სანდრო ახმეტელის რეაბილიტაცია

Axmeteli 2.jpeg

გუბაზ მეგრელიძე:

სანდრო ახმეტელის რეაბილიტაცია

სანდრო ახმეტელს ხორავა პიროვნულ თვისებებს უწუნებდა, მაგრამ მისთვის საბჭოთა სისტემის ღალატი არ დაუბრალებია!

1956 წლის 11 თებერვალს სსრ კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ მოახდინა რუსთაველის თეატრის დიდი რეჟისორის სანდრო ახმეტელისა და მისი მეუღლის თამარ წულუკიძის რეაბილიტაცია. პირველი 1937 წლის 29 ივნისს დახვრიტეს, ხოლო მეორეს გადასახლება და ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მათი რეაბილიტაციისათვის მზადება 1955 წლის იანვარიდან დაიწყეს და პირველი, ვინც ამ საქმეზე ჩვენება მისცა, ლეგენდარული აკაკი ხორავა იყო. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ტელეკომპანია „საქართველოს ცენტრალური ტელევიზიის“ დირექტორი გუბაზ მეგრელიძე ამ დოკუმენტაციაში აღწერილ პასაჟებს გვაცნობს:

  • 1955 წლის 29 იანვარს იუსტიციის მაიორმა ვახტანგ ჟვანიამ ახმეტელის საქმეზე რუსთაველის თეატრის მსახიობი აკაკი ხორავა დაკითხა. დაკითხვის ოქმის მიხედვით, ხორავა თბილისში კარლ მარქსის მოედანზე - #2/8  ცხოვრობდა - ეს არის დღევანდელ ზაარბრიუკენის მოედანზე არსებული ე. წ. მოდელების სახლი. ოქმში მითითებულია ხორავას ბინის ტელეფონის ნომერიც: 3-62-29. იყო დრო, როცა ბევრი ნატრობდა ამ ტელეფონზე დარეკვას და აკაკი ხორავასთან საუბარს. ხორავას ბინა წლების წინათ გაიყიდა და, მგონი, დღეს ამ სახლის ფასადზე არც კი აწერია, აქ რომ დიდი მსახიობი აკაკი ხორავა ცხოვრობდა. ამ სახლში ჰქონდა ბინა აკაკი ვასაძესაც. ამ ორ ცნობილ მსახიობს ფართი ლავრენტი ბერიამ გამოუყო.

  • ახმეტელის საქმესთან - მის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით რა განაცხადა აკაკი ხორავამ?

  • დაკითხვაზე მან ილაპარაკა სანდრო ახმეტელის დამსახურებაზე ქართული საბჭოთა თეატრის განვითარებაში, თუმცა, არ დაუმალავს ის მიზეზები, რისთვისაც ის ახმეტელმა 1935 წელს რუსთაველის თეატრიდან გაათავისუფლა. დაკითხვის ოქმში ვკითხულობთ: თავიდან ახმეტელთან კარგი დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ ჩვენს შორის უსიამოვნება გაჩნდა 1931-1932 წლებში მოსკოვის დეკადის მერე, როდესაც თეატრის ერთპიროვნული მართვა მოისურვა და რამაც თეატრი  დანგრევამდე მიიყვანა. ეს გამოვლინდა რუსთაველის თეატრის იუბილეზეც 1934 წელსაც. თეატრი უცხოეთში გასტროლისათვის, თუმცა, ახმეტელი რეპეტიციებზეც არ მოდიოდა და თეატრი დანგრევის პირას მიიყვანა.“

თეატრში რეპეტიციები რომ განახლებულიყო, აკაკი ხორავა აკაკი ვასაძესთან ერთად რესპუბლიკის პირველ პირთან -  ლავრენტი ბერიასთან მივიდა. ბერიამ ახმეტელს მუშაობის გაგრძელება უბრძანა, ახმეტელი არ დაემორჩილა. მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, შემდეგ ახმეტელი ხორავასაც დაუპირისპირდა და ბოლოს უკვე ახმეტელი მას თავის პირად მტრად თვლიდა. ხორავა წერს: ახმეტელმა ჩემს მიმართ არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება, ხმა გაავრცელა, თითქოს მენშევიკი და დამბეზღებელი ჩეკისტი ვიყავი, 1935 წელს კი ახმეტელმა სამსახურიდან გამიშვაო.

  • გამოდის, რომ ხორავამ ახმეტელი უარყოფითად დაახასიათა...

  • ხორავა დაკითხვის ოქმში წერს: „ახმეტელს საკუთრი მიღწევების გარდა, არაფერი აინტერესებდა,  არავის არაფრად მიიჩნევდა, არ აინტერესებდა სხვა ადამიანების წარმატებები, საკუთრ თავს ჭეშმარიტ პატრიოტად და ჭეშმარიტ ქართველად თვლიდა, ნაციონალიზმისაკენ იყო გადახრილი. თეატრთან არსებობდა სტუდია, რომელიც აფხაზეთის, აჭარისა და ოსეთისათვის, ასევე ყაზახეთისთვის მსახიობებს ამზადებდა. ამაზე ახმეტელი ამბობდა, ქართველებმა მთელ კავკასიას უნდა ვუხელმძღვანელოთო“. ხორავა იხსენებდა ლავრენტი ბერიასთან შეხვედრასაც, როდესაც ბერიამ ახმეტელის და მისი მეუღლის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა, გასტროლის დროს საზღვარგარეთ აპირებენ დარჩენასო. ამ მიზეზით რუსთაველის თეატრის გასტროლი ბერიამ ჩაშალა.

  • აკაკი ხორავა ახმეტელის რეაბილიტაციის წინააღმდეგი იყო?

  • მიუხედავად იმისა, რომ დაკითხვაზე ხორავას არ დაუმალავს, რომ ამერიკის აგენტად მიჩნეული რადამსკი ახმეტელსა და მის მეუღლეს იცნობდა, განაცხადა, არ ვიცი, ახმეტელს ჰქონდა თუ არა პოლიტიკური განზრახვა, ნაციონალური პარტიის წევრი კი იყო, მაგრამ საბჭოეთის წინააღმდეგ რომ იბრძოდა, არ შემიმჩნევიაო. ვერც იტყოდა, რადგან თვითონაც იბრძოდა ბოლშევიკევბის წინააღმდეგ და 1922 წელს ცოტა ხნით დაპატიმრებული იყო, როგორც არაკეთილსაომედო (ეს მასალა ჯერ არ არის გამოქვეყნებული). ეს ეხებოდა ახმეტელის თანამოაზრეებსაც, რეპრესირებულ მსახიობებს ივანე ლაღიძეს, ელგუჯა ლორთქიფანიძეს, ნინო ღვინიაშვილს, პლატონ კორიშელს, ივანე აბაშიძეს, ბუჟუჟა შავიშვილს. ხორავა აღიარებდა: ახმეტელი ნიჭიერი იყო, საბჭოთა პიესებს დგამდაო. ასე რომ, ხორავა ახმეტელს პიროვნულ თვისებებს უწუნებდა, მაგრამ მისთვის საბჭოთა სისტემის ღალატი არ დაუბრალებია.

  • ახმეტელის საქმეზე დაკითხული იყო კონსტანტინე გამსახურდიაც...

  • კონსტანტინე გამსახურდიამ პირდაპირ განაცხადა, რომ ახმეტელის სპექტაკლები მოსწონდა, მაგრამ მისი მუშაობის მეთოდებს გარკვეულწილად არ ეთანხმებოდა. დაკითხვაზე მან 1935 წლის 1 მაისი გაიხსენა - თქვენთავის კარგად ცნობილი ფაქტი ვლადიმერ ჯიქიას აივანზე, როდესაც ახმეტელმა ბერიას შეაგინა. კონსტანტინე წერს: მოწმე გავხდი, როგორ მოხდა შელაპარაკება ჯიქიას ბინაში. ახმეტელმა აივნიდან ბერიას ფამილარულად და უხამსად მიმართა. შენიშვნა მივეცი, რადგან ასე მოქცევა არ შეიძლებოდა, ბერია ცეკას მდივანი იყო და მისი ავტორიტეტი უნდა დაგვეცვაო. თუმცა, იქვე დასძენს: ბერიას ორგანულად ვერ ვიტანდი, რადგან პარტიის ყრილობის დროს ტრიბუნიდან ნაციონალისტსა და ფაშისტს მეძახდაო. 

  • კონსტანტინე გამსახურდიამ მხარი დაუჭირა ახმეტელის რეაბილიტაციას?

  • დაკითხვაზე განაცხადა: ახმეტელისათვის ანტისაბჭოთა მოქმედება არ შემიმჩმევიაო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ის მისი რეაბილიტაციის მომხრე იყო. 1955 წლის 6 მაისს დაკითხეს კოტე მარჯანიშვილის დასის მსახიობი პიერ კობახიძეც.

  • პიერ კობახიძე სანდრო ახმეტელს არ აღიარებდა...

  • ეს ფაქტი არ დაუმალავს, დაკითხვაზე თქვა, როდესაც რუსთაველის თეატრის დასი გაიყო და მსახიობები მარჯანიშვილთან და ახმეტელთან გადანაწილდნენ, მე მარჯანიშვილი ავირჩიე, რადგან ახმეტელთან შედარებით, მარჯანიშვილის უფრო ძლიერ შემოქმედად ვთვლიდიო. პიერ კობახიძეს ახმეტელი ფორმალისტად მიაჩნდა, მისი სპექტაკლები „ანზორი“  და „ინ ტირანოს“ მოსწონდა, მაგრამ თვლიდა, რომ ამ სპექტაკლებში გარკვეული სცენები უარყოფით შეფასებას იმსახურებდა.

  • პიერ კობახიძემ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომ ახმეტელი ხალხის მტერი იყო?

  • პირიქით, ახმეტელისაგან ანტისაბჭოთა სიტყვა არ მომისმენია, გამიკვირდა, როცა თეატრიდან გააგდეს და შემდეგ - 1937 წელს რომ დააპატიმრეს და დახვრიტესო. პიერ კობახიძემ პირდაპირ დაწერა, ახმეტელი ბერიას არ ემორჩილებოდა, ვასაძე და ხორავა თეატრიდან გააგდო, არ შეასრულა ბერიას ბრძანება, ეს ორი მსახიობი თეატრში აღადგინეო. პიერ კობახიძეს პროკურორის წინაშე უკან არ დაუხევია, ხმამაღლა უთხრა - არც ახმეტელის მეუღლეს - თამარ წულუკიძეს და არც დახვრეტილ სხვა მსახიობებს საბჭოთა სისტემის დამხობასთან კავშირი არ ჰქონიათო. კითხვაზე - როგორი ურთიერთობა ჰქონდა ახმეტელს საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივან, სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ყურულაშვილთან? კობახიძემ განაცხადა: ყურულოვს ახმეტელი არ უყვარდა და ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათო. შეგახსენებთ გიორგი ყურულაშვილი კოტე მარჯანიშვილის დასის წევრის - ხათუნა ჭიჭიანაძის მეუღლე იყო. ეს ცოლ-ქმარი - ორივე დახვრიტეს. ხათუნა ჭიჭინაძის რებილიტაცია მოხდა 1956 წლის 18 ივლისს. სხვათაშორის,  იმ წლებში იყო შემთხვევები, როცა რეაბილიტაციას ითხოვდნენ იმ პირთა ოჯახის წევრები, რომლებიც თავად იყვნენ ხალხის მწამებლები და სისხლის მსმელნი.