top of page

„სევდა მოვა მოგვიანებით“

delaythesadness14-Vitali-Akimov-scaled.jpg

14.11.2026

ნინო გაბედავა

„სევდა მოვა მოგვიანებით“

 

„Delay the Sadness-ის შექმნისას კიდევ ერთ, უფრო ღრმა შინაგან შრეს შევეხე, ვიდრე აქამდე. ეს ნამუშევარი წინანდელზე უფრო დაუფარავი, მძაფრი და მტკინვეულად გულწრფელია, თითქოს იარა ჯერ კიდევ სისხლმდინარია“.[1]

           

რა საერთო შეიძლება ჰქონდეს კლასიკურ ბალეტსა და საკლუბო-ტექნო მუსიკას? ერთი შეხედვით, ეს ორი განსხვავებული ესთეტიკური სამყაროა, სადაც კლასიკური ბალეტი სხეულის ტექნიკურ სრულყოფას, მოძრაობის სიზუსტესა და ფორმის ჰარმონიულობას, ხოლო საკლუბო-ტექნო მუსიკა პულსირებად რიტმს, თავისუფალ ფიზიკურ გამოხატვას ეფუძნება. XXI საუკუნის ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში ეს სინთეზი უკვე ტენდენციად ჩამოყალიბდა, სადაც კონტრასტული გამომსახველობითი ფორმები ერწყმის ერთმანეთს. ამის უახლესი თვალსაჩინო მაგალითია 2026 წლის ოქტომბერში ამსტერდამში განხორციელებული პროექტი DANCÆ by Chlär, რომელმაც კლასიკური ბალეტის ესთეტიკა და ტექნო მუსიკა ერთ სივრცეში გააერთიანა. ასევე, „Swan Lake Remixed for ADE“ სადაც ნიდერლანდების ეროვნულმა ბალეტმა და ISH Dance Collective-მა ერთობლივი ნამუშევარი წარადგინეს, რომელშიც ქართველი ბალეტის სოლისტები სალომე ლევერაშვილი და გიორგი ფოცხიშვილი მონაწილეობდნენ. ამ უკანასკნელმა მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია, რადგან აქ მხოლოდ ბალეტი და ტექნო მუსიკა არ იყო შერწყმული, არამედ ჰიპ-ჰოპი და ციფრული ხელოვნებაც კი. ერთი მხრივ, ეს ხელოვანს საშუალებას აძლევს ახალი, ინდივიდუალური ქორეოგრაფიული თუ მუსიკალური სტილი ჩამოაყალიბოს. მეორე მხრივ, მსგავსი სინთეზი მაყურებელს ცეკვის ხელოვნების აღქმის განსხვავებულ შესაძლებლობას სთავაზობს.

           

ამგვარი შემოქმედებითი ძიებების შთამბეჭდავი მაგალითია შერონ იალის „Delay the Sadness“, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში GIFT-ის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.

           

შერონ იალის შემოქმედება თანამედროვე პოსტმოდერნისტული საცეკვაო თეატრისა და საკლუბო-ტექნო ესთეტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია. იალი ის ქორეოგრაფია, ვინც ფიზიკას, ემოციას, მენტალურ მდგომარეობას ერთმანეთთან აკავშირებს და ერთიან თვითმყოფად ქორეოგრაფიულ ენად გარდაქმნის.

           

ქორეოგრაფის ხელწერის ჩამოყალიბებაში კლასიკურ ბალეტს ფუნდამენტური ადგილი უჭირავს, ვინაიდან ცეკვის კლასიკური განათლება აქვს მიღებული. თავად იალიც აღნიშნავს, რომ თავს კვლავ ბალერინად აღიქვამს, ხოლო მის ნამუშევრებს „ქონთემფორარის“ კატეგორიას არ მიაკუთვნებს, რადგან მისივე შეფასებით ის კლასიკური ბალეტია. ამ მოსაზრების დასტურია „Delay the Sadness“-იც (ქორეოგრაფი: შერონ იალი, თანაავტორი: გაი ბეჰარი). დადგმაში კლასიკური საბალეტო ლექსიკის კვალი კონკრეტულ მოძრაობებსა და სხეულის პოზიციებში იკითხება: მოცეკვავეები ცერებზე აწეულნი მუხლმოხრილნი გადაადგილდებიან, შესამჩნევია ე.წ. არაბესკის პოზა და კლასიკური ბალეტისათვის დამახასიათებელი სხეულის ხაზებისა და ტერფების მუშაობა. თუ მის ქორეოგრაფიულ გადაწყვეტას „გავაშალაშინებთ“ (როგორც თვითონ შერონ იალი აღნიშნავს) დარჩება კლასიკა. ერთი სიტყვით, შესაძლებელია ითქვას, რომ იალი კლასიკური ბალეტის საფუძველზე თანამედროვე ქორეოგრაფიის რიტმულ და პლასტიკურ სტრუქტურას აშენებს, რის შედეგადაც ნაცნობი კლასიკური ფორმები განსხვავებულ, ზოგჯერ უჩვეულო და დაძაბულ გამომსახველობას იძენს.

           

აღსანიშნავია, რომ „Delay the Sadness“ უკვე საერთაშორისო პროფესიული აღიარების ყურადღების ცენტრშია და Rose International Dance Prize-ის ნომინანტია.

           

სცენოგრაფიული გადაწყვეტა მინიმალისტურია (განათება: ალონ კოენი, კოსტიუმებისა და გრიმის დიზაინი: შერონ იალი, გაი ბეჰარი, ნოა იალ ბეჰარი), თუმცა მკაფიო ვიზუალური აქცენტით გამოირჩევა. ტანზე მომდგარ ხორცისფერ სამოსზე, ე.წ. ტუნიკებზე დატანილი გაბზარული წითელი ხაზები სხეულზე არსებულ ნაიარევს მოგვაგონებს. ეს დეტალი დადგმის ემოციურ ატმოსფეროს ამძაფრებს და ფიზიკურ სხეულს შინაგანი ტკივილის, ტრავმისა და მწუხარების სიმბოლოდ გარდაქმნის. საბოლოოდ, კოსტიუმი მხოლოდ ვიზუალურ, გამოყენებით ფუნქციას აღარ ასრულებს, არამედ კონცეპტუალური სათქმელის მნიშვნელობას იძენს.

           

„Delay the Sadness“-ის ვიზუალური ესთეტიკა გარკვეულ ასოციაციას ბადებს კარავაჯოს მხატვრობასთან. მოცეკვავეების სხეულს, შავი სცენური სივრცე და ხორცისფერი სამოსი, კომპოზიციის ცენტრალურ ელემენტად აქცევს. ისევე როგორც კარავაჯოს ტილოებში, სადაც სინათლისა და სიბნელის დაპირისპირება ადამიანის ფიგურას განსაკუთრებულ დრამატულობას ანიჭებს, იალის ქორეოგრაფიაშიც ფიზიკა, პლასტიკა და მოძრაობა იქცევა მთავარი იდეის გამომხატველად. რა თქმა უნდა, განსხვავება ის არის, რომ თუ კარავაჯოსთან სიუჟეტური დრამატურგია შუქ-ჩრდილების გადათამაშებით იქმნება, იალთან ამ ფუნქციას მოძრაობის უწყვეტობა, სხეულის დაძაბულობა და ჯგუფური ქორეოგრაფია იძენს.

           

ქორეოგრაფისთვის დადგმა უაღრესად პირადულია, ვინაიდან გარდაცვლილი დედის ხსოვნას მიუძღვნა. ქორეოგრაფიული ნამუშევარიც სწორედ ამ ტრაგედიით გამოწვეული პირადი განცდების, დანაკარგისა და გლოვის მხატვრული გააზრებაა.

           

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ანსამბლური შესრულება და მოცეკვავეთა მოძრაობების თითქმის მექანიკური სიზუსტით მიღწეული სინქრონი. თითქოს ჯგუფი ერთიან, შეთანხმებულ სხეულად აღიქმება, საიდანაც პერიოდულად ერთი მოცეკვავის განსხვავებული პლასტიკა იკვეთება, რაც საერთო მოძრაობის რიტმს გარკვეულ სცენებში რბილად არღვევს. ეს ხერხი ოჰად ნაჰარინის Echad Mi Yodea-სთან გარკვეულ მსგავსებას ავლენს, სადაც ინდივიდუალურ სხეულს მთლიანობისაგან დროებით გამოყოფს. ორივე დადგმაში უნისონის დარღვევა, ანუ სინქრონის ზომიერი დაკარგვა (რაც შეიძლება იყოს როგორც შეცდომა, ისე შემოქმედებითი ჩანაფიქრი), ქმნის განცდას თითქოს საერთო მასაში ერთი განსხვავებული ფიგურა ინდივიდი ჩნდება, რომელიც საერთო დინებას არ მიჰყვება და საკუთარი განსხვავებულობით გამოირჩევა. სხვათა შორის, შერონ იალის შემოქმედებითი ბიოგრაფია ოჰად ნაჰარინს მჭიდროდ უკავშირდება. ის წლების განმავლობაში Batsheva Dance Company-ში მოღვაწეობდა, სადაც ნაჰარინი სამხატვრო ხელმძღვანელი, იალი კი მოცეკვავე და ქორეოგრაფი იყო. ამდენად, მათ შემოქმედებით ენებს შორის გარკვეული მსგავსებების დანახვა შესაძლებელია.

           

მუსიკალური გადაწყვეტა საკლუბო-ტექნო ესთეტიკას ეფუძნება, თუმცა მისი ჟღერადობა მხოლოდ რიტმულ და ენერგეტიკულ ფუნქციას არ ასრულებს, არამედ სევდის, მწუხარებისა და გლოვის ემოციურ ატმოსფეროს ქმნის. ამასთან, მოცეკვავეების მოძრაობა მუსიკასთან იმდენად ორგანულადაა შერწყმული, რომ შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ისინი არა მუსიკის თანხლებით ცეკვავენ, არამედ მის რიტმსა და პულსაციას სხეულებით გარდაქმნიან, თითქოს მუსიკა ააცეკვეს.

           

პირადი ტრაგედიით შთაგონებული ნამუშევარი პლასტიკის, მხატვრობითა და მუსიკის საშუალებით მწუხარების უნივერსალურ ენას ქმნის. „სევდა მოვა მოგვიანებით“ თუმცა შერონ იალის ქორეოგრაფიულ დადგმაში ის უკვე აქ არის, მოძრაობაში, სცენოგრაფიაში და გვიჩვენებს, რომ ზოგჯერ ის, რისი გამოხატვაც სიტყვებს არ ძალუძს, სხეულის მოძრაობით გაცილებით მძაფრად გადმოიცემა.

 

 

ფოტოები აღებულია S-E-D Sharon Eyal Dance ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან

 

[1] Pons Marie. Interview with Sharon Eyal. La Villette, October 2025.

bottom of page