სად არის შენი ბედნიერება, ნაზი?!

 „წმინდა ნაწილები“ სამეფო უბნის თეატრის სცენაზე

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

278905538_10160181994601103_684860403749483015_n.jpeg

ლაშა ჩხარტიშვილი

 

სად არის შენი ბედნიერება, ნაზი?!

 „წმინდა ნაწილები“ სამეფო უბნის თეატრის სცენაზე

 

„წმინდა ნაზი ახალი სიმბოლოა ჩვენი ეკლესიისა,

დავიწყებულის გაცოცხლება.

წაიღეთ მისი ხელთუქმნელი ხატი და ჩვენს ეკლესიაში დაასვენეთ,

რათა განმტკიცდეს საძირკველი ეკლესიისა და კაცისა,

რადგან საძირკველი ღვთისა არის ფუძე ჩვენი სამშობლოსი.

დალოცვილები იყავით.“

ვალერი ოთხოზორია „წმინდა ნაწილები“, 2022.

 

 

აღდგომის წინაღამეს, საქართველოს საპატრიარქოს მიერ მღვდელმსახურება აღკვეთილმა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ, საკუთარ Facebook გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა ქრისტეს საფლავზე წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის სასწაულის შესახებ. ,,არავითარი ცეცხლი ზეციდან არ გადმოდის. ყოველწლიურად, დიდ შაბათს იერუსალიმში, ქრისტეს ყოფილ საფლავზე, თავად იერუსალიმის პატრიარქი ანთებს სანთელს და აკურთხებს ცეცხლს, რაც განასახიერებს ქრისტეს ღვთაებრივ ნათელს და სიბნელეზე გამარჯვებას. ეს დაადასტურეს იერუსალიმის სინოდის წევრებმა, მათ შორის მიტროპოლიტმა კორნელიმ, რომელმაც პატრიარქ დიოდოროსის გარდაცვალების გამო მოსაყდრედ არჩეულმა თავად გამოიტანა წმინდა ცეცხლი პატრიარქის ნაცვლად 2001 წელს. არცერთი დიდი წმინდა მამა და მასწავლებელი ეკლესიისა, მთელი ოცი საუკუნის განმავლობაში არ საუბრობს ამ ფსევდო სასწაულზე. არცერთი საეკლესიო წმინდა წიგნი ამ ფაქტს არ ადასტურებს. კომენტარებში დავდებ სათანადო წყაროებს! საქართველოს საპატრიარქომ უნდა შეწყვიტოს ხალხის გამოთაყვანება და მოტყუება..." - წერდა ჭიღლაძე. მისი ეს მოსაზრება ელვისებური სისწრაფით გავრცელდა სოციალურ ქსელში და ინტერნეტ გამოცემების „ჰიტნიუსად“ იქცა. კომენტარებში მკითხველის აბსოლუტური უმრავლესობა აკრიტიკებდა დეკანოზს და ბევრი პირდაპირ წერდა, რომ მათ სწამთ და არ სურთ ეჭვი შეიტანონ სასწაულის ნამდვილობაში. ყველა ადამიანს მხოლოდ იმისი სჯერა, რაც სურს და ამ რწმენას და ცრურწმენას  შესაბამისი არგუმენტებით ამყარებს.

 

ვალერი ოთხოზორიას ახალი პიესის - „წმინდა ნაწილები“ (რომელიც აუცილებლად გახდება ფართო განსჯის საგანი არა მხოლოდ განსხვავებული ენობრივი სტრუქტურის, არამედ მასში მწვავედ და სწორად დასმული პრობლემის გამო), მთავარი გმირი, მონაზონი ნაზი დაავადებულთ სასწაულებრივად კურნავს, მაგრამ მას განკურნებულები პოლიციაში უჩივიან. მის დასჯას მოითხოვენ იმის გამო, რომ ბრმას თვალები აუხილა, კოჭლი - მოარჩინა და ყრუს სმენა - დაუბრუნა... ცხადია მომჩივნები - კოჭლი, ბრმა და ყრუ ალეგორიულად არიან დაავადებულნი. ისინი საზოგადოებას განასახიერებენ, რომელსაც განკურნება (მხედველობის, სმენის, ჭეშმარიტების აღქმის უნარის დაბრუნება და ა.შ.) მაინც აღარ სურს. ისინი იმ ბრბოს ჰგვანან, რომელთაც ბრმად და ყრუდ ცხოვრება ურჩევნიათ...

 

არ ტყუოდა სამეფო უბნის თეატრისა და თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრის (იგივე თემურ ჩხეიძის სახელოსნო) არაფორმალური სამხატვრო ხელმძღვანელი დათა თავაძე, როცა Facebook-ზე მორიგი პრემიერის „წმინდა ნაწილები“ პოსტერი[1] (ავტორი თამარ ოხიკიანი) წარუდგინა „მრევლს“, რომლითაც ის „პირდაპირ, უბოდიშო, გაბედულ და თამამ“ პრემიერაზე ეპატიჟებოდა მაყურებელს.

 

სამეფო უბნის თეატრში პრემიერაზე, მართლაც დამხვდა, როგორც დადგმის ხელმძღვანელი დათა თავაძე ამბობდა, „საოცრად პირდაპირი მასალები, ყველანაირი ტყუილი რევერანსებისა და თითის წვერებზე სიარულის გარეშე“. თეატრიდან გამოსული, ერთი მხრივ, მონუსხული დავრჩი ნანახით, გონებაში ვიმეორებდი ფრაზებს სპექტაკლიდან და აღვიდგენდი მსახიობთა მიერ გათამაშებულ ეპიზოდებს. მეორე მხრივ, ვფიქრობდი სპექტაკლში ნანახ, მოსმენილ და შეთხზულ ისტორიებზე, რომელიც ცხოვრებაშიც (ტელევიზიით თუ ზეპირსიტყვიერად) არაერთხელ გვინახავს და გვსმენია. თეატრში ნანახის შეფასებისას ერთადერთი სიტყვა, რაც გონებაში მიტივტივდებოდა იყო - შოკი (ამიტომაც მივედი მეორედ სპექტაკლის სანახავად, რადგან დავრწმუნებულიყავი ჩემს პირველად აღქმასა და სპექტაკლის ნახვის შედეგად გამოწვეულ ემოციებში).

 

შოკის მიუხედავად, იმაში ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ სამეფო უბნის თეატრში მისული სპექტაკლის ავტორებს და მონაწილეებს არ მოვუტყუებივარ, რადგან დავიჯერე მათ მიერ ლაღი იუმორითა და სატირით გათამაშებული სიტუაციები სასულიერო პირთა და საპატრიარქოს (როგორც ინსტიტუციის) ცხოვრებიდან.

 

დიახ, შოკისმომგვრელია სამეფო უბნის თეატრისა და „თემურ ჩხეიძის სახელოსნოს“ ერთობლივი (ისე კაცმა რომ თქვას, რამ გაყო ეს ორი თეატრალური კომპანია ერთმანეთისგან, რადგანაც სახელოსნო თეატრის ბაზაზე ფუნქციონირებს, მათ საერთო შემოქმედებითი პერსონალი ჰყავთ და სავსებით ლოგიკურია, რომ სახელოსნოსა და თეატრის დამოუკიდებელ თუ ერთობლივ შემოქმედებით პროექტებს თითქმის ერთი და იგივე ხელწერის მკვეთრი კვალი დაჰკრავთ. სახელოსნოს წევრების ნამუშევრებში (რეჟისორებს ვგულისხმობ) იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქოს არ ჩანს შემოქმედებითი თვითმყოფადობა და არტისტული ინდივიდუალიზმი. მათი ნამუშევრები ერთ თარგზე მოჭრილ ლამაზ და დახვეწილ კაბას ჰგავს.) სპექტაკლი „წმინდა ნაწილები“: ვალერი ოთხოზორიას ტექსტის უჩვეულო სტრუქტურით, ენით, თემებით, პრობლემების მწვავედ და ღიად წარმოჩენით, თხრობის განსაკუთრებული სტილითა და მანერით (რეჟისორი - ილია ქორქაშვილი, დადგმის ხელმძღვანელი - დათა თავაძე), გამორჩეული, კონცეპტუალური ვიზუალით (სცენოგრაფიითა და კოსტიუმებით, რომელიც ვიზუალურ ეფექტს უდავოდ იწვევს, (მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორები ფარდას არ იყენებენ), ყოფითობისგან (და არა რეალიზმისგან) დაცლილი აბსტრაქტული გარემოთი და კოსტიუმებით (სცენოგრაფი - ქეთი ნადიბაიძე, კოსტიუმების მხატვარი - თამარ ოხიკიანი), ოდნავ აგრესიული და სცენური სიტუაციისთვის თითქოს შეუსაბამო მუსიკალური თანხლებით, რომელსაც ინტერმედიული ფუნქცია აქვს, როგორც ხიდი ეპიზოდებს, სიტუაციებს შორის (მუსიკა - ზუკა ბაბუნაშვილი), ფეიერვერკული ტიპაჟი-ხასიათებით, რომელსაც მონაწილე მსახიობები (მაგდა ლებანიძე, კატო კალატოზიშვილი, სალომე მაისაშვილი, იაკო ჭილაია, ქეთა შათირიშვილი, გიორგი შარვაშიძე, გიორგი ყორღანაშვილი, ზაალ ჩიქობავა) პროფესიონალიზმითა და ოსტატობით ქმნიან.

 

ვალერი ოთხოზორიას არასტანდარტული სტრუქტურისა და სიუჟეტური ქსოვილის პიესა „წმინდა ნაწილები“ მრავალი თვალსაზრისით არის საინტერესოც, აქტუალურიც, მნიშვნელოვანიც. მასში არაერთი ფრაზა აფორიზმის მნიშვნელობასაც იძენს. მაგალითად, „მიწა უსინდისო და ყაჩაღია: რასაც არ წაართმევ, თვითონ წაგართმევს“; „მწყემსი აღარ არის. ცხვრები ბღავიან, მამაო!“; „როცა პოლიციელს სძინავს, დამნაშავე სწორედ მაშინ იღვიძებს“...

 

ამ ბოლო დროს, თეატრის პრაქტიკოსები თუ თეორეტიკოსები თავიანთ წერილებში მნიშვნელოვან მხატვრულ, თეორიულ თუ ფილოსოფიურ საკითხებზე პოლემიკის დროს, ერთმანეთს ეცილებიან ტერმინების გამოყენებაში, ახდენენ იმის პრეზენტირებას, თუ ვინ უფრო მეტად და კარგად იცნობს თანამედროვე თეორიულ თუ ფილოსოფიურ მოძღვრებებს. პოლემიკაში მნიშვნელოვანია, რომ ავტორები საუბრობენ თანამედროვე თეატრის (მათთვის ახლობელ) გამომსახველობით საშუალებებზე, მიზანსა და ფუნქციაზე. პირადად ჩემთვის, „წმინდა ნაწილები“ არის ის სპექტაკლი, რომელიც ზუსტად და ნათლად ასრულებს თანამედროვე (და ყველა დროის) თეატრის მისიას და ფუნქციას: ღიად და პირდაპირ ეხმიანება თანადროულ საზოგადოებრივ პრობლემებს ორიგინალური მხატვრული ხერხებითა და თეატრის პირველყოფილი ფორმებით.

 

 „წმინდა ნაწილები“ არ წარმოადგენს აქტუალური საზოგადოებრივი პრობლემების მხილების მცდელობას (ვინაიდან ის ისედაც ცხადია), არამედ მიმართულია პოლემიკის დაწყებაზე პრობლემის გადასაჭრელად, რომელსაც დამდგმელი ჯგუფი ხალასი იუმორით და უკიდურესი სატირით ცდილობს. სინამდვილეში კი სიტუაციები, რომელიც სპექტაკლში თამაშდება, სატირელია და არა სასაცილო (მაგრამ შეუძლებელია არ გაგეცინოს იმ ტრაგედია/უბედურებაზე, რომელსაც ვხედავთ და რომელიც გვესმის სცენიდან). ამიტომაც, დრამატურგმა ვალერი ოთხოზორიამ ზუსტად მიაგნო ქართველისთვის ყველაზე ზუსტ, ახლობელ და ავთენტურ ჟანრს - ტრაგიკომედიას, რომელიც დატვირთა (სათქმელის მეტი სიმძაფრისთვის) ფარსისა და სატირის ელემენტებით. ამიტომაც, „წმინდა ნაწილები“ მულტიჟანრული სპექტაკლია, რომელშიც სიტუაციური კომედია, ფარსი, სატირა და ტრაგიკომედია ერთმანეთთან თავსებადია და ლოგიკურად მონაცვლეობს.

 

ვალერი ოთხოზორია, რომელიც უკვე რამდენიმე სათეატრო ტექსტის და თარგმანის ავტორია, „წმინდა ნაწილებში“ არღვევს კლასიკური დრამატურგიის პრინციპებს, ახდენს სიუჟეტის დეკონსტრუქციას ისე, რომ დამოუკიდებელი ქმედითი სიტუაციები და ეპიზოდები მაინც ერთი ძირითადი სიუჟეტური ღერძის გარშემო იყრის თავს. ფილოსოფიური, დეკონსტრუირებული ტექსტი თანაბრად შეიცავს როგორც ქმედით სიტყვას, ისე მხატვრულად მოკაზმულ ფრაზებს, აფორიზმებსა, შეგონებებს და იგავებს. თითოეულ პერსონაჟს დამოუკიდებელი სასაუბრო ლექსიკა, თავისი სინტაქსი და ლაპარაკის მანერა აქვს, რაც ქმნის პერსონაჟის მკვეთრად ჩამოყალიბებულ ხასიათს, კრებით მხატვრულ სახეს, ტიპაჟს.  

 

აფიშაზე ვკითხულობთ, რომ სპექტაკლის რეჟისორი ილია ქორქაშვილია (სახელოსნოს მოწაფე, რომელმაც სამსახიობო სპეციალობის დამთავრების შემდეგ, სწავლა მაგისტრატურაში გააგრძელა დრამის რეჟისორის სპეციალობით), ხოლო დადგმის ხელმძღვანელად დათა თავაძე მოგვევლინა. ვინც ამ ორი ხელოვანის შემოქმედებას კარგად იცნობს, ადვილი გამოსაცნობია, რომ სპექტაკლი თავისი სტრუქტურით, სტილისტიკითა და ხელწერით დათა თავაძის მორიგი და თან უაღრესად საინტერესო ნამუშევარია, ამიტომ თავის მოკატუნების გარეშე, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაყურებელმა იხილა დათა თავაძის მორიგი აქცია-სპექტაკლი (ილია ქორქაშვილთან ერთად), რომელიც ბრძოლას უცხადებს ფარისევლობას, რელიგიურ ფანატიზმს, საპატრიარქოსა და პოლიციას, როგორც ინსტიტუციებს, დაბეჩავებულ ინტელიგენციას (არტისტულ საზოგადოებას), გამდიდრების წყურვილით აღვსილ მედიკოსებს, ჩიხში შესულ კანონებს, ერთფეროვან უმრავლესობას, გადაგვარებულ, ჭაობსა და გარყვნილებაში ჩაძირულ ეკლესიას და ბოლოს ქვეყანას, რომელიც ნაგავსაყრელად იქცა. რეჟისორები გვამოგზაურებენ ალეგორიული საპატრიარქოს ინტერიერში, კელიებში, საკურთხეველში, სასულიერო თუ საერო პირების სულებში, ფიქრებში, გაუცნობიერებელ თუ გაცნობიერებულ ვნებებში.

 

სპექტაკლის ავტორები კატეგორიულად გაურბიან ყოფითობას, რეალისტურ გამომსახველობით ხერხებს, უპირისპირდებიან დოკუმენტალიზმს და იყენებენ თეატრალურ პირობითობას, ალეგორიის და მეტაფორის ხერხს, სემიოტიკას, სადაც თითოეული ნიშანი ხატავს მხატვრული რეალობის მკვეთრ სურათს. ვალერი ოთხოზორიაც ისე აგებს ამბავს, როგორც ვიწრო, ლოკალურ, შემოსაზღვრულ მოვლენას. „ხალხს კარაქიანი პური უფრო უყვარს, ვიდრე პურზე გადასმული წითელი, ხასხასა აჯიკა“ - ამბობს საექსპოზიციო ნაწილში მესამე მონაზონი (სალომე მაისაშვილი), რითაც ავტორი ხაზს უსვამს მოვლენაში მონაწილე პირთა წარმომავლობას და ადგილს. ამბავს, რომელსაც მაყურებელი ადევნებს თვალს ქართულია, მაგრამ მოვლენები ლოკალურ ჭრილს სცილდება, ნელ-ნელა მასშტაბს იძენს და ლამის გლობალური ხდება. მაგალითად, ნაზის (მაგდა ლებანიძე) მონოლოგი დედამიწაზე გამეფებულ ძალადობასა და ძალმომრეობაზე, თანაც ისე, რომ არსად ქრება ჩვენი რეალობა, არსებული სინამდვილე. სპექტაკლის ავტორები, სავსებით სამართლიანად, აყენებენ დღის წესრიგში ქართული ეკლესიის, როგორც ყველაზე გავლენიანი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი ინსტიტუციის როლის და მისი პასუხისმგებლობის საკითხს.

 

პიესის მთავარი გმირი - ნაზი (მაგდა ლებანიძე), ახალგაზრდა მონაზონია, რომელიც, როგორც თავად ამბობს, მსგავსებას და ხატებას ეძებდა, მაგრამ იმედი გადაეწურა და ახლა იმედგაცრუებიდან გამოსავალს ეძებს. ის ქართველ სალოსთა ერთგვარი კრებითი სახეა, რომელიც სულელური, არაადეკვატური ქცევით ამხელს ძლიერთა ამა ქვეყნისათა. ამიტომაც, საკადრისად სჯიან მას არა ჩადენილი დანაშაულების, მკვლელობების გამო (პირიქით, ის როგორც კრიმინალი შეიფარა ეკლესიამ), არამედ იმის გამო, რომ ის ახლა უკვე საფრთხეს უქმნის ეკლესიის წიაღში გამეფებულ კონფორმიზმს, კეთილდღეობას, კომფორტს, ფარისევლობას.

 

სცენოგრაფმა ქეთი ნადიბაიძემ სამეფო უბნის თეატრის სცენა ბოლომდე გააშიშვლა, რომელიც ავთენტურად მისტიკურია, ძველი, ალაგ-ალაგ დროის გამო შელახული კედლით, თაღოვანი ნიშებით და მასთან დანთებული სანთლებით, აქა-იქ გორაკებად ქცეული გაქვავებული ნაგვით... სცენური სივრცე, რომელიც დაჭუჭყიანებულ თეთრ ფერშია გადაწყვეტილი ნაგავსაყრელს მოგვაგონებს, ნაგავსაყრელი კი ქვეყნის მეტაფორაა, სადაც მოქმედება მიმდინარეობს. აქა იქ ნაგვის ბორცვები დგას, რომლიდანაც როგორც წიწილები, იჩეკებიან საზოგადოების ერთფეროვანი წევრები. ამ სანაგვეში სუნთქავს და ცხოვრობს ერი და ბერი. იატაკზე შავი ასოებით წარწერებია გაკეთებული სტრიტ-არტის სტილში... მოკლედ, ეკლესიის კულისები იმ მიყრუებულ ქალაქის უბანს/ქუჩას/ჩიხს ჰგავს, სადაც კრიმინალი და „ბნელი საქმეები“ ყვავის.

 

ქეთი ნადიბაიძის სცენოგრაფიას ორგანულად შეერწყა თამარ ოხიკიანის ორიგინალური, არასტანდარტული კოსტიუმები. მხატვარი საგანგებოდ და უცნაურად მოსავს პერსონაჟებს (ანაფორა, მონაზვნის კაბა, სტიქარი, უნიფორმა სტანდარტული სამოსი არ არის), რითაც გროტესკი შემოაქვს და პერსონაჟებს კარიკატურულ ნიღბებთან აახლოებს. ამავდროულად, თამარ ოხიკიანი გაურბის ყოფითობას და მიმართავს უკიდურეს სათეატრო პირობითობას. მხატვარი უტრირებული, ოდნავ გამომოწვევი დეტალებით (მათ შორის, ჭრელი, ელექტრონული ფერების ინტენსიური გამოყენებით) შექმნილი კოსტიუმებით იოლი გამოსაცნობია პერსონაჟთა სოციალური სტატუსი, მათი ფინანსური შესაძლებლობა და ხასიათებიც კი. თამარ ოხიკიანი თითოეულ პერსონაჟთან იყენებს აქსესუარებს და გრიმს. თითქმის ყველა პერსონაჟი სამკაულებითაა შემკული სახეზე, ისე, როგორც ფხვიერი ბრჭყვიალებით, იყენებს არასტანდარტულ, სხვადასხვაგვარ პირობით ნიღბებს. ისინი გვაგონებენ კონკრეტულ პროტოტიპებს და ამავდროულად კრებსითი მხატვრული სახე-ტიპაჟები არიან, ერთგვარი მიქსი, ჰიბრიდი...

 

ბოლო პერიოდის ქართულ თეატრში იშვიათად შეგხვდებათ ისეთი სპექტაკლი, რომელშიც სათეატრო ხელოვნების ყველა კომპონენტი ერთიან მსოფლმხედველობას, სტილისტიკას, გამომსახველობით ხერხს და საშუალებას ექვემდებარება. ამავდროულად, ისინი ორგანულად ერწყმიან ერთმანეთს და ქმნიან მთლიან მხატვრულ პროდუქტს, სადაც რეჟისურა კი არ „ნთქავს“ მსახიობს, არამედ სპექტაკლის შექმნაში ჩართული ყველა მონაწილე შესატყვისად წარმოჩენილია და ამძაფრებს განცდას მათი აუცილებლობისა და მნიშვნელობის შესახებ. ანსამბლურობა არა მხოლოდ მსახიობთა ნამუშევარშია ხილული, არამედ დამდგმელი ჯგუფის თითოეული წევრის ნააზრევში. სპექტაკლში ყველა დეტალი (კოსტიუმი, გრიმი, მოძრაობა, ქცევის მანერა, ტექსტის წარმოთქმის ინტონაცია) ნაფიქრი, გააზრებული, მეტაფორულია. მიზანსცენები, რომელიც ფაქტობრივად სათეატრო სემიოტიკაა, ისეა აგებული, რომ მათი სიმბოლური დასათაურებაა და განზოგადებული ანალიზია შესაძლებელი.

 

ანსამბლურ სპექტაკლში ძნელია გამოყო ლიდერი მსახიობი, რადგან ყველა თანაბრად ინაწილებს საკუთარ წილ პასუხისმგებლობას. მსახიობები თავდაუზოგავად, ლაღად და ინტუიციურად მუშაობენ და თითოეული მათგანი ერთ წარმოდგენაში რამდენიმე, ერთმანეთისგან განსხვავებულ როლს ასრულებს (გარდა მაგდა ლებანიძისა). ისინი კრებით მხატვრულ სახეებს, ტიპაჟებს განასახიერებენ, რომელთა მიერ შექმნილი პერსონაჟები გამოირჩევიან მკვეთრი, ჩამოყალიბებული ხასიათით. სწორედ აქ იკვეთება მათი პროფესიონალიზმი და ოსტატობა. განსხვავებული ტიპაჟებს კი მსახიობები: მაგდა ლებანიძე, კატო კალატოზიშვილი, სალომე მაისაშვილი, იაკო ჭილაია, ქეთა შათირიშვილი, გიორგი შარვაშიძე, გიორგი ყორღანაშვილი, ზაალ ჩიქობავა წარმოთქმული ტექსტის ზუსტი ინტონაციური გააზრებით, შეცვლილი ხმის ტემბრით, მეტყველების შესაბამისი მანერით, იუმორის გრძნობითა და ირონიის ზომიერი გამოყენებით აღწევენ.

 

შეუძლებელია მაყურებელს დაავიწყდეს იაკო ჭილაიას მიერ შექმნილი დედის მხატვრული სახე, მისი მონოლოგი აპარტეზე და დიალოგი შეშლილ ქალიშვილთან, ზაალ ჩიქობავას ლოთი მამა ან ერთი შეხედვით გამოთაყვანებული, მაგრამ სისტემაზე გონივრულად მორგებული უფროსი პოლიციელი თავისი კანონებითა და შეხედულებებით პოლიციაზე, გიორგი შარვაშიძის მღვდელმთავარი, როგორც სასულიერო პირების განზოგადებული მხატვრული სახე და მისივე ავტობუსის მძღოლი, სალომე მაისაშვილის კარიერისტი, ადგილის დამკვიდრებისთვის მებრძოლი უმცროსი პოლიციელი თუ განსაკუთრებულ სიტუაციებში ზუსტი ალღოს მქონე მონაზონი, ქეთა შათირიშვილის პლასტიკური ქირურგის ეპიზოდური როლი, რომელიც უმოკლეს დროში ახერხებს ტიპაჟის დახატვას. კოჭლი, რომელიც უთანასწორობის დაბრუნებას ითხოვს, ვინაიდან შინაგანი უთანასწორობით ყველა უთანასწორობას ერგებოდა, გიორგი ყორღანაშვილის სტიქაროსანი და ყრუ, კატო კალატოზიშვილის ისტერიკაში ჩავარდნილი მომჩივანი, ვნებამოძალებული სტიქროსანი, თვითკრიტიკული და დაბეჩავებული პოეტი (ხელოვანის კრებითი სახე) და პატრიარქი, რომლის გამოჩენა, თითოეული სიტყვა თუ მოძრაობა დაუვიწყარ ეფექტს ახდენს მაყურებელზე... და რაღა თქმა უნდა, მაგდა ლებანიძის  დედა ნაზი, სალოსი, ხატების ძიებაში კრიმინალად ჩამოყალიბებული ახალგაზრდა ქალი, რომელიც „ეკლესიის საშოში დაფრთიანებული ავაზაკია“ და რომელსაც სამყაროს შეცვლა სურს, მაგრამ ეწირება ამ იდეას, რადგან სამყაროს გაკეთილშობილება, მისი გაჯანსაღება შეუძლებელია, ვინაიდან ეს თავად კაცობრიობას არ სურს. მაგდა ლებანიძის მიერ ოსტატურად განსახიერებული დედა ნაზი იმედგაცრუებული და უსმართლობასთან ბრძოლაში დამარცხებული ქალია, ამიტომაც ჩაქოლავს მას ერი და ბერი, სიცოცხლეს გამოასალმებს და შემდეგ წმინდანად შერაცხავს მას, მის ხატს დაწერს და ეთაყვანება. ფინალში ვხედავთ საქანელაზე ჩამოკიდებულ წამებულ წმინდანს ნაზის, მის ხატს, რომელსაც შარავანდედი არ უკეთია, მაგრამ მას მაინც ვხედავთ წარმოსახვაში, როგორც საეკლესიო ხატებზე.

 

სპექტაკლში შოკისმომგვრელ და მოულოდნელ ეფექტს ახდენს რამდენიმე ეპიზოდი, მაგრამ მათ შორის, ყველაზე გამორჩეული ნაზის (მაგდა ლებანიძე) და პატრიარქის (კატო კალატოზიშვილი) შეხვედრის სცენაა. მაყურებელი სცენაზე ხედავს აბაზანას, რომელიც საწოლის, ხანაც სარკოფაგის ასოციაციას ბადებს, სწორედ ამ სარკოფაგიდან ისმის ხმები, ვხედავთ პატრიარქის მხოლოდ ფეხს, რომელსაც მონაზონი ნაზი ემთხვევა. მათი შეხვედრისას, ფაქტობრივად პატრიარქის მონოლოგში ბევრი რამ არის ნიშანდობლივი, საყურადღებო და საინტერესო. პატრიარქი ავადაა, მისი სხეული სასიცოცხლო უნარებიდან გამომშრალია, გამოფიტულია, სხეული დაუძლურებულია, მაგრამ მას საუბარი და აზროვნება მაინც შეუძლია. მონოლოგის მიმდინარეობისას მწოლიარე პატრიარქს სასულიერო პირები წამოაყენებენ, რომელსაც შავი ქურქი აცვია (არც ესაა შემთხვევითი) და ხელები უკანკალებს (როგორც პარკინსონით დაავადებულებს). შეხვედრას ესწრებიან მღვდელმთავარი და მონაზვნებიც, დაძაბულ სიტუაციაში, სადაც მოლოდინია, რომ ნაზი მორიგ არაადეკვატურ საქციელს ჩაიდენს, დამსწრეები ზურგშექცევით დგანან. ნაზი პატრიარქს მისივე ჯვრით სიცოცხლეს გამოასალმებს და პირველი ფრაზა, რომელიც დამსწრეთაგან გაისმება (რომელთაც პატრიარქის მკვლელობა არ შეაჩერეს) ლამის შემზარავი ირონიით ჟღერს: „პატრიარქმა განისვენა. უფალმა აცხონოს. ვის ირჩევ, ნაზი, ვინ იქნება ახალი პატრიარქი? გვირგვინი თავზე დაადგი...“ და იწყება გარდაუვალი ბრძოლა პატრიარქის ტახტის ხელში ჩასაგდებად.

 

სპექტაკლის ავტორები სარკაზმითა და იუმორით გვიყვებიან ამბავს საზოგადოებაზე, რომელსაც თანასწორობას უთანასწორობა ურჩევნია, სამართლიანობას კი უსამართლობა. ეს არის ქვეყანა, რომელიც ნაგავსაყრელს დაემსგავსა, ხოლო მისი ინსტიტუციები ბოლომდე კონფორმიზმის ჭაობში ჩაიძირა. ის იფარებს კრიმინალებს და  ახალი ტიპის მოძალადეებად აყალიბებს. ვხედავთ რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილ საზოგადოებას, რომელიც ბრბოს დაემსგავსა, ვიხედებით ჩამოშლილი ინსტიტუციების კულისებში და ამავდროულად, ბევრს და თანაც გულიანად, მაგრამ სევდიანადაც ვიცინით შექმნილ სიტუაციაზე.

 

[1] პოსტერზე გამოსახულია პიესის მთავარი გმირი ნაზი (მსახიობი მაგდა ლებანიძე) არასტანდარტული შარავანდედით და ტატუთი მოხატული სხეულით. მის გულ-მკერდზე გამოსახულია ახალგაზრდა ქალის თავის ქალა კიკინებით.

ფოტო სამეფო უბნის თეატრის Facebook გვერიდან

ფოტოებს ავტორი: გიორგი ყოლბაია