
სამტრედია-თბილისი, რომელ საათზე გავა? – 100 წლის შემდეგ
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ზუკა ნემსაძე
სამტრედია-თბილისი, რომელ საათზე გავა? – 100 წლის შემდეგ
თუ ვინმეს ქართულ თეატრსა და კინოში, აღიარება და დიდი სიყვარული სიცოცხლეშივე ეღირსა, ერთ-ერთი უპირველესი, მსოფლიო მასშტაბის ნიჭის მქონე ეროსი მანჯგალაძე გახლდათ - ალბათ, კაცი არ მოიძებნება, რომ ამ უკანასკნელ მოსაზრებას, (მსოფლიო მასშტაბის ნიჭის მქონე ეროსი) შეეწინააღმდეგოს.
სამტრედიელი ბიჭის დაბადებიდან - გარდაცვალებამდე განვლილი ცხოვრების გზა, უცნობი თუ ნაცნობი ისტორიები - რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე გაცოცხლდა. ვინ გააცოცხლებდა, ამბებს წარსულიდან თუ არა ნიკოლოზ წულუკიძე, რომელმაც ზუსტად იცის, ვის და რატომ უნდა ედგას დიდების შარავანდედი, ზუსტად ხედავს და ესმის მსგავსი საღამოების მნიშვნელობა. იმედია არავინ შემეწინააღმდეგება, იმაში რომ გარდა თეატრალური უნივერსიტეტი სტუდენტებისა, მომავალი თაობა არა მხოლოდ მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავებს არამედ საკუთარ ქვეყანაში, მოღვაწე გენიალურ არტისტებზეც უნდა იყვნენ ინფორმირებულები, უნდა იცნობდნენ მათ ბიოგრაფიებსა და განვლილ ცხოვრებას.
მგონი, ერთადერთია ნიკოლოზ წულუკიძე, რომელიც ყოველთვის მსმენელამდე საინტერესო ამბების მოტანით გამოირჩევა, ამას ისიც მოწმობს, რომ რუსთაველის თეატრში პარტერი გადავსებული იყო, ხალხი ფეხზე იდგა და საღამოზე დასასწრები ბილეთებიც არ იშოვებოდა. „თბილისი“, გენიალური არტისტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე მიიჩქაროდა, ეროვნული თეატრის წინ, რომელსაც არა ერთი საუკეთესო, გენიალური და ისტორიული მოვლენა უნახავს, როგორც შენობაში ასევე შენობის წინ, უნდა ითქვას, რომ მოუთმენელი მაყურებელი (მათ შორის მეც) 18:30 საათიდან შევიკრიბეთ და ველოდით რობერტ სტურუას, წარსულში კი არა ერთი გენიოსის, თუმცაღა დღეს სტურუას სამფლობელოს კარების გახსნას.
აქ შეკრებილი საზოგადოება, ეტყობოდა, რომ ზუსტად იაზრებდა ეროსი მანჯგალაძის როლს და მასშტაბს ქართული თეატრის ისტორიაში, ისმენდა ამბებს, რომლებიც არ იგუგლება, ამბებს, რომლებიც ლეგენდებად და საინტერესო მოგონებებად შემოგვრჩა, გენიალური არტისტის პროფესიული, პირადი თუ აქტიური სამოქალაქო ცხოვრებიდან.
წარმოდგენა, რომელიც რეალურად სპექტაკლადაც შეიძლება ჩავთვალოთ, ნელ-ნელა ვითარდებოდა და სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მსახიობები, რომლებთან გზები, თეატრში თუ კინოში ეროსი მანჯგალაძესთან არა ერთ გზის გადაკვეთილა. საღამოს განსაკუთრებული ელფერი შესძინეს ნანა ფაჩუაშვილმა, მარინა კახიანმა, ნანული სარაჯიშვილმა, მურმან ჯინორიამ და ზურა ყიფშიძემ, რომლებსაც თავისი მოგონება, ემოცია და განცდა მოჰქონდათ ამ შეხვედრაზე.
რუსთაველის თეატრის, გამორჩეული არტისტის ნანა ფაჩუაშვილის გამოსვლამ განსაკუთრებული სითბო შემოიტანა სცენაზე, მსახიობმა ამ პატარა საღამოშიც კი გამოავლინა განსაკუთრებული არტისტიზმი და სამსახიობო ოსტატობა. მისმა სიტყვებმა კიდევ ერთხელ გვაგრძნობინა, რომ ეროსი მანჯგალაძის ოსტატობა სცდებოდა მხოლოდ არტისტულ ნიჭს – ის იყო პიროვნება, რომლის გავლენაც სცილდებოდა სცენის ჩარჩოებს.
განსაკუთრებულად აღმაფრთოვანებელი იყო, მარინა კახიანის მიერ შესრულებული კინტოური, ასე ლამაზად, ასე დახვეწილად, ასე გემოვნებიანად, ასე მოხდენილად, საქართველოში სოფიკო ჭიაურელისა (რობერტ სტურუას „ხანუმაში“) და ნატო მურვანიძის (ლევან წულაძის „პიგმალიონში“) შემდეგ, არტისტს კინტოური არ უცეკვია.
ნანული სარაჯიშვილის გამოსვლა ემოციური იყო – მსახიობმა ეროსისთან გათამაშებული მომენტები, სცენაზე წლების შემდეგ შთამბეჭდავად გააცოცხლა.
ზურა ყიფშიძის გამოჩენა, სცენაზე სახალისოსთან ერთად სევდიანიც იყო, რადგან ეროსის სიყვარულს უკავშირდებოდა. ლენა ყიფშიძეზე შეყვარებული არტისტი, მთელი ცხოვრება ლენას მიმართ არსებული ემოციის ერთგული დარჩა და მის ცხოვრებაში სხვა ქალს არ უარსებია. მიუწვდომელი ლენასა და ეროსის სიყვარული - ლეგენდად შემორჩა თეატრალურ სამყაროს. ზურა ყიფშიძემ ეროსის გარდაცვალების დღე გაიხსენა. აშკარა იყო, რომ მსახიობს ეროსიზე საუბარი უჭირდა.
საღამო მუსიკალურად თეატრალურის კვარტეტმა და უნიჭიერესმა მომღერალმა ნეკა სებისკვერაძემ გააფორმა, სპექტაკლებიდან თუ ფილმებიდან, მუსიკოსების მიერ შესრულებულმა კომპოზიციებმა, დარბაზი ერთიან ემოციურ განწყობაში გააერთიანა. თითქოს დრო გაჩერდა – ყველა შეიგრძნობდა იმ განსაკუთრებულ ენერგიას, რომელსაც ეს საღამო ატარებდა.
მას სიყვარულის ღმერთის სახელი ერქვა, მართლაც რომ მთელი ცხოვრებას ადამიანთა სიყვარულს მიუძღვნა, და თუ ვინმემ ქართული თეატრში უდიდესი ეპოქა შექმნა, ეს ეროსი მანჯგალაძე იყო, რომელსაც 2025 წელს 100 წელი შეუსრულდა.
რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე მატარებელი სამტრედიის რკინიგზის სადგურიდან თბილისისაკენ წლების შემდეგ კიდევ დაიძრა, საღამო სულის ჩამდგმელები: თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, რეჟისორი თინათინ კორძაძე, მხატვარი - ანა ნინუა, კომპოზიტორი - დავით თავაძე, ქორეოგრაფი - გიგი ლორია; ვიდეო რეჟისორი - გვანცა მეფარიშვილი იყვნენ.
ამბავი, კაცზე, რომელსაც სიცოცხლე ძალიან უყვარდა, თუმცა როლის გარეშე დარჩენილმა, ვერ შეძლო დიდხანს ეცოცხლა და 56 წლის ასაკში, ნაადრევად დატოვა წუთისოფელი.
სცენაზე, მისტიკური რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თავადაც მისტიკური რობერტ სტურუაც გამოჩნდა, მან ის კოსტიუმები შემოაგორა სცენაზე, რომელიც ეროსი მანჯგალაძეს სპექტაკლებში ეცვა. რობერტ სტურუამ, რომელმაც დიდი არტისტი (სხვათა შორის, არა მხოლოდ ეროსი) როლების გარეშე დატოვა, დანანებით იხსენებდა მას, რომ საქართველოს ჰყავდა გენიალური არტისტი ეროსის სახით. სიბერე შეჰპარვია, გულჩვილი გამხდარა, დიდი რობერტი, ასაკმა თავისი ქნა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მის მიმართ სიყვარულით როდია განმსჭვალული, დარბაზი მის გამოჩენას ფეხზე ადგომით შეხვდა. ხანდაზმულმა რეჟისორმა, ისიც კი გვამცნო, რომ რუსთაველის თეატრს დიდი არტისტების სულები არ ტოვებენ და მოჩვენებებივით დადიან ისტორიული თეატრის კედლებში. ალბათ სიკვდილის წინ როლის გარეშე დატოვებული, განწირული მსახიობები ბატონო რობერტს ხშირად სტუმრობენ, რომ თავი გაახსენონ.
საღამოს მთავარი მოქმედი პირი მაინც თავად ეროსი მანჯგალაძე და მისი ისტორიების მთხრობელი ნიკოლოზ წულუკიძე იყო. ნიკამ, ამჯერადაც საინტერესოდ, ემოციურად მოგვითხრო ეროსის ცხოვრების ეპიზოდები. ნიკას თხრობას ინტერესით ისრუტავდა დარბაზში მსხდომი მაყურებელი. ნიკოლოზ წულუკიძის დამსახურებით, ეს მხოლოდ მოგონებების საღამო არ ყოფილა – ეს იყო ცოცხალი, ემოციური შეხვედრა არტისტთან, რომელიც, მიუხედავად დროისა, კვლავ ჩვენთან რჩება. ეროსი მანჯგალაძე სცენიდან არ მიდის – ის ცოცხლობს ჩვენს კულტურულ მეხსიერებაში და სწორედ ასეთი საღამოები გვახსენებენ, რომ მისი სახელის დავიწყება შეუძლებელია.
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.