top of page

საბედისწერო 23:00 საათი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

826abbbb-7ad9-43b7-9416-a2ad26784249.jpeg

06.04.2026

ბეგი ნიკოლეიშვილი
საბედისწერო 23:00 საათი

რუჯერო ლეონკავალომ ოპერა „ჯამბაზებით“ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო მუსიკის ისტორიაში. ვერიზმის დიდი მიმდევარი უდიდესი ნიჭით და რაციონალურობით შეუდგა ოპერის შექმნას. საოპერო ჟანრში იშვიათია მუსიკასა და ლიბრეტოს ერთი ავტორი ჰყავდეს, მათ შორის ღირსეულ ადგილს იკავებს რუჯერო ლეონკავალო. დიდი კომპოზიტორი ამბობდა, რომ ცხადში შეესწრო ამ ვითარებას, რაც ინსპირაციად იქცა და გენიალურ ქმნილებამდე მივიდა. მეორეს მხრივ არის მტკიცებულება, რომ ოპერის პირველწყარო უკავშირდება ფრანგი დრამატურგის კატულ მენდესის „ტიბარინის ქალს“, ეს უკანასკნელი კი მარი ტენორ ბაუსის „ახალ დრამას“. საჩივრების და მისი უკანგახმობის, ბევრი წინააღმდეგობის, ცვლილებების და კრიტიკის მიუხედავად უმაღლეს დონეზე დაწერა ეს ოპერა რუჯერო ლეონკავალომ. ოპერა დაიწერა ორ მოქმედებად - პროლოგით. ტრიუმფალური მილანური პრემიერის შემდეგ, რომელსაც არტურო ტოსკანინი დირიჟორობდა, „ჯამბაზები“ მსოფლიო საოპერო თეატრთა რეპერტუარში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ხშირად სრულდება სოლო ნომრები - საკონცერტო შესრულებით და ფართო პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო ხელოვნების არეალში. გამონაკლისი არც თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრია, სადაც სხვადასხვა წლებში დაიდგა ოპერა „ჯამბაზები“. 2026 წელს კი განხორციელდა პარმის საოპერო თეატრის პროდუქცია, რომელიც 2014 წელს დაიდგა იტალიელი რეჟისორის ფედერიკო გრაცინის მიერ. თბილისის საოპერო სცენაზე პრემიერა რამდენიმე დღეს გაიმართა, სხვადასხვა საშემსრულებლო დასით. დავესწარი და მოვისმინე მხოლოდ პირველი საპრემიერო დღის წარმოდგენა...

დამდგმელი დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი, დირიჟორი - ლევან ჯაგაევი, რეჟისორი - ფედერიკო გრაცინი, კანიო - კონსტანტინე ყიფიანი, ნედა - ანა იმედაშვილი, ტონიო - სულხან გველესიანი, სილვიო - გიორგი ლომისელი, პეპე - გურამ პაატიშვილი.

ოპერის სასიყვარულო სამკუთხედში, მათ საშემსრულებლო პარტიებში და მხატვრული სახის გადმოცემისთვის სხვადასხვა სირთულეს უნდა გაუმკლავდეს მომღერალი. შესაბამისად არ არის მარტივი ამ რთული ამოცანის დაძლევა, არც არის მართებული ცოცხალ ხელოვნებაში იდეალური ვეძებოთ.

ნედა, რომელსაც კარგად ჰქონდა გათავისებული თავისი პერსონაჟი, გმირის გარდასახვა და ყველა პერსონაჟთან შესაბამისი ინტერპერსონალური დამოკიდებულება, სავსებით მისაღებია. აღსანიშნავია ხმის ტემბრულ-რეგისტრული ბალანსი, სუნთქვის კონცენტრირება და კარგი ფრაზირება. ნედას არია საკმაოდ კარგად გაჟღერდა, ორკესტრის ბუნების და ჩიტების ჭიკჭიკის იმიტირებული მუსიკის ფონზე, სადაც ორკესტრის ფერადოვანი პალიტრა ხელს უწყობს ამ ხასიათს. შენარჩუნებული იყო სისადავე, რომელიც შემდეგში მკაფიო გარდასახვას და განვითარებას განიცდის. უნდა გამოვყოთ გამჭვირვალე ხმის ემისია და სწორი პოზიცია. ნედას კავშირი კანიოსთან და ტონიოსთან სავსებით ნორმალურია, რაც გამოიხატა დუეტებში და დიალოგებში. მიუხედავად ამისა, ნედას მეტი თავდაჯერებულობა უნდა მართებდეს პირველივე გამოჩენიდან, რაც შემდეგ გათავისდა.

ტონიოსთან კავშირი კარგად იყო გადმოცემული, თუმცა ლიბრეტოს თარგმნის დროს გაურკვეველია ნედას გაბრაზების დროს — Aspide! — რატომ არ ითარგმნა უფრო რელევანტურად, ლიბრეტოს წასაკითხ მონიტორზე... კანიოს და ნედას საფინალო სცენა დადებითად არის აღსანიშნავი. შინაგანი ტრანსფორმაცია, რაც მათ შორის წარმოიქმნა, ეს არის ამ ოპერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელიც ერთ დღე-ღამეში ვითარდება და ხორციელდება. რთულია ნედას ვოკალური ხაზი, ის რთული ფართო-სუნთქვის მელოდიკა, ფრაზირება და ემოციური ინტენსივობა, რასაც მომღერლის შერჩევაც სწორად უნდა. ამ შემთხვევაში ახალგაზრდობის მიუხედავად ვფიქრობ ეს სირთულე შემსრულებელმა კარგად დასძლია.

მსოფლიო საოპერო ტენორების რეპერტუარის უდიდესი მონაპოვარია კანიოს ურთულესი პარტია. აქ რთულია გაიაზრო ტრაგიკული პერსონაჟი და ეს შეუთავსო სრულყოფილ ვოკალურ-საშემსრულებლო ხელოვნებას. ის თავიდანვე გაბედულად წარსდგა მსმენელის წინაშე და იგრძნობოდა მეუღლისადმი ყურადღება. საცირკო კომედიანტების დასის ხელმძღვანელი კანიო თავის სტატუსით არ სპეკულირებს, მისთვის მთავარი სცენა და ნედაა. სწორედ აქ უწევს დიდი არჩევანის გაკეთება. ის ელოდება 23:00 საათს დიდი ზეიმით და სიხარულით, რათა სოფელში გლეხები გაამხიარულონ თავიანთი საცირკო წარმოდგენით. მიუხედავად ამისა პარადოქსულია, რომ პიესის სცენარი, რომელსაც კომედია დელ არტეს პერსონაჟები თამაშობენ და მათი ცხოვრების პროტოტიპია...

კანიოს და ნედას ურთიერთდამოკიდებულება სავსებით მისაღებია საფინალო ძლიერ გარდასახვამდე, ტონიოსთან მიმართებით კი მეტად შეიძლებოდა ყოფილიყო. დრამატულად შემზადებული იყო საგრიმიოროში შევარდნა და სილვიოსაკენ უშედეგო დევნა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც მომღერალი და მისი ტემბრი შეესაბამება პერსონაჟს! ხმის სრული ემისია, რეგისტრულ-ტემბრალური ბალანსი და სუნთქვის მხარდაჭერა, ასევე გარდამავალი რეგისტრის სწორი გადალახვა, დრამატული ტენორის ვოკალური სპეციფიკური ნიუანსების გამოკვეთა. ეს ოპერა მოითხოვს ასეთ სრულ და მკაფიო ვოკალურ ემისიას. მსოფლიოში ცნობილი არია „Vesti la giubba“ სავსებით ხარისხიანად და გააზრებულად შესრულდა. გათავისებული იყო ტექსტი, დეკლამაციურ-რეჩიტატიული ხაზი და ფართო-სუნთქვის ღრმა მელოდიკა. „იცინე ჯამბაზო“ - ფრაზა, რომელიც ჯერ პრელუდიაში, შემდეგ არიაში და ბოლოს პოსტლუდიაში ჟღერს, კონცეპტუალური ხაზით და დრამატურგიული დატვირთვით კარგად ჰქონდა გათავისებული კანიოს შემსრულებელსაც. მეორე მოქმედებაში კანიო უკვე ნედას ღალატით შეცნობილი სხვა შემართებით და ამოცანით ემზადება წარმოდგენისთვის.

წარმოდგენის დროს კოლომბინას (ნედა) და კანიოს შორის მეტი დისტანცია უნდა გამოიკვეთოს. ის მზადაა წარმოდგენის სცენარის ფარგლებში მიიღოს რთული გადაწყვეტილება, თუ მას საბაბს მისცემენ. ეს გარდასახვა კარგად რეალიზდა „No, pagliaccio non son“ — აქამდე შემზადება კი არ არის გრადაციული, ეს არის მოულოდნელი ეპიცენტრული აფეთქება, რაც სპექტაკლის კულმინაციას და საბედისწერო ფინალს პროგნოზირებს. კანიოს კარგად ჰქონდა ყოველივე ეს გათავისებული, მისაღებია ეს გარდასახვაც, მაგრამ ფინალი მცირედ შესუსტდა, სადაც ვოკალური სირთულე იჩენს თავს — დიდი კონცენტრირება სჭირდება მაღალი რეგისტრის ჟღერადობას. ასევე ვიტყვი, რომ ფინალში კანიოსთან სასურველი იყო მეტი ფსიქოლოგიური ხაზის გამოკვეთა, აქ კი ნეიტრალურ ფაზაში გვამცნო მან - „კომედიის დასასრული“.

ტონიოს პარტია სავსებით დატვირთული და მრავლისმომცველია. ის ხომ თავიდან ფარდის წინ, პროლოგში, როგორც ტადეო, ისე გვევლინება და საკუთარ თავს პროლოგთან აიგივებს. აღსანიშნავია ბარიტონალური ტემბრი, სუნთქვის კონცენტრაცია და რეგისტრული ბალანსი, ემოციური გამომსახველობის ფრაზირება, პერსონაჟის მკაფიო გამოკვეთა. ტონიო გარდასახვას და განვითარებას არ განიცდის ისე, როგორც დანარჩენი პერსონაჟები. ის არც ტრაგიკული პერსონაჟია და მხოლოდ შურისძიებისა და ბოროტი ზრახვების რეალიზებას უწყობს ხელს.

მის მიერ იგრძნობოდა ეს დამოკიდებულება პერსონაჟთა თანავარსკვლავედში. ინტრიგა, ირონია, თვალთმაქცობა და ცბიერება, რომელიც ბოროტებამდე მიდის, კარგად ჰქონდა გათავისებული ტონიოს შემსრულებელს. მივაქციოთ ყურადღება, რომ ტონიო არ არის იმ დონის ბოროტი მოაზროვნე, როგორც მაგალითად იაგო („ოტელო“). თუმცა შედეგი იგივეა და მიუხედავად ამისა მიზანს უფრო ადვილად ტონიო აღწევს.

იტალიურ ვოკალურ სკოლაში დამკვიდრებულია ტერმინი „voce scuro“, რაც ტემბრის მუქ შეფერილობას გულისხმობს. პირადად მე სავსებით ნორმალურად ვიღებ და მეტიც — ეს ფერი უხდება ტონიოს, როგორც ბოროტ პერსონაჟს და თუ ეს მიზანმიმართულად არის გათავისებული შემსრულებელთან, ეს მსახიობის მაღალ ოსტატობას უკავშირდება, ვინაიდან ოპერის მომღერალთან ტემბრი, პერსონაჟი და ქმედება სინთეზირებული უნდა იყოს.

სავსე და მომხიბვლელი ტემბრი აქვს სილვიოს და ასევე კარგად გააზრებული ჰქონდა მისი როლი ამ ოპერაში. განსაკუთრებით მისი დამოკიდებულება ნათლად იკვეთება ნედასთან მიმართებით, როგორც უკვე ვახსენე - მეტ თავისუფლებას ვისურვებდი მათი დუეტის დროს. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია დეკლამაციური ხაზი და ფართო-სუნთქვის მელოდიკის ბალანსი. მცირე გამოსასწორებელი ნიუანსი შეინიშნებოდა დუეტის დროს ინტონაციურ-პოზიციური ხაზით, რაც ერთჯერადი იყო...

პეპე წარმოდგენაში, არლეკინი, გამორჩეული ტენორული ჟღერადობით ხასიათდება. ის აქტიურად იყო ჩართული დრამის განვითარებაში. პეპე, როგორც კომედია დელ არტეს გმირი - არლეკინი, წარმოდგენაში სილვიოს პროტოტიპია. სწორედ არლეკინი აჟღერებს იმ სიტყვებს, რის გამოც კანიო ეჭვებმა შეიპყრო — ტონიოს პროტაგონისტობით... პეპეს ცნობილი სერენადა სასიამოვნო მოსასმენი იყო. გამოხატული იყო ლირიკული განწყობა და ვოკალურ-ტექნიკური გამართულობა, თუმცა დასაწყისში ხმადაბლა ჟღერდა აკომპანიმენტი, კონტრაბასებისა და ჩელოების პიციკატოების ფონზე, რამაც მომღერლის ინტონაციურ კრიტერიუმზე მცირედ იმოქმედა. სასურველია ამ დროს საორკესტრო თანხლების ხმოვანების დონე მეტად გაიზარდოს და ხელი შეუწყოს მომღერალს სცენაზე. ამ ვითარებამ საბოლოოდ გარკვეული სიმსუბუქე მოაკლო საერთო შესრულებას და სურათს.

ორკესტრი საკმაოდ დატვირთულია პრელუდიიდან პოსტლუდიამდე. აღსანიშნავია, რომ ეს ის შემთხვევაა, სადაც ორკესტრი იყო სავსებით დაბალანსებული. ეს გამოიხატა საორკესტრო ჯგუფებთან, სოლისტებთან და გუნდთან - ჩანდა სრული მობილიზება და კონცენტრაცია. ორკესტრი თუ კარგია, ამის მთავარი ფაქტორი დირიჟორია. არ შეიძლება ყველა კომპონენტი გამართული იყოს ცოცხალი პროცესის დროს, მაგრამ სასურველია ბევრი გამოსასწორებელი ნიუანსი არ იყოს დარჩენილი.

ამ წარმოდგენის დროს ეს ბალანსი აღსანიშნავია. პრელუდია საკმაოდ კარგად დაიწყო თავისი ენერგიული ტონუსით, ტემპო-რიტმით და ინსტრუმენტების ჟღერადობით, სადაც დინამიური ბალანსი შესამჩნევია. გარე ტემპო-რიტმი სავსებით დაცული იყო, მაგრამ შიდა აგოგიკურ ტემპობრივ ნიუანსებს, ვფიქრობ, მეტი ყურადღება სჭირდება. მაგალითად, პრელუდიაში ვალტრონების სოლოს დროს, სადაც ჟღერს კანიოს არიოზოდან ფრაზა — „იცინე ჯამბაზო“, ტემპი უფრო წინ წავიდა და სიდინჯე დააკლდა. გარდა ამისა, ბუნდოვნად ჟღერდა და მეტიც, ინტონაციურად უსუფთაოდ - მცირე მინორული სეპტაკორდი, რასაც ასევე დააკლდა ტენუტოების მკაფიოობა.

მიუხედავად ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ საორკესტრო ბალანსი მთელს ოპერაში სავსებით დაცული იყო. არ იყო ლითონის ჩასაბერი ინსტრუმენტების დომინირება დანარჩენ ინსტრუმენტებთან, რაც ასევე დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ორკესტრში.

უმეტეს შემთხვევაში დაცული იყო აკომპანიმენტის ხმოვანების დონე და ბალანსი სოლისტებთან თუ გუნდთან. კარგად იყო გააზრებული და შესრულებული კრეშენდირებადი სვლის სცენები. ასევე აღსანიშნავია მკაფიო არტიკულაციური ხაზი, რაც ისმოდა საორკესტრო ჯგუფებში და სოლირებულ ინსტრუმენტებში - მაგალითად, ჩელოს სოლო და სხვ.

ამ ოპერაში საკმაოდ დატვირთულია დასარტყამი ინსტრუმენტები, განსაკუთრებით — Timpani, Gran cassa და piatti. ვიტყოდი, რომ ამ ჯგუფთან მაქსიმალური კონცენტრაცია იყო და არ ფარავდა დანარჩენი ინსტრუმენტების ხმოვანებას. მკაფიოდ ჟღერდა არფების გლისანდოები, დასურდინებული ვიოლინოები და პიციკატოები, ფლეიტის გასხივოსნებული ხმოვანება და ხის ჩასაბერ ინსტრუმენტთა დიალოგები.

რეჟისურა ეკუთვნის იტალიელ რეჟისორს ფედერიკო გრაცინის, რომელიც 2014 წელს დაიდგა პარმაში. მთლიანობაში დადგმა საინტერესოა, მომხიბვლელი და სანახაობითი. შეხამებულია კოსტიუმები, დეკორაცია და რეკვიზიტები. ეფექტურად არის გამოყენებული „თეატრი თეატრში“ ტექნიკა.

ინტერმეცოს დროს იხსნება თეატრის ფარდა და რეჟისორი დემონსტრაციულად იყენებს ორ ფარდას, კულისებს და სცენურ სივრცეს. 23:00 საათის მოახლოების დროს კარგად გამოიკვეთა განათების ფუნქციაც. დასასრულს კი კვლავ იხურება როგორც წარმოდგენის, ისე თეატრის მთავარი ფარდა.

მეორე მოქმედებაში ეს ტექნიკა კიდევ უფრო განვითარებულია. მაყურებელი და სცენა ერთმანეთის საპირისპიროდ არის განთავსებული, რაც ქმნის ორმაგ რეალობას - სცენასა და კულისებს შორის.

წარმოდგენის დროს აღსანიშნავია გუნდის თანდათან გააქტიურება, რომელიც სრულფასოვნად მონაწილეობს დრამის განვითარებაში. აქვე ჩანს ცირკის მსახიობები — ილუზიონისტი, ჟონგლიორი...

პარადოქსულია, რომ წარმოდგენის დაწყებამდე მაყურებელი ლიბრეტოს მონიტორზე უყურებს „ჯიმშერისა“ და „ბორჯომის“ რეკლამას. პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს ეწინააღმდეგება ოპერის ესთეტიკას.

მცირე ნიუანსების მიუხედავად, პრემიერამ კარგად ჩაიარა და ნამდვილად შედგა. არ შეიცვლება საბედისწერო 23:00 საათის სცენარი. აქ ხომ „ჯამბაზებია“ - მომღიმარი და ტრაგიკული, თეატრია და მისით ცხოვრების ანარეკლი.

La commedia è finita

bottom of page