
სად ვ/ცხო ვრობთ?!
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ლაშა ჩხარტიშვილი
სად ვ/ცხოვრობთ?!
ბოლო პერიოდში „თეატრი ათონელზე“ საინტერესო უახლესი სათეატრო პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან, საინტერესო, ახალგაზრდებისთვის მიმზიდველ სივრცედ იქცა.
ეს პატარა თეატრი, კამერული სცენითა და მინიატურიული დარბაზით, არსობრივად მნიშვნელოვან პროექტებს სთავაზობს მაყურებელს, რომელიც არა მხოლოდ თავისი მსოფლმხედველობით იძენს მასშტაბურობას, არამედ წარმოდგენილი მხატვრული პროდუქტის ხარისხითაც. ამ მხრივ, გამორჩეულია გეგა გაგნიძის მორიგი საავტორო ნამუშევარი „იოსები“, რომელიც ორიგინალური თხრობის სტილით, დახვეწილი სასცენო კულტურით და უკიდურესი სარკაზმით გვიამბობს/გვიჩვენებს ამბავს ჩვენზე, იმ მოცემულობაზე, რომელშიც ვცხოვრობთ, იმ ყოველდღიურ რუტინაზე, რომელიც რიტუალად გვექცა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, რადგან ამბავი, რომელსაც გეგა გაგნიძე გამორჩეულ მსახიობებთან ერთად მოგვითხრობს, ეხება ყველას, პირადად და ირიბადაც, ზოგს ფიზიკურად კლავს, ზოგს კი ფსიქოლოგიურ-მენტალურად ანადგურებს.
გეგა გაგნიძე, დამდგმელ გუნდთან ერთად, გვიჩვენებს სასტიკ რეალობას იუმორითა და ირონიით, ამ ჟანრის სპექტაკლებისთვის უჩვეულო სიმსუბუქითა და სილაღით.
გეგა გაგნიძის სპექტაკლში არაფერია შემთხვევითი, თითოეული სიტყვა, მოქმედება, მუსიკალური აქცენტი, სცენოგრაფიის თუ კოსტიუმის დეტალი, მხატვრული განათება გარკვეულ დატვირთვას ატარებს და არის ზუსტი, ამ სპექტაკლში არაფერია უტრირებული, შელამაზებული, მოგონილი, ყველაფერი ნამდვილია და ცხადი (და არა ყოფითი და ნატურალისტური), ოღონდ რეჟისორის მიერ მხატვრულ პრიზმაში მოქცეული, ესთეტიკურად შეფუთული, რუდუნებით და პროფესიონალიზმით შექმნილი.
სპექტაკლი „იოსები“ ეყრდნობა ფრანც კაფკას მისტიკურ და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარმოებს „პროცესი“, თუმცა რეჟისორი რომანიდან მხოლოდ ფაბულას და მთავარ თემას ტოვებს და ამ ჩონჩხზე აგებს სრულიად ორიგინალურ, თვისობრივად ახალ მხატვრულ თხზულებას, რომელიც რამდენადაც მორგებულია და ასახავს დღევანდელ (უახლეს, მიმდინარე) ქართულ რეალობას, მისი ვიზუალი და მსახიობთა ინტონაცია, იმდენად აშორებს მას დღევანდელობას, ყოფითობას და გადასტყორცნის შორეულ მომავალში, შესაძლოა კოსმოსშიც კი, ყოველ შემთხვევაში სადღაც შორს ჩვენგან, დროშიც და სივრცეშიც.
სპექტაკლი თავიდანვე ორიგინალურად იწყება. სცენა და მსახიობთა სამოქმედო სივრცე სამი მხრიდან მაყურებლით არის შემოსაზღვრული. სპექტაკლის დაწყებამდე მონიტორიდან გაისმის ნატალია გაბისონიას ორიგინალური, არასტანდარტული, უჩვეულო და ამავდროულად გაგონილ-მოსმენილი (ხმოვანი ჩატბოტების მსგავსი) ხმა და ინტონაცია:
„მოგესალმებით, თეატრში ,,ათონელზე”.
მადლობას გიხდით მობრძანებისთვის.
გთხოვთ გამორთოთ მობილური ტელეფონები.
ფოტო-ვიდეო გადაღება სასტიკად აკრძალულია. ფოტო-ვიდეო გადაღება სასტიკად აკრძალულია.
თეატრი ათონელზე და ორგანიზაცია ,,472” წარმოგიდგენთ, გეგა გაგნიძის საავტორო სპექტაკლს - იოსები.
მხატვარი - მარიამ ძმანაშვილი,
კომპოზიტორი - ნოე კვირკველია,
იმპრესარიო - თინათინ სალუქვაძე,
ტექნიკური რეჟისორი - მარიამ ქართველიშვილი,
განათება - დიმიტრი ჯიქია,
ხმის ოპერატორი - ნინი, ნინი ნინი გვარი შემახსენე ძვირფასო როდონაია,
სცენის მემანქანე - უბრალოდ იოსები,
თეატრის დამლაგებელი ნანა წვერიაშვილი,
თეატრის მეორე სართულზე მცხოვრები მეზობელი ქალბატონი მარინა, თეატრის საწყობი დაანგრია და ახლა დეკორაციას გარეთ ვინახავთ - სასტუმრო სვისოტელი.
მონაწილეობენ: გიორგი შარვაშიძე, გიორგი გაგიკვირდებათ და გიორგანაშვილი, ნიკო ფიფია და თქვენი უდიდებულესობა - ნატალია გაბისონია“
ამ ტექსტის მოსმენის შემდეგ იწყება ამბავი, რომელსაც, ფაქტობრივად, ყოველ დღე ვუყურებთ და ვხედავთ ტელევიზორებში, სმარტფონებში, გვესმის ქუჩაში, ახლო გარემოცვაში
მხატვარი მარიამ ძმანაშვილი ქმნის მომავლის ბინას, ისეთს, რომელიც მხოლოდ ფანტასტიკურ მხატვრულ თუ ანიმაციურ ფილმებში გვინახავს. ამ სამყაროში ყველაფერი გამჭვირვალეა, ნებისმიერი მძიმე თუ მსუბუქი რეკვიზიტი, საწოლიდან დაწყებული უბრალო ჭიქით დამთავრებული... სცენის შუაში სარკე-კარია, რომელიც ლიფტის ფუნქციასაც ასრულებს, რომელიც საჭიროებებისამებრ ზემოთ ადის და ვხედავთ ფოლგის ეფექტით შეფუთულ ვაკუუმს. სარკე-კარში კი მაყურებელი საკუთარ თავს, რომელიც ირეკლავს ყველაფერს, რაც სცენაზე ხდება. პერსონაჟებს უცნაური კოსტიუმები აცვიათ, რომელიც ვირტუალურ, კიბერ სამყაროსთან ასოციაციას იწვევს. სცენაზე შექმნილ ატმოსფეროსთან და გარემოსთან სრულ თანხვედრაშია ნოე კვირკველიას მუსიკა, როგორც სტილისტური თვალსაზრისით, ისე ემოციურად. ის სპექტაკლის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც აქცენტს სვამს მოვლენებზე, მოქმედებებზე და ატმოსფეროს შექმნასთან ერთად, ამძაფრებს შეგრძნებას, წარმოდგენილის მძაფრად აღქმას უწყობს ხელს. ნოე კვირკველიას მუსიკა ხან ლირიკულია, ხანაც მისტიკური ატმოსფეროს შემქმნელი. ამ გარემოში, ორგანულად ეწერება ის ინტონაციები და მანერა, რომლითაც მსახიობები საუბრობენ და მოძრაობენ.
გეგა გაგნიძე გვიყვება ერთი მხრივ, აბსურდულ ამბავს, რომელიც ფაქტის კონსტატაციასაც ჰგავს, ხოლო მეორე მხრივ, გვიჩვენებს დამოკიდებულებას ამ აბსურდული ფაქტის მიმართ. მისი დამოკიდებულება კი მწვავედ სარკასტულია, ცალსახად ირონიული და ცხადად ცინიკური.
ამბის თხრობაში უმნიშვნელოვანეს როლს მსახიობები ასრულებენ, რომლებიც გარკვეულ ეპიზოდებში უცხოპლანეტელებს ჰგვანან, ხანაც ჩვენს ახლობელ-მეგობრებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპექტაკლში სწორედ კონტრასრტული საუბრის სტილის, სასცენო კოსტიუმის, სცენოგრაფიის და რეკვიზიტის სტილისტიკისა და დროის თანაარსებობაა, რომელიც ისეა ერთმანეთში შერწყმული და გადაჯაჭვული, რომ ქმნის ორგანულობის შეგრძნებას. მსახიობები უკიდურესი ირონიითა და სარკაზმით მოგვითხრობენ მწარე, აბსურდულ, გამაოგნებელ რეალობაზე, რომელიც მისი პოლიტიკურ-სოციალური კონტექსტის დრამატულობის მიუხედავად, მაყურებელი იუმორით აღიქვამს და გულიანად აცინებს.
სტრუქტურულად სპექტაკლი კლასიკურ წესებზეა აგებული, მაგრამ თხრობისას ვხვდებით ჰიბრიდულ ფორმას და გამომსახველობით საშუალებებს. ერთი და იგივე მოვლენა წარმოდგენაში არა მარტო სხვადასხვა განწყობით და დამოკიდებულებით თამაშდება, არამედ საშემსრულებლო ხელოვნების სხვადასხვა ჟანრში - ოპერიდან როკამდე. ეს ეპიზოდები სპექტაკლის მნიშვნელოვანი და გამორჩეული მომენტებია, რომელსაც ზედმიწევნით ზუსტად, ორგანულად და თანმიმდევრულად ასრულებენ მსახიობები. ამ ეპიზოდებში თავს იყრის არტ თეორიის (დანიშნულების, არსისა და მნიშვნელობის, ჟანრობრივი გენეზისის) და თანამედროვე ხელოვნების მისიის იდეურ-პოლიტიკური საკითხები.
სპექტაკლს აქვს სათქმელი, რომელიც მაყურებლისთვის ნათელია და ცხადი. რეჟისორი მსახიობების საშუალებით პრობლემაზე საუბრობს თითქოს უმნიშვნელო დეტალებით, ჟესტებით, ფრაზებით, რომელიც იქცევა განსაკუთრებულად, მნიშვნელოვნად, იმდენად, რომ იკვეთება გლობალური პრობლემა, რომელსაც აქვს სისტემური ხასიათი და ის არ არის კონკრეტული მოვლენა.
გიორგი გიორგანაშვილი და ნიკო ფიფია პოლიციელებს განასახიერებენ. ისინი წარმოადგენენ სახეს არა მხოლოდ უწყების, არამედ სისტემის, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც პროფესიონალი, განათლებული, ისე არაპროფესიონალი და სრულიად გაუნათლებელი კადრებით. მათ მიერ შექმნილი პერსონაჟები მრავალწახნაგოვანია. პერიოდულად ისინი ცვლიან დამოკიდებულებებს, განწყობებს, მაგრამ არ იცვლება მათში მსოფლმხედველობითად არაფერი. ისინი ბერდებიან უწყებაში და ბერდებიან ერთსა და იმავე შეცდომებში, „წარმატებასა“ თუ წარუმატებლობაში. იცვლიან პოზიციებსაც, გავლენებსაც, მაგრამ რჩებიან იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც მოვიდნენ პოლიციაში და ერთ-ერთი მათგანი რწმუნდება იმაში, რომ წერა-კითხვის ცოდნა მაინც საჭიროა. მსახიობები დამაჯერებლად და ოსტატობით (იმდენად, რომ მაყურებელსაც კი უხვევენ თვალს) ქმნიან პოლიციის სისტემურ სახეს. გვევლინებიან პოზიტიურ და ჰუმანურ ადამიანებად, რაც ცხადია, მოჩვენებითია, თვალთმაქცური, რომელიც დროთა განმავლობაში ცვდება და აღარ მუშაობს.
სპექტაკლის მოვლენათა ეპიცენტრში იოსები დგას, რომელსაც ოსტატურად, სასცენო კულტურის ღრმა ფლობითა და გამომსახველობით საშუალებათა ცოდნის განსაკუთრებული უნარით ასრულებს გიორგი შარვაშიძე. იქ ქმნის პატიოსანი და წესიერი, კულტურული და ინტელექტუალი მოქალაქის გლობალურ მხატვრულს სახეს, რომელიც თავის მიკროსამყაროში ცხოვრობს, რომელიც გაურბის ქაოსს და სამოქალაქო აქტივობას და რომელსაც გულწრფელად ვერ გაურკვევია რა დანაშაული აქვს ჩადენილი, ან რას გაიგებს, რაც არ ჩაუდენია.
გიორგი შარვაშიძის იოსები მიუხედავად იმისა, რომ კრებითი ტიპაჟია, რომელიც აერთიანებს კონკრეტულ შემთხვევებს და ტიპაჟთა ხასიათებს, იცვლება მისი დამოკიდებულება და ურთიერთობები სისტემასთან ურთიერთობაში, მაგრამ არ იცვლება მისი ზნეობრივი კოდექსი და შინაგანი სამყარო. მსახიობი წარმოაჩენს სისტემის მსხვერპლს, რომელიც რადიკალურად დაშორებულია მისი მოწინააღმდეგის ღირებულებებთან, სამყაროს აღქმასთან, გვიჩვენებს პერსონაჟის პასუხისმგებლობას, როგორც მოქალაქის და პიროვნების. მსახიობი არ კარგავს წონასწორობასა და ზომიერებას, მაშინაც კი, როცა იოსები გაოგნებულია და უკიდურესად აღელვებული. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მის მიერ შესრულებული „არიები“ როკისა და ოპერის სტილისტიკაში, რომელსაც პარტნიორობას უწევს ნატალია გაბისონია.
მსახიობთა შორის ნამდვილ არტისტულ ფეიერვერკს აწყობს ნატალია გაბისონია, რომლის ნამუშევარი, პროკურორის როლი, სპექტაკლის ნამდვილი მარგალიტია. მსახიობი ქმნის ერთგვარ კარიკატურულ მხატვრულ სახეს პროკურორისა, რომელიც ამავდროულად მოსამართლეცაა (ედემის სახელმწიფოში და ეს სახელწოდებაც არაა შემთხვევითი). ისიც მთავარი გმირის იოსების მსგავსად გამოწყობილია თეთრ კოსტიუმში (პოლიციელები შავში), არც ეს არის შემთხვევითი. პროკურორ-მოსამართლე ნატალია გაბისონიას შემოსვლას დიდხანს ელოდება მაყურებელი, როგორც თავად პერსონაჟები და მისი შემოსვლა ერთი მხრივ, აჩქარებს სიუჟეტის განვითარებას, უფრო ინტენსიურს და აღმატებითს ხდის, მეორე მხრივ განსხვავებული ტონალობა და კომიზმი შემოაქვს სპექტაკლში. მსახიობი დეტალებით, ნიუანსებით ხატავს უსამართლო, მოჩვენებითი სახელმწიფოს სასამართლოს სახეს, რომელიც დედასთან წამიერ საუბარში ღვთისმოსავი და მოკრძალებულია, სასამართლო პროცესზე კი მონსტრი და ცინიკური.
ნატალია გაბისონია ავლენს მაყურებელთან ინტერაქტივის და იმპროვიზაციის განსაკუთრებულ უნარსაც, ის სხარტად და ეფექტურად უღებს ალღოს მოცემულ სიტუაციას და ზუსტად არტყამს მიზანში, როცა გადანათებულ დარბაზში მიმართავს კონკრეტულ მაყურებელს, როგორც პროცესის მონაწილეს და თვითმხილველს. სასიხარულოა, რომ მსახიობი ინარჩუნებს სტაბილურობას და სპექტაკლებში: „მზის ხაზი“ , „პათეტიკური მონოლოგები“ შექმნილი მხატვრული სახეების შემდეგ, ქმნის კიდევ ერთ დასამახსოვრებელ და რადიკალურად განსხვავებულ პერსონაჟს.
„იოსები“ ეს არის სპექტაკლი, როცა მაყურებელი ბოლომდე ჩართულია ყველაფერში, რაც სცენაზე ხდება. რეჟისორი მაყურებელს პერსონაჟებადაც აქცევს (განსაკუთრებით, სასამართლოს ეპიზოდებში) და უყვება იმაზე, რაც გარეთ ხდება, რასაც ყოველდღიურად ვუყურებთ, მაგრამ მისი მოყოლილი ამბავი შორსაა პლაკატურობისგან, პუბლიცისტიკისგან და მაყურებელიც ისეთივე ჭრელია, როგორც საზოგადოება. და მაინც სად ვ/ცხოვრობთ?! თუ ამ კითხვაზე გაინტერესებთ პასუხი, გეგა გაგნიძის საავტორო სპექტაკლი უნდა ნახოთ თეატრში ათონელზე. და თუ არც პოლიტიკა და არც საზოგადოებრივი პრობლემები გაწუხებთ, მაინც ნახეთ „იოსები“, დატკბით და ისიამოვნეთ მსახიობების პროფესიონალიზმითა და ოსტატობით.