სათეატრო ფესტივალი-ზეიმი ოზურგეთში

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

293872389_5886895951338665_8726766061123578048_n.jpeg

მაკა (მარინე) ვასაძე

სათეატრო ფესტივალი-ზეიმი ოზურგეთში

ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, 2022 წლის 5-15 ივლისს, მესამედ ჩატარდა. მიმოხილვას ფესტივალის იდეის ავტორის, დამფუძნებლის, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის დრამატული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, თეატრში შეყვარებული, თეატრის ერთგული, თეატრისთვის მუდამ მებრძოლი, დაუღალავი ადამიანის, შემოქმედის ვასილ (ვასო) ჩიგოგიძის სამადლობელი სიტყვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზით დავიწყებ: - „დიდი მადლობა ჩვენს ერთგულ მაყურებელს“. რეჟისორმა ვასო ჩიგოგიძემ კარგად იცის, რომ „მისი უდიდებულესობა“ თეატრი  -  მაყურებლის გარეშე არ არსებობს, რომ თეატრი მაყურებლისთვის შეიქმნა, მაყურებელთან, ხალხთან, ადამიანებთან საურთიერთობოდ, სამსჯელოდ, საჭირბოროტო საკითხების განსახილველად, ვერბალური თუ არავერბალური დიალოგის გასამართად. 

           

დასაწყისში, საფესტივალო პროგრამაში, მხოლოდ ნოდარ დუმბაძის პროზაული ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლები მოიაზრებოდა, პირველი (2016 წელს) და მეორე (2018 წელს), სწორედ ასე ჩატარდა. აღსანიშნია აგრეთვე,  რომ ეს ფესტივალები არ იყო საკონკურსო. წელს, ბატონმა ვასო ჩიგოგიძემ არეალი გააფართოვა, ფესტივალში მონაწილე დასებს ქართული პროზაული ნაწარმოებების ინსცენირება-ინტერპრეტაციები უნდა წარმოედგინათ. სიახლე გახლდათ ისიც, რომ წლევანდელი ფესტივალი ორ პროგრამას აერთიანებდა: საკონკურსო სპექტაკლებს და არასაკონკურსო, სტუმრის სტატუსით მოწვეულ დადგმებს.

მასშტაბებით გრანდიოზული, რიგით მესამე ფესტივალი მოიცავდა, როგორც საქართველოს თეატრებში ქართულ პროზაზე შექმნილ სპექტაკლებს, ასევე სხვადასხვა ქვეყნის თეატრებისა, თუ თეატრალური დასების მიერ განხორციელებულ დადგმებს, მათ შორის ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით. წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ევრაზიის თეატრების ასოციაციის (ETA, Eurasia Theater Association, ასოციაცია 23 ქვეყანას აერთიანებს) კონგრესი (11-15 ივლისი). ოზურგეთის თეატრთან ერთად ფესტივალის დამფუძნებლებს შორისაა: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ოზურგეთის მერია და მუნიციპალიტეტი, ჩოხატაურის მერია და მუნიციპალიტეტი. ნოდარ დუმბაძის ფესტივალს, წინა წლებშიც არ აკლდა მხარდამჭერები და სპონსორები, მაგრამ წელს, ბატონი ვასილ ჩიგოგიძის დამსახურებით, მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. მათ შორის, მხარდამჭერები: საქართველოს თეატრალური საზოგადოება, გურიის სამხარეო ადმინისტრაცია, ETA, ტვ. იმედი, ტვ. გურია, ჟურნალი „თეატრი“, ჟურნალი „კულტურა პლუს“, ლაშა ჩხარტიშვილის შექმნილი ელექტრონული სათეატრო გვერდი Theatrelife.ge; გენერალური სპონსორები: ნატურალური მინერალური წყალი „ნაბეღლავი“, საქართველოს ბანკი, სმარტ კაპიტალ ჯგუფი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი; სპონსორები: ფონდი ქართული გალობა, ასკანელი 1880, Otka 40, Gurieli, ოზურგეთი პლაზა, სასტუმრო სემი, შპს „გზამშენი 18“, სატუმრო „ოქროს საწმისი“.

2022 წლის 5 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით საფესტივალო სპექტაკლები, საკონკურსო თუ არასაკონკურსო, ფონდი „ქართუს“ მიერ რეაბილიტირებულ ოზურგეთის თეატრში თამაშდებოდა. ფესტივალის სტუმრებსა და მაყურებელს ორჯერ უმასპინძლა, ასევე რეაბილიტირებულ-გარემონტებულმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა. 10 დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის ოცდასამი  სპექტაკლი იხილეს გურიაში თეატრის მოყვარულებმა. დღეში 2-3 წარმოდგენა იმართებოდა, ოზურგეთის თეატრის სხვადასხვა ლოკაციაზე: დიდი სცენა, მცირე სცენა, ექსპერიმენტული სცენა. სპექტაკლებზე მისულ მაყურებელს თეატრის ფოიეში გამოფენის დათვალიერებაც შეეძლო, სადაც, სხვასთან ერთად, ასახული იყო ოზურგეთის თეატრის საუკუნენახევრიანი ისტორია - აფიშები, ფოტოებში, ესკიზებში და სხვ.

           

ფესტივალი მასპინძლობდა სათეატრო დასებს: საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, უკრაინიდან, ლიტვიდან, პორტუგალიიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან. საკონკურსო პროგრამაში წელს, მხოლოდ საქართველოს თეატრები მონაწილეობდნენ, არასაკონკურსრო პროგრამაში კი, ქართულ სპექტაკლებთან ერთად, მაყურებელმა ნახა უცხოური დადგმებიც. თბილისის და საქართველოს სხავადასხვა რეგიონის თეატრების 17 სპექტაკლიდან, 9 საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა. საკონკურსო სპექტაკლების სია ასე გამოიყურებოდა: სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრი -  „პარტახი“, რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი (ეგნატე ნინოშვილის მიხედვით); ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი - „ნუ გააღვიძებ“, რეჟისორი ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლი (ნოდარ დუმბაძის მიხედვით); ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის  პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - „შაშვი, შაშვი მაყვალი“, ნიკა ჩიკვაიძის საავტორო სპექტაკლი (თამთა მელაშვილის მიხედვით); ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - „ჯაყო“ - გოჩა კაპანაძის საავტორო სპექტაკლი (მიხეილ ჯავახიშვილის მიხედვით);  ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - „ჰელადოს“, რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილი (ნოდარ დუმბაძის მიხედვით), მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - „მზიანი ღამე“, რეჟისორი ლია სულუაშვილი (ნოდარ დუმბაძის მიხედვით); თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - „კაცია-ადამიანი?!“, რეჟისორი ლევან წულაძე (ილია ჭავჭავაძის მიხედვით); თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული  თეატრი - „არ დამივიწყო“, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი (რევაზ მიშველაძის მიხედვით); სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული  თეატრი „თეთრი ტალღა“ – „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“, რეჟისორი გოგა ქაჩიბაია (რევაზ გაბრიაძის მიხედვით).

სტუმრის სტატუსით მიწვეული თეატრებისთვის ფესტივალის კონცეფცია-მოთხოვნა - ქართული პროზაული ნაწარმოებების ინსცენირებები  -   არ იყო სავალდებულო. აქედან გამომდინარე, ზოგმა წარმოადგინა დრამატურგიული ნაწარმოების მიხედვით შექმნილი სპექტაკლები, ზოგმაც პროზის ინტერპრეტაციები. ყოველი დადგმა თავისებურად საინტერესო აღმოჩნდა მაყურებლისთვის.

საქართველოდან და უცხოეთიდან სტუმრის სტატუსით ფესტივალზე სპექტაკლები ითამაშეს: შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრმა რობერტ სტურუას - „ვანო და ნიკო“ – (ერლომ ახვლედიანის მიხედვით); აქტობეს რეგიონული თოჯინების თეატრმა ყაზახეთიდან   -,,ალაკაი“ - „ძაღლი“, რეჟისორი ანტონ ზაიცევი (ნოდარ დუმბაძის მიხედვით); თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა  „გაყრა“, რეჟისორი დავით დოიაშვილი, (გიორგი ერისთავის მიხედვით), ლვოვის მარია ზანკოვეცკას სახელობის ნაციონალურმა აკადემიურმა დრამატულმა თეატრმა უკრაინიდან - „ცხოვრება პ.ს“, რეჟისორი ნაზარ პავლიკი (ვალერია ბურლაკოვას მიხედვით); როკიშკისის მუნიციპალურმა თეატრმა ლიტვიდან - „ბავშვი“, რეჟისორი ელიგიუს დაუგნორა (მარიუს ივაჩკევიუსის მიხედვით); ბრაგის თეატრალური კომპანიამ პორტუგალიიდან -„ნიშანზე“, რეჟისორი რუი მადეირა (თომას ბერნარდის მიხედვით), იმავე თეატრალურმა კომპანიამ - „უძლიერესი“, რეჟისორ რუი მადეირას საავტორო სპექტაკლ-პერფორმანსი; სტამბულის - მალთეფეს მუნიციპალურმა თეატრმა თურქეთიდან -„კაცობრიობა აქ არის შენთვის“, რეჟისორი დერმან ატიკი (თოიგან ორბეის მიხედვით); ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა - „ცის-კარი“, ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლი (ნოდარ დუმბაძის მიხედვით); ოზურგეთის თეატრმა - „რესპუბლიკა გურია“, ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლი.

ფესტივალის საზეიმო გახსნა, რომელზეც მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს: ფესტივალის დამფუძნებელმა, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერებმა - ავთანდილ თალავაძემ და დავით შარაშენიძემ და სხვა მხარდამჭერებმა. საზეიმო გახსნა დაგვირგვინდა, ქართული, მსოფლიო თეატრის უდიდესი წარმომადგენლის, ბატონ რობერტ სტურუას სპექტაკლით - „ვანო და ნიკო“. საქართველოს თეატრალურმა საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა ბატონ რობერტს, სულხან საბა ორბელიანის სახელობის ქართული თეატრის დესპანის წოდება მიანიჭა. სპექტაკლმა და რობერტ სტურუას სამადლობელ სიტყვაში წარმოთქმულმა: -„გეყოფათ (გვეყოფა) რა პოლიტიკა, მივხედოთ კულტურას, ხელოვნებას, თეატრს - რაც ყველაზე კარგად გამოგვდის“, მაყურებლის აღფრთოვანებული ემოცია დაიმსახურა.

არასაკონკურსო წარმოდგენებიდან რამდენიმეს გამოვყოფ. ფესტივალის გახსნის და დახურვის დღეს, ოზურგეთის თეატრის მცირე სცენაზე  ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლი - „ცის-კარი“ - ითამაშეს. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებისა და ჩანაწერების მიხედვით რეჟისორმა სპექტაკლისთვის შექმნა ინსცენირება, მხატვართან - ვახტანგ ქორიძესთან ერთად გააკეთა თოჯინა-მარიონეტები, შეარჩია მუსიკა. ცოცხალმა მსახიობებმა მარიონეტ-თოჯინებთან ერთად, ტექნიკურმა პერსონალმა, ერთი საათის განმავლობაში, მხატვრული ოსტატობით, შერეული სათეატრო ხერხებით გააცოცხლეს ნოდარ დუმბაძის ცხოვრებისეული თუ შემოქმედებითი ბიოგრაფია. დახვეწილი გემოვნებით განხორციელებულმა საავტორო სპექტაკლმა მაყურებელზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა. წარმოდგენის მსვლელობისას თუ დასრულებისას ყველას თვალზე ცრემლი ჰქონდა მომდგარი. სწორედ ელენე მაცხონაშვილმა მიიღო პრიზი საუკეთესო რეჟისურაში, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში დადგმული საავტორო სპექტაკლისათვის - „ნუ გააღვიძებ“. ამ შემთხვევაშიც, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით ინსცენირება, რეჟისურა და მუსიკალური გაფორმება ელენე მაცხონაშვილის ეკუთვნის. მსახიობებმა: გიორგი გლოველმა, ნანა ისიანმა, ზურაბ აბესაძემ, თემურ კიკნაველიძემ, ნინო აბესაძემ, ბადრი ტაბატაძემ და მარეხ აბესაძემ, კარგად გაართვეს თავი რეჟისორის მიცემულ ამოცანებს. მათი ტიპაჟები ერთდროულად დაგაფიქრებს ადამიანის არსზე, ადამიანური არსებობის საჭირბოროტო პრობლემებზე, ადამიანთა შორის ურთიერთობებზე, იმაზეც, თუ რატომ ომობენ ადამიანები გაუთავებლად და ემოციებსაც აღგიძრავს. სადად, მარტივი ხერხებით დადგმულ სპექტაკლში იუმორი და სევდა ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. საერთაშორისო ჟიურის მიერ, საუკეთესო მამაკაცის როლზე, მსჯელობისას, ერთ-ერთ კანდიდატად  მსახიობი - გიორგი გლოველიც დასახელდა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, აქტობეს რეგიონული თოჯინების თეატრის - ,,ალაკაი“- წარმოდგენა „ძაღლი“. სამწუხაროდ, აგრესორი რუსეთის უკრაინასთან ომის გამო, დეკორაცია ვერ ჩამოვიდა. ფესტივალის საორგანიზაციო გუნდის დამსახურებით, ადგილობრივი ძალებით, ყაზახმა სტუმრებმა მაინც შეძლეს წარმოდგენის გამართვა. ეკრანზე გაუშვეს ჩანაწერი, ხოლო მსახიობები ცოცხლად ახმოვანებდნენ. ამისდაკვალად სპექტაკლის ფორმა, დადგმის ხერხები და შინაარსობრივი მხარეც მაყურებლისთვის აბსოლუტურად გასაგები იყო და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. მარიონეტებითა და ცოცხალი მსახიობებით გადმოსცეს ყაზახმა შემოქმედებმა: ინსცენირების ავტორმა - ელენა ლოშკინამ, მხატვარმა - ასია კურმანალინამ, კომპოზიტორმა - დიანა ნიაზოვამ და რეჟისორმა - ანტონ ზაიცევმა ნოდარ დუმბაძის პროზის მიხედვით შექმნილი ამბავი. ძაღლის თვალით დანახული სამყარო, ადამიანები, სიკეთე, ბოროტება, სიყვარული, ერთგულება, ღალატი და სხვა საჭირბოროტო თემები. რეჟისორმა საინტერესო ფორმა მოუძებნა სპექტაკლს, მაყურებელიც ძაღლის მხედველობის არეალიდან ადევნებს თვალს მოქმედების განვითარებას.

გადაჭედილ მაყურებელთა დარბაზში ითამაშა თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა,  გიორგი ერისთავის ცნობილი ვოდევილის მიხედვით, დავით დოიაშვილის „გაყრა“. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი უკვე 15 წლისაა, მაყურებელი ისეთივე აღფრთოვანებით უყურებს და აღიქვამს, როგორც ეს საპრემიერო ჩვენებების დროს იყო. პიესის თანამედროვე ინტერპრეტაცია, გემოვნებიანი, ოსტატური რეჟისურა, მსახიობთა მიერ შექმნილი (ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს) და მაღალმხატვრულად გაცოცხლებული სახასიათო პერსონაჟები, საუკეთესო მუსიკა (რუსუდან მორჩილაძის) თუ შესრულება, ქორეოგრაფია (კოტე ფურცელაძის), მხატვრობა, კოსტიუმები (გიგა ლაპიაშვილის), იუმორით, ხალისით გადმოცემული ამბავი, გასართობი წარმოდგენა, რომელიც მაყურებელს უყვარს, ვინაიდან ადამიანებს, ამ ურთულეს ეპოქაში გართობა, სიცილი, გაუთავებელი  პრობლემებისგან დასვენებაც სჭირდებათ.

ლვოვის მარია ზანკოვეცკას სახელობის ნაციონალური აკადემიური დრამატული თეატრის ორკაციანმა სპექტაკლმა - „ცხოვრება P. S.“, გასაგებ მიზეზთა გამო, განსაკუთრებული ვნებათა ღელვა გამოიწვია. წარმოდგენა ორი ადამიანის სიცოცხლეზეა, ცხოვრებაზეა, სიყვარულზე, სიკვდილზე და ომზეა, ყველაფრის დამანგრეველ, გამანადგურებელ ომზე. „ცხოვრება P. S.“ - უკრაინელი ჟურნალისტის, ვალერია (ლერა) ბურლაკოვას რომელიც ომმა (2013 წლიდან 2018 წლამდე, აგრესორი რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ) უკრაინული არმიის ჯარისკაცად აქცია, რომანის მიხედვით შექმნილი ინსცენირებაა, ეფუძნება რეალურ ამბავს. საყვარელი ადამიანის, უკრაინელი ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ, ქალი ჯარისკაცი, იმისთვის რომ თავი არ მოიკლას, დღიურების წერას იწყებს და 40 დღის განმავლობაში განცდილსა და ნაფიქრალს გადმოსცემს. ლვოვის თეატრი და სპექტაკლი მაყურებელს მოუთხრობს ადამიანზე, რომელსაც ომმა ცხოვრება “P. S”-ად უქცია. სამშობლოს დასაცავად ომში წასვლა, ადამიანის და მით უმეტეს, ქალის, გაუგებარ სიტუაციაში აღმოჩენა, ბრძოლა, ომის საშინელებების მიუხედავად შეყვარება; დაქორწინებაზე, შვილების გაჩენაზე, სიცოცხლის გაგრძელებაზე ოცნება, ფიქრი და მწარე რეალობასთან, სიკვდილთან, საყვარელი ადამიანის გარდაცვალებასთან „შუბლით შეხლა“, ჩვეულებრივ ცხოვრებასთან ადაპტირების მცდელობა - სპექტაკლის ფაბულაა. ოლგა ანანენკოს გასცენიურებული, რეჟისორ ნაზარ პავლიკის დადგმული, ნატალია ტარასენკოს მინიმალისტური სცენოგრაფიით შექმნილი, მსახიობების: მარიანა კუჩმას - ლერას და ოლეს ფედორჩენკოს - მეზღვაურის (საბრძოლო მეტსახელი) გათამაშებული კამერული ტიპის წარმოდგენა რეალურისა და ირეალურის, სიზმრისეულის ზღვარზე მიმდინარეობს და მაყურებლის გულსა და გონებას მთლიანად იპყრობს. ფესტივალზე, ნათამაშები სპექტაკლი სხვადასხვა ქვეყნის მაყურებლისთვის ერთნაირად გულისშემძვრელი, სულის ამაფორიაქებელი იყო. მაგრამ, ალბათ, ყველაზე მტკივნეული, 1991 წლიდან 31 წლის განმავლობაში (მანამდე 2 საუკუნე) იმპერიალისტურ, დიქტატორულ, ბოლშევიკურ, ავტოკრატიულ რუსეთთან მუდმივად ომში მყოფი ქვეყნის - საქართველოს მოქალაქე მაყურებლებისთვის. სპექტაკლი დასასრულს, ყველა ტიროდა - ლვოვის თეატრის წარმომადგენლები, რეჟისორი ოლესანდრ კნიგა ოკუპირებული ხერსონიდან, რომლის სპექტაკლიც ფესტივალზე უნდა ყოფილიყო, რომ არა ომი, ფესტივალის დამფუძნებელი, ორგანიზატორები, მაყურებელი.

სამსახიობო ოსტატობით გამოირჩეოდა პორტუგალიელთა მიერ ნათამაშები სპექტაკლები: „ნიშანზე“ და „უძლიერესი“, ორივე დადგმის რეჟისორია რუი მადეირა, სამსახიობო ანსამბლიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი საოცარი ტემპერამენტის, ენერგიის, ემოციური მუხტის, სამსახიობო ოსტატობის მქონე ქალბატონს - სილვია ბრიტოს.

14 ივლისი ნოდარ დუმბაძის დაბადების დსახლღეა. ამ დღეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა ფესტივალის სტუმრებს, ჯერ ხიდისთავში, დუმბაძის სახლ-მუზეუმი დაათვალიერებინეს, ხოლო საღამოს, ჩოხატაურის კულტურის ცენტრთან არსებულმა სახალხო თეატრმა, ნოდარ დუმბაძის მიხედვით ინსცენირებული, გოჩა ხვიჩიას  სპექტაკლის პრემიერა - „ხაზარულა“ - უჩვენა მაყურებელს. რეჟისორმა ორიგინალური დადგმა შემოგვთავაზა, ვერბალური ნაწილი მინიმუმამდე იყო დაყვანილი, ცოცხალი მუსიკის თანხლებით, მსახიობები სიმღერით, შეძახილებით, ცეკვით, პლასტიკით,, ქმედითად გადმოსცემდნენ ამბავს. ფესტივალის ფარგლებში, სპექტაკლის შემდეგ, საქართველოს თეატრალური საზოგადოების ხელმძღვანელმა გიორგი გეგეჭკორმა სახალხო თეატრის დასს საპატიო წოდებები გადასცა.

რაც შეეხება საკონკურსო სპექტაკლებს.  ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა, რამდენიმე წლის წინ, მიხეილ ჯავახიშვილის მიხედვით გოჩა კაპანაძის დადგმული „ჯაყო“ ითამაშა და ჟიურის გადაწყვეტილებით, ორი პრიზიც დაიმსახურა: საუკეთესო სცენოგრაფიისთვის ლომგულ მურუსიძე და ქეთევან ციციშვილი დაჯილდოვდნენ. რაც შეეხება პრიზს, საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისთვის, რამდენიმე კანდიდატი განიხილებოდა. მათ შორის იყო პავლე ნოზაძე -მამის როლისთვის, თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის  სპექტაკლში - „არ დამივიწყო“, მაგრამ ხმათა უმრავლესობით ჯილდო  ჯაყოს როლისთვის რამაზ ხომასურიძეს ერგო.

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის  პროფესიული სახელმწიფო დრამატულმა თეატრის სპექტაკლმაც ორი პრიზი დაიმსახურა. სპექტაკლის რეჟისორს ნიკა ჩიკვაიძეს მიენიჭა პრიზი, ქართული მწერლობის საუკეთესო სცენური ინტერპრეტაციისათვის. მართლაც, ნიკა ჩიკვაიძემ თამთა მელაშვილის ბესტსელერად ქცეული რომანის, ძალიან საინტერესო, ორიგინალური  ინტერპრეტაცია-ინსცენირება შექმნა. მარინა დარასელიამ კი შეიძლება ითქვას ფურორი, საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია, მაღალმხატვრული, სამსახიობო ოსტატობით გაცოცხლებული ეთეროსთვის და საერთაშორისო ჟიურიმ უყოყმანოდ მიანიჭა პირველი ადგილი. თუმცა ამ შემთხვევაშიც იყვნენ სხვა კანდიდატები. მაგალითად, ნინო ლეჟავა, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლში „არ დამივიწყო“. 

საუკეთესო სპექტაკლის ჯილდო, ე. წ. „გრანპრი“ კი (ფულადი პრემია 10 000 ლარი დააწესა „სმარტ კაპიტალ ჯგუფმა“ და ფონდმა „ქართული გალობა“), თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ერგო, ილია ჭავჭავაძის ლევან წულაძისისეულ „კაცია- ადამიანში?!“. გიზო ჟორდანიას ინსცენირების მიხედვით დადგმულ სპექტაკლში, ლევან წულაძემ წინ წამოსწია სიყვარულის თემა. ვანო იანტბელიძის და მანანა აბრამიშვილის ლუარსაბი და დარეჯანი სიბრალულის გრძნობას იწვევენ მაყურებელში და არა გაკიცხვის. სიყვარულის და სიბრალულის მოტივები ჭავჭავაძის პროზაულ ნაწარმოებშიც არსებობს და რეჟისორმაც სწორედ ამას გაუსვა ხაზი თავის დადგმაში. სპექტაკლში ამ ორი პერსონაჟის, ადამიანის მთელი ცხოვრება ჩაივლის მაყურებლის თვალწინ. ყრმობა, ახალგაზრდობა, შუახნობა, სიბერე და ბოლოს გარდაცვალება. დადგმაში, ამ ერთი, მართალია მოსიყვარულე, მაგრამ უიღბლო, უშვილძიროდ, სიცოცხლის გამგრძელებლების გარეშე დარჩენილი წყვილის ამბავია გადმოცემული. რეჟისორის მიერ შექმნილი სცენოგრაფია, სპექტაკლის კონცეფციის თანმხვედრია. სცენის შუაგულში მბრუნავი წრე და მასზე არსებული უზარმაზარი საწოლი, ამ პერსონაჟების ცხოვრების არეალზე მიგვანიშნებს. უკან, კავკასიონის გოროზი, თეთრი თოვლით დაფენილი, მწვერვალები მოჩანს, სპექტაკლს კი რეფრენად გასდევს ფრაზა: - შენ გენაცვალე კახეთო!. დარეჯანი და ლუარსაბი, ორი არაფრით გამორჩეული, უპრეტენზიო, ერთმანეთში შეყვარებული ადამიანია, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე მზრუნველნი, დანარჩენი სამყარო არც კი აინტერესებთ. იუმორითა და სითბოთი აღვსილ წარმოდგენაში, საინტერესო, ემოციურ ტიპაჟებს ქმნიან: დათა ხუნაშვილი, მარიამ მაისურაძე, ეთერ ბაბილაშვილი, ნინო კურტანიძე, ნონა ხუმარაშვილი, ლექსო-ცინკვერაშვილი რაზმაძე, გიორგი გელაშვილი. ლანა შაშვიაშვილის და გიორგი გლახოშვილის ქორეოგრაფია, ზურაბ გაგლოშვილის მუსიკალური გაფორმება, მსახიობებს ეხმარება განსასახიერებელი პერსონაჟების უკეთ გადმოცემაში. სიყვარული, სევდა და იუმორი გამოსჭვივის, როგორც სარეჟისორო ჩანაფიქრში, ფორმაში, ხერხებში, მეტაფორებში, სიმბოლოებში, ასევე სამსახიობო შესრულებაში.

აქვე, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებები, ფესტივალის მაყურებლის აზრის თანმხვედრი აღმოჩნდა. გამარჯვებული სპექტაკლებისთვის ფულადი ჯილდოები ფესტივალის სპონსორებმა გაიღეს.

ფესტივალი, ახალგაზრდა ნიჭიერი, უსაზღვრო ფანტაზიის მქონე რეჟისორის ნიკა საბაშვილის საავტორო სპექტაკლით - „რესპუბლიკა გურია“ - დაიხურა. ოზურგეთის თეატრში არავერბალური ხერხებით განხორციელებული წარმოდგენა, საქართველოს ერთ-ერთი რეგიონში,  გურიაში მომხდარ ისტორიულ ფაქტებზეა აგებული (1905-1906 წლების მიჯნაზე, რუსეთის იმპერიის პერიოდში, გურულ გლეხთა აჯანყება დასრულდა „გურიის რესპუბლიკის შექმნით, რომელმაც რამდენიმე თვე იარსება). ფეერიული, ბევრ რამეზე დამაფიქრებელი, სულის და გულის შემძვრელი წარმოდგენა - სიყვარულზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, თავისუფლებაზე, იმპერიალისტურ ზრახვებზე, დიქტატურაზე, ბოროტებაზე, ადამიანის სულიერად დაუმარცხებლობაზე, მიმტევებლობაზე მოგვითხრობს.

საზეიმო დახურვაზე ფესტივალის გენერალურმა სპონსორმა „ასკანელმა“ რობერტ სტურუას, ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფულადი ჯილდო გადასცა. ფესტივალის იდეის ავტორმა და დამფუძნებელმა ვასილ ჩიგოგიძემ გამოსამშვიდობებლ სიტყვაში, მადლობა უთხრა ყველას: თანადამფუძნებელებს, მხარდამჭერებს, სპონსორებს, მაყურებელს და მომავალ ფესტივალამდე დაემშვიდობა.