top of page

საგურამოს კამერატა

WhatsApp Image 2026-09-12 at 17.10.41 (1).jpeg

16.09.2026

გიორგი  ყაჯრიშვილი

საგურამოს კამერატა

კამერული მუსიკის ფესტივალი „საგურამოს კამერატა“ სამიოდე დღის წინ დასრულდა. იგი უკვე მეორედ გაიმართა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში, თუმცა ფესტივალს, რომელსაც ადრე „სალხინოს კამერატას“ სახელით იცნობდნენ, უკვე თერთმეტე წელს ითვლის (მისი გადმოტანის ისტორიაზე ახალა არ შევჩერდებით). თავისი მიმართულებით ფესტივალი კამერულ მუსიკას ეძღვნება, რომლის დამფუძნებლები არიან ნინელი ჭანკვეტაძე და სამხატვრო ხელმძღვანელი შიო აბრახამია, ხოლო ორგანიზატორები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, აიპი „შემოქმედებითი საქართველო“, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი.

ფესტივალი უკვე თანდათან პოპულარობას იძენს, რაზეც ამ სამი დღის განმავლობა მოსულ სტუმართა რაოდენობაც მეტყველებს. ამ დღეების განმავლობაში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში ისმოდა ქართველი და საზღვარგარეთელი კომპოზიტორების ნაწარმოებები ინსტრუმენტალისტებისა და მომღერლების შესრულებით - საღამოები კი ორ განყოფილებად მიმდინარეობდა.

წლევანდელი ფესტივალი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს მიეძღვნა.

აქვე უნდა ითქვას, რომ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა მოახერხა და საგურამოში ისეთი შემსრულებლები ჩამოიყვანა, რომელთა, ასე რომ ვთქვათ „მოპოვება“, ძალზე რთულია მათი გადატვირთული საშემსრულებლო-საგასტროლო გრაფიკის გამო.

ამ ფესტივალს განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს მუსიკალურ ღონისძიებათა რუკაზე. დაფუძნებიდან მას ორი მთავარი მიმართულება ჰქონდა: ქართული ეროვნული მუსიკა წამყვანი მუსიკოსების შესრულებით და მეორე - თავიანთ ქვეყნებში გამოჩენილი მუსიკოსების საქართველოში მოწვევა და მათი შემოქმედების გაცნობა.  აქცენტი კი კეთდება იმ მუსიკოსებზე, რომელთაც ქართული მუსიკალური საზოგადოება დიდად არ  იცნობს. ასე იყო საგურამოში გასულ წელსაც და ახლაც.

ის ფაქტი, რომ ორი საღამო ქართულ მუსიკასა და ქართველ შემსრულებლებს დაეთმო სრულიად კანონზომიერია. გიზი ამირეჯიბის სკოლის აღზრდილი, უამრავი საფორტეპიანო კონკურსების გამარჯვებული, პიანისტი თამარ (თათა) ლიჩელი სწორედ ის შემსრულებელია, რომელიც ცდილობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ღირსეულად წარადგინოს და წარმოაჩინოს ქართული ეროვნული მუსიკალური ნაწარმოებები - მისი ვირტუოზული შესრულება და ექსპრესია სრულად გამოჩნდა მის მიერ შესრულებული ფ. ლისტის, პ.სარასატე-ჯ.ენესკუს, მ. რაველის, ფ. შოპენის ნაწარმოებებში და რასაკვირველია განსაკუთრებით სითბოთი კი ვაჟა აზარაშვილისა და მერი დავითაშვილის კომპოზიციებში.

სიმებიანი კვარტეტი „იბერი“ ორი წყვილი მამა-შვილისგან (გიორგი და რეზი ხაინდრავები, ირაკლი და ნიკოლოზ ჯაფარიძეები), რომელთა პროგრამა ძირითადად სულხან ცინცაძის საკვარტეტო მინიატიურებისგან შედებოდა, სადაც ჟღერდა ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობი ხალხური სიმღერების საკვარტეტო ტრანსკრიფციები. ასევე, შესრულდა ვაჟა აზარაშვილის კვარტეტიც.

მეორე საღამო არანაკლებ საინტერესო იყო, რადგან მომღერალ ნუკრი კაპანაძეს ყველა იცნობს, იცნობს მის რეპერტუარს, შესრულების მანერასა და ხარისხს. ამიტომ ყველა ადგილი დაკავებული იყო და მასპინძლებს მოუწიათ დამატებით სკამების ორგანიზება.

ნინო გულიაშვილთან (ფორტეპიანო) დუეტში შესრულდა „რეტროსპექტივა - ქართული რომანსი“ დაწყებული დების იშხნელების ეპოქიდან - დღევანდელ დღემდე და, რაც მთავარია, მას თან ახლდა ნუკრი კაპანაძის ცნობილი იუმორით შევსებული კომენტარები, ხუმრობები, ლირიკული გადასვლები. მის მიერ შესრულებული თუნდაც ძველი რომანსები წარმოდგენილი იყო ახალი ინტერპრეტაციებით - ახლებურად გააზრებული და გალამაზებული.

საღამოს მეორე ნაწილი სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა ყველასთვის, ვინაიდან ახალგაზრდული ანსამბლი „ქორალისთვის“ (ხელმძღვანელი შიო აბრახამია), რომელიც ჯერ კიდევ ახლა იდგამს ფეხს, ეს დღე დარჩება საუკეთესო დებიუტად (თუმცა, სხვა შემადგენლობით, უკვე მონაწილეობა მიღებული აქვს თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზეც) “საგურამოს კამერატას“ ისტორიაში.

საუბრები მუსიკაზე - „მუსიკა ილია ჭავჭავაძის ეპოქის საქართველოში“, რასაც თან სდევდა „ქორალის“ მიერ შესრულებული ძველი და ახალი ეპოქის საგუნდო ნაწარმოებები - დაწყებული ტრადიციული „შენ ხარ ვენახით“, ასევე, ბახის, პფაილის, ლაღიძის, კეჭაყმაძის, ხორავასა და პიაცოლას რჩეული საგუნდო თხზულებებით, რომლებიც ისტორიულ კონტექსტში გაგვაცნო პროექტის ამჯერად მოდერატორმა შიო აბრახამიამ, რომელმაც ფართოდ მიმოიხილა იმ ეპოქის ძირითადი მუსიკალური ძვრები, საგუნდო და საეკლესიო მუსიკის აღორძინებისა და დამკვიდრების ეტაპები, ქართული საოპერო კულტურის დაბადება და ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ახალი ქართული ეროვნული, პროფესიული მუსიკის დამკვიდრების საკითხში.

მესამე, დასკვნითმა დღემ ყოველნაირ მოლოდინს გადააჭარბა. ეს საღამო ევროპელ შემსრულებლებს დაეთმო - დუეტი „არტინა“ (ხორვატია) ანდრა იელავიჩმა და მარტინა იემბრიშაკმა მართალაც რომ ერთი შეხედვით ძალიან უცნაური დუეტი წარმოადგინეს: ვიზუალურად და ტემბრულად ორი განსხვავებული ინსტრუმენტის - ფლეიტისა და აკორდეონის ჟღერადობათა ასეთმა ჰარმონიულმა შერწყმამ დიდი ემოციები დ აგაოცება გამოიწვია მსმენელთა შორის. მათ მიერ შესრულებულ ნაწარმოებებში ძირითადად სჭარბობდა ტანგო და უპირატესად, მაინც ა. პიაცოლა, ამ ჟანრის ნაწარმოების სხვა ავტორებს შორის, ასევე გამოირცა ფ. ბორნის სიუიტა Carmen Fantasy შექმნილი ბიზნეს კარმენის ჰანგებზე.

აი, „ჩელო რეფაბლიკ“ (ჩეხეთი, ძველი სახელით - “პრაღის ჩელოს კვარტეტი”) კი ფესტივალის ნამდვილ აპოთეოზად მოგვევლინა. პეტრ სპაცეკი, ივან ვოკაჩი, იან ზემენი, მატეი შტეპანეკი - ოთხი უდიდესი მუსიკოსი, ოთხი ვიოლონჩელისტი, ოთხი ვირტუოზი შემსრულებელი, რომელტაც თავიანთი უზადო ტექნიკით ისეთი „ცეცხლი“ დაანთეს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში, რომ ფესტივალის დახურვის ფეიერვერკსაც კი გადააჭარბა. მათ მიერ შესრულებულმა ე.ლ. ვებერის, პ. ჩაიკოვსკის, ჰ. არლენის, ო ოსბორნის და თვით ქვინის „ბოჰემური რაფსოდია“ გადაიქცა ცალკე კონცერტად, ცალკე ვირტუოზულ საღამოდ, სავსე ემოციებით, შესრულების მაღალი კულტურით და რაც მთავარი არტისტიზმითა და ქარიზმით. ოთხი, მართლაც რომ უშველებელი (აღნაგობით) მამაკაცები ისე შეერწყნენ მუსიკალურ ჰანგებს, რომ წვიმამაც კი, რომელმაც მთლიანობაში აცალა ფესტივალს და მაყურებელი მაინც დაინდო, ვერ შეაჩერა ის ემოცია და განწყობა რაც სცენიდან მოდიოდა.

და ბოლოს - უცხოელმა შემსრულებლებმა განსაკუთრებული სიურპრიზიც მოუწყო მსმენელს. ყველა მათგანმა საკუთარი ინტერპრეტაციით ქართული ჰანგებიც შესთავაზა მოსულ სტუმრებს.

წარმატებები “საგურამოს კამერატას”

 

bottom of page