
სახლი ა გვისტოს მზეზე
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ნუცა კობაიძე
სახლი აგვისტოს მზეზე
ტრეისი ლეტსი
(დრამა 2 მოქმედებად)
რეჟისორი - ნიკა ჩიკვაიძე
თარგმანი - დავით გაბუნია
მხატვარი - ანანო დოლიძე
მონაწილეობენ: ნინელი ჭანკვეტაძე - ჯუნა, ანი ალადაშვილი - მარიამი, ნიაზ ხუციანიძე - სანდრო, ნუცა სულაბერიძე - ნატა, ჯანო იზორია - რატი, ანა გვანცელაძე - ნინი, ირაკლი კერესელიძე - პატარა ნუკრი, ეკა მჟავანაძე - ლიანა, ვალერი კორშია - ნუკრი, თინი კვერნაძე - ლიზა, შოთა მერკვილაძე - გეგა
თავისუფალი თეატრის სპექტაკლი „სახლი აგვისტოს მზეზე“ თანამედროვე ოჯახური დრამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია ქართულ სცენაზე. რეჟისორმა ნიკა ჩიკვაიძემ მაყურებლისთვის უკვე კარგად ნაცნობი ჯონ ველსის ფილმის „აგვისტო: ოსეიჯის ოლქის“(August: Osage County) გადმოქართულებული, სასცენო ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა. პირველივე სცენიდან აშკარაა რეჟისორის სურვილი მაყურებლისთვის მაქსიმალურად თვალსაჩინო გახადოს ოჯახის შიგნით განვითარებული დაძაბულობა.
განსაკუთრებით საინტერესოა რეჟისორის მიერ არჩეული თამაშის ტემპორიტმი — სცენაზე ყველაფერი „ერთდროულად“ ხდება: სიცილი ცრემლს ცვლის, ტრაგედიას ხუმრობა მიჰყვება, სამზარეულოში იკვრება ერთი დიალოგი, აივანზე თამაშდება - მეორე, და ეს პარალელური ხმაური უფრო რეალისტურს ხდის სურათს. დღეს თეატრში იშვიათად ხერხდება ასეთი ბუნებრივი ატმოსფეროს შექმნა, როცა სცენაზე ყოველი ხმა თანაბრად მნიშვნელოვანია. სპექტაკლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე სწორედ ეს არის. აქ ყველა პერსონაჟი გამახსოვრდება თავისი ნიუანსებით. მძიმე ოჯახური დრამის პარალელურად სცენაზე სარკასტული იუმორით გაჯერებულ ეპიზოდებს ვუყურებთ. თანაბრად თამაშდება ტრაგიკული და კომიკური ელემენტები, ისე რომ 3 საათიანი წარმოდგენა ერთ ამოსუნთქვაში მთავრდება. რაც არ უნდა კარგი იყოს წარმოდგენა, რთულია ხარვეზის გარეშე ჩაიაროს - გამწვავებული კონფლიქტის დროს მსახიობები იმდენად შედიან როლში, რომ პერიოდულად გადაჭარბებული ტონალობით ერთფეროვანს ხდიან ემოციებს. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება ოკლაჰომაში კი არა, ამჯერად ოქროყანაში ხდება, დეკორაცია მაინც ამერიკული პროვინციული სახლის ატმოსფეროს ქმნის. თითქოს წვრილმანი რეკვიზიტია საძინებელში შეუმჩნევლად დაკიდებული ნახატი, რომელზეც ამ ოჯახის მეტაფორა - ზღვის ფსკერზე სიბნელეში მობინადრე ლობსტერია გამოსახული. ის მყარი ნაჭუჭის ქვეშ დამალული შიშებით მცხოვრები ადამიანების ხატებაა, რომელიც პერსონაჟების შინაგან მდგომარეობას მეტაფორული ენით ამხელს.
სპექტაკლში თვითმკვლელი მამა ცენტრალური ფიგურაა. ის არ ჩანს, მაგრამ მისი არარსებობა სხვა პერსონაჟებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, მუდმივად აქ არის, სახლი მისი ენერგიითაა დამუხტული, რაც აშკარად მოგვაგონებს შექსპირის ჰამლეტს, სადაც მამის აჩრდილი დიდ ზეგავლენას ახდენს მოვლენების განვითარებაზე. ამავე დროს, სპექტაკლში ვხედავთ ქალ პერსონაჟებს, საკუთარი ოცნებებით. გმირები ისწრაფვიან სხვა, უკეთესი ცხოვრებისკენ, სხვა შესაძლებლობისკენ, მაგრამ რეალობა კვლავ ამ სახლის კედლებში აბრუნებთ. ნატა: მე გავთხოვდები კიდეც და ბალიზეც წავალ - აქ უკვე ჩეხოვის პერსონაჟი ირინა გვახსენდება, პიესიდან „სამი და“. ორივე გმირის შემთხვევაში ყველამ ვიცით, რომ ეს აუხდენელი ოცნებაა. რეჟისორს (ისევე როგორც დრამატურგს) სცენაზე ერთდროულად შემოაქვს წარსულის ტვირთისგან გათავისუფლების სურვილი (შექსპირი) და მომავლის მიუწვდომელი ოცნებები (ჩეხოვი).
ყველაზე დასამახსოვრებელ სახეს ქმნის ნინელი ჭანკვეტაძე/ჯუნა. მისი პერსონაჟი მძიმე სნეულებით დაავადებული ქალია. უნდა აღინიშნოს გრიმის სიზუსტეც – გმირის პარიკი და შეშუპებული სახე იმდენად რეალისტურად არის შესრულებული, რომ არა მხოლოდ ვიზუალურ ეფექტს ქმნის, არამედ პერსონაჟის ტრაგიკულ ყოფას კიდევ უფრო დამაჯერებელსა და მძაფრს ხდის. ჯუნას ურთიერთობა მის გარშემომყოფებთან ძალაუფლებისა და უმწეობის ტრაგიკული ნაზავია. დაუნდობლად ექცევა თავის ქალიშვილს ნინის, რომელიც მისი ერთადერთი პატრონია სამი ქალიშვილიდან და ცდილობს მისი ქალური იერი „მოარგოს“ საზოგადოებრივ ნორმებს. აქ მსახიობმა ზუსტად დაიცვა წონასწორობა – ჯუნა ერთდროულად იწვევს ბრაზსაც და სიბრალულსაც. გვაბრაზებს მისი სასტიკი კონტროლი ქალიშვილზე და თან გვებრალება, როგორც დედა. საინტერესოა ურთიერთობა ქალიშვილ მარიამთან, რომელიც განსაკუთრებულად უყვარს, მაგრამ ამავე დროს ვერ პატიობს მიტოვებას, გარდაცვლილ ქმარზეც კი ეჭვიანობს: „მამაშენის დაკარგვა რომ გაიგე, ეგრევე ჩამოხვედი და მე რომ მჭირდებოდი მაშინ სად იყავი?“ აქ ჩანს მისი წლების მანძილზე დაგროვილი წყენა. ყველაზე დრამატული მეუღლის სუიციდთან დაკავშირებული ეპიზოდია - ჯუნამ იცოდა, რა გეგმა ქონდა მის ქმარს და ხელი არ შეუშალა. ამ როლით ნინელი ჭანკვეტაძე არა მხოლოდ დასუსტებული სხეულის მქონე, არამედ დაავადებული სულის ადამიანის უნიკალურ სახეს ქმნის. მისი ჯუნა ერთდროულად მკაცრი და უმწეო, სასტიკი და სასოწარკვეთილია, და სწორედ ამ მრავალფეროვნებით იქცევა სპექტაკლის ერთ-ერთ მთავარ ბირთვად.
ეკა მჟავანაძის მიერ შესრულებული ლიანა ჯუნაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფიგურაა ამ ოჯახურ დრამაში. ის დომინანტი, ავტორიტარული დედაა, რომელიც ქმარსაც და შვილსაც საკუთარი კანონების მიხედვით მართავს. მისთვის ყოველდღიური ცხოვრება ბრძოლის ველია, სადაც მუდმივად მოითხოვს "კაცური საქციელის" დემონსტრირებას ოჯახის წევრებისგან. ქმარს, ნუკრის უხმო მითითებებით – თვალების ბრიალითა და ჩუმი მინიშნებებით სადღეგრძელოს თქმასაც კი ასწავლის. ვაჟს, პატარა ნუკრის, კარტის თამაშში ავარჯიშებს სხვების თანდასწრებით და თან დასცინის, ხელის მოძრაობით მიანიშნებს – მიყურე და ისწავლეო. ცოლის მონურ მორჩილებაში მყოფი ზედმეტად ლმობიერი ქმარი ვერანაირ ავტორიტეტით ვერ სარგებლობს ოჯახში.
პატარა ნუკრიც (ირაკლი კერესელიძე) საკუთარ უბედურებაში იხლართება: დედის მუდმივი ტუქსვა და დამცირება, მამის სუსტი ხასიათი, აკრძალული სიყვარული საკუთარ დასთან ქმნის მის ტრაგიკულ სახეს. სიმბოლურია სცენა, როცა შესანდობარზე ფეხზე არ დგება სხვა მამაკაცებთან ერთად, არ იცის როგორ მოიქცეს. ერთ-ერთი ემოციური პასაჟია, როდესაც ტელევიზორში გადის ფილმი „საუზმე ტიფანისთან“ და ყველასათვის საყვარელი საუნდტრეკის „Moon River“-ის ფონზე პატარა ინტიმური სიმშვიდე იქმნება ნინისა და ნუკრის შორის. სწორედ ამ დროს ლიანა „ცოფიანი ძაღლივით“ თავს ესხმის შვილს, შეყვარებულის თვალწინ აბულინგებს: „აიწიე შარვალი, რას გავხარ, გამოეთრიე...“. ამ სიბრაზის მიზეზი მალევე გასაგები ხდება - ლიანა ამჟღავნებს სიმართლეს, რომ ნუკრი სინამდვილეში ნინის ძმაა და მათი კავშირი დაუშვებელია. აქ უკვე დრამა „სერიალურ“ გროტესკში გადადის, თუმცა პერსონაჟის ტრაგიზმი მაინც ჩანს – ეს ქალი, რომელიც ყველაფრის კონტროლს ცდილობს, სინამდვილეში თავად არის შიშებით შეპყრობილი, მძიმე ბიოგრაფიის (მეგობრის ქმრისგან ყავს შვილი) მქონე გმირი. ეკა მჟავანაძის ხმის ტემბრი, სწრაფი, ირონიული რეპლიკები და ფიზიკური ენერგია მაყურებელს არ აძლევს მოდუნების საშუალებას. შთამბეჭდავია სიგიჟის ზღვარზე მყოფი ლიანას ენერგეტიკა.
ნატა (ნუცა სულაბერიძე) მეორე მოქმედების დასაწყისში ჩნდება. მსუბუქი იუმორითა და სილაღით შენიღბული პერსონაჟი თანდათან ტრაგიკულ კარიკატურად იქცევა. მისი გამუდმებული საუბრები ბედნიერებაზე, ფემინისტურ იდენტობაზე და წარსული წარუმატებელი ურთიერთობების გადალახვაზე, მხოლოდ ფასადია. ნატა განასახიერებს იმ ტიპაჟს, რომელიც საკუთარ თავს „თვითკმარ“ და „ძლიერ“ ქალად წარმოაჩენს, მაგრამ სინამდვილეში მარტოობის შიშით შეპყრობილი სასოწარკვეთილი ადამიანია, რომელიც პირველივე შესაძლებლობაზე ახალ, გაურკვეველ ურთიერთობაში ერთვება. რეჟისორი განსაკუთრებულად ირონიულ ელფერს სძენს ნატას „იოგას ეპიზოდს“. ოჯახის წევრებთან დაძაბული ურთიერთობების შემდეგ ნატა ოთახში სულიერი წონასწორობის დასაჭერად იოგას იწყებს. ეს ეპიზოდი ცხადად წარმოაჩენს თანამედროვე ფსევდო-სულიერი ცხოვრების კრიტიკას, რაც ხშირად მხოლოდ ზედაპირული შვებაა და ვერაფრით ებრძვის რეალურ პრობლემებს.
რატი (ჯანო იზორია) და ლიზა (თინი კვერნაძე) ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სიუჟეტურ ხაზს ავითარებენ სპექტაკლში. რატი (ნუცას საქმრო) - ოჯახურ გარემოცვაში „გულწრფელი“, „მოსიყვარულე“, ხუმრობის მოყვარული მამაკაცი, სინამდვილეში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების კლასიკური მაგალითია. „გამისინჯავ? გამისინჯავ ხო?“ ორაზროვანი მნიშვნელობით, სექსუალური კონტექსტით მიმართავს პატარა გოგოს (ლიზას, ნუცას დიშვილს) და აწვდის მოსაწევს. აქ რეჟისორი სისტემურ პრობლემაზე გველაპარაკება - უფროსი კაცის ძალაუფლების დემონსტრაცია უმწეო პატარა გოგოს მიმართ. ნიკა ჩიკვაიძე შეგნებულად იწვევს მაყურებლს და უქმნის დისკომფორტს - დარბაზში ჩნდება უხერხულობისა და ბრაზის ერთობლივი განცდა. ამ ოჯახური დრამით ზოგად სოციალურ პრობლემებს გვახსენებს სპექტაკლი.
დაბოლოს, მინდა მივუბრუნდე ისევ ჯუნას, ქალს, რომელმაც იცის ყველაფერი: ქმრის თვითმკვლელობის შესახებ; ლიანას ღალატის ამბავი და ბავშვის დაბადება; ნინის ოპერაცია; მარიამის გაშორება ქმართან; ნინის და ნუკრის აკრძალული კავშირი და დუმს… მისი დუმილი არ არის უბრალოდ სისუსტე. ყოველ საიდუმლოს საკუთარ სხეულში იტევს, და საბოლოოდ სწორედ ამ დუმილით ავადდება. ყველაფერს ხედავს, ყველაფერს ხვდება, მაგრამ ვერაფერს ცვლის. მისი ძალა და უმწეობა ერთმანეთში ირევა. სიჩუმე, რომელიც თითქოს ოჯახს იცავს, სინამდვილეში ყველაზე მეტად ანგრევს მას. ეს დუმილი ყველაზე მძიმე განაჩენად იქცევა ოჯახისთვის.