top of page

სადაა სამოთხე და სადაა ჯოჯოხეთი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

att.mRduHDJeCPvctjKRh29fOd97d8RQGegbjAnxdRQSk2w.jpg

ლელა ოჩიაური

სადაა სამოთხე და სადაა ჯოჯოხეთი

სამთვიანი პროტესტის შემდეგ, პროტესტის მონაწილე თეატრები შემოქმედებით ცხოვრებას უბრუნდებიან. (პროტესტი სხვა ფორმით გრძელდება). ზოგი დასი რეპერტუარიდან იმ სპექტაკლებს წარმოადგენს, რომლებიც საქართველოში (და არა მხოლოდ) მიმდინარე პროცესებსა და დღევანდელობის პრობლემებს „ეპასუხება“. ზოგი დღევანდელობას ახალი დადგმებით ეხმიანება და თანადროული გზავნილებით მიმართავს საზოგადოებას, რომელიც თეატრისგან სწორედ „ასეთ მიწვევებს“, პრობლემებზე „ასეთ“ დიალოგს, საუბარსა და განსჯებს ელოდება.

განახლებული და ახალი სპექტაკლებით „უბრუნდება“ მაყურებელს დამოუკიდებელი „თეატრი სახელოსნო 42“, ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის ხელმძღვანელობით. ამ ეტაპზე რეპერტუარშია ლევან წულაძის დადგმები - აღდგენილი „დირიჟორი“ (რონალდ ჰარვუდის მიხედვით) და ახალი „ცხვირი“ (რეჟისორის ასისტენტი - მაგდა წულაძე, ტექნიკური რეჟისორი - თამარ ფრუიძე), ნიკოლაი გოგოლის  ნოველის მიხედვით (რომლის პრემიერა მარტის ბოლოს გაიმართა), რომელსაც რამდენიმე დღეში მოჰყვება „ღამის ქალაქის ჩირაღდნები:  ბენზინგასამართი სადგური“, ლევან წულაძისვე ტექსტზე.

სპექტაკლი „ცხვირი“ ნოველა  „ცხვირის“ თავისთავადი ვერსიაა, თავისუფალი ინტერპრეტაცია. ძალიან თავისუფალი ინტერპრეტაცია, ოღონდ მორგებული სიუჟეტზე, ამბავზე, ფორმაზე, ჟანრზე, საავტორო გარდაქმნა-დამატებებით, ახალი პასაჟებითა და არსებულის კუპიურებით, გადაადგილებებით შექმნილი.

სატირული ნოველა, ლიტერატურული აბსურდი, კომედია, გროტესკი, ფანტასმაგორია - ასე განსაზღვრავენ ნოველას კრიტიკოსები და იგივე ჟანრების ერთიანობის, შერევისა და გადაფარვის მიხედვით, შეიძლება ლევან წულაძის სპექტაკლის არსის განსაზღვრაც. საფუძველი და გასაღები ამ, მოვლენებით დახუნძლულ სპექტაკლში, აბსურდულ ამბავში, პირობითობაა, რომლის ნამდვილობაში რეჟისორი და მსახიობები იოლად გაჯერებენ და მახეში თავისუფლად გაბამენ.

ცნობილი სიუჟეტის მიხედვით - დაბალი რანგის კარიერისტმა სახელმწიფო/საჯარო მოხელემ (ნოველაში - პლატონ კოვალიოვი, რომელიც თავს მაიორს უწოდებს და რომელმაც ჩინი, არც მეტი არც ნაკლები, კავკასიაში საქმიანობისთვის მიიღო, სადაც ეს ყველაფერი გაცილებით ადვილად მიიღწეოდა!!! Sic.), რომელსაც სპექტაკლში სახელი არ აქვს და ასევე უსახელო, გაურკვეველი დანიშნულების დაწესებულებაში, გაურკვეველ, განუსაზღვრელ თანამდებობაზე მუშაობს (კარიერული ზრდის პერსპექტივით) - ერთ დილას გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ ცხვირი დაკარგა. შემდეგ, მასთან ერთად დაკარგა -  სახელიც, ჩინიც, კაბინეტიც, თანამდებობაც, საცხოვრებელიც, სოციალური მდგომარეობა/სტატუსიც, ფულიც. მოკლედ, ყველაფერი.

რადგან, უცხვირო ადამიანი არავინაა (გოგოლის თქმით - „ჯერ ერთი, ასეთი ხალხისგან სამშობლოს არანაირი სარგებელი არ აქვს და მეორეც ერთი...  მეორეც ერთიც, არ აქვს რაიმე სარგებელი“ და „ეშმაკმა იცის, რა არის - ჩიტი - არაჩიტი, მოქალაქე - არამოქალაქე“) და ამიტომ, როგორც უსარგებლო და უხეირო ნივთი - სანაგვეზე, მაწანწალებსა და ძაღლებთან ერთად აღმოჩნდება. უსახლკაროდ, უსამსახუროდ დარჩენილი. მისი დაკარგული ცხვირი კი -  ნაგვის ბუნკერში.

ლევან წულაძე (რომელიც თვითონაა ინსცენირების ავტორიც) ამ ფაქტსა და რამდენიმე ხაზს მიჰყვება და საკუთარი გამონაგონითა და თავისუფალი ასოციაციებით, სხვადასხვა ტიპისა და ფორმის ღია და ქვეტექსტური ციტირებებით (ვთქვათ, შექსპირიდან, ბულგაკოვიდან, გოგოლის სხვა ნაწარმოებებიდან) და რეალობიდან, აწყობს დინამიკურად განვითარებული და მახვილი იუმორით სავსე მოვლენების, ეპიზოდების მონაცვლეობით დატვირთული სპექტაკლის სტრუქტურასა და სახეს.

ლევან წულაძე ირეალურობის ატმოსფეროს ქმნის და ქმნის დღევანდელობის რეალურ სურათს, არა ერთი მახასიათებელი და საცნობი ნიშნით და მეტაფორების ჯაჭვით.

სპექტაკლი აგებულია უწყვეტ ტრანსფორმაციაზე - პერსონაჟებისა და ჟანრების, როდესაც დრამა მელოდრამას ერევა, შემდეგ კომედიას, ისევ დრამას, შარჟს, პაროდიას, კლოუნადას, მისტიკასაც კი, და ეს ჩვეულებრივი ვითარებაა, რომელსაც ჩვეულებრივად იღებ, ვითომ ისეთი არაფერი ხდება, რადგან იმაზე მისტიკური და აბსურდული რა უნდა იყოს, ვიდრე ყოველდღიური სინამდვილე და ყოფის შემადგენელი განშტოებებია.

მოქმედება კენჭებიან თუ წვრილღორღიან, მოუვლელ მიწის ნაგლეჯზე ხდება, სახელმწიფო მმართველობითი რგოლის სწორედ იმ დაწესებულების შესასვლელის სიახლოვეს, სადაც ცხვირდაკარგული მოხელე მუშაობს. ლევან წულაძე, როგორც რეჟისორი და როგორც სცენოგრაფი, ასეთი ჩანაფიქრითა და გადაწყვეტით, ქმნის უსახური ორგანიზაციის უმნიშვნელობისა და უფუნქციობის მეტაფორას და აჩვენებს, რამდენად ფუჭი და არაფრის მომტანია ასეთი „სამსახურები“, თანამდებობისკენ სწრაფვა და ფინანსური კეთილდღეობისკენ მიმართული  ადამიანის „ვნებანი“.

„ცხვირი“ პაროდიაა, პირდაპირი მნიშვნელობითა და  ცხოვრებისეულ სიტუაციებზე, თამაშით, ცეკვებით, გარდასახვებით, მხიარული ოინებით, გათამაშებებით, როლების გაცვლებით, შეხვედრებისა და  გამოღვიძებების უცნაურობებით.  ყველაფერი პირობითი და ზღაპრულია. ალოგიკური. აბსურდულ ვითარებას, მეტი და მეტი აბსურდული ამბავი ემატება, ფარსში გადასული ეპიზოდები.

აქ ყველაფერი თითქოს ისეა, როგორც სიზმარში. ამჯერად, ცხვირდაკარგული მოხელის სიზმარში (როგორც ეს ნოველის პირველ ვერსიაში ყოფილა), რომელიც ორჯერ გაღვიძებით - დასაწყისში და ბოლოში - იკვრება. მოვლენების განვითარების აბსურდულობისა და თხრობის არარეალობის შინაგანი ლოგიკა აშკარაა. მაყურებელი ამ ამბავში გაუცხოების გარეშე ერთვება და კითხვის ნიშნები, ეჭვები და ორჭოფობის გრძნობა არ უჩნდება. 

თითქოს, რაც სინამდვილეა, რეალობის კონტურებს კარგავს და პირიქით. შეთხზული სამყარო ნამდვილდება და პირს იცვლის. ეს ადგილი და ნაგვის ბუნკერი კი - ჯოჯოხეთის კარიბჭეა, საიდანაც კვამლი იფრქვევა, საიდანაც მაწანწალების ნიღბებმორგებული ალქაჯები მოძვრებიან. და შემდეგ - ცხვირი, რომელიც იქ პირადად ალქაჯებმა გადააგდეს, მოხელის სახიდან მისი, თითქოს რიტუალური მოკვეთის შემდეგ. და უკვე მართლა რთულია გარჩევა, სადაა საოცნებო სამოთხე და სად - ჯოჯოხეთი.

„ცხვირის“ პერსონაჟები  (რომლებსაც, მოხელის მსგავსად, სახელები არ აქვთ) და მონაწილეები არიან - მთავარი გმირი - სახელმწიფო მოხელე - ნიკა კუჭავა, მისი დაკარგული და თანამდებობებზე დაწინაურებული, ასევე მთავარი - „გაადამიანურებული“ - გმირი -  ცხვირი - ნიკა ხრიკული; მეეზოვე/დარაჯი და შემდგომ, მოხელედ დაწინაურებული - ონისე ონიანი; სახელმწიფო მოხელეებისა და გაზეთის რედაქტორის „სამდივნო“, „მსახურთა“ ამალა - ანკა ვასაძე, ანუკა გრიგოლია, თეონა ქოქრაშვილი და მთავარი, თაღლითი ალქაჯების სამეული - ბაია დვალიშვილის, მანანა კოზაკოვასა და დუტა სხირტლაძის შესრულებით.

თითოეულის, ხასიათი, სპეციფიკური, კონკრეტული და ზოგადად გამოხატული თვისებები, ცვალებადი იმიჯები მყარდება და იკვეთება იმ კოსტუმების სპეციფიკურობისა და თავისთავადობის  მიხედვით, რომლებსაც ისინი სხვადასხვა ვითარებასა და პირობებში ატრებენ. ნინო სურგულაძე ზუსტ და მეტყველად შესაფერის სტილებს, თარგებს, ქსოვილებს, დეტალებს იყენებს და სამოსის „გალერეის“ მრავალფეროვნებით, პერსონაჟების ხასიათებს, სოციალურ თუ შინაგანი მდგომარეობას, თითოეულის თვისებებს გამოხატავს. და ზუსტ ტონალობას აძლევს, მათი სამყაროს თავისთავადობის ამოსახსნელად.

ნიკა კუჭავა ნელ-ნელა ხსნის და თავისუფლად და ლაღად აჩვენებს ისეთი ტიპის მოხელეების სახეს, რომლებიც თავს აჯერებენ, რომ რაღაცას წარმოადგენენ, რომ მიაღწიეს და მყარად უკავიათ სასურველი, მართალია, წვალებით, მაგრამ საიმედოდ მოპოვებული ადგილი და მის შენარჩუნებას მლიქვნელობით, მორჩილებით, შემგუებლობით, საჭირო „წესების დაცვით“ ცდილობენ და ახერხებენ და არა შესაძლებლობებისა და უნარების მიხედვით. რომლებსაც „სჯერათ“, რომ  სახელმწიფო მოხელეს არ შეიძლება ჰქონდეს საკუთარი აზრი  და არ შეუძლია ისე იცხოვროს, როგორც უნდა და მოსწონს.

მსახიობის გარეგნობა, რბილი ნაკვთები, უწყინარი, კეთილი სახე და გამომეტყველება, თითქოს გულუბრყვილობა პერსონაჟის ნამდვილ თვისებებს არ შეესაბამება. და ეს მაყურებელს „ატყუებს“.  შეიძლება ის ოდესღაც იყო კიდეც ასეთი, მაგრამ ნიკა კუჭავა ნელ-ნელა არღვევს ამგვარი მიმზიდველობის ილუზიას და მსგავსი კატეგორიის ადამიანებისთვის დამახასიათებელ ჩვეულ სიბრიყვეს, უგერგილობას, სიფრთხილეს, შიშებს ზუსტი ტონალური შეფერილობით ამჟღავნებს. ნამდვილ ბუნებას ააშკარავებს, ფსიქოლოგიის სხვადასხვა ნიუანსის გამოყენებით, იმით, თუ, რას და როგორ ამბობს და ჰყვება, რა ინტონაციით, ემოციის რა ხარისხით, როგორი გამომეტყველებით, განწყობითა და განწყობების მრავალფეროვანი ცვალებადობით. სიარულის მანერითა და ვითარების მიხედვით, პლასტიკის გარდასახვით.

საერთო ხასიათიდან და მოცემულობიდან გამონაკლისია მისი და ამ ეტაპისთვის ყოფილი ხელქვეითის - ანკა ვასაძის შესრულებით - რომანტიკული ურთიერთობის სცენები. მართალია, ნაგვის ბუნკერთან და მის სახურავზე, და მართალია, ჰაერში მოფრიალე და არაბუნებრივად განათებული ცელოფნების გარემოცვაში, მაგრამ მაჟორული მუსიკის თანხლებითა და პერსონაჟების ემოციური და თითქოს ნამდვილი გრძნობების წამიერი გათავისუფლებით, ადამიანური თვისებების, უანგარო სიყვარულის შესაძლო დაბადებისა და მოხელის გაადამიანურების შესაძლებლობაზე რომ მიანიშნებს.

ეს ეპიზოდი, ერთადერთია სპექტაკლში, რომელიც მოვლენების „ჩვეული“ მსვლელობიდან განსხვავებულია, გადახვევაა და იმედის მკრთალი სხივით გადასერილი. ანკა ვასაძის გმირიც გამონაკლისია და დანარჩენების წესებით ჯერჯერობით არ ცხოვრობს. ის ჯერ კიდევ ტკბება ნამდვილი ცხოვრებით და გულწრფელია. უბრალო და ლაღია, ნამდვილი გრძნობებითაა დამუხტული,  თუმცა მისი ასეთი სწრაფვები მალევე სრულდება და ისიც, სხვებს ემსგავსება, ხელოვნური და „სტანდარტული“ ხდება.  აქაც ყველაფერი ისეა, როგორც ცხოვრებაში. მხოლოდ განსხვავებული შეფუთვით. მხატვრული და პირობითი ნიშნების სისტემით, აქცენტებით შეთხზული.

შემდეგ ნიკა კუჭავას გმირი, როგორც ასეთივე შეუმდგარ და ამითაც გაბოროტებულ არსებებს რეალობაში სჩვევიათ, საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად, ძალადობს კიდეც მასზე. ძალადობს სუსტზე და ყველაფერს საბოლოოდ ხაზს უსვამს.

ცხვირის დაბადება მაშხალისა თუ ტყვიის გავარდნას, ამოხეთქვას, გასროლას ჰგავს. ის ნაგვის ბუნკერიდან აღმოცენდება და ადამიანის სახემიღებულ სატანად ევლინება სამყაროს. დაბადებას ზრდის, ფეხზე დადგომის, სიარულის, საუბრის სწავლის პროცესი მოჰყვება. ნელ-ნელა ფეხს იკიდებს.  მოხელეს ჯერ ბავშვივით დამალობანას ეთამაშება. ცელქობს. შემდეგ, თითქოს უწყინარი თამაშითა და ჭირვეულობით, მის გახდას, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ნივთების მითვისებას იწყებს. და მის ადგილს იკავებს. გარკვეული დროის შემდეგ, უფრო მაღალ პოზიციას აღწევს და კიდევ ერთხელ გარდაისახება. ნამდვილ სახეს, არსს, თვისებებს უფრო და უფრო აშკარად ამჟღავნებს.  მოხდენილ, მომხიბლავ, მაცდურ, ცბიერ, თავხედ ეშმაკად გადაიქცევა, დახვეწილი მანერები აქვს, ელეგანტურ, ძვირფას კოსტუმს თავისუფლად ატარებს. დასაწყისში, „დაბადებისას“, ფაფარივით გაშლილი თმები, მოწესრიგებულად აქვს დაწნული, წარბს ზემოთ ელვასავით შავი ნიშანი, დამღა აზის. თამამად და გაბედულად მოქმედებს და ქვეშევრდომებს და ყოფილ პატრონს ფიზიკურად და მორალურად ჯაბნის. და ძალინ ემსგავსება - ვიზუალურადაც და შინაგანადაც - მაღალი რანგის ნაცნობ და მსგავსი თვისებებიდ თანამდებობის პირს + ბიზნესმენს - რეალობიდან.

ნიკოლოზ ხრიკული - სტუდენტია, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიმიტრი ხვთისიაშვილის სახელოსნოში, III კურსზე სწავლობს, თუმცა „დიდ სცენებზე“ უკვე რამდენიმე როლი აქვს შესრულებული და არ ჩამორჩება გამოცდილ და გამორჩეულ პარტნიორებს. სამსახიობო მონაცემებთან ერთად აქვს სარეჟისორო ამოცანების, ატმოსფეროს ზუსტი შეგრძნება, პერსონაჟის ბუნების  ზუსტად გააზრების უნარი. მისი კიდევ ერთი გამორჩეული და მახასიათებელი მონაცემი - განსაკუთრებული პლასტიკაა, გველივით მოქნილია, სხარტი, დაუჯერებელი ძალით ფლობს სხეულს, რასაც ორგანულად იყენებს პერსონაჟის სახის შექმნისას.

მედროვისა და მდგომარეობის მიხედვით ცვალებადი ქცევებისა და განდიდებული მდაბიოს ტიპურ სახეს ქმნის ონისე ონიანი. მისი მეეზოვე/დარაჯი და პირველაღმომჩენი - ჯერ მოკრძალებული, თითქოს არაგულგრილი, გარემოს დასუფთავებაზე (მართალია,  ვალდებულებიდან გამომდინარე), მზრუნველი, უბრალო და იაფფასიან ტანსაცმელში ჩაცმული ასაკოვანი კაცი, მას შემდეგ, რაც პირველი მოხელის კუთვნილ თანამდებობას იკავებს, მკვეთრად იცვლება და ნიკა კუჭავას პერსონაჟს ამცირებს, ქედმაღლურად და დამცინავად ექცევა. პიროვნულად განადგურებსა და დაკნინებას ცდილობს.

წითური პარიკი, მკვეთრი და ექსპრესიული გრიმი, მასაც ეშმაკისეულ, „ხელოვნურ“ ელფერს სძენს და მსახიობიც მკვეთრად ცვლის მოქმედების, მოძრაობის მანერას, პლასტიკას, ინტონაციებს, ფიზიკურადაც თითქოს გარდაისახება და ნამდვილ არსსაც აჩენს. და პერსონაჟს, როგორც სიმბოლურ სახეს, როგორც ბნელი ძალების ერთ-ერთ წარმომადგენელს, ოსტატურად ასახიერებს. 

მოვლენების მთავარი წარმმართველი ძალა - მანანა კოზაკოვას, ბაია დვალიშვილისა და დუტა სხირტლაძის ალქაჯების განუყრელი სამეულია - რომლებმაც მთელი ეს ამბავი წამოიწყეს [შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმრის“ (რომელიც ლევან წულაძეს, სხვათა შორის, დადგმული აქვს) ფერიებისა და პაკის მსგავსად, თუმცა, კონტრაპუნქტით - სიკეთესა და ბოროტებას შორის] - სამსახურის კართან  ქუჩაში რატომღაც ჩაძინებულ მოხელეს ოინი მოუწყვეს და ბედი გადაუწყვიტეს. რომლებიც სულ სცენაზე არიან, ან მოქმედებენ, ან აკვირდებიან. მუდამ თან სდევენ ნიკა კუჭავას გმირს, ხან სად შეეყრებიან და ხან სად.

ესაა მკაფიოდ, ინტენსიურ ფერებსა და მანერაში, სიტყვის წარმოთქმის მრავალგვარობისა და მდიდარი პლასტიკური გამომსახველობითი საშუალებებით შექმნილი  გროტესკული პერსონაჟები. ცოცხალი, სიცოცხლით სავსე ხასიათების ნიშან-მახასიათებელებით.

ეს სამეული - თითქოს ალქაჯებიც არიან უილიამ შექსპირის „მაკბეთიდან“ და ვოლანდის ამალასაც გვანან - მიხეილ ბულგაკოვის  „ოსტატი და მარგარიტადან“ და  კლოუნის კოსტუმებში, პარიკებსა და უტრირებულ გრიმში გამოწყობილ, მოხეტიალე ცირკი-ბალაგანის მასხარებსაც - როგორც მეტაფორას - სხვადასხვა ნაცნობი თუ უცნობი ტექსტებიდან, ან მათ „ანალოგებს“ - ცხოვრებიდან.

მანანა კოზაკოვას, ბაია დვალიშვილისა და დუტა სხირტლაძის პერსონაჟების სახით, ალქაჯები, ავი სულები, ეშმაკები ისევ დაბრუნდნენ დედამიწაზე, საიდანაც შეიძლება არც არასდროს წასულან. მაგრამ კვლავ დადგა მათი გამოჩენისა და ამოქმედების, ადამიანებისთვის ახალი განსაცდელის მომზადებისა და ახალი შანსის მიცემის დროს, სიკეთის სასარგებლოდ არჩევანის გასაკეთებლად.

ისინი, საჭიროების მიხედვითა და მაგიური ძალების ფლობის წყალობით, მარტივად იცვლიან სახეებს, „პროფესიას“, სიტუაციებს,  სხვადასხვა პერსონაჟად გარდაისახებიან. კომიკური ხერხებისა და კომედიური სიტუაციების ფეიერვერკს ქმნიან, ფანტასმაგორიულ გარემოებებს მოხდენილად ერგებიან და ყველასა და ყველაფერს მართავენ - ექიმის, ჟურნალისტისა და ძაღლის როლებშიც და „საკუთარ“ ტყავში ყოფნისასაც.

ისინი ყველგან არიან, სადაც ადამიანია, ყველაფერს ხედავენ, აკვირდებიან და აფრთხილებენ, მაგრამ უშედეგოდ. ადამიანის ვნება - მოიხვეჭოს, მართოს, ქედმაღლურად უყუროს ქვეშევრდომებს, ზემდგომებს - დამამცირებლად ემსახუროს, შეიქმნას კეთილდღეობის იმიჯი და არა განვითარებაზე, არამედ პრივილეგიებზე იზრუნოს - ალქაჯების უსაზღვრო ძალაზეც მეტია.

დუტა სხირტლაძის, ბეწვის ქურქსა და ყურებიან ქუდში გამოწყობილი ძაღლი, ნიკა კუჭავას გმირს ადამიანურ და გასაგებ ენაზე, მშვიდად, სევდიანად და შემდეგ ზეაწეული ემოციით ესაუბრება - ძაღლურ და ტანჯულ ცხოვრებაზე უსამართლო სამყაროში. და გაჯერებს, რომ ძაღლი შეიძლება სწორედ ასეთი იყოს და შეუძლია „სწორედ“ ასე იმოქმედოს და ასეთ კონტაქტში შევიდეს ადამიანთან.

მანანა კოზაკოვა ექსცენტრიკულ „ფსევდო“ ექიმად იქცევა, რომელმაც ცხვირის მიკერების აბსურდული ოპერაცია უნდა ჩაატაროს.  ის მკვეთრად გამოთქმული ტექსტითა და გამომსახველი მიმიკით, სწრაფი და ხისტი მოძრაობებითა და ჟესტიკულაციით ზოგადად ნაცნობ სიტუაციებსა და „ნაცნობ“ პერსონებს ლაღად და თავისუფლად, სრული გახსნილობით ასახიერებს და მათ კრებით სახეს, როგორც შარჟს, წარმოადგენს.  

ბაია დვალიშვილიც, გაზეთის რედაქტორის როლში,  საზოგადოების იმ წარმომადგენლების კრებით სახეს თავისუფალი, ცოცხალი და მოქნილი კომედიური ხერხებით ქმნის, ლაღი და დინამიკური შტრიხებითა და ნიუანსებით, რომლებისთვის სიტყვის თავისუფლება, ზოგადად თავისუფალი აზრის არსებობა, ადამიანის ნება და არჩევანის დაშვება არაფერს ნიშნავს და ადამიანის გასაჭირზე ფიქრი და ზრუნვა - უფრო არაფერს.

მეორე და მოვლენების მმართველი მთავარ სამეულისგან  განსხვავებული -  ანკა ვასაძის, ანუკა გრიგოლიასა და თეონა ქოქრაშვილის ჯგუფია. ისინი  ჯერ ცხვირდაკარგული მოხელის თანამშრომლებს, მომსახურე პერსონალს, „მოახლეებს“ წარმოადგენენ, შემდეგ - მისი ცხვირისას;. ინდივიდუალობასა და პიროვნულობას მოკლებულები, ყველა ეპიზოდში ხელოვნური ინტონაციით საუბრობენ, ჩიტებივით, უფრო ზუსტად, თუთიყუშებივით სწრაფად და სრულიად გაურკვეველ ენაზე ჭიკჭიკებენ, ხაზგასმით მანერულად, სტილიზებულად და აზრის არსებობის მიღმა. და ასევე, მექანიკურად და ხელოვნურად, თითქოს, აჩქარებულ ტემპში მოძრაობენ და მოქმედებენ. საკუთარი არაფერი აქვთ, სამაგიეროდ, ზუსტად იციან, როგორ და რა საშუალებით შეიძლება უფროსების ყურადღების მიპყრობა და მათგან რაიმე სარგებლის მიღება.

თუმცა, შემდეგ მათ ანკა ვასაძის პერსონაჟი გამოეყოფათ და წითელ კაბაში გამოწყობილი, „რომანტიკულ“ თავგადასავალში ებმება. ანუკა გრიგოლია და თეონა ქოქრაშვილი - რედაქციაში მდივან-მემანქანეებად გადაიქცევიან, „მექანიკურ“, საკუთარი აზრისა და პოზიციის, ინდივიდუალური თვისებების არმქონე არსებებად, ლეპტოპებზე რაღაც აბსურდულ ტექსტებს ბეჭდავენ და ასევე, მექანიკურად იმეორებენ ვიღაცის აზრებს. 

პარალელურად და თითქმის ყველა პერსონაჟის მონაწილეობით, სპექტაკლში ჩართულია თითქოს განყენებული ეპიზოდები, რომლების გადაწყვეტის პირობითობა შიდა პირობითობის ჩარჩოებსაც ცდება. როდესაც ყველა ერთად ცეკვავს, სწორ ხაზად ჩამწკრივებული და სინქრონულად.

მოქმედების, მოვლენების არსისა და ბუნების გამომხატველი პლასტიკური ხაზები, თინათინ წულაძის ქორეოგრაფიულ-პლასტიკურ გადაწყვეტაში უფრო მეტად გამოკვეთენ პერსონაჟების ხასიათებსა და სადადგმო ხერხებს, მხატვრული გადაწყვეტის თავისებურებას. მის ტემპო-რიტმსა და ატმოსფერულ თუ სიტუაციურ გარემოებებს. პერსონაჟების საერთო ფერხულში ჩაბმის დროს,  თუ  ცალკეული „ნომრების“  - დამოუკიდებელი, სოლო, წყვილებისა და სამეულების მიერ შესრულებისას. პლასტიკაში, რიტმში აგებულ ამ სცენებში უფრო ღრმად იხსნება მოვლენების არსი, განზოგადების ხარისხი იზრდება, საერთო რიტმიკა და საერთო დინამიკა სპექტაკლის სარეჟისორო ჩანაფიქრის იდენტურია, რაც, მთლიანობაში, მხატვრულ, სტილურ ფორმებს კიდევ ერთ შრეს ამატებს.

მხატვრული სახის მოცულობითობა კიდევ დრო მთლიანდება და პირდაპირი მნიშვნელობით, ჰარმონიაშია ზურაბ გაგლოშვილის მუსიკალურ გაფორმებასთან, მის შერჩეულ მუსიკალურ - მელოდიურ თუ კონტრაპუნქტულ თემებთან, რომელმაც მშვენივრად გრძნობს სპექტაკლის ხასიათს, რაობას, მუსიკალური ჩართულობის გამომსახველობასა და დატვირთვას.

დრო გადის და უეცრად, სამყარო ისევ ჩვეულებრივდება, მისთვის - ნიკა კუჭავას გმირისა და გარშემომყოფისთვის. ალქაჯები მიდიან, ცხვირი ადგილს უბრუნდება და ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ცხოვრება „ლაგდება“.  ჯადოსნობა ძალას კარგავს, რადგან არაფერი მომხდარა. და რა თქმა უნდა, არც ეს - სიზმარი, ხილვა თუ მატერიალიზებული ფიქრები იქცევიან მაგალითად თუ გაკვეთილად ტვირთმოხსნილი და უფლებებაღდგენილი მოხელისთვის საკუთარი თავისა და ცხოვრების წესის გადაფასების, შეცვლის საფუძვლად.

თუმცა, სანამ ეს მოხდება - სპექტაკლის მსვლელობისას სულ არსებობს კითხვა - როგორი იქნება ფინალი, ლევან წულაძის ვერსიით?  მაყურებელიც, ნიკა კუჭავას გმირთან ერთად, რომელსაც დროებით მაინც უწევს არჩევანის გაკეთება და ცთუნებიდან თავის დახსნის შანსიც უჩნდება, ორჭოფობს. და სადღაც, გულის სიღრმეში, სხვაგვარი შედეგის იმედი აქვს. რა თქმა უნდა, ასე არ ხდება. რადგან დღეს შეუძლებელია ასე მოხდეს, რადგან  სურვილების, იმედებისა და ოცნებების დრო აღარაა. დაუჯერებელი სწორედ პირიქით იქნებოდა.

ლევან წულაძის „ცხვირი“ ბევრს გააბრაზებს. მთავარ გმირში ბევრი დიდი თუ პატარა მოხელე და პირადი სარგებლობის მიზნით, მათი ბევრი თაყვანისმცემელი ამოიცნობს თავს. ცხვირის პროტოტიპებიც ადვილის ამოსაცნობია. „ცხვირი“ - პირდაპირი, ქრესტომათიული „გაკვეთილია“ ნებისმიერი - დიდი თუ პატარა - თანამდებობის პირისა და მათი ქვეშევრდომებისთვის,  დაქვემდებარებული წრეების სფეროდან, მათ ფრთებქვეშ კარგად რომ გრძნობენ თავს, კრიზისის დადგომამდე და ამაზე პასუხისმგებლობის პროცესის დაწყებამდე. რისი დროც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დგება ხოლმე.

ლევან წულაძემ ნიკოლაი გოგოლის „ცხვირი“ წლების წინათაც, თეატრალურ სარდაფში რუსთაველზე დადგა, შემდეგ - მისივე „შეშლილის წერილები“ - მარჯანიშვილის თეატრში და ახლა, გოგოლს ისევ „ცხვირით“ დაუბრუნდა, ოღონდ სრულიად განსხვავებული სათქმელითა და მიზეზით, განსხვავებული პრობლემატიკის წინ წამოწევითა და პოზიციით. რადგან დღეს სხვა დროა, სხვა პრობლემები, საზოგადოებაც და ცხოვრებაც სხვაა და ლევან წულაძე, როგორც მოქალაქე, როგორც მოაზროვნე რეჟისორი, რომელსაც არც სითამამე აკლია, არც პიროვნული და შემოქმედებითი თავისუფლება, რომელიც არათუ გარედან გულგრილად, მშვიდად და აუღელვებლად აკვირდება მოვლენებს და არა მხოლოდ „სპექტაკლებს დგამს“, არამედ, პირდაპირი მნიშვნელობით ასრულებს თეატრის (ხელოვანის) უმთავრეს დანიშნულებას, ფუნქციასა და მისიას - გვერდით დაუდგეს და დაეხმაროს ადამიანს, გადაიტანოს პრობლემები და რეალობას მასთან ერთად პირდაპირ შეხედოს.

და თუ „ცხვირის“ ფანტასმაგორიულობიდან და მოულოდნელობებით აღსავსე ცხოვრების დასაშვები შესაძლებლობებიდან და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების რწმენიდან გამომდინარე,  წარმოვიდგენთ - შეიძლება მოვიდეს დრო და ლევან წულაძემ ნიკოლაი გოგოლის ეს ჯადოსნური ნოველა მესამედაც დადგას, განსხვავებული სახელმწიფოს განსხვავებულ და ახალი ტიპის საჯარო მოხელეზე, რომელიც თავიდან და სხვანაირად დაიბადება და რომლის არჩევანიც და ამდენად, ღამეული თავგადასავლის ფინალიც, დღევანდლისგან განსხვავებული იქნება.

ფოტო: გიორგი ცაავა

bottom of page