top of page

შამანი და მსხვერპლი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის 

სამინისტროს მიერ.

407447523_863871935743930_944395595166291432_n.jpg

მარიკა მამაცაშვილი

შამანი და მსხვერპლი

 

ფრანგი ფილოსოფოსი ჟაკ რანსიერი, თავის წიგნში "ემანსიპირებული მაყურებელი" ამბობს -  მაყურებელი აქციო შინაარსობრივად ინტერაქტიური,  ნიშნავს - მაყურებელში კითხვა დაბადო. როცა სპექტაკლი აღძრავს კითხვებს და პასუხებს ამ კითხვებზე მაყურებელი თავად ეძებს (გაცემს თუ არა პასუხს ეს სხვა საკითხია) ასეთი წარმოდგენა უდავოდ ინტერაქტიურია.  სპექტაკლმა კითხვები უნდა აღძრას. სპექტაკლი, რომელიც დისკურსულია თავისთავად ინტერაქტიურია. ჟაკ რანსიერიც ამას ამბობს....ინტერაქცია რაში მდგომარეობს? მაყურებელი დააბრუნო მოქალაქის პოზიციაში, გარდაქმნა მოქალაქედ. თანამედროვე თეატრის მისიაა მაყურებელთან ყოფნა. თეატრის ინტერვენციაც ამაში მდგომარეობს. პოლიტიკის თვალსაზრისით "ჯაყოს ხიზნები" არ არის "ჭარბი" სპექტაკლი, მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოები ისედაც პოლიტიკურია, ამიტომ იმ ოქროს შუალედის დაცვა, რაც ხელოვანს ევალება რთულია, მაგრამ რეჟისორმა ეს შუალედი დაიცვა და სპექტაკლი მედია თეატრის ნაწილად არ აქცია. ლემანი მედია თეატრს ასე უარყოფს, - "პოლიტიკურობა თეატრის არა მის ასახვად არამედ შეწყვეტად უნდა იქცეს"  რას გულისხმობს ის? - კარგი ხელოვნება არ გიყვება მიმდინარე მოვლენებზე, არამედ რეფლექსირებს დღევანდელობაზე. როცა საკმაოდ კრიტიკულად  გინდა მოახდინო შენი სიტყვის (თეატრის შემთხვევაში შენი სათქმელის) ვერბალიზაცია, შენ გიწევს სიმართლის შეფუთვა ირონიით, სარკაზმით. ნიკა ჩიკვაიძემ საკუთარ სპექტაკლში ეს ნიჭიერად მოახერხა. კითხვებიც დასვა - ჯაყო , თუ თეიმურაზი? არის კი მარგო მსხვერპლი? არის ჯაყო მოძალადე? თეიმურაზი პრინციპული ადამიანია? პატიოსანია? და ბოლოს მოაზროვნეა? შემოქმედებიდითი ჯგუფი რეფლექსირებს ქვეყანაში  მიმდინარე პროცესებზე. რაც, ვფიქრობ, წარმოდგენის ერთერთი ღირსებაა.

ფოთის თეატრის 1 საათი და 20 წუთიანი სპექტაკლი ამ კითხვებს გახლის და შენც ფიქრობ, იქვე და დამთავრების შემდეგაც, მართლაც, არაფერი იცვლება, წრეზე დადის კაცობრიობა. შამანის და მსხვერპლის ურთიერთობა გრძელდება, გრძელდება ცხოვრებაშიც და ხელოვნებაშიც.

 ჟან პოლ სარტრის ფილოსოფიური ხედვის მიხედვით თუ არსებობა წინ უსწრებს არსს და ადამიანი პასუხისმგებელია იმაზე ვინც არის, ანუ   ნებისმიერ საქციელზე, მოვლენაზე, იმ ცხოვრებაზე რომელიც  შექმნა, მას არ აქვს წინასწარ განსაზღვრული გზა, ის ამ გზის შემომქმედი თავად არის, მაშინ პასუხისმგებლობა გვაქცევს პიროვნებად. და თუ ვერ ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე, ვიქცევით არარაობებად. სწორედ ეს არის მთავარი ეგზისტენციალური შიში, რომ შენ უნდა აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ვინაიდან სხვა არავინ დაგეხმარება საკუთარი არსებობის გამართლებაში, არც ღმერთი, არც სხვა ვინმე, ვინც გაინაწილებს შენ სატკივარსა და პასუხისმგებლობას. სწორედ ასეთი დაკარგული პერსონაჟებია გენა შონიას თეიმურაზი და ანი ანდღულაძის მარგო.

ფრანგი ეგზისტენციალისტი მწერლის ჟან ჟენეს აზრით, "როგორც არ უნდა გვჯეროდეს, რომ ნორმალური ინტელექტუალები ვართ, მთელი კაცობრიობა ორგანიზებულია ერთი პრინციპით - ჩვენ  ურთიერთობებს ერთმანეთთან შამანების და მსხვერპლების სახით ვამყარებთ.[1]

რეჟისორმა, ნიკა ჩიკვაიძემ, ეგზისტენციალური ლიტერატურის და აბსურდის თეატრის ელემენტები ერთ კოლბაში მოათავსა და კარგად შეანჯღრია...რას ვგულისხმობ?  იმ ხერხებს რითიც ცდილობს აჩვენოს რიტუალური თეატრი თავისი შამანით და მსხვერპლებით. თეიმურაზი (გენა შონია) და მარგო (ანი ანდღულაძე) მზად არიან ჯაყოს (გიორგი სურმავა) ხიზნობისთვის, მათ კარგად იციან რაც ელით, მაგრამ თანხმდებიან თამაშის წესებს. ისინი ველური, დაუნდობელი ძალის ქვეშ საკუთარი სურვილით გაწვებიან. რომელი უფრო საშიშია მოვარდნილი აგრესიულობა, თუ უპირობა მორჩილება? აი ეს არის  კითხვა, რომელსაც დამდგმელი ჯგუფი სვამს. და ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც ასე მომხიბლა ისაა, რომ რეჟისორმა ტექსტის მონტაჟისას მიხეილ ჯავახიშვილის მთავარი გზავნილი არ დაკარგა - თეიმურაზის და მარგოსნაირები არიან ჯაყოს, როგორც  არქეტიპის, დაბადების ავტორები, რომ არა ისინი არქეტიპი-ჯაყოც არ იარსებებდა! თეიმურაზს (გენა შონიას) ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ მისი ნაწილი ჩემშიცაა, რომ მეც უმოქმედო და უძლური ვარ, განა შემიძლია შევეწინააღმდეგო ბოროტებას, თეიმურაზივით ლაჩარი და მარგოსავით მოღალატე საზოგადოების ნაწილი ვარ მეც.

სპექტაკლის მსვლელობისას საკუთარ თავს ვეკითხებოდი - მე რომ არ მქონდეს წაკითხული "ჯაყოს ხიზნები" გავიგებდი რა ხდება სცენაზე? რა თქმა უნდა- დიახ, გავიგებდი, მიუხედავად იმისა რომ ტექსტი მაქსიმალურად შემოკლებულია , მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, არ არის დაკარგული შინაარსი და იდეა.

დარბაზში შესულ მაყურებელს ქმედება დაწყებული ხვდება. აეროპორტის მოსაცდელში კაცი პოსტერით, რომელსაც "ჯაყო" დიდი ასოებით აწერია, ნერვიულად  მოძრაობს. "ტაბლოზე" სხვადასხვა ქალაქებიდან რეისები ინთება, ბარგი მოძრაობს და ერთგვარი ქაოსია სცენაზე. ნელნელა მაყურებელი იკავებს საკუთარ ადგილებს და ... ჯაყოც (გიორგი სურმავა) ჟღალი თმა-წვერითა და გაპოხილი შავი ქურქით თეიმურაზს ისე გადაეხვევა, რომ შეგრძნება მაქვს ძვლები დაუმტვრიათქო.

სპექტაკლში დროის ერთიანობის კანონი შეგნებულად დარღვეულია, ვინაიდან თეიმურაზები, მარგოები, ჯაყოები და საზოგადოება, რომელიც მათ დაბადებას ხელს უწყობს ყველა ეპოქაშია. ამიტომაც თანამედროვეობის შემოტანა, აეროპოტის მოსაცდელის სახით, საერთოდ არ იწვევს უხერხულობას.

თეიმურაზის როლის შემსრულებელი გენა შონია, პირველივე სცენებიდან გვამცნობს საკუთარ უხერხემლობას, უსუსურობას, შეპარული მოძრაობებით, ხმადაბალი, საწყალობელი საუბრის ტონით, ფრაზების გამეორებით, ჯაყო - გიორგი სურმავა - კი თავიდანვე გამარჯვებული და საკუთარი თავით კმაყოფილია, თუმცა თეიმურაზისადმი გარკვეუილი რიდი ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს.

ანანო დოლიძის სცენოგრაფია მინიმალისტურია. სცენას ჰორიზონტალურად კვეთს გრძელი თეთრზეწარგადაფარებული სარეცელი, უკანა კედელზე რეზინის ზოლებად დაჭრილი "ფარდაა" ჩამოშვებული. ბარგის აქეთ იქეთ ტარება და გადასროლ-გადმოსროლა "ადამიან-მოგზაურზე" მიგვანიშნებს, დრო და დრო, სასტუმროს მომსახურე ხელის ბიჭების კოსტუმები კი თეიმურაზისა და მარგოს ჯაყოს სამსახურში ჩადგომაზე მიგვანიშნებენ.

ამ სარეცელზე  და სარეცელის გარშემო თამაშდება სპექტაკლი. ხან თეიმურაზსა და მარგოს სძინავთ, ხანაც სოფლისკენ მომავალი მარგოსა და ჯაყოს დიალოგს ეთმობა ეს ადგილი, მარგოს დამორჩილების სცენა და თეომურაზის დაცემის და გაუბედურებისაც სწორედ აქ თამაშდება.

სპექტაკლის მუსიკალური გაფორმებაც ძუნწია, რეჟისორს ზუსტად აქვს მისადაგებული Tom Waits -ის "Russian Dance" 2023 წლის აღდგენილი ვერსია, იმ სცენებისთვის სადაც ახალი წესრიგის დამყარებაზე გვესაუბრება.  ხოლო იმ სცენაში სადაც მარგო და თეიმურაზი ვითომ პიანინოზე უკრავენ, La Solitude ჟღერდება, ვფიქრობ, ამ სცენით ერთდროულად ორ რამეზე მიგვანიშნებენ - გარდა იმისა რომ მარგო და თეიმურაზი ჯაყოს ხუშტურეზე უკრავენ, მუსიკალური განათლებაც კარგი აქვთ მიღებული, მაგრამ ამასაც ვერაფერში იყენებენ. თეიმურაზის რეფრანად ქცეული, ვითომ მაიმედებელი, გაცვეთილი ფრაზა - წყალნი წავლენ და წამოვლენ ქვიშანი კი დარჩებიან მის აბსურდულ, უშინაარსო ყოფას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. აფრიალებული, ბოლოს  მიმოსროლილი წიგნებით კი სცენოგრაფი თეიმურაზის შეუმდგარობას უსვამს ხაზს. კაცმა რომელმაც ყველაფერი უბრძოლველად დათმო თანაგრძნობას ვერ და არ გამოიწვევს მაყურებელში.

სპექტაკლის დასაწყისში ხაზგასმით ძალდატანებით მოკისკისე  ანი ანდღულაძის სიფრიფანა მარგო, ჯაყო- გიორგი სურმავასთან დიალოგისას, საკუთარ უპირატესობას თითქოს ხაზს უსვამს, მაგრამ როგორც კი ჯაყო მის სიგამხდრეს და მოუვლელობას უსვამს ხაზს, თითქოს პატარავდება და საყვედურით გახედავს ქმარს. ანი ანდღულაძის მარგო, ქალური, კეკლუცი და სევდიანია, თითქოს წინასწარ იცის რაც მოელის, მაგრამ თეიმურაზზე შურის საძიებლად არ ეწინააღმდეგება მოვარდნილ სიველურესა და დამცირებას. მთელი სპექტაკლის განმავლობაში სამივე მთავარი პერსონაჟი ინარჩუნებს ტემპო რიტმს და დასახულ ამოცანას მშვენივრად ართმევს თავს.

რეჟისორმა მღვდელი, მეზობელი, მთხრობელი ერთ მსახიობში, რამინ კილასონიაში, გააერთიანა და ის მოსახლეობის კრებით სახედ აქცია, სწორედ მოსახლეობის და არა საზოგადოების, რამეთუ კილასონიას პერსონაჟი ხან კეთილი და სხვისი სატკივარის გამზიარებელია, ხან დიდაქტიკოსია, ხან მორალისტი, ბოლოს ჯაყოს სურვილის გამხმოვანებელი, ოღონდ ქრთამით ცდუნებული, ანუ ეს ის ხმაა, რომელიც ადამიანის მერკანტილურობის და სულიერი უმწიფრობის მქადაგებელია. აქვე დავძენ, რომ სცენები, სადაც თეიმურაზის "ხმასთან" გასაუბრება ხდება  ამოსაღებია, ზედმეტია. ვფიქრობ, მთხრობელი სცენაზე უნდა ქმედებდეს.

ფინალურ სცენაში გაუგებარია, რაში დასჭირდა რეჟისორს ცოცხალი დედლის შემოგდება.

და ბოლოს არის თუ არა ეს სპექტაკლი პოლიტიკური? რა თქმა უნდა არის, თან არ იკარგება ის ეგზისტენციალურ-აბსურდული ხასიათი, რომელიც რეფრენად გასდევს წარმოდგენას...ასეთი პოლიტიკის ფონზე  ინდივიდი დაკარგულია, ხოლო  მისი შინაგანი სამყარო დანგრეული.

 

[1]  Genet J., Journal du Voleur. Paris, Gallimard, 1949. P. 282.

ფოტო: ფოთის თეატრის გვერდიდან

bottom of page