
სახლი ი ნგრევა, ოჯახი შენდება...
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

26.04.2026
ლაშა ჩხარტიშვილი
სახლი ინგრევა, ოჯახი შენდება...
ალექს ჩიღვინაძის დრამატურგია თანამედროვე ქართული თეატრის იმ მნიშვნელოვან ხაზს მიეკუთვნება, რომელიც სოციალურ რეალობას, ოჯახურ ტრამვებსა და საზოგადოებრივ სიჩუმეს განსაკუთრებული სიმწვავით აკვირდება. მისი პიესები ხშირად ეყრდნობა ყოფით, ერთი შეხედვით ჩვეულებრივ სიტუაციებს, თუმცა ამ ყოველდღიურობის შიგნით ხსნის სისტემურ პრობლემებს: ძალადობას, უთქმელობას, სოციალური უთანასწორობისგან გამოწვეულ დეგრადაციას, ადამიანური ურთიერთობების კრიზისს. ჩიღვინაძის ტექსტებში პერსონაჟები ხშირად ჩაკეტილ სივრცეში არიან მოქცეულნი, პატარა სოციალურ წრეში, მაგრამ სწორედ ეს შეზღუდული სივრცე იქცევა დიდი საზოგადოებრივი სურათის მოდელად.
„მარინა რევია“ ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პიესაა, რომელიც არაერთგზის წარმატებით დაიდგა სხვადასხვა სცენაზე. იგი ეხება თანამედროვე ქართული საზოგადოებისათვის მტკივნეულ და აქტუალურ პრობლემას, სიმართლის დამალვას „სახელის შელახვის“, მეზობლებისა და ნათესავების აზრის შიშით. ეს არის საზოგადოება, სადაც ხშირად ფორმალური რეპუტაცია უფრო ფასობს, ვიდრე ადამიანის ტკივილი, ხოლო გარეგნული წესიერების შენარჩუნება, შინაგანი ტრავმის აღიარებაზე მეტად. სწორედ ამიტომ ადამიანები საკუთარ ტკივილთან მარტო რჩებიან, წარსულს მალავენ, პრობლემებს ახშობენ და ამ სიჩუმით ახალ ტრაგედიებს ქმნიან.
მთავარი გმირის მარინა რევიას დაბრუნება მხოლოდ ფიზიკური დაბრუნება არ არის, ეს არის შეხევდრა შვილებთან, წარსულთან, საკუთარ შეცდომებთან და იმ სივრცეში, რომელიც მის გარეშე დაინგრა. ჩიღვინაძე სვამს უმთავრეს კითხვას: რამდენად შესაძლებელია დაკარგული კავშირების აღდგენა მაშინ, როცა წარსულში სიმართლე დამალული იყო? შესაძლებელია თუ არა ოჯახის თავიდან აშენება მაშინ, როცა მის საფუძველში წლების განმავლობაში სიცრუე, სიჩუმე და ტკივილი გროვდებოდა?
ლუკა ინწკირველის დადგმა სწორედ ამ საკითხებზე აგებს თავის ძირითად რეჟისორულ კონცეფციას. მისთვის მარინა რევია მხოლოდ პატიმრობიდან დაბრუნებული ქალის ისტორია არ არის. ეს არის ოჯახური ნანგრევების, მემკვიდრეობით მიღებული ტრავმების, ჩუმად გადატანილი ძალადობისა და დაგვიანებული შერიგების სპექტაკლი. რეჟისორი ყურადღებას ამახვილებს არა მოვლენათა გარეგან დრამატიზმზე, არამედ პერსონაჟთა შინაგან სულიერ მოტეხილობაზე.
მარინა რევიას (მაია ხორნაული) უხერხული შეხვედრა შვილებთან სპექტაკლის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ეპიზოდია. ამ სცენებში აშკარად იგრძნობა დაბნეულობა, დაძაბულობა, ერთმანეთისგან გაუცხოებულ ადამიანთა მოუხერხებელი მცდელობა დიალოგის დასაწყებად. შვილების როლების შემსრულებლები: სალომე ესაძე (ნათია) და გუგა ქაცარავა (შოთა) ამ უხერხულობას სწორად ატარებენ. საერთოდაც, წარმოდგენაში არაერთი ძლიერი ემოციური სცენაა, სადაც დრამატული პერიპეტიები თანმიმდევრულად ვითარდება.
სპექტაკლი სევდითაა გაჯერებული, თუმცა ამ სიმძიმეში ზომიერად შემოდის იუმორიც. ეს იუმორი განსაკუთრებით ლიზა რუხაძის მიერ შესრულებულ ნატას პერსონაჟს მოაქვს. ნატა აგრესიული, უტაქტო, სოციალური მდგომარეობით გაბოროტებული გოგოა, რომლის უხეშობა ნელ-ნელა და ეტაპობრივად სტაბილურდება. როგორც კი გარემო მას მცირედ უსაფრთხოებას აძლევს და კეთილგანწყობისა და ყურადღების ობიექტი ხდება, იგი თანდათან იცვლება და სხვა ადამიანურ სახეს ავლენს. მსახიობი სოციალური გაჭირვების ფსიქოლოგიურ შედეგებს მკაფიოდ წარმოაჩენს.
ზოგჯერ სპექტაკლში ირღვევა ლოგიკური ჯაჭვი. მაგალითად, გასაგებია, რომ გარეთ წვიმს და ნათიას თმები სველი აქვს, მაგრამ რამდენიმე სცენის შემდეგ იწყებს მათ გამშრალებას. ეს მოქმედება თითქოს ცარიელი სცენური დროის შესავსებად არის გამოყენებული და დაგვიანებული რეაქციის შთაბეჭდილებას ტოვებს. მოვლენათა რიგის ასეთი დარღვევა ზოგიერთ მონაკვეთში საერთო დრამატურგიულ ხაზს არღვევს.
სცენოგრაფია ეკუთვნის თეო კუხიანიძეს. იგი ქმნის ყოფითი სივრცეს, უკიდურესად დუხჭირი ოჯახის შესაბამის გარემოს და მოძველებულ, სახედაკარგული ავეჯით ავსებს. აქვეა ჩამსხვრეული ფანჯრები, აყრილი „პარკეტი“, დაზიანებული სახურავი. ყველაფერი მეტყველებს წლების განმავლობაში მოუვლელ, გაჩერებულ, დაღლილ ცხოვრებაზე. სახლი აქ მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი არ არის, იგი თავად ოჯახის სულიერი მდგომარეობის პორტრეტია.
გარღვეული კედელი, ბზარით, სიმბოლურად დედასა და შვილებს შორის გაჩენილ ნაპრალს აღნიშნავს. ეს ერთ-ერთი მკაფიო მეტაფორაა წარმოდგენაში. მაია ხორნაულის მარინა თავს ზედმეტად გრძნობს, წასვლას აპირებს, კართან მიდის, მაგრამ ბრუნდება და სახლში მორებს მოათრევს, რომელიც შოთას უნდა შემოეტანა. ეს გადაჭრილი ხის კუნძები ბოლომდე არ „თამაშდება“ და მათი სიმბოლური დატვირთვა ბუნდოვანი რჩება. შესაძლოა ისინი და-ძმას — ნათიასა და შოთას უკავშირდებოდეს, თუმცა რადგან შოთა მათ ისევ გარეთ ყრის, მეტაფორა ბოლომდე არ იკითხება.
სპექტაკლის ყველა პერსონაჟი დანევროზებულია და ამას აქვს თავისი მიზეზი: გარემო, აღზრდის პირობები, დაგროვილი კომპლექსები, მოულოდნელად დაბრუნებული დედა, რომელიც საკუთარ ოჯახშიც გაუცხოებულია. მსახიობები ამ მოცემულობაში ლოგიკურად თავსდებიან და უფრო სიტუაციის გამხმოვანებლებად და მდგომარეობის წარმომჩენებად გვევლინებიან, ვიდრე კლასიკური ფსიქოლოგიური დრამის გმირებად. შოთიკოს როლის შემსრულებელ გუგა ქაცარავას საინტერესო სცენური ფაქტურა აქვს და პერსონაჟის სახესაც დამაჯერებლად, ცოცხალი შტრიხებით ხატავს. მსახიობს შეუძლია შექმნას რთულ სოციალურ გარემოში გაზრდილი, შინაგანად დაძაბული და წინააღმდეგობრივი ახალგაზრდა კაცის სახე, რაც როლს სანდოობას ანიჭებს. ამასთანავე, იგრძნობა, რომ მას კიდევ აქვს სამუშაო სასცენო მეტყველებაზე, განსაკუთრებით ხმის ტექნიკის, ტექსტის მკაფიო მიწოდებისა და სიტყვიერი გამომსახველობის მიმართულებით, რაც მის სამსახიობო შესაძლებლობებს კიდევ უფრო სრულად წარმოაჩენდა.
უცნაურ გარემოსა და მძიმე პირობებში გაზრდილ ბავშვებს ერთმანეთთან განსხვავებული, განსაკუთრებულად მჭიდრო და-ძმური კავშირი აქვთ, თითქმის ტყუპებივით ახლო და განუყოფელი ურთიერთობით. მათი კავშირი საერთო ტკივილსა და განცდილ ტრავმებზეა დაფუძნებული, ისინი ერთმანეთს ეყრდნობიან და ერთმანეთზე არიან მიჯაჭვულნი, როგორც სამყაროსგან თავდაცვის ერთადერთ საყრდენზე. ამ ურთიერთობის სანდოობას მსახიობებიც გუგა ქაცარავა და სალომე ესაძე აძლიერებენ, რომლებიც კარგ სცენურ პარტნიორობას ავლენენ და პერსონაჟებს შორის შინაგან სიახლოვეს ბუნებრივად წარმოაჩენენ. შოთას ფეთიანი მამობაც შემთხვევითი არ არის. ამასაც აქვს შინაგანი ფსიქოლოგიური საფუძველი, ერთგვარი კომპლექსი იმ ტრავმული ამბების შემდეგ, რაც მას თავს ბავშვობაში გადახდა. რეჟისორი ამ პერსონაჟის ქცევებში აჩვენებს, როგორ გადადის დაუმუშავებელი ტკივილი პასუხისმგებლობის დამახინჯებულ ფორმაში.
ფინალი სიმბოლურად და ემოციურად გამართულია. ინგრევა მარინა რევიას სახლი. მაია ხორნაული-რევია მას გარშემო უსაფრთხოების ამკრძალავ ლენტას შემოაკრავს და ამ დანგრევის პირას მდგარ, სახიფათო სახლში რჩება. შვილი მას ეძახის და თან პირველად უწოდებს დედას. ეს მომენტი გადამწყვეტია მარინა რევიასთვის: ის ოჯახს უბრუნდება. კედლის ბზარში კი იმ ფოტოალბომს გაჩხირავს, რომელიც მათ ბედნიერ წარსულს ინახავს. ძველი საოჯახო ალბომი ბზარს ავსებს, როგორც მეხსიერება, როგორც პატიების მცდელობა, როგორც დაკარგული ოჯახის ხელახლა შეკვრის სიმბოლო. მარინა რევია და მისი ახლადშეძენილი ოჯახი ახალი ცხოვრების დაწყების შანსს იღებენ, როგორც ცხოვრების მორიგ გამოწვევას.
სპექტაკლში ჟღერს მანანა მენაბდის კომპოზიცია „სტვენს ბულბული“, რომელიც მაყურებელს უკვე ახსოვს სხვა სცენური ინტერპრეტაციიდანაც. თუ სცენოგრაფიული მსგავსება გარკვეულწილად შეიძლება თავად პიესის მიერ ნაკარნახევ სივრცეს უკავშირდებოდეს, მუსიკალური თემის განმეორებითი გამოყენების შემთხვევაში კი
გაუგებარი რჩება, რატომ ვერ მოიძებნა კონკრეტულად ამ წარმოდგენისთვის ახალი, ორიგინალური მუსიკალური გადაწყვეტა, რომელიც მის დამოუკიდებელ ესთეტიკას უფრო მკაფიოდ გამოკვეთდა.
ლუკა ინწკირველის „მარინა რევია“ სოციალური დრამაა ოჯახზე, სადაც მთავარი ბრძოლა გარეთ კი არა, შინ ხდება. ეს არის სპექტაკლი სიმართლის თქმის ფასზე, დაგვიანებული დაბრუნების ტკივილზე და იმედზე, რომ ზოგჯერ ნანგრევებშიც შესაძლებელია ცხოვრების თავიდან დაწყება.
ლუკა ინწკირველის სპექტაკლი აგებულია იმ შინაგან წინააღმდეგობაზე, სადაც მატერიალურად დანგრეული სივრცე ადამიანური ურთიერთობების აღდგენის ადგილად იქცევა. გარეგნულად ყველაფერი ნგრევის პირასაა: სახლი, ყოფა, წარსული, ოჯახის წევრთა ერთმანეთთან კავშირი, თუმცა სწორედ ამ რღვევის ფონზე იწყება ნელ-ნელა შერიგების, მიღებისა და ხელახლა დაკავშირების პროცესი. რეჟისორისთვის მთავარი არა ფიზიკური გარემოს გადარჩენაა, არამედ იმ ადამიანების სულიერი შეკრება, რომლებიც წლების განმავლობაში გაუცხოებამ, სიჩუმემ და ტკივილმა დაშალა. ამიტომ ნგრევა აქ მხოლოდ დასასრულის ნიშანი არ არის; იგი ახალი საწყისის, ურთიერთობების თავიდან აგებისა და დაკარგული ოჯახის ხელახლა დაბადების შესაძლებლობად გარდაიქმნება.