top of page

სად წახვედი, თემურ?

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

att.bKp0jvjRFzrLyPvbFQUI3ByAFxeAZARc9I9FgKQNAeA.jpg

ლელა არაბიძე

სად წახვედი, თემურ?

თემური მიდის - ასე გადაწყვიტა თემურმა, ის მიდის სპექტაკლის პირველივე სცენაში და მიდის ფინალშიც, თემურს ვემშვიდობებით დასაწყისში; მართალია, ფინალში დამშვიდობების საშუალება არ გვაქვს, თუმცა ფაქტი ჯიუტია - თემურს წასვლა უნდა, თემური უნდა წავიდეს!

თემური ბასა ჯანიკაშვილის პიესის „მშვიდობით, თემურ“ მთავარი პერსონაჟია, პიესისა, რომელიც თანამედროვე ქართველმა დრამატურგმა ოცი წლის წინ დაწერა (ერთმოქმედებიანი კომედია ნიკოლაი ერდმანის „თვითმკვლელის“ მოტივებზეა შექმნილი), სპექტაკლი ზურაბ გეწაძემ განახორციელა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებთან (ჯგუფის ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე) და ორ მოწვეულ მსახიობთან ერთად. თუმცა ვიდრე რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ დარბაზში პრემიერა შედგებოდა, სტუდენტებმა პიესის „მშვიდობით, თემურ!“ საჯარო კითხვა ორჯერ წარმოადგინეს - პირველად თბილისში, მწერალთა სახლში, ხოლო მეორედ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე.

ყველაფერი კი ასე დაიწყო...

გაზაფხულზე თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძის ინიციატივით (რომელიც მათ თეატრის ისტორიას ასწავლის), სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სტუდენტებმა დაიწყეს დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილთან მუშაობა და ორი თვის განმავლობაში მასთან ერთად „ისწავლეს“ პიესის კითხვა - ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი და მნიშვნელოვანი ეტაპი მსახიობის ცხოვრებაში. გამომდინარე იქიდან, რომ რეპეტიციებს თავად ვესწრებოდი, თამამად შემიძლია ვთქვა - ბასა ჯანიკაშვილისა და სტუდენტების მუშაობა იყო საინტერესო, მრავალფეროვანი და ძალიან სახიერი - ბევრი წაიკითხეს, ბევრი იკამათეს, ბევრი იმსჯელეს, ასე გადანაწილდა როლები, ასე შეიქმნა პერსონაჟები, გარკვეულწილად ასე შეიცვალა პიესა და 9 ივნისს მწერალთა სახლის დარბაზში თემური ყულფში თავგაყოფილი დახვდა მაყურებელს, სტუდენტების პერფორმანსი იმდენად სახასიათო იყო და დინამიური, იქვე გადაწყდა „მშვიდობით, თემურ!“ ქუთაისში ეხილა მაყურებელს. გროტესკითა და შავი იუმორით გაჯერებულ პიესაზე მაყურებელმა ბევრი იცინა, აქვე დაიბადა იდეა - პიესას უნდა ეცოცხლა, თემურს აქ ვერ დაემშვიდობებოდნენ, სხვა რესურსი, სხვა მასშტაბი და სხვა სივრცე ჭირდებოდა პროექტს, რომელმაც ნაყოფი გამოიღო, სტუდენტების სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი გახადა, მსახიობებს დრამატურგთან მუშაობა ასწავლა; პერსონაჟების მხატვრული სახეები ნაწილობრივ უკვე გამოძერწილი იყო, დადგმაზე - ნაფიქრი, თანამედროვე ქართული დრამატურგია ხომ თავისთავად პოპულარიზაციას ითხოვს და ასე განხორციელდა ამბავი - ბასა ჯანიკაშვილის პიესა „მშვიდობით, თემურ!“ რუსთაველის ეროვნული თეატრის ექპერიმენტულ სცენაზე (დარბაზში, რომელსაც ყველაზე მეტად უხდება უზღვავი ექსპერიმენტები, სტუდენტური სული და ხასიათი) რეჟისორმა ზურაბ გეწამემ დადგა. ნოემბერში ოთხი სპექტაკლი იყო დანიშნული, უკვე სამი სავსე დარბაზში ითამაშეს, ბევრი მწარე სიცილი და აპლოდისმენტი მიიღეს და თქვეს: უფრო შთამბეჭდავი ბოლო სასწავლო წელი ვერ წარმოგვედგინაო.

მანამდე კი...

კომედიის, (მით უფრო გროტესკისა და შავი კომედიის) განხორციელების ურთულეს პროცესში რეჟისორი ზურაბ გეწაძე ჩაერთო და დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილთან ერთად დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში ატარებდა რეპეტიცებს, რა დროსაც პიესაში გარკვეული ცვლილები გახდა საჭირო, მნიშვნელოვად დაემატა ტექსტი და გარკვეული სახეცვლილება განიცადეს პერსონაჟებმაც. საბოლო ჯამში კი, გროტესკისა და კომედიის ნაზავი წარმოგვიდგინეს, სადაც მაყურებელმა ბევრი უნდა იცინოს და კიდევ უფრო ბევრი უნდა იფიქროს.

პირველივე სცენაში ყულფში თავგაყოფილ თემურს ვხედავთ (ვატო სანიკიძე) მაგიდაზე დგას და უკანასკნელ წუთებს ითვლის, თემური ხელმოცარული ახალგაზრდა კაცია, ცოლმა მიატოვა, ვალები აქვს, სამსახური რაღაცნაირად ვერ იშოვა და... თემურის გადაწყვეტილებას ხელს მოულოდნელი სტუმარი უშლის, ასეთი სტუმარი სულ ექვსია, ექვსი პერსონაჟი უნდა შემოვიდეს და თვითმკვლელობისთვის განწირული ადამიანი ნახოს, მაგრამ ხელი არცერთმა შეუშალოს, პირიქით გადაწყვეტილება მოუწონოს და იქნებ სარგებელიც ეძიოს?!

თემურს გადაწყვეტილებას უწონებს ბანკის პრობლემური ბიუროს წარმომადგენელი, იგი პირველი აკაკუნებს მის კარზე, მარიამ

მღებრიშვილის პერსონაჟი სრულიად გულახდილად უხსნის თემურს, რომ თავის მოკვლით ბანკის შავი სიიდან (სადაც, ცხადია, თანხის გადაუხდელობის გამო მოხვდა) ვერ ამოვა, მაგრამ ამით მაგალითს მისცემს ყველა იმ ადამიანს, ვისაც თავის მოკვლა უნდა და ვერ ბედავს.

მაგალითი!

აი, ეს არის სპექტაკლის ლაიტმოტივი - თემურის საქციელი, როგორც მაგალითი, ასე ფუთავენ მის გადაწყვეტილებას ის სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც დღეს თემურის სახლის კარზე აკაკუნებენ. აღსანიშნავია, რომ მარიამ მღებრიშვილის პერსონაჟი პიესის თავდაპირველ ვერსიაში ინკასატორია - ალბათ ეს ცვლილება იმან განაპირობა, რომ ციფრულ ეპოქაში ინკასატორი მილევადი პროფესიაა, განსხვავებით პრობლემური სესხების დეპარტამენტის თანამშრომლისაგან, რომელთან უშუალო შეხება საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს აქვს, მარიამ მღებრიშვილი კი ზუსტად განასახიერებს ყველაფრის მიმართ გულგრილი და დაწინაურების მსურველი, ყველა სიტუაცის მორგებული (თემურის შემდგომ სტუმრებთან თავს უკვე ოჯახის წევრად გრძნობს) ადამიანის როლს; ვფიქრობ, მომავალში მარიამ მღებრიშვილი სცენაზე არაერთ სახასიათო და დასამახსოვრებელ როლს შექმნის.

ერთი უბრალო და არავისგან გამორჩეული თემურის შემდეგი სტუმარი ხელოვანია - მხატვარი ყველა საჭირო აქსესუარით ხელდამშვენებული შემოვარდება სცენაზე - მას თვითმკვლელი თემურის დახატვა განუზრახავს, ერთი სული აქვს ხელოვნებას ახალი ტილო შემატოს - ტილო, რომელზეც უბედური თემურის უკანასკნელი წამები იქნება აღბეჭდილი, მხატვარი (მაშიკო თვალაბეიშვილი) ქმნის საოცრად აღტყინებული, ემოციური ახალგაზრდა ქალის სახეს; რა თქმა უნდა, თემურის ვნებები მისთვის სულ ერთია, მან ფანჯრიდან დაინახა თოკზე ჩამოკიდებული ახალგაზრდა კაცი და უმალ გამოემართა, - არა, იმიტომ არა, რომ თვითმკვლელი შეეჩერებინა, პირიქით, მისი სურვილია, სამყარომ რაც შეიძლება მალე გაიგოს თემურის უკანასკნელი ამოსუნთქვა, რადგან ტილო დასახატია, მხატვარი პოპულარული უნდა გახდეს, ჰო, სამყაროც უკეთესი და...

კარზე ისევ ზარია, ეს უკვე წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან შეხვედრებზე მოსიარულე პოლიტიკოსია, რომელსაც ზურაბ გეწაძის სპექტაკლში ორი მსახიობი განასახიერებს -  ვანიკო თარხნიშვილი, რომელიც თავისი განუმეორებელი შარმითა და გამოკვეთილი ინდივიდუალიზმით სცენაზე გამოჩენისთანავე განსაკუთრებულ ოვაციებს იმსახურებს და ხატავს ქართველი პოლიტიკოსის სახეს - უსახოს, უმოქმედოს, მატყუარასა და ძალაუფლების მოსურნეს. ის უკვე მხატვართან და ბანკის ოფიცერთად ერთად იბრძვის თემურის მიზნის დროულად განხორციელებისკენ, რათა ქვეყანაში ამ მაგალითით წახალისებულმა უფრო მეტმა ადამიანმა მოიკლას თავი, თვითმკვლელობები კი მისმა პარტიამ უნდა წაახალისოს - როგორ ზრუნავენ ხალხზე! ვანიკო თარხნიშვილი და ირაკლი ჯიშკარიანი ამ როლზე დუბლები არიან, ირაკლი ჯიშკარიანმა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი გასულ წელს დაამთავრა და უკვე სხვადასხვა თეატრების სცენაზე თამაშობს, განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ ახალგაზრდა მსახიობმა სრულიად არ მიბაძა მასზე უფროს და გაცილებით გამოცდილ კოლეგას, ვანიკო თარხნიშვილს და პოლიტიკოსის სახის განსხვავებული და ორიგინალური ვერსია შესთავაზა მაყურებელს.

ნინი ურუმაშვილის პერსონაჟი არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც მამაკაცების უფლებებს იცავს. ქვეყანაში, სადაც ყოველდღე ფემიციდის შემთხვევა გვაქვს, ცხადია, სასაცილო პასაჟია დაჩაგრული მამაკაცების დაცვა, გროტესკული დიალოგები მაყურებელთა სიცილს იწვევს და ეს მძაფრდება მაშინ, როდესაც სპექტაკლის ალბათ ყველაზე ოდიოზური პერსონაჟი - დამკრძალავი ბიუროს წარმომადგენელი - ბატონი ტარიელი სცენაზე კუბოს აწყობით შემოდის, თავისუფალი თეატრის მსახიობი კახა მიქიაშვილი სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი ღერძია, ის მღვდლის ფუნქციასაც ითავსებს, ჯერ კიდევ ცოცხალი თემურის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს იხდის, თემურის მაგიდაზე გაშლილ სუფრაზე (დიახ, დიახ, იქ ამასობაში სუფრაც გაშლილა) გემრიელად გეახლებათ და თემურს ამხნევებს - მოუწოდებს,  დროზე გაყოს ყულფში თავი. მაშინ როდესაც თითქოს აღარაფერი უნდა მოხდეს და თემურმა, ბოლოს და ბოლოს, უნდა დაასრულოს სიცოცხლე, მის ბინაში ჟურნალისტი (კესო დვალიშვილი) და ოპერატორი (ოპერატორის როლს თეატრის და კინოს უნივერსიტეტის ამავე ფაკულტეტის სტუდენტები ითავსებენ) შემოცვივდებიან. გამართული მეტყველებით, არტისტიზმით კესო დვალიშვილი წარმოაჩენს სახედაკარგულ ჟურნალისტს, რომელსაც სურს ექსკლუზივი მოიპოვოს და პირდაპირ ეთერში „მილიონიან“ აუდიტორიას აჩვენოს მომაკვდავი ადამიანის უკანასკნელი ხროტინი... კესო პოპულარული გახდება!

ძალიან მიმზიდველი და დაბნეული ახალგაზარდა მამაკაცი კი, რომელსაც ვატო სანიკიძე განასახიერებს (და რომელმაც გმირულად გაუძლო სამივე წარმოდგენას, არ გახდა მანერული, მისი თამაშის ტემპმა არ დაკარგა დინამიკა) უკანასკნელ ძალებს იკრებს და სიცოცხლის სურვილი ეძალება, მაგრამ მერე ხომ აღარ იქნება ვრცელი სიუჟეტი, კუბოების რეკლამა... ამიტომ რეჟისორი გვთავაზობს მწარე ფინალს, ერთი შეხედვით სულისშემძვრელსაც კი - თემურს მისი „სტუმრები“ ძალით კიდებენ თოკზე, სულელი და ბოროტი ჟურნალისტი კი ყიჟინით ამცნობს საზოგადოებას მის ბოლო ამოსუნთქვას; საზოგადოებაც სისხლს მოწყურებულია, იმიტომ რომ ამ საზოგადოების წევრები არიან ადამიანის ტრადეგიაზე ხელის მომთბობი ბანკის ოფიცერი, კუბოების მწარმოებელი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მხატვარი თუ პოლიტიკოსი, ამ საზოგადოებაზე დაწერა პიესა ოცი წლის წინ პიესა ბასა ჯანიკაშვილმა, ეს საზოგადოება წარმოაჩინა ზურაბ გეწაძემ სპექტაკლში.

ზურაბ გეწაძემ ჯერ გამხიარულებულ, მერე დაბნეულ და ბოლოს ტრაგედიით დამუნჯებულ მაყურებელს ახალი ფინალი შესთავაზა - ჩაბნელებულ სცენაზე, საავადმყოფოს საწოლზე გადარჩენილი თემური წევს - თავზე კი მეუღლე ადგას - ინგაც ოდიოზური პერსონაჟია (ნინა შონია), რომელიც აქამდე მაყურებელმა სატელევიზიო ჩართვის წყალობით იხილა და ბევრიც იცინა. საფინალო სცენაში მას სასაცილოდ გამოსასვლელი, სადღესასწაულო კაბა აცვია და მადლობას უხდის ყველას, ვინც თემურის თვითმკვლელობისკენ სწრაფვაში წვლილი შეიტანა.

სპეციალური მოწვევით სპექტაკლში პროექტის ავტორი - ნიკოლოზ წულუკიძეც გვევლინება, რომელიც სატელევიზიო ჩართვისას ჩნდება, როგორც წამყვანი და მაყურებელს ემოციურად უყვება მოსალოდნელი ექსკლუზივის შესახებ - პირდაპირ ეთერში თემური თავს იკლავს...

სპექტაკლის მხატვრობაზე სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა - გვანცა ჯავახიშვილმა იმუშავა, რომელმაც კონცეპტუალური გარემო და კოსტიუმები შექმნა - ისინი ზუსტად გამოხატავენ პერსონაჟების ხასიათს.

ზურაბ გეწაძემ დააგვირგვინა პროექტი, რომელმაც უნიკალური სასწავლო გარემო შეუქმნა სტუდენტებს და მისცა მათ საშუალება ემუშავათ დრამატურგთან, ემუშავათ პიესაზე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახადა მათი სტუდენტობის ბოლო წელი. სპექტაკლში რეჟისორმა გვიჩვენა გახრწნილი საზოგადოება, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი, რომელიც ტრაგედიებით ხელს ითბობს და რომელიც ვერ გამოსწორდება, მაგრამ სადღაც ბოლოს მაინც ჩანს სინათლე და ეს სინათლე თემურია, რომელიც მიდის, თავს დაიხსნის ყველასგან და მიდის - სად წახვედი, თემურ? იქნებ უკეთეს საზოგადოებაში? იქნებ უკეთეს ქვეყანაში? მშვიდობით, თემურ!

ფოტო: ფიქრია ნიქაბაძე

bottom of page