
საშიში კომედია პატარა სახლში - ფარსით აღწერილი სინამდვილე
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ტატო ჩანგელია
საშიში კომედია პატარა სახლში - ფარსით აღწერილი სინამდვილე
კომედია, განსაკუთრებით ფარსი, ხშირად რჩება ის ჟანრი, რომელსაც კრიტიკოსები გვერდს უვლიან - თითქოს ზედმეტად მსუბუქია სერიოზული ანალიზისთვის. თუმცა სწორედ აქ, სიცილის დინამიკაში, სიტყვების ქაოსში და ზედაპირულად აბსურდულ სიუჟეტებში იბადება ის თეატრალური სივრცე, რომელიც შესაძლოა ყველაზე მწვავედ ასახავდეს დროის განწყობას. ახმეტელის თეატრმა კიდევ ერთ პრემიერას უმასპინძლა, ამჯერად ოთარ ქათამაძემ წარმოადგინა მარკ კამოლეტის პიესის - ერთი პერანგი ექვსისთვის, მიხედვით დადგმული სპექტაკლი, განსხვავებული და უფრო მოქნილი სახელით - საშიში კომედია პატარა სახლში.
მარკ კამოლეტი ფრანგული კომედიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახელია. მან წარმატებით განავითარა კლასიკური ფრანგული ფარსის ტრადიცია, გააქტიურა მოქმედების რიტმი და ჰიპერბოლა, რასაც სიუჟეტი აბსურდში გადააქვს, და წარმოდგენას გადაჭარბებულად სანახაობრივს ხდის. კამოლეტის პიესები ხშირად ხდება ინტერპრეტაციის საგანი ისეთ თეატრალურ გარემოში, სადაც მაყურებელი ეძებს არა მხოლოდ მსუბუქ გასართობს, არამედ ჟანრული კანონების დესტრუქციით მიღებულ ირონიულ და სარკასტულ სივრცეს. ავტორის ყველაზე ცნობილი პიესა Boeing-Boeing გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, როგორც ყველაზე ხშირად დადგმული ფრანგული კომედია.
საშიში კომედია პატარა სახლში ფორმალურად აგრძელებს კლასიკური ფარსის ტრადიციას - საქმე გვაქვს აბსურდულ სიტუაციებთან, რომელსაც ქმნის იდენტობის გადმობრუნებისა და მოულოდნელი შეხვედრების შერწყმა. ქათამაძის რეჟისურული ინტერპრეტაციის მთავარ საფუძველს კი წარმოადგენს - ტექსტისგან მაქსიმალურად სატირული ალუზიებისწინ წამოწევა, რათა უკეთ დავინახოთ ადამიანური სიყალბე, ყოფითი ფარისევლობა და ის მექანიზმი, რომლითაც სოციალური როლებისა და თეატრალური ნიღბების დახმარებით ყოველდღიური სიმართლე გადაიფარება ხოლმე.
რეჟისორმა ფრანგული კლასიკის ინტერპრეტაციის ქართული მენტალიტეტისთვის მორგება მოახერხა. მაყურებელი ხედავს არა მხოლოდ სახალისო სიტუაციებს, არამედ საკუთარი ყოველდღიურობის პაროდიულ ანარეკლს - ის, რაც ხდება ჩვენში, როდესაც სიმართლეს ვუმალავთ სხვებს ან საკუთარ თავსაც კი.
მნიშვნელოვანია, რომ რეჟისორი არ წყვეტს ტექსტთან ირონიულ დიალოგს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად კონტექსტის შესაბამისად შორდება მას. სპექტაკლში იგრძნობა გამიზნული თეატრალურობა - თითქოს მსახიობები თავადაც აცნობიერებენ შინაარსის ხელოვნურობას, რომელშიც მონაწილეობენ. გარკვეული სცენები გროტესკულია, მოძრაობები გადაჭარბებული, საუბრის ტონალობა კარიკატურული - მაგრამ ეს გაწონასწორებული კომედიური ლოგიკის თანდაყოლილი ნიშნებია. ამრიგად სპექტაკლი სათქმელი არ არის მორალური, ის არ გვეუბნება, რომ ასეთია ჭეშმარიტება, არამედ გვეითხება, გვახსენებს, თუ რამდენჯერ გვქონია მომენტი, როდესაც ტყუილით ბინდი შემოგვიფარებია ცხოვრებისთვის.
საშიში კომედია პატარა სახლში ეფუძნება ანსამბლურ თამასს, რომელიც ქმნის სცენაზე დაძაბულ დინამიკას და რიტმულ მთლიანობას. მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟებს აქვთ ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული მოტივაციები და ქცევის მოდელები, თითოეული მათგანის გამომსახველობითი პლასტიკა მორგებულია ფარსის კანონიკას: გადაჭარბებული ჟესტი, ხმით ინტონაციური თამაშის ტემპი და მოძრაობის მკაფიო რიტმულობა, რაც ქმნიან სპექტაკლის შინაგან ლოგიკას. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია მზარეულის როლს მორგებული თამარ ბეჟუაშვილი, რომელსაც მთელი სპექტაკლის განმავლობაში უწევს გარდაქმნა. თუმცა, გარდაქმნაცაა და გარდაქმნაც. მისი პერსონაჟი არ არის უბრალო ფუნქციური ფიგურა, ის ფაქტობრრივად გარედან შემფასებელი დამკვირვებელია - დაფალი ფენა, რომელიც იყურება საშუალო ფენის გამჭვირვალე ნაგებობაში და ხედავს მათ სიბინძურეს, ტყუილზე დაფუძნებულ ცხოვრებას, რომლის ერთადერთი ფასეულობაც მეტი სიამოვნების მიღებაა. ბეჟუაშვილი ქმნის გროტესკულ სახეს, სადაც მსახიობური სიზუსტე და შინაგანი ირონია აბალანსებს პერსონაჟის „სწრაფად გამახსოვრებად“ კომიკურ შთაბეჭდილებას. მისი გამოჩენა სპექტაკლზე ერთგვარი განმასხვავებელი ზარია - „ეპიზოდის ცვლილება“ - ახალი ტყუილი, ახალი კვანძი ამ დიდ აბლადუდაში, რა დროსაც მაყურებელი, თითქოს თავადაც ენაცვლება პერსონაჟთა დამკვირვებელს.
მთელი სპექტაკლის განმავლობაში, თითქოს მოლოდინია, რომ აქ რაღც უნდა აფეთქდეს, ამ მოლოდინს ოჯახის უფროსის როლში გადაცმული ოთო ჩიქობავა ქმნის. მაღალი ენერგია, მოძრაობის ფართო დიაპაზონი და ექსპრესიული ინტერპრეტაცია. მისი შესრულება მკვეთრი ტემპორიტმით გამოირჩევა: სიტყვა და მოძრაობა ერთ მთლიანობად გარდაიქმნება. ჩიქობავა თამაშობს მოულოდნელობების შექმნით, მაყურებელი მუდმივად ელის, როდის „აფეთქდება“ ის, და სწორედ ეს მოლოდინი ქმნის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კომიკურ ეფექტს. საბოლოო ჯამში კი, მისი „აფეთქება“ სიცილის სუდარას გადააფარებს მთელ დარბაზს.
მაინც გაუგებრად რჩება ე.წ. მეოთხე კედლის აგების მოტივი, რადგან სპექტაკლი აშკარად აუცხოებს გარემოს, მსახიობებს, პერსონაჟებს, როლებს, თუმცა მსახიობები მაინც რჩებიან ერთგულ შეუმჩნევლობის ველში. რასაც საბოლოოდ იუკა ვასაძის შემოსვლა და მისი მონოლოგი ანგრევს. ეს კითხვის ნიშანია, რომელიც უხერხულად კიდია წარმოდგენის სიღრმეში. არის კი მაყურებლის არიდება სტრატეგიულად სწორი ნაბიჯი?
კომედია, განსაკუთრებით კი ფარსი, ხშირად განიხილება „დამშვიდებული სიცილის“ ფორმად - ჟანრი, რომელიც თითქოს ნაკლებად სერიოზულია, თუმცა სწორედ ამით შეუძლია ხელოვნურად შერბილებულ სინამდვილეში ღრმად და შეუბრალებლად ჩაიძიროს.
ისტორიულად ფარსი წარმოიქმნა შუასაუკუნეების თეატრალური ტრადიციებიდან, მისი მახასიათებელი იყო რეალისტური კონკრეტულობა, არაიშვიათად უხამსობაც კი. ფარსის თემატიკა ძირითადად ქალაქურ ცხოვრებას უკავშირდებოდა. გლეხები და წვრილი აზნაურობა დაცინვის ობიექტად იყო ქცეული. პერსონაჟები ინდივიდუალურ საწყისს მოკლებული ნიღბებია (სულელი ქმარი, ბუზღუნა ცოლი, უჭკუო მსაჯული, თაღლითი ექიმი, პედანტი სწავლილი და სხვა), რაც, სოციალური ტიპაჟის ჩამოყალიბების პირველი ცდაა. ისაა კარნავალური კულტურის ნაყოფი, სადაც სოციალურ ნორმებზე და ტაბუებზე საჯარო სიცილი შესაძლებელი ხდებოდა. მისი ფუნქცია ყოველთვის სცილდებობდა მხოლოდ გართობას - ფარსი ახდენდა ყოველდღიურობის დეიერარქიზაციას. ერთი ცნობილი ურბანული ხუმრობის მიხედვით გაშლილ ხელზე თითები იერარქიულ სტრუქტურას განასახიერებენ, თუმცა ის, როგორც კი მოიკეცება - თანაბრად გარდაიქმნებიან. ამ ხუმრობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მოკეცვა - ლოგინს გულისხმობს. საშიში კომედია პატარა სახლში - სწორედ ამაზეა აგებული - ლოგინში ყოფნის თანასწორობაზე.
ფარსში რეალობა ირღვევა არა „მაღალი იდეების“, არამედ მარტივი, ყოფითი ტყუილების მეშვეობით. როგორც ბახტინი აღნიშნავს, კომიკური სივრცე იძლევა სიმართლის დროებით არქიტექტურას - როცა ყველაფერი შეტრიალებულია, იქ ჩანს ის, რასაც ტრაგედია ვერ იტყვის. ამ გაგებით, საშიში კომედია პატარა სახლში იძლევა შესაძლებლობას, რომ ვიხილოთ სიმართლისადმი ჩვენი ყოველდღიურო დამოკიდებულება - როგორ ვიგონებთ, ვიგონებთ და ბოლოს ვცდილობთ თავი დავაღწიოთ ტყუილს, რომელსაც ვემსახურებით.