
თეატრ ი თეატრში: როგორ იმსხვრევა ილუზიები მოძრავ კარს მიღმა
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

14.06.2026
გუბაზ მეგრელიძე
თეატრი თეატრში: როგორ იმსხვრევა ილუზიები მოძრავ კარს მიღმა
ერთი საიდუმლო ამანათი, ძველი სათამაშო პისტოლეტი და მოძრავი კარი, რომელიც ორ პარალელურ რეალობას ყოფს. კახა გაბელაიას ახალი დადგმა მოზარდ მაყურებელთა თეატრში აუქმებს დისტანციას მაყურებელთან და სცენას უმაღლესი სიმართლის სივრცედ აქცევს - რეცენზია სპექტაკლზე, რომელიც ომზე, ემიგრაციაზე, ყალბი ავტორიტეტების მსხვრევასა და იმ დაგვიანებულ აღიარებებზე გვიყვება, ადამიანურ სულებს რომ გადაარჩენს.
თამარ ბართაიას პიესა „სათამაშო პისტოლეტი“ დიდი ხანია გასცდა ლოკალურ თეატრალურ სივრცეს და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ნაციონალური ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონის მონაცემებით, ეს არაერთგზის პრემირებული პიესა სხვადასხვა დროს წარდგენილი იყო როგორც უცხოეთის, ისე საქართველოს წამყვან სცენებზე. 2012 წელს პიესა ლონდონის ცნობილ „ჩელსის თეატრში“ დაიდგა, 2013 წელს ლიტვურ სცენაზე განხორციელდა, ხოლო ნიუ-იორკში, მანჰეტენზე გამართულ ფესტივალში „ქართულ-ამერიკული თეატრალური ნადიმი“, ამერიკელმა მსახიობებმა ის მაყურებელს მხატვრული წაკითხვის ფორმატით წარუდგინეს. მიუხედავად ასეთი მდიდარი გეოგრაფიისა და მრავალი შემოქმედებითი სახელოსნოსი, ეს ცნობილი ქართული ნაწარმოები მაინც თავის „მშობლიურ სცენაზე“ ცოცხლობს საუკეთესოდ.
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში რეჟისორმა კახა გაბელაიამ, კომპოზიტორ დავით თავაძესთან და მხატვარ ნინო ჩიტაიშვილთან ერთად, შექმნა დადგმა, რომელიც „თეატრი თეატრში“ პრინციპით აგებს მხატვრულ რეალობას. თამარ ბართაიას პიესა „სათამაშო პისტოლეტი“ მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ორი ადამიანის პირადი ისტორია. მარიამ ჩუხრუკიძისა და ნიკოლოზ ფაიქრიძის პერსონაჟები მაყურებლის თვალწინ აცოცხლებენ მტკივნეულ პროცესს, თუ როგორ იმსხვრევა ადამიანური ილუზიები მოძრავ კარს მიღმა და როგორ იქცევა სათამაშო პისტოლეტით დაწყებული თამაში შეუმჩნეველ რეალობად.
დადგმას აქვს მკაფიო, კომპოზიციური რკალი: ყველაფერი იწყება საიდუმლო ამანათით, რომლის შიგთავსიც ფინალში წარსულის ტკივილს ერთ წერტილში კრავს.
სივრცე, რომელიც სამყაროებს ყოფს წარმოდგენას მხოლოდ ორი გმირი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ორივე პერსონაჟი მთელი სპექტაკლის განმავლობაში ფიზიკურად სცენაზე იმყოფება, მათ შორის თითქმის არ არსებობს პირდაპირი კონტაქტი. რეჟისორული ჩანაფიქრით, ეს არ არის კლასიკური დიალოგი, არამედ ორი სრულიად განსხვავებული შინაგანი სამყაროსა და მენტალური მდგომარეობის მქონე ადამიანის პარალელური, ტკივილიანი მონოლოგია. სცენაზე ერთად ყოფნით გამოწვეული ეს ვიზუალური სიახლოვე კიდევ უფრო მძაფრად აშიშვლებს იმ სულიერ გაუცხოებასა და „ვერ შეხვედრის“ ტრაგედიას, რომელიც პიესის მთავარ მელოდიას წარმოადგენს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მთავარი გმირი ქალის როლის შემსრულებლის, მარიამ ჩუხრუკიძის დახვეწილი, ბუნებრივი გარეგნობა, სცენური პლასტიკა და მუსიკალურობა სპექტაკლს განსაკუთრებულ ესთეტიკასა და ემოციურ სიღრმეს სძენს.
სპექტაკლი მიმდინარეობს უფარდო, ღია სცენაზე, სადაც მსახიობების ასევე ღია გარდერობები დგას — მათზე კიდია ყველა ასაკისა და დროის კარგად შერჩეული ტანსაცმელი. რეჟისორული ჩანაფიქრით, მსახიობები მაყურებლის თვალწინ, სცენაზევე იკეთებენ გრიმს და მათ თვალწინ ხდებიან ხანდაზმულნი. ეს ღიაობა აუქმებს დისტანციას და მოქმედებას უმაღლეს სიმართლეს სძენს.
სცენოგრაფიის ცენტრალური აქცენტია მოძრავი კარი, რომელიც სივრცეს ორ პარალელურ რეალობად ყოფს და საოცრად მკაფიოდ აჩვენებს წასვლა-წამოსვლის, ემიგრაციისა და დაბრუნების მარადიულ დინამიკას:
კარს მიღმა — მარიამ ჩუხრუკიძის პერსონაჟია, თავისი ბავშვური გულწრფელობითა და ხალასი ოცნებებით. ეს არის სამყარო, სადაც 14 წლის გოგონა სამსიტყვიან ბარათსაც კი („მე შენ მიყვარხარ“) უდიდესი პასუხისმგებლობითა და გრძნობით ეკიდება. მისი ქცევის ყოველი ნიუანსიდან საოცარი სიწრფელე გამოსჭვივის.
კარს აქეთ — ნიკოლოზ ფაიქრიძის პერსონაჟია: პოპულარობით „თავგაბეზრებული“, „მობლატავე“ ე.წ. ვარსკვლავი. მას არ ეხება არაფერი, რაც გარეთ ხდება, არ კითხულობს თაყვანისმცემელთა წერილებს და ამაყად აცხადებს, რომ არავის პოზიციას არ ემხრობა. მისი გაციებული ეგოიზმი და დამცინავი ტონი იქამდეც მიდის, რომ დარბაზს ირონიულად უცხადებს ცოლის გათხოვების ამბავს, რომელსაც მანამდეც ვერ უგებდა.
კონფლიქტი პიკს აღწევს, როდესაც ეს „ვარსკვლავი“, როგორც ჟიურის ხელმძღვანელი, ვერ ამჩნევს ნიჭიერი გოგონას ანთებულ თვალებს და მის ემოციებს უგულებელყოფს. ამავე დროს, ამცირებს ემოციურად და იმედით აღსავსე მოზარდს. ამიტომ სწორედ აქ ჩნდება ხელში აღებული სათამაშო იარაღი, ერთგვარი შურისძიების მიზნით — ძმის პისტოლეტი. იარაღი აქ ძალადობის კი არა, არამედ პიროვნული პროტესტის, თავმოყვარეობის დაცვისა და შელახული უმანკოების სიმბოლოა. ბავშვური, უწმინდესი გრძნობების უგულებელყოფა ხშირად იწვევს სწორედ ასეთ სასოწარკვეთილ, რადიკალურ ამბოხს.
კულმინაცია: ილუზიის მსხვრევა ერთ წუთში სპექტაკლის ყველაზე მძაფრი სცენა კარს მიღმა მდგარ პისტოლეტიან გოგონასა და კარს აქეთ დამალულ „ვითომ გმირს“ შორის დიალოგია. პიკია მომენტი, როდესაც სცენის კერპი, შიშისგან გონდაკარგული, სიცოცხლის შესანარჩუნებლად ფეხებში უვარდება პატარა გოგონას, ყვირილით: „ოღონდ არ მომკლა!“ აქ უკვე თავმომწონე ,,გმირი“ მშიშარა კურდღლად გადაიქცევა და გოგონას თვალში კიდევ უფრო მცირდება.
უნდა ნახოთ, რა საოცარი, უსიტყვო იმედგაცრუება აწერია მარიამ ჩუხრუკიძის გმირს სახეზე! სულ რაღაც ერთ წუთში მისი დიდი, წმინდა კერპი ნამსხვრევებად იქცევა. ეს მომენტი იმდენად ტრადიციული და ნაცნობია ცხოვრებისეულად — რამდენი ასეთი ილუზია და ყალბი ავტორიტეტი დამსხვრეულა პირადად ჩვენ თვალწინ... თუმაცა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ სწორედ ამ მომენტიდან იწყება ფაიქრიძის გმირის სულიერი ტრანსფორმაცია - ფეხები უკანკალებს, როცა წარმოდგენაზე პატარა გოგოს უკვე დამცინავ მზერას გრძნობს, შემდეგ კი გადაგდებულ პისტოლეტს ეძებს. ის, რომ მამაკაცი ამ სათამაშო იარაღს პოულობს და წლების განმავლობაში სათუთად ინახავს, მიანიშნებს, რომ ეს ნივთი მისთვის საკუთარი მორალური დაცემისა და სინდისის ქენჯნის მარადიულ სიმბოლოდ იქცა — შეხსენებად იმ წამისა, როდესაც ყალბი დიდება რეალურ სიმართლესთან შეჯახებისას დაიმსხვრა.
აფხაზეთის ომი და სულის ფერაცვალება თუმცა, სპექტაკლის ყველაზე ძლიერი გარდატეხა აფხაზეთის ომის შემოჭრაა. ეს ტრაგედია ხდება კატალიზატორი ნიკოლოზ ფაიქრიძის გმირისთვის. ომი მას აკეთილშობილებს და აფხიზლებს ინდიფერენტულობისგან. სცენაზე ის უკვე ტკივილნანახია, რომელმაც თვითმფრინავში საკუთარი ადგილი ბავშვს დაუთმო. თუმცა, შემდეგ ეპიზოდებშიც მსახიობი დამაჯერებლობით თამაშობს იმედგაცრუებული კაცის როლს, რომელმაც იცის, რომ „ამ ქვეყანაში არაფერი შეიცვლება და არავინ დაფასდება“, თუმცა თავად უკვე სხვა ადამიანია, ვინაიდან თავისი პატრიოტული ვალი უყოყმანოდ შეასრულა და სიკვდილზე არც კი უფიქრია.
ამ დროს მარიამის პერსონაჟი ემიგრაციაშია და ლონდონის სცენაზე კარმენის ურთულეს პარტიას ასრულებს. მარიამ ჩუხრუკიძის პროფესიული ვოკალური მონაცემები ამ ეპიზოდს განსაკუთრებულ ესთეტიკურ და დრამატულ სიღრმეს სძენს, სადაც ქალური მშვენიერება და სცენური სიმწიფე პიკს აღწევს. ის ემიგრაციაში მყოფიც ტრაგიკულად განიცდის აფხაზეთის ომს, ხელში ტრანსპარანტი უჭირავს და სისხლისღვრას აპროტესტებს.
მიწის ძახილი და ცხოვრებისეული კონტრასტები მოძრავი კარი კვლავ ტრიალებს და პერსონაჟები ადგილებს ცვლიან: როდესაც მარიამის გმირი წარმატებულ კონტრაქტს აღარ აგრძელებს და სამშობლოში ბრუნდება, ფაიქრიძის გმირი, უკვე შემდგარი სცენარისტი, დიდებით ინგლისში მიდის. თუმცა, დროთა განმავლობაში, ორივესთან მოდის მთავარი რეალობა — მიწის ძახილი, რომელიც ქართველებს გენეტიკურად არ გვასვენებს.
საოცარია პერსონაჟების ცხოვრებისეული ფინალი. მარიამის გმირი სოფელში, მიწასთან და ფესვებთან პოულობს სიმშვიდეს. მისი ცხოვრება სავსეა სიწრფელითა და ყოველდღიური ყოფით: ეზოში შვილიშვილები დარბიან, ძროხა ჰყავს, ყველი ამოჰყავს და მეზობლის ბავშვებს უფასოდ ასწავლის ინგლისურს. „ქველმოქმედება არ გამომდისო“ — სწუხს ის დახვეწილი თავმდაბლობით, როცა სანაცვლოდ ხან ხილი მოაქვთ და ხან — ბოსტნეული.
ტრაგიკული ფინალი და კომპოზიციური რკალის შეკვრა ბოლო შეხვედრისას მამაკაცი ქვეცნობიერად გრძნობს ამ ქალის სიდიადეს და ნატრობს: „ნეტავ, ცხოვრებაში ასეთი ქალი შემხვედროდაო“, თუმცა ვერ ხვდება, რომ ის სწორედ მის წინაშე დგას.
კატასტროფა მოულოდნელად დგება: მარიამი გაზეთიდან იგებს, რომ სამშობლოსკენ მომავალ გზაზე მამაკაცს ინფარქტი მოუვიდა. საავადმყოფოს რეანიმაციაში, უგონოდ მყოფს, ის პირველად უყვება ყველაფერს — იმას, რაც მთელი ცხოვრება გულში ჰქონდა ჩაკლული. სიკვდილი ერთ კვირაში დგება და სწორედ ამ ტრაგიკული ფინალის შემდეგ იხსნება სპექტაკლის დასაწყისში მიღებული საიდუმლო ამანათი. შიგნით ძველი, საბედისწერო სათამაშო პისტოლეტი და მცირე ბარათია, წარწერით: „მიყვარხარ“.
„სათამაშო პისტოლეტი“ არ არის ამბავი იარაღზე. ეს არის სპექტაკლი ილუზიებზე, ომზე, რომელიც გვცვლის, და იმ დაგვიანებულ აღიარებებზე, რომლებსაც სიკვდილის შემდეგაც კი შეუძლიათ ადამიანური სულების გადარჩენა. მარიამ ჩუხრუკიძისა და ნიკოლოზ ფაიქრიძის უბადლო დუეტს ეს კათარზისი მაყურებლის გულამდე უდანაკარგოდ მიაქვს კახა გაბელაიას ზუსტად გათვლილი ემოციური მუხტითა და გმირთა დამოკიდებულება-შეფასებების წარმოჩენით.