
სახლი, რომელიც ჯუნამ ააშენა
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

10.01.2026
ლელა ოჩიაური
სახლი, რომელიც ჯუნამ ააშენა
არავინ იცის, სინამდვილეში, რას წარმოადგენენ, როგორ ცხოვრობენ ადამიანები სახლების კედლებს, „ფასადებს“ მიღმა და სხვებისგან მალულად. ზოგჯერ ეს ახლობლებმა, ოჯახის წევრებმაც არ იციან, ერთ ჭერქვეშ რომ ცხოვრობენ. ზოგჯერ ყველაფერი ასეც გრძელდება, ზოგჯერ კი, როდესაც დაფარული ფაქტები მჟღავნდება, იწყება კონფლიქტები, რომლებსაც არაერთნაირი გაგრძელება და განვითარება, შედეგი და დასასრული აქვთ.
ნიკოლოზ ჩიკვაიძის ფსიქოლოგიური დრამა „სახლი აგვისტოს მზეზე“, „თავისუფალ თეატრში“, სწორედ მსგავს - დაპირისპირებაზე, ურთიერთმიუღებლობაზე, თვალარიდებულ და გამოაშკარავებულ ტყუილსა და ამ პირობებიდან გამომდინარე, ექსტრემალურ გარემოებებში მცხოვრები ოჯახის ამბავია.
ერთი, თითქოს მყარი და ძლიერი ოჯახის, რომლის წარსულიც, აწმყოცა და მომავალიც ბევრ წინააღმდეგობას, არაგულწრფელობასა და საიდუმლებს ინახავს და ერთ დღესაც ყველაფერი ფეთქდება. ესაა, ფაქტობრივად, მათი ხანგრძლივი ცხოვრების რეზიუმე, რომელშიც, ბევრი ხაზია თავმოყრილი, რაღაც თვალსაზრისით, გამძაფრებულიც და უტრირებულიც რადგან, სწორედ იმ წუთიდან, როდესაც მოქმედება იწყება, ბევრი - წარსულიდან მოღწეული და ახალაღმოცენებული, დიდი და პატარა, სახიფათო და უწყინარი - პრობლემა ერთად იჩენს თავს და ერთი მეორის მიყოლებით ყველას დასანახად იშლება.
სპექტაკლი თრეისი ლეთსის პიესის „აგვისტო. ოსეიჯის საგრაფო, რომელიც დავით გაბუნიამ წლების წინათ, თემურ ჩხეიძისთვის თარგმნა და რომელის დადგმა მან ვეღარ მოასწრო. ნიკოლოზ ჩიკვაიძემ პიესა გადმოაქართულა და „აგვისტო. ოქროყანა“ უწოდა, რაც, შემდგომ ახალი სახელწოდებით „სახლი აგვისტოს მზეზე“ შეიცვალა. შეიცვალა მოქმედების ადგილიც, სიტუაციაც და პერსონაჟების სახელებიც, ხასიათებიც, ცხოვრებისეული სიტუაციებიც. ბევრი რამ ნაცნობი და მსგავსია ქართული სინამდვილიდან. არა ერთ ასოციაცასაც იწვევს ან შესაძლოა, გამოიწვიოს. და ამავე დროს, უნივრსალურია.
სპექტაკლში ამბავი იმით იწყება, რომ ერთ დღეს ოჯახის „მამა“ - ნოდარი იკარგება, ისე რომ, „ნახვამდისაც“ არ უთქვამს. დაკარგულის შვილები და ახლობლები მის სახლში, მის ცოლთან იყრიან თავს და გრძელდება ფაქტით, რომ დაკარგულის გვამს გვამს თბილისის ზღვაში პოულობენ, თვითმკვლელობის შემდეგ. შემდეგ მემკვიდრეობის საკითხების გარკვევა და სხვა მსგავსი პროცედურები იწყება, გლოვას რომ ახლავს.
დასაწყისიდან, ვიდრე ფინალამდე კი, ამ, ერთი ჩვეულებრივი ოჯახის (რომლის წევრების ნაწილი „აქ“ აღარ ცხოვრობს) ურთიერთობების, ნამდვილი და ფარული გრძნობების, გამოხატული თუ გაუმჟღავნებელი დამოკიდებულებების, შინაგანი თუ „მოქმედი“ კონფლიქტების, ურთიერთმიუღებლობის ამბავი მრავალმხრივ და არა ერთი მიმართულებით იშლება. ბევრ რგოლიან ჯაჭვად იკვრება. ერთმანეთში ეპიზოდებად იხლართება. სრული სვლით, კატასტროფამდე. აქ ბევრი რამ ხდება, რაც შეიძლება, რომ ადამიანების ცხოვრებაში ცუდი და უარყოფითი მოხდეს. კარგი კი, ნაკლებად.
სპექტაკლში რამდენიმე მოქმედი გმირია - ერთი ოჯახის წევრები და მათი ახლობლები - ჯუნა - ნინელი ჭანკვეტაძე, მისი შვილები - მარიამი (ანი ალადაშვილი), ნატა (ნუცა სულბერიძე), ნინი (ანა გვანცელაძე); მარიამის ქმარი - სანდრო (ნიაზ ხუციანიძე) და მათი შვილი - ლიზა (თინი კვერნაძე); ნატას საქმრო რატი (ლაშა ჯუხარაშვილი); ჯუნას მეგობარი ლიანა (ეკა მჟავანაძე), მისი ქმარი ნუკრი (ვალერი კორშია) და მათი შვილი ნუკრი (ირაკლი კერესელიძე); პოლიციის ოფიცერი (შოთა მერკვილაძე), რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს და ამ წრეში შემთხვევით ხვდება. დანარჩენებს - ნათესაურ-მეგობრობის გარდა ბევრი რამ აერთიანებს. წარსული და თითქოს ან ნაწილობრივ გაუმჟღავნებელი საიდუმლოები, საიდუმლო ურთიერთობები, რომლებიც, თუ წარსულში ისეთი მძიმე არ იყო, აწმოსა და მომავალში შეიძლება კატასტროფად იქცეს.
მოქმედ გმირებსაც (როგორც სიტუაციებს - „ცნობის“ ფაქტორები) არა ერთი პროტოტიპი ჰყავთ, მოჩვენებითი სიმყარისა და სიმტკიცის გარსს ამოფარებულ და სიყალბეში მოქცეულ საზოგდოებაში, რომელსაც ანალოგიური ცხოვრება, მსგავსი, ნაკლებ და უფრო მასშტაბური პრობლემები აწუხებს. ან თვისებები ახასიათებს.
სხვადასხვა თაობის მსახიობები ერთიან და ერთ „ენაზე მოლაპარაკე“ გუნდს ქმნიან. მათი პერსონაჟები მკვეთრად გამოკვეთილი და ბევრნიშნიანი ხასიათებით, ინტენსიური ფერებით არიან გაჯერებული. თითოეული მათგანი სხვადასხვა სიტუაციის მიხედვით, იცვლის სახესა და ცვლის ხერხს. იცვლება ჟანრის „კანონები“ და შესაბამისად, იცვლება თამაშის სტილი და მანერა, ტემპო-რიტმი და ემოციურობს ხარისხი ახალ მოქმედებას იწყებს.
განსაკუთრებული სიმძიმე და ტვირთი ნინელი ჭანკვეტაძის ჯუნას აწევს - როგორც მთავარ გმირს, რომელიც მართავს და აკონტროლებს ყველასა და ყველაფერს, და რომელიც ხასიათის სირთულით, ცვალებადობით, არასტაბილურობით გამოირჩევა. რომელიც ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება, ერთი მდგომარეობიდან მეორეში უსასრულოდ გადადის, ერთ განწყობას, მეტყველების მანერას, პლასტიკასაც კი, განუწყვეტლივ ცვლის. მსახიობი დაუჯერებელი სიმსუბუქითა და თავისუფლად ქმნის ასეთი გმირის სახეს, რომლის მიმართაც დამოკიდებულება ასევე მუდმივად და იცვლება.
ანანო დოლიძის რთულ და მრავალპლანიანი დეკორაცია - სხვადასხვა ადგილის, საძინებელი ოთახების, ყოფითი სათავსოების, სართულების, ვერანდის შემცველი - მოკლედ დიდი, ბევროთახიანი სახლის ინტერიერია, პირობითი მოხაზულობებით, ოღონდ, ნამდვილი - საკმაოდ გაცვეთილი ავეჯით - მაგიდებით, სკამებით, საწოლებით; ტუალეტით, აბაზანით, სამზარეულოს ატრიბუტიკით, ჭურჭლით, მაცივრით, ჭაღებით, საუთოო მაგიდით, მეჩხერწიგნებიანი თაროებით, კედლებზე სურათებით, მიმოფანტული ტანსაცმლით, წამლების ბოთლებით, ონკანებში მომდინარე წყლითა თუ ცოცხალი ყვავილების თაიგულებითა და ქოთნებით.
სცენაზეც და საზოგადოების წევრების ცხოვრებაში და მათ შიგნით ქაოსია. მოქმედებაც, შესაბამისად, მთელ სცენას და დეკორაციის სხვადასხვა მონაკვეთსა და დონეზე იშლება. დინამიკურად და ქმედითად იცვლება მოვლენებიცა და მიზანსცენებიც. ამბავი ამბავს ცვლის. ზოგჯერ, ერთდროულად, სამი და ოთხი სცენა თამაშდება. მთავარი და მეორე პლანის. რეჟისორი, კინოტერმინს თუ გამოვიყენებ, მიმართავს პარალელური მონტაჟის ხერხს, როდესაც მოქმედება თანადროულად, სხვადასხვა სცენა რამდენიმე სიბრტყეზე ერთდროულად ვითარდება. რაც რეალობაში ბუნებრივია, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი ერთად არ ჩანს, მაგრამ, ფაქტია, არსებობს. სადღაც კედლებს მიღმა.
ამ სახლში, ერთი თუ პირველი შეხედვით, თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივადაა. თითოეულს თავის „ადგილი“ და სივრცე აქვს და ისე იქცევა, როგორც ნებისმიერი ადამიანი, როდესაც ან თავისთვისაა განმარტოებული, ან ყოველდღიურ ყოფით რიტუალს ასრულებს, ან სხვა ადამიანებთან ურთიერთობს. თუმცა ეს გარეგნული და ჩვეული რიტმი, შერეული ნაკადებით, სხვადასხვა თემაზე გაჩენილი, დიდი თუ პატარა კონფლიქტებით ირღვევა, იცვლება და არა ერთი ლექით ივსება, როგორც აუზი დამდგარი და გაუფილტრავი წყლით.
ერთადერთი, რაც მუდამ უცვლელია, და თვალშისაცემი, ესაა ავანსცენაზე, ერთ კუთხეში მონიშნული საძინებელი - საწოლით, კომოდით, თეთრეულითა და ქვეშაგებით, მუყაოს ყუთში ჩაყრილი ტანსაცმლით, წამლებიანი ტუმბოთი - ჯუნას ოთახი - ვითომ თავშესაფარი. რომელიც ნამდვილ თავშესაფრად მაინც ვერ იქცევა. და სადაც ნინელი ჭანკვეტაძე მუდამ და განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია.
ჯუნა ავადაა და მისი ყველა პრობლემა, დიდი ხნის წინ დაწყებული და ამდენად, მყარად გამჯდარია - სხეულში, გონებაში. პირდაპირი და ალეგორიული მნიშვნელობით. ნარკოტიკები, დამამშვიდებლები, სამკურნალი პრეპარატები კიდევ უფრო ურევენ და უღრმავებენ სნეულებას. ჯუნას უნდა, მაგრამ სიყვარული აღარ შეუძლია. ტკივილი ანადგურებს მის ორგანიზმსა და სულს. მუდმივი ტკივილი ანადგურება მასში პიროვნებას. წვავს, როგორც აგვისტოს მხურვალე მზე.
ამ საზოგადოებაში აღარასდროს დაბრუნდება „ცხრათვალა მზეთა და მძვინვარე ზღვათა ტრფობა“, რადგან „სამხრეთის ქართაგან მარად მიტოვებული“ არიან (ცინუკი დადიანის სიმღერა „მაგნოლია“, მისივე შესრულებით, ანა კალანდაძის ლექსზე, სპექტაკლს ლაიტმოტივად გასდევს და კიდეც ასრულებს), რადგან მათ ბევრი ხელიდან გაშვებული და ასეთი „დაუბრუნებელი წუთი“ აქვთ და ეს კარგად იციან.
ალბათ ეს ოჯახი ოდესღაც ბედნიერიც იყო, როგორც ყველა ოჯახი, ცხოვრების დასაწყისში. „ერთ სულ და ერთ ხორც“. ერთად იყვნენ და ერთად ყოფნა უხაროდათ. შემდეგ თანდათან ყველაფერი შეიცვალა. ურთიერთობები შინაგანადაც და ფიზიკურადაც გაწყდა. შვილები წავიდნენ. შემდეგ ქმარიც წავიდა. თან სამუდამოდ. შემდეგ ისევ შეიკრიბა ყველა და ისევ წავიდნენ. ჯუნა კი დარჩა.
ეს სახლი, უფრო ციხესიმაგრეა, ვიდრე სახლი. იქ, აგვისტოს მზის გულზე, ბევრი პრობლემა იყრის თავს. მხურვალების ქვეშ ვნებები უფრო მწვავდება და მძაფრდება, რადგან აქედან უკვე გამქრალია სიყვარული და თანაარსებობასაც პირი არ უჩანს. მათ ერთხელ და შემდეგ ბევრჯერ უკვე დაუშვეს ბოროტება და ახლა იმის საზღაურის იღებენ, რაც დაიმსახურეს. მათ არ დაიმსახურეს სიმშვიდე და მყუდროება.
სახლი, რომელიც ჯუნამ ააშენა, უფრო სწორად, რომლის აშენებაც უნდოდა, ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც უნდოდა, ყოფილიყო. არ აღმოჩნდა არც მყარად ნაგები და არც საიმედო. მისი დაშლა კი დიდი ხნის წინათ დაიწყო და ნანგრევებმა ყველა ჩაიყოლა. წარსული და აწმყო სასურველი და სიხარულის მომტანი იყო და არაა. არც მომავალი იქნება ისეთი, როგორიც ჯუნას უნდოდა. და ვინ არის ამ დრამაშიდა მოვლენების ასეთ განლაგებაში დამნაშავე? ჯუნა, თუ ყველა ერთად, რომლებიც წლების განმავლობაში თან აშენებდნენ და თან ანგრევდნენ ამ საზოგადოებას, ამ სახლს? პასუხი მოკლე და მარტივია - ყველა.
ფოტო „თავისუფალი თეატრის“ ოფიციალური გვერდიდან