თეატრს დაუკავშირდეს ჩემი ბედი, მომავალი. შესაბამისად თუ შეფასება არსებობს, რომ საბა უნდა იყოს აქ, ან იქ, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაბამის შეფასებას აკეთებენ, იმ დროისა და პერიოდის, რაც მე აქამდე გავიარე. საით წავალ და როგორ წავალ არ ვიცი. თუმცა, ჯერ აქ ვარ ფოთში და ძალიან მნიშვნელოვანი ამბები მაქვს დასამათვარებელი.
მაგრამ, რომ წახვალ იცი
სურვილი, რომ მაქვს წასვლის ეს ვიცი. მაგრამ სურვილი ბევრი რამის შეიძლება ქონდეს ადამიანს. მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ არსებობს გარკვეული სურვილი და არსებობს გარკვეული მოცემულობები. ჩემ სურვილებზე, რომ დავიწყო საუბარი ან იმაზე სად და როგორ მინდა ჩემი მომავალი გაგრძელდეს, ეს ცოტა გრძელი და კარგად განსახილველი საკითხია.
ხო, თუმცა თუ არჩევანის სრული თავისუფლება გექნებოდა, რომელ ქართულ თეატრში
ისურვებდი მუშაობას და რატომ სწორედ იქ?
ამაზე კონკრეტულ პასუხს ახლა ვერ გაგცემ, თუ უნდა გაგცე?
გიფიქრია ამაზე?
ზუსტად ვიცი სად არის ჩემი ადგილი, აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული ამაში.
თუმცა ამაზე საუბარი არ გსურს ახლა, როგორც მივხვდი?
არა, ხო იმიტომ, რომ რატომ? რისთვის? ზუსტად ვიცი სად არის ჩემი ადგილი, თეატრი სადაც ჩემი გუნდით და ჩემი პროფესიული უნარებით უნდა ვიყო. მგონია, რომ იმ თეატრს ეს სჭირდება და მეც მჭირდება ეს. კიდევ ერთხელ აღნიშნავს, სურვილები და მოცემულობები განსხვავდება.
ეს თეატრი, დედაქალაქშია?
კი ბატონო.
არ გვეუბნები?
არ მაქვს ამის გამხელის სურვილი. აქ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, ძალიან კარგი გუნდი მყავს. ამიტომ, სურვილი შეიძლება სურვილად დარჩეს. მაგრამ ერთს ვიტყვი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ჭორს თუ რეალობას ავრცელებს, იმიტომ, რომ ესე იგი ზუსტად ხედავენ ჩემში არსებულ რესურს.
შენი სპექტაკლების გარშემო მუდმივად ორადაა აზრი გაყოფილი, დადგმის დროს თუ ითვალისწინებ მათ აზრს, თუ ყოფილა შემთხვევა, თუნდაც სოც ქსელებში, ვინმეს, თუნდაც უცნობს, გაეკრიტიკებინე და დათანხმებიხარ მათ?
ზუკა, რა თქმა უნდა, კრიტიკას მე ყოველთვის ვიღებდი და ვიღებ. უბრალოდ პროფესიულ კონტექსტზე დაფუძნებულს და არა სხვა პიროვნული თვისებების გამო განხორციელებულ ღვარძლს, კრიტიკის მანტიით შეფუთულს. სულ ვამბობ, ხოლმე არსებობს სპექტაკლებში ადგილები, რომლებიც შესაძლოა სრულიად უცხო ადამიანებმა გადაგიწყვიტოს. რეჟისურა გარდა იმისა, რომ ფორმაზე, ფაბულაზე და იდეაზე უნდა ილაპარაკო არის, ერთი დიდი ენერგიის შექმნა. ნებისმიერი ადამიანის აზრი, შემოქმედებითი გუნდის აზრი, თუნდაც ტექნიკური ჯგუფის აზრი, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი. „კაცია ადამიანის” ფინალი დავდგი, ბოლო დღეს - იმიტომ, რომ ვერაფრით ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა დამესრულებინა, იქ გაჩნდა კონკრეტული აზრი და იმ წამს ვიგრძენი, რომ ეს სწორი იყო. მოხარული ვარ, ნებისმიერი იდეის, კრიტიკის მომწონს, როცა მეუბნებიან იცი ეს სპექტაკლი ძალიან კარგი იყო და ის არა. რატომაც არა?!
როგორც მახსოვს, პედაგოგობას გეგმავდი, ეს მიზანი რა ეტაპზეა?
ჯერჯერობით ეს მიზანი გაჩერებულია. თუ რადიკალური ცვლილება მოხდება ჩემს კარიერაში, აუცილებლად ამ მიმართულებითაც განვაახლებ პროცესს. მგონია, რომ შემიძლია ადამიანებს ბევრი რამ გავუზიარო, მით უმეტეს, ახალგაზრდებს. სულ ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ თუნდაც ის გამოცდილება, რომელიც მე სახელმწიფო თეატრში მუშაობის დროს მივიღე. ის უამრავი პროექტი, რაც განვახორციელე და ის უამრავი სპექტაკლი, რაც დავდგი და ა.შ. ასე, რომ თუ რადიკალური ცვლილება მოხდება ჩემს კარიერაში, მგონია, რომ პედაგოგიურ მოღვაწეობას დავიწყებ.
საბა, საუბრის დროს ვფიქრობდი, ხომ არ ამოგვაგდებდა ეს კითხვა, აკადემიური კონტექსტიდან, მაგრამ ჩემი მიზანი აკადემიურობა ამ წამს არ არის და მაინც დავსვამ ამ კითხვას - შენი შვილის დაბადების შემდეგ შეიცვალა თუ არა პასუხისმგებლობის განცდა? ახლა უფრო გაბედულად იღებ რისკებს თუ პირიქით - გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი სიფრთხილე გაჩნდა?
ამ კითხვის დასმა ჩემთვის ყველაზე დიდი პატივია, არ დაგიმალავ და ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ეს მართლაც ყველაზე დიდი მოვლენაა, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა. მადლობა ღმერთს, სამყაროს, ჩემს მეუღლეს, ჩემს ოჯახს იმიტომ, რომ ეს დიდი სიყვარულისა და სიკეთის ნაყოფია. ყველაფერი შეიცვალა, სამყარო სხვანაირად დავინახე, ადამიანების მიმართ დამოკიდებულებები შემეცვალა. დავინახე რას ნიშნავს იყო მამა, იყო დედა, რა არის ოჯახი და ამ ოჯახის პატივისცემა. ჩემი შვილი დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა და ბედნიერი ვარ. როცა ადამიანი ბედნიერი შეუძლებელია, რომ ის არ იყოს ღია სამყაროსადმი. შევიცვალე მე კი, გაცილებით უფრო დადებითი გახდა ჩემი ენერგია და ამას ვგრძნობ. რთული ადამიანი ვარ - ეს, არ არის ახალი, შეიძლება, ხანდახან გაუგებარიც არის ჩემთან კომუნიკაცია, არც ამას არ დავმალავ. ჩემი შვილის სამყაროში მოვლენის შემდეგ მიხარია, რომ ბევრი დადებითი ემოციის გადატანა შემიძლია სხვა ადამიანებზე და ეს სიყვარული უკუკავშირით მიბრუნდება. ბევრ რამეს ვუფრთხილდები, ბევრ რამეს ვაფასებ. ძალიან ბევრს ვფიქრობ კი. მასთან კომუნიკაცია არის ყველაზე ძვირფასი. არ ვიცი ეს აკადემიური ჩარჩოდან ამოგაგდებს თუ არა, მაგრამ გულწრფელად გეტყვი, რომ ეს კითხვა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე სწორიც რაც შეიძლება საერთოდ ადამიანმა ადამიანს ჰკითხოს.
ჩვენი ინტერვიუ დასარულს მიუახლოვდა, ბევრი ვისაუბრეთ, ბევრ კითხვაზე საუბარი არ გსურდა, ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღე, ისე გულწრფელად რომ გითხრა, ის რესპონდენტი ხარ, რომელსაც ყველაზე დიდი ინტერესით კითხულობენ, როცა ვითვლი რეიტინგებს და წაკითხვების რაოდენობას და ეს მახარებს. მოდი, ბოლო კითხვას დაგისვამ ახლა - საბა რომ წარმოვიდგინოთ, ათი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ ვსხედვართ ინტერვიუზე. რა უნდა იყოს იმ დროისთვის უკვე მომხდარი, რომ თქვათ - „დიახ, ეს იყო ის გზა, რომლის გავლაც მინდოდა"?
საერთოდ მე ისეთი ადამიანი ვარ, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა რომ 10 წლის შემდეგ ქონდეს, ძალიან ზუსტად თანმიმდევრობით მოგიყვე, სახელ-გვარებით, წესდებებით რა მინდა რომ 10 წლის მერე მოხდეს და რა შემთხვევაში ვიტყვი, რომ ხო, აი ეს გზა უნდა გამევლო. საკმაოდ ამბიციური სურვილია, ხანდახან ეჭვი მიჩნდება ხოლმე საკუთარ თავთან, რომ ამბიციამ არ დაგიმონოს (როგორც შექსპირი იტყოდა) საბა, თორემ ამბიციამ თუ დაგიმონაო მერე ისე მოხდებაო, შეიძლებაო წყალში გადავარდეო თავითო მაგრამ მჯერა, რომ 10 წლის მერე როცა 40 წლის ვიქნები, მე და შენ დავსხდებით და მე გეტყვი, რომ აი ეს იყო ზუკა რაც უნდა გამევლო, - ამის მჯერა, რატომ მჯერა ვერ გეტყვი, არაფერი ხელში არ მიჭირავს, საერთოდ არაფერი, ამის რომ მჯეროდეს. მაგრამ მგონია, რომ ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული. მგონია, რომ სამყარო მომცემს იმის შესაძლებლობა რომ მე შენ გიპასუხო - აი, ეხლა იქ ვარ სადაც უნდა ვიყო. მე რას გავაკეთებ ამისთვის ეს სხვა საკითხია, მაგრამ როგორც ანტიკურ ტრაგედიაშია ბედისწერას მივანდოთ ყველაფერი. იმედია ბედისწერა ჩვენს მხარეს იქნება!
მადლობა, საინტერესო ინტერვიუსთვის, მე მაინც გავყვები იმ ჭორაობებსა თუ რეალობებს და ვფიქრობ, რომ დედაქალაქში შევხდებით ერთმანეთს.
ვნახოთ ზუკა. ზუკა ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო ინტერვიუსთვის.