
ისინი თეა ტრისთვის, თეატრი მათთვის - ვერიკო და სესილია
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

30.11.2025
ლელა არაბიძე
ისინი თეატრისთვის, თეატრი მათთვის - ვერიკო და სესილია
ისინი იყვნენ თეატრისთვის და თეატრი მათთვის - თამაშობდნენ, ფიქრობდნენ, ეძიებდნენ, უჭირდათ, იყო შემოქმედებითი აღმაფრენა, იყო დაცემა, იყო გაუსაძლისი სევდა, იყო პერიოდი, როდესაც ფიქრობდნენ რომ ვეღარ წამოდგებოდნენ, აღარაფერი გაგრძელდებოდა, სცენიდან ვეღარ გავიდოდნენ, ან გავიდოდნენ და უკან ვეღარ დაბრუნდებოდნენ, მაგრამ ყველაფერს გაუძლეს, ითამაშეს, ფარდაც დაიხურა და ისტორიაში ბრწყინვალე სახელებიც ჩაიწერა - ვერიკო და სესილია! დრო გავიდა, მაგრამ სახელები უკვდავებად იქცა - ვერიკო და სესილია - ისინი, ვის გარეშეც ქართული თეატრი და კინო უბრალოდ წარმოუდგენელია, ვერიკო და სესილია - სამ ათეულ წელზე მეტი და ორი დიდებული ქალი ერთ საგრიმიოროში - სადაც წყენაც იყო, სიყვარულიც იყო და მისტიკაც ბევრი იყო, სადაც მზადება იყო დიდებისთვის, ტკივილი იყო ამ დიდებამდე და იქნებ ტკივილი უფრო მეტი იყო, ვიდრე დიდებით გამოწვეული გამარჯვების სიხარული? მაგრამ ყველაზე მეტი ის ჯადოქრობა იყო, რომელსაც ამ საგრიმიოროდან გამოსული ორი დიდი მსახიობი მაყურებელს ანიჭებდა, ამიტომ, ამ ჯადოქრობისთვის ღირდა ტკივილიც, დაცემაც, გულისტკენაც და ისტორიაც, რომელიც აგერ უკვე რამდენი წელია გრძელდება - ამ ისტორიას ვერიკო და სესილია ჰქვია.
თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძის საავტორო პერფორმანსების სერიაში, რომლის ფარგლებში მაყურებელმა ნახა „ქართული თეატრის ამბავი“, „ჯადოსნური ეკრანი - ამბები ქართული ანიმაციიდან“, „რამაზ ჩხიკვაძე 95“, „ ეროსი 100“, „ამბები დიმიტრი ყიფიანზე - ის, ვინც მთავარია“, 18 და 19 ნოემბერს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გათამაშდა სპექტაკლი „ვერიკო და სესილია“, რომელზეც რეჟისორმა ნიკა ჩიკვაიძემ იმუშავა და რომელიც შემოგვთავაზა არა მხოლოდ როგორც საავტორო წარმოდგენა, არამედ როგორც სპექტაკლი, რომელიც მარჯანიშვილის თეატრმა თავის რეპერტუარში ჩასვა და მისი შემდეგი წარმოდგენა უკვე თეატრის კალენდარულ განრიგშია ჩასმული.
მხატვარმა ანკა კალატოზიშვილმა მარჯანიშვილის თეატრის სცენის უკანა ფასადი მთლიანად აითვისა ე.წ. სომოვის ფარდის (მოსკოვის „თავისუფალი თეატრის“ სასცენო ფარდა - შექმნილი კ. სომოვის მიერ, რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის ინიციატივით - ფარდაზე გამოსახულია Comedi de’ll Arte-ს პერსონაჟები) გამოსახულებით, სცენის ერთი მხარე სესილიას ეკუთვნის, საგრიმიოროს მაგიდითა და უზარმაზარი სარკით, სადაც სცენები ირეკლება და ძალიან ეფექტურია, ხოლო მეორე მხარე ვერიკოსია, ასევე საგრიმიორო მაგიდითა და სარკით - მის სარკეში სხვა ისტორია იკვეთება, სესილიას სარკეში - სხვა. ეს ისტორიები არ ჰგავს ერთმანეთს, პირიქით რადიკალურად განსხვავდება და ეს ჩანს ყველა სცენაში, მაგრამ ჩანს ასევე ის, რაც საოცრად აკავშირებდათ ვერიკოსა და სესილიას - ეს არის თეატრი და მისდამი არანორმალური სიყვარული, თავგანწირვა... ზოგადად, სპექტაკლში საოცარი ზომიერებით ჩანს ორივე მსახიობის შემოქმედებითი თუ ბიოგრაფიული ასპექტი - რეჟისორი და დამდგმელი გუნდი არცერთი წამით არ იხრება კონკრეტული მსახიობისკენ და არ აჩენს კითხვას მაყურებელში - ვერიკო თუ სესილია? სცენარზე თეატრმცოდნე ანა მირიანაშვილმა და რეჟისორმა ნიკა ჩიკვაიძემ იმუშავეს. მათ შემოგვთავაზეს დახვეწილი და თანმიმდევრული ტექსტი, სადაც იკვეთება ის მთავარი მახასიათებლები, რომლის წყალობითაც მაყურებელს უყვარს, (უმეტესობას უნახავად) ორი დიდი არტისტი - ვერიკო და სესილია.
სპექტაკლის დინამიკას განაპირობებს ეტიუდები, რომლებიც ვერიკოსა და სესილიას ცხოვრებისეულ პასაჟებსა და სცენურ ისტორიებს მოგვითხრობს, ნიკოლოზ წულუკიძის თხრობის მანერა და ემოციური კავშირი მაყურებელთან, ზუსტად შერჩეული მუსიკა, დახვეწილი ქორეოგრაფია (ქორეოგრაფი გიგი ლორია), ემოციური და ზომიერი ფოტო-ვიდეო კოლაჟები (ვიდეო რეჟისორი ანდრო ჭიაურელი) და, რასაკვირველია, მსახიობები: პროფესიონალები, სტუდენტები და ორი პატარა გოგონა, რომლებიც ვერიკოსა და სესილიას ბავშვობას განასახიერებენ - სპექტაკლი სწორედ მათი ბავშვობიდან იწყება, როდესაც პატარა სესილიას სარკის წინ ანგელოზის კოსტიუმს იცვამს - „მე გავიზრდები და მსახიობი გამოვალ, ვითამაშებ უბრალოდ... ადამიანებს...“ მეორე მხარეს კი პატარა და მოუსვენარი ვერიკო ხან დრაკონს ამარცხებს, ხან ჯულიეტას მონოლოგს კითხულობს -„მე გავიზრდები და გამოვალ მსახიობი. ვითამაშებ გმირებს, რომლებიც იბრძვიან და იმარჯვებენ...“
ვერიკო და სესილია - გმირები და ადამიანები
მაყურებელმა შეიძლება არაფერი იცოდეს ვერიკოს ანჯაფარიძისა და სესილია თაყაიშვილის შესახებ, მაგრამ პირველივე ეპიზოდიდან ცხადი ხდება, რომ ამბავი ეხება ორი დიდ მსახიობს. ისინი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებიან სასცენო მანერით და ამ განსხვავებაში იმდენი საინტერესო კონტური იკვეთება... სესილია თაყაიშვილი თბილისში გახსნილ ოთხწლიან დრამატულ სტუდიაში აბარებს, ვერიკოს ამ დროს უკვე მოსკოვის მცირე თეატრში ჩაბარებული აქვს გამოცდები, შემდეგ ორივეს პირველი უიღბლო ქორწინება, პირველი შეხვედრა, რომელსაც შემდეგ სესილია გაიხსენებს: „ვერიკო! ახლაც მახსოვს ის დღე, პირველად რომ გნახეთ. თუ არ ვცდები, ეს იყო 1922 წელი. რუსთაველის თეატრის ფოიეში ვიდექი ამხანაგებთან ერთად. მაშინ მე სტუდიაში ვსწავლობდი, თქვენ კი უკვე მსახიობი იყავით. გამოიარეთ და რატომღაც მე მთხოვეთ პომადა, რომელიც არ მქონდა. შეგხედეთ და გავოცდი - თქვენ გეცვათ ყვითელ-მწვანედ ნაქსოვი კაბა. თვალი ვერ მოგწყვიტეთ, ისე არაჩვეულებრივად მიმზიდველი იყავით და ასეთი დარჩით მთელი სიცოცხლე. შემდეგ მეც მსახიობი გავხდი, ამხანაგად გაგიხდით.“
ამ სცენებს დინამიურად ავითარებს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი, რომლებიც ნიკა ჩიკვაიძემ სპექტაკლში დააკავა, განსაკუთრებით შთამბეჭდავია მაგალითად ახალგაზრდა სესილიასა (კესო ავალიშვილი) და ვასო გოძიაშვილის (რაჟდენ ლაღაძე) სცენა - დიდი სიყვარული, ღალატი, იმედგაცრუება, მარტოობა, გაჭირვება და გულისტკივილი. სესილია მარტო რჩება ჩვილთან ერთად, გროშებს ითვლის, მეორე მხარეს კი ვერიკო უკვე წავიდა შალვა ამირეჯიბისგან, იქ ახალი სიყვარული იბადება, ახალი ფიქრი ჩნდება, ეკრანზე და სცენაზე ერთდროულად გვევლინება რეჟისორი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ზოგადად ქართული თეატრის განვითარებაში - კოტე მარჯანიშვილის თოჯინას სტუდენტები პეტრე ოცხელის გენიალური სცენოგრაფიის მიხედვით გაცოცხლებულ „ურიელ აკოსტას“ თეჯირზე გაათამაშებენ - კოტე მარჯანიშვილის გამოჩენით სპექტაკლში იწყება ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არტისტების ცხოვრებაში - პროფესია. სცენაზე გამოდიან უკვე პროფესიონალი მსახიობები - ქეთი ჩხეიძე და ეკა ჩხეიძე. წარმოდგენაში არ არის მცდელობა, რომ ქეთი ჩხეიძე სესილიას ჰგავდეს, ეკა ჩხეიძე კი - ვერიკოს. ცხადია, ეს კარიკატურა იქნებოდა და, ნებისმიერ შემთხვევაში, მარცხისთვის განწირული, მაგრამ ორივე მსახიობმა დიდი ემოციური გულწრფელობით წარმოადგინა მარჯანიშვილის თეატრის (და არა მარტო მარჯანიშვილის თეატრის) ორი მთავარი მსახიობი ქალის ცხოვრებისეული დრამა, შემოქმედებითი წიაღსვლები და რაც მთავარია - ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება, რომელიც ძალიან მისტიკურად არის სპექტაკლში ნაჩვენები. განსაკუთრებით გამოვარჩევდი სცენას, სადაც სესილია „მე ბებია ილიკო და ილარიონის“ სათამაშოდ ემზადება - გურული ოლღა ბებიაა ყველა შტრიხით, სუნელებით, სამფეხა სკამითა და ქვასანაყით, ვერიკო კი ივდითს თამაშობს, მარჯანიშვილის შედევრიდან „ურიელ აკოსტა“, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა მისი ყოფა - აქ ნათლად ჩანს ის დიდი კონტრასტი, რაც ორი ლეგენდარული არტისტის შემოქმედებას გასდევდა თან. ივდითის კოსტიუმს ამ სცენაში სესილიაც ირგებს, მაგრამ სულ ტყუილად, „ერთ-ერთი ყველაზე უბედური დღე ჩემთვის „ურიელში“ შესვლის დღე იყო. ასეთი ჩავარდნა მაშინ პირველი აღმოჩნდა. არ იყო ეს ჩემი როლი და არც უნდა მეთამაშა ივდითი. სცენაზე სიყვარულის თამაში მე არ შემიძლია. ეს შეუძლია მხოლოდ ვერიკოს“ - იტყვის შემდეგ ის...
მაყურებელი დიდი ოვაციით ხვდება სცენაზე 93 წლის მსახიობ ლეო ანთაძის გამოჩენას ზურიკელა ვაშალომიძის როლში. წლების წინ, სწორედ ლეო ანთაძე თამაშობდა ზურიკელას როლს ამ თეატრის სცენაზე... ის, თუ როგორ უყვარს მაყურებელს ვერიკო და სესილია სპექტაკლში თვალსაჩინო იყო ეკრანზე მათი წამიერი გამოჩენითაც ლეგენდარული კინოფილმებიდან, რომელსაც ზღვა აპლოდისმენტები მოსდევდა.
სპექტაკლის გამორჩეული სახეა ეკა მჟავანაძის პერსონაჟი, რომელიც წარმოდგენის განმავლობაში ხან რითმიკის პედაგოგის, ხან სესილიასა და ვერიკოს უახლოესი მეგობრის, ხანაც თეატრში მათი თანამშრომლის როლს ირგებს, როგორც ორი დიდი არტისტის ცხოვრების ერთგვარი მემატიანე. მიშა ჭიაურელის როლში კი მსახიობი ვალერი კორშია გვევლინება, მისი ამოცანაც რასაკვირველია ჭიაურელთან მიმსგავსება არ არის, ის წარმოგვიდგენს მამაკაცს, რომელსაც ერთი შეხედვით და თავდავიწყებით შეუყვარდა მისი ცხოვრების მთავარი ადამიანი- ვერიკო ანჯაფარიძე.
აღსანიშნავია, რომ მაყურებელში დიდი ინტერესი გამოიწვია კრების სცენამ - მარჯანიშვილის თეატრთან დაკავშირებული ცნობილი კრება 1967 წელს შედგა და კონფლიქტი რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის იყო. მსახიობებმა სცენაზე გააცოცხლეს კრების სტენოგრამა და მოურიდებლად გვითხრეს ყველაფერი, ვინ რა თქვა, როგორ თქვა, ვინ ვის წაეკიდა, ვინ ვისზე იყარა ჯავრი... ამით, რასაკვირველია, შეგვახსენეს, რომ თეატრში მხოლოდ ფერადი და ლამაზი ამბები არ ხდება, უფრო მეტიც - ფერადი ამბების მიღმა ბევრი კონფლიქტი, დაცემა და სევდა იმალება - რაც ასე გარდაუვალია ყველა თეატრის ცხოვრებაში.
„რა საჭიროა საპატიო ყარაული, ნუ დაღლით ხალხს, არავითარი სიტყვები! ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება“ - თქვა სესილია თაყაიშვილმა და გრიმი მოიშორა...
„მე თეატრში გავატარე მთელი ჩემი სიცოცხლე, მას შევალიე მთელი ჩემი ძალა, სიყვარული, ოცნება...“ - თქვა ვერიკო ანჯაფარიძემ და გრიმი მოიშორა...
და რაკი ორივე იყო თეატრისთვის და თეატრი მათთვის - ერთმანეთს ჩაკიდეს ხელი და უსასრულობაში გადაინაცვლეს...