top of page

სამი დის ოჯახური დრამა

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

A6156B2A-B792-4DF2-A8A1-1CC4C612E2B8.JPG

თამარ ცაგარელი

სამი დის ოჯახური დრამა

მკითხველს შევახსენებ, რომ „ჰარაკი“ ძველი ქართული სიტყვაა, რომელიც ზეპირსიტყვიერად შემონახულ სამაგალითო ამბავს ნიშნავს. ამ სახელწოდებით წარსდგა  ახალი ექსპერიმენტული თეატრალური კომპანია, რომელიც, რეჟისორ სანდრო კალანდაძისა და დრამატურგ მარიამ მეღვინეთუხუცესის იდეით, 2019 წლის 2 აპრილს ჩამოყალიბდა და საზოგადოებას პირველი სპექტაკლით – ჯემალ ქარჩხაძის „მდგმურით“ გააცნო თავი. სპექტაკლი სახელოვნებო სივრცე „მაუდიში“ გაიმართა. დღეს კი, მათი სივრცე, ღვინის ქარხნის მარნის ტერიტორიაზე (ვასილ პეტრიაშვილის №1) მდებარეობს. კომპანიის სამუშაო პრინციპია – კოლაბორაცია, კვლევა და ექსპერიმენტი და მის ერთობას სანდრო კალანდაძესთან და მარიამ მეღვინეთუხუცესთან ერთად შვიდი მსახიობი: თემო რეხვიაშვილი, ბექა ხაჩიძე, ანასტასია ჭანტურაია, ბიჭიკო ჭეიშვილი, ნატალია გაბისონია, გიორგი რაზმაძე და ანანო მახარაძე ქმნის, რომლებიც ერთად, სხვადასხვა პროექტზე მუშაობენ. გუნდის მთავარი სამუშაო პრინციპია თვითშემეცნება,  პროფესიული განვითარება, კოლაბორაცია.

ექსპერიმენტულ-თეატრალურმა მოძრაობამ - „ჰარაკი“ - მაყურებელს 2021 წლის 25 სექტემბერს ახალ სივრცეში მათი ახალი სპექტაკლი „სამი და“ წარუდგინა. დრამატურგი მარიამ მეღვინეთუხუცესი. დიახ, დიახ, რეჟისორი სანდრო კალანდაძე მსახიობებთან (ნატალია გაბისონია, ანანო მახარაძე, ანასტასია ჭანტურაია, გიორგი რაზმაძე, გიორგი შარვაშიძე, ბიჭიკო ჭეიშვილი),  მხატვართან მარიამ კალანდაძესთან, კომპოზიტორებთან გიორგი ანთაძესთან და სანდრო ჩინჩალაძესთან ერთად აცოცხლებს სამი დის ამბავს, რომელიც კლასიკოს დრამატურგს ანტონ ჩეხოვს კი არ მოუყოლია, არამედ, ქართველმა დრამატურგმა კლასიკოსი დრამატურგის ინსპირაციითა და XXI საუკუნის საქართველოს რეალობით შექმნა ამბავი სამ დაზე, რომელიც მაყურებლის წინაშე, რეჟისორმა სანდრო კალანდაძემ თანამედროვე ახალგაზრდა საზოგადოება წარმოადგინა რეალისტურად, ადამიანთა/პერსონაჟთა ფსიქოლოგიური სახე/ტიპაჟებით, რომლებიც ჩვენს ირგვლივ ტრიალებენ, სადაც ყველაფერი თავდაყირა დგას  და შექმნილი მდგომარეობა ყველაზე ახლობელი ადამიანების, სამი დის ურთიერთობებზე აისახება, რომელთა ხასიათებიც, მოქმედებების განვითარებასთან ერთად, უფრო და უფრო იცვლება, ხასიათთან ერთად კი, იცვლება მათი დამოკიდებულება პარტნიორებთან, საზოგადოებასთან, სოციუმთან, გარესამყაროსთან. წინა პლანზე გადმოდის ავადმყოფური ვნებანი, ეგოისტური მოთხოვნილებები. სპექტაკლი მთლიანად პასუხობს ნატურალისტური თეატრის ესთეტიკას. სცენაზე რეალური ცხოვრება „თამაშდება“. მსახიობები ისევე მოქმედებენ, როგორც ცხოვრებაში, მათთვის ჩვეულ ყოფით გარემოში. რეჟისორმა ფსიქოლოგიური სპექტაკლი შექმნა, რომელიც ზუსტად მიჰყვება დრამატურგიულ ტექსტს,  პერსონაჟების ქცევებისა და ხასიათების სრულყოფილი ანალიზის გზით და მსახიობთა თამაშის ფსიქოლოგიური სტილის მეშვეობით თანდათანობით მიჰყავს მაყურებელი „რეალური“ ამბის დასასრულისკენ და თითქოსდა, იმ განცდას გვიტოვებს, რომ ეს არაა სპექტაკლი, ეს ცხოვრების თამაშია, რომელიც მოხდა, ხდება და დიდი ალბათობით, მოხდება კიდეც.

ის რაც, ჩვენთვის, ყველასთვის კარგად არის ცნობილი ჩეხოვის დრამატურგიიდან: „ცხოვრების დრამა“, ჩვეულებრივ, ყოველდღიურ მოვლენებში მისთვის დამახასიათებელი გაწყვეტილი კავშირების დემონსტრირება, ობლობის თემა, ქართველმა დრამატურგმა მარიამ მეღვინეთუხუცესმა ქართველი თანამედროვე ახალგაზრდების ცხოვრებით წარმოსახა. ამ მოცემულობიდან კი,  სანდრო კალანდაძემ თავის დასსთან ერთად „დაგვიხატა“ მარტოობის, მძიმე ბედის, საკუთარ და სხვების ცხოვრებაზე ადრეულ ასაკში პასუხისმგებლობის აღების ვალდებულება, რომელიც, რა თქმა უნდა  დამოუკიდებლობასთან და სიმტკიცესთან ასოცირდება. მეღვინეთუხუცესისეული სამი და: 30 წლის მაია (მსახიობი ნატალია გაბისონია); მარგო, 26 წლის, პოეტი (მსახიობი ანანო მახარაძე) და მარიამი, 21 წლის, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი (მსახიობი ანასტასია ჭანტურია), ჩეხოვისეული სამი დისგან უმთავრესად იმით განსხვავდებიან, რომ ესენი არ მიილტვიან დედაქალაქისკენ, ისინი, ისედაც დედაქალაქში ცხოვრობენ. მათ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა აქვთ, ერთმანეთის პოვნა და ერთად ყოფნა: „...სამივე ერთად თუ ვიქნებით, სარეველები ვერ მოგვერევიან ...ჩვენ ხომ ერთი ბაღიდან ვართ... ყველაზე მეტად ვინც გვიყვარს, იმათ ვუმალავთ. საკუთარ თავსაც ვუმალავთ. ვერ ვხვდები, რატომ?.. ყველაფერი ხომ პატარა მარცვლიდან იწყება. ის, ის პატარა მარცვალი, გაჩენისთანავე რომ ითქვას, ჯერ რომ პატარაა და უმნიშვნელო, აქამდე ხომ არ მოვიდოდით...“ - თითქოს ჩურჩულით, მაგრამ, საკმაოდ მკაფიოდ იხსენებს და იმეორებს პოეტი მარგო გარდაცვლილი დედის სიტყვებს მაშინ, როცა უფროსი, ემიგრანტის დის, მაიას გადაწყვეტილებით, რომელიც, სწორედაც რომ მამა-პაპისეული სახლი გაეყიდა, მაგიტომაც ჩამოვიდა ლონდონიდან და, მიზანს მიაღწია კიდეც. ერთობა დარღვეულია. დრამატურგის მიერ შექმნილი ეს ეპიზოდი, რომელიც  დიდი ალბათობით, ისევ და ისევ ჩეხოვის ინსპირაციითაა შექმნილი, რეჟისორი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად დეტალურად ზუსტად აცოცხლებს ამ სცენას და მკითხველ/მაყურებელი ასოციაციურად „ალუბლის ბაღისკენ“ მიჰყავს, თუმცა, არც ავტორი და არც რეჟისორი მსახიობებთან ერთად, არ წყდება ქართულ რეალობას. სწორედ, ემიგრანტს დაეკისრა დრამატურგისგან მშობლიური კერის გასხვისება. მისთვის, მისი უმცროსი დებისგან განსხვავებით, ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა, ფაქტობრივად, ყველანაირ ღირებულებას მოკლებულია ის გარემო, სადაც, მას მისი ბავშვობა და დები აკავშირებენ. უმცროსი დებისგან განსხვავებით, მაიას მხოლოდ საკუთარი თავი და მისთვის კომფორტის ზონაში ყოფნის მოთხოვნილება აქვს.  მას აღარ უნდა ახსოვდეს ძველი, ცდილობს დაივიწყოს ყოველივე, რაც ოჯახთან აკავშირებს.

სამ დას ერთი აქვთ საერთო: არ გააჩნიათ ოცნება, ილუზია, ისინი რეალობას უსწორებენ თვალს და ცდილობენ, ამ რეალობაში იპოვონ საკუთარი ადგილი, განახორციელონ ის გეგმები, რომელიც მათ ააქვთ ჩაფიქრებული, თუნდაც, ვერ გაიმარჯვონ, მაგრამ, სცადონ, იქნებდა..... რადგან, ეს ის ქვეყანაა, სადაც, „სარეველები იმარჯვებენ ყოველთვის!“  გაუძლონ და აიტანონ ის გარე სამყარო, სადაც მათ უწევთ ცხოვრება. ამიტომაც, ხშირად ალკოჰოლითაც კი იტყუებენ თავს, წყდებიან მოვლენებს და ექსტაზში გადადიან. ისევ და ისევ, მოგონებებს ებღაუჯებიან და, მამაკაც მეგობრებთან ერთად თავშეყრილნი (თემო - პოეტი27 წლის, მარგოს მეგობარი,  თომა - 24 წლის, მარიამის შეყვარებული და ბაჩო, 39 წლის.), ისმენ მათ მოგონებებს, მოკლე ამბებს რომლებიც ასახავს სამყაროს აღქმის  მძაფრ, თუმცა საამო  შეგრძნებებს. მაგრამ, მიუხედავად მისი საამურობისა, ეს მოგონება თითოეული მათგანისთვის მძიმე ფსიქოლოგიურ ტრავმად ჩამოყალიბდა, რადგანაც, ამ მოგონების მერე, მეტი საამო აღარ ჰქონიათ. ესაა ის მომენტი, რომელიც ენატრებათ. სპექტაკლში ახალგაზრდა მამაკაცი პერსონაჟები (მსახიობები: გიორგი რაზმაძე, გიორგი შარვაშიძე, ბიჭიკო ჭეიშვილი) სამი დის ე.წ. ანტურაჟს წარმოადგენენ, თითქოსდა, ამგვარი ფორმით, უფრო აშკარას ხდიან კონკრეტული სამი დის ამბავს, მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. ტრიოს. მათი მეგობრები, მათი ცხოვრების ის ნაწილია, რომლის საშუალებით იკვეთება სამი ახალგაზრდა ქართველი ქალის სახე/ნიღაბი და, შესაბამისად, მის მიღმა არსებული ფსიქო-ტიპაჟები. რაც ძალიან ზუსტი გამომსახველობითი ფორმებითა და აქცენტებითაა დასმული მამაკაცი მსახიობების მიერ.

„ბავშვობა“ საბოლოოდ დაკარგულია, ბინა გაყიდულია, მალე დებიც კვლავ მივიწყებული იქნება, რადგანაც, მაია ლონდონისკენ მიეშურება და, მარგო და მარიამი, ისევ დედაქალაქში, თბილისში რჩებიან, თუმცა, რჩებიან „ჩამონგრეული“ წარსულით, რომელიც უკვალოდ „გაუქრეს,“ მის ნაცვლად კი, უხალისო და უიმედო  აწმყო შეატოვეს, რომელშიც, მათი არჩევანის გარეშე, გმირებს მოუწევთ ცხოვრება.   

bottom of page