საბავშვო თეატრი - მეოცე საუკუნის ფენომენი
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ანანო მირიანაშვილი
საბავშვო თეატრი - მეოცე საუკუნის ფენომენი
მეოცე საუკუნის დასაწყისში მარკ ტვენი წერდა, ჩემი აზრით, საბავშვო თეატრი ამ საუკუნის უდიდესი გამოგონებააო და მართლაც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პროფესიული საბავშვო თეატრები თითქმის თანადროულად აღმოცენდნენ - აშშ-ში, ევროპასა თუ რუსეთში, მოგვიანებით კი უკვე საბჭოთა ქვეყნების სივრცეში. რასაკვირველია, ბავშვებისთვის წარმოდგენები მანამდეც იმართებოდა. ძირითადად, ეს იყო ოჯახური ტიპის სპექტაკლები, რომლებსაც უფროსები პატარებისთვის მართავდნენ, უმეტესწილად თოჯინების ან მარიონეტების გამოყენებით.
სხვადასხვა ქვეყანაში ასეთი ტიპის თეატრებს სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ: საქართველოში, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებშიც, მოზარდ მაყურებელთა თეატრი, (Театр Юного Зрителя), აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში - თეატრი ბავშვებისთვის ან საბავშვო თეატრი (Theatre for young audiences; Theatre for children). პროფესიული საბავშვო თეატრის ჩამოყალიბებამდე არსებობდა მხოლოდ ზოგადი ცნება „მაყურებელი,“ რომელშიც მხოლოდ ე.წ. ზრდასრული პუბლიკა მოიაზრებოდა, მეოცე საუკუნის დასაწყისში კი გაჩნდა ცნება „მოზარდი მაყურებელი.“
რაში მდგომარეობს საბავშვო თეატრის როლი დღეს? ეს შეკითხვა განსაკუთრებით მწვავედ დგას 21-ე საუკუნეში, ვინაიდან თეატრის ფუნქცია მნიშვნელოვნად გაიზარდა; სკოლასა და ოჯახთან ერთად, თეატრი დიდ როლს თამაშობს ახალი თაობის ჩამოყალიბების პროცესში. ამგვარ თეატრებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით გარკვეულ საკითხებს, რომლებზეც ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალები გამუდმებით კამათობენ. მაგალითად: სად გადის ზღვარი ხელოვნებასა და თეატრის საგანმანათლებლო დანიშნულებას შორის? ვალდებულია თუ არა თანამედროვე თეატრი დადგას მხოლოდ საგანმანათლებლო დატვირთვის მქონე წარმოდგენები? ასეთ შემთხვევაში, ხელოვნება მეორე პლანზე გადადის? საბავშვო თეატრი - საგანმანათლებლო პროცესის ნაწილი თუ ცალკე მდგომი სახელოვნებო სტრუქტურა? როგორ უნდა განისაზღვროს საბავშვო თეატრის სარეპერტუარო პოლიტიკა? უნდა ჩაერიონ თუ არა ამ პროცესში განათლების და კულტურის სამინისტროები (ანდა შესაბამისი სახელმწიფო უწყებანი)? რამდენად კარგად იცნობენ თეატრის მესვეურნი საკუთარ აუდიტორიას, იციან თუ არა მათ თანამედროვე ბავშვების და მოზარდების ინტერესების შესახებ? იცნობენ თუ არა რეჟისორები თანამედროვე საბავშვო ლიტერატურას (ისინი ხომ სულ მცირე 25-30 წლით უფროსები არიან იმ მაყურებელზე, ვისთვისაც ქმნიან წარმოდგენას)? რა ცვლილებები მოხდა საბავშვო თეატრების რეპერტუარში უკანასკნელი ასწლეულის განმავლობაში და რა ტენდენციებთან გვაქვს საქმე 21-ე საუკუნეში? ცალკე განხილვის საკითხია თეატრში ინდივიდუალური და ჯგუფური სიარულის თემა - ვინ უნდა ატაროს ბავშვი თეატრში - სკოლამ თუ ოჯახმა? ვინ იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის ნაცვლად, უნდა დაესწროს იგი რომელიმე კონკრეტულ წარმოდგენას თუ არა? ეს ამ სფეროში არსებული ამოუწურავი შეკითხვების მხოლოდ მცირე ნაწილია. საინტერესოა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაბნეული საბავშვო თეატრები ძირითადად იდენტური პრობლემების წინაშე დგანან, მათი ფინანსური, მხატვრული, შემოქმედებითი, საორგანიზაციო თუ სხვა გარემოებათა მიუხედავად. თითქმის არ არსებობს ქვეყანა, სადაც არ ფუნქციონირებს საბავშვო თეატრი, სადაც ბავშვები დიდი სიხარულით არ მიიჩქარიან წარმოდგენების სანახავად. ამგვარი თეატრი ყოველთვის განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, ხშირად დღეში რამდენიმე წარმოდგენას მართავენ და ასეულობით ბავშვს „ემსახურებიან.“ ყველა თანხმდება იმ აზრზე, რომ საბავშვო თეატრი განსაკუთრებული მნიშვნელობის დაწესებულებაა და განსაკუთრებულ პირობებშიც უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა, სამწუხაროდ, სახელმწიფო და კერძო საბავშვო თეატრებს ფინანსური სუბსიდიების მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა და, ხშირ შემთხვევაში, სხვა დრამატულ თეატრებთან კონკურენციაც კი უწევთ.
როგორც წესი, ყველა მშობელი ცდილობს შვილს ყველაფერი საუკეთესო მისცეს - არ მოაკლოს ხარისხიანი სამოსი, სათამაშოები, წიგნები და საკვები, სუფთა ჰაერი, ეკოლოგიურად მაქსიმალურად სუფთა გარემო, მაღალი დონის განათლება; თუმცა, ზრდასრულთა უმრავლესობა ალბათ არც კი დაფიქრებულა, რომ ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტი და ძვირფასი ფეხსაცმელი, არამედ მაღალი ხარისხის სულიერი საზრდოც - ჩვენ შემთხვევაში, ხარისხიანი თეატრალური პროდუქტი - საგანგებოდ ბავშვებისთვის შექმნილი წარმოდგენა. თუ ასეა, რატომ უწევს საბავშვო თეატრს მუდმივად ბრძოლა არსებობისთვის, რომ სათანადო ადგილი დაიმკვიდროს სხვა პროფესიულ თეატრებს შორის? საზოგადოებაში რატომღაც არსებობს მარგინალიზებული მოსაზრება, რომ საბავშვო თეატრი გარკვეულწილად „არასერიოზული“, „ნაკლებ პრესტიჟული“ შემოქმედებითი ორგანიზაციაა, რომ საბავშვო წარმოდგენის დადგმა სულაც არ არის ისეთი სირთულის მხატვრული ამოცანა, როგორც მაგალითად სხვა დრამატულ თეატრში ე.წ. „საუფროსო“ სპექტაკლის შექმნა. საგულისხმოა, რომ ამგვარი დამოკიდებულება, პირველ ყოვლისა, გავრცელებულია თავად თეატრალურ წრეებში. საქართველოში სულ რამდენიმე რეჟისორს აქვს სურვილი დადგას წარმოდგენები საგანგებოდ ბავშვებისთვის ან რომელიმე კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფისთვის; საკმაოდ მცირეა იმ მსახიობთა რიცხვიც, ვისაც სათანადოდ აქვს გააზრებული საკუთარი დანიშნულება (თუნდაც თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში), უმეტესობა მათგანი მოზარდ მაყურებელთა თეატრს ერთგვარ „დროებით თავშესაფრად“ აღიქვამს, სადაც „სერიოზული“ სამსახიობო კარიერის გაკეთება რეალურად ვერ წარმოუდგენიათ. თუმცა, ეს არ გახლავთ ვიწროდ ქართული პრობლემა, მსგავს სირთულეს თითქმის ყველა საბავშვო (და არა მარტო საბავშვო) თეატრში შეხვდებით. მაგალითისთვის: კოპენჰაგენში, დანიის სამეფო თეატრის შესასვლელში გამოკრულია აბრა წარწერით: „არა მხოლოდ გართობისთვის!“ საზოგადოების ნაწილს ხშირად დრამატული თეატრის მიმართაც კი არასერიოზული დამოკიდებულება აქვს და ამ ფონზე საბავშვო თეატრების მიმართ ერთგვარი „აგდებული“ მიდგომა არცაა გასაკვირი. მით უფრო, რომ საბავშვო თეატრის ისტორია ჯერ მხოლოდ ერთ საუკუნეს ითვლის და ამ ტიპის თეატრებს სათანადო პრესტიჟისა და აღიარების მოსაპოვებლად ალბათ კიდევ გარკვეული დრო და ბრძოლაც დასჭირდება. ხშირად მოგვხვდება ყურში ფრაზები: აბა, რა გეგონა, ეს ხომ საბავშვო თეატრია! სხვას რას ელოდით, ის ხომ მოზარდის მსახიობია, მეტს ვერ მოსთხოვ! საბავშვო თეატრში ექსპერიმენტის ადგილი არ არის.... და ა.შ.
საბავშვო და საყმაწვილო თეატრების სფეროში ყველაზე დიდი და ავტორიტეტული ორგანიზაციაა ასიტეჟი (Association Internationale du Théâtre pour l’Enfance et la Jeunesse - International Association of Theatre for Children and Youth)[1], რომელიც 1965 წელს დაფუძნდა და მიზნად ისახავს საბავშვო თეატრების ან მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციათა/ინდივიდუალურ პირთა გაერთიანებას. ასიტეჟში გაერთიანებულია 80-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც (ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სახით), თუმცა ჯერჯერობით არ გვაქვს ასიტეჟის ქართული სექცია, რადგან ამის საჭიროება არ არსებობს - სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან ცოტა საბავშვო თეატრია, რომლებიც ძირითადად სახელმწიფო დოტაციაზე ირიცხებიან: (ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის გარდა, თბილისში ფუნქციონირებს სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, რომელსაც საკუთარი შენობა არ გააჩნია; აგრეთვე არის მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების გაერთიანებული თეატრი ქალაქ ბათუმში, საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს კიდევ რამდენიმე კერძო თეატრი, მცირერიცხოვანი დასით, რომლებიც სკოლებსა და საბავშვო ბაღებს სააბონემენტო სისტემით ემსახურებიან.) ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, რომელიმე წევრი ქვეყანა მასპინძლობს ასიტეჟის საერთაშორისო მსოფლიო კონგრესსა და ფესტივალს, სადაც საბავშვო თეატრების სფეროში მომუშავე პროფესიონალები თუ მოყვარულები იკრიბებიან; ორი კვირის განმავლობაში იმართება წარმოდგენები, ფორუმები, სემინარები, ვორქშოფები, ასევე მმართველთა საბჭოს შეხვედრები. ყოველწლიურად იბეჭდება ასიტეჟის კრებული, სადაც თავმოყრილია წერილები, კვლევები, რეცენზიები და ა.შ. ასიტეჟის სხვადასხვა ნაციონალური ცენტრიდან. ამგვარი ცენტრები აქტიურად მუშაობენ თავიანთ ქვეყნებში, ორგანიზებას უწევენ ფესტივალებს, გამოსცემენ ჟურნალებს, აქვთ ინდივიდუალური ვებ-პლატფორმები, მუდმივად ჩართულები არიან ქვეყნის თეატრალურ ცხოვრებაში. ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითად, ესპანეთში) ასიტეჟის ადგილობრივი სექცია მხოლოდ მოხალისეების მეშვეობით ფუნქციონირებს, თუმცა არსებობს სხვანაირი მოდელიც, მაგალითად რუსეთში ეს არის სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლებით დაკომპლექტებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოსგან ფინანსდება. სხვა ევროპულ ქვეყნებში საბავშვო თეატრის სფეროს განვითარებას ასევე ხელს უწყობენ ადგილობრივი თეატრალური ინსტიტუციები (თეატრის ინსტიტუტი, კვლევითი ცენტრები, სხვადასხვა პროფესიული გაერთიანება და ა.შ). აშშ-ში საბავშვო თეატრების სფეროში ორი დიდი ორგანიზაცია მუშაობს - ასიტეჟის ადგილობრივი ცენტრი (TYA/USA) და „ამერიკის თეატრისა და განათლების ალიანსი“ (American Alliance for Theatre and Education).
შეიძლება უცნაურადაც კი ჟღერდეს, რომ ამდენი ძალისხმევის მიუხედავად, საბავშვო და საყმაწვილო თეატრების როლი და მნიშვნელობა მაინც არ არის სათანადოდ შეფასებული, საბავშვო თეატრი საკმაოდ უკვლევი სფეროა; თეატრის მკვლევრები, ფსიქოლოგები, სოციოლოგები თუ უშუალოდ ამ დარგში მომუშავე ხალხი პრობლემებს ნაკლებად უღრმავდება, საფუძვლიანი ანალიზი დიდი იშვიათობაა. რასაკვირველია, არსებობენ კონკრეტულად ამ თემაზე მომუშავე სპეციალისტები, თუმცა საბავშვო თეატრების მასშტაბსა და რაოდენობასთან მიმართებაში მათი რიცხვი მცირეა. ჰაიფას უნივერსიტეტის პროფესორი შიფრა შონმანი საბავშვო თეატრებისადმი კრიტიკოსთა ზერელე დამოკიდებულებას ხუმრობით „მძინარე მზეთუნახავის“ ზღაპარს ადარებს: „მძინარე მზეთუნახავის მსგავსად, მკვლევრები ღრმა ძილს მისცემიან და არავინ იცის, როდის გაიღვიძებენ.“
ამ ეტაპზე არ არსებობს საფუძვლიანი კვლევა, სადაც ამოვიკითხავთ თუ რა გავლენას ახდენს თეატრალური ხელოვნება ამა თუ იმ ასაკის მოზარდზე, რა დოზით ავითარებს იგი ბავშვის ფსიქიკას, კრიტიკული და მხატვრული აზროვნების, ცხოვრების აღქმის უნარს. ჩვენ არ ვიცით რამდენად ძლიერი გავლენა აქვს თეატრს მოზარდი მაყურებლით დაკომპლექტებული აუდიტორიის შემთხვევაში; არ არსებობს მეცნიერულად დადასტურებული აზრი იმის თაობაზე, რომ ბავშვი „აუცილებლად“ უნდა დაესწროს ან არ უნდა დაესწროს თეატრალურ წარმოდგენას ამა თუ იმ მიზეზის გამო. საბავშვო თეატრის სფეროში მომუშავე მკვლევრები, თეატრმცოდნეები თუ თეატრის პრაქტიკოსები თანხმდებიან იმაზე, რომ ეს ჯერჯერობით „გაუკვალავი ტერიტორია“ მუდმივ ევოლუციას განიცდის, შესაძლოა იმაზე უფრო სწრაფადაც კი ვითარდება, ვიდრე საუფროსო თეატრის სხვადასხვა ფორმა - სხვაგვარად წარმოუდგენელია, ვინაიდან საბავშვო თეატრი ემსახურება ყველაზე სწრაფად მზარდ და ცვლად აუდიტორიას - ბავშვებს.