top of page

„შავი ფრინველი“ ათონელზე  

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

280051422_5242634019160343_9151453635683178421_n.jpeg
280045857_5242634012493677_6519967044630070189_n.jpeg

მაია კიკნაძე   

„შავი ფრინველი“ ათონელზე  

ახალგაზრდა რეჟისორმა გეგა გაგნიძემ თეატრი ათონელზე წარმოადგინა შოტლანდიელი დრამატურგის დევიდ  ჰაროუერის დრამა „შავი ფრინველი.“ პიესა პირველად დაიდგა ქართულ სცენაზე, თუმცა რამდენიმე წლის წინ, სამეფო უბნის თეატრში მოეწყო პიესის საჯარო კითხვა (წაკითხვა მოამზადა რეჟისორმა თათა პოპიაშვილმა).

რეჟისორ გეგა გაგნიძის სახელი თეატრალურ წრეებში მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც დრამის ფაკულტეტის  სტუდენტმა, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მარტინ მაკდონაჰის პიესა „ბალიშის კაცუნა“ დადგა. სპექტაკლი, პროფესიონალებმა დადებითად შეაფასა, გეგა გაგნიძემ კი ნიჭიერი, თვითმყოფადი ახალგაზრდის სახელი დაიმსახურა. ფაქტობრივად, დამწყები რეჟისორისთვის, ეს სპექტაკლი სავიზიტო ბარათი აღმოჩნდა, რაც რეჟისორის შემოქმედების მიმართ ინტერესს ზრდის და მას მეტ პროფესიულ პასუხისმგებლობას აკისრებს.

პიესა „შავი ფრინველი“ჰაროუერმა 2005 წელს დაწერა და პიტერ შტაინის დადგმით  ედინბურგის ფესტივალზე დიდი წარმატება მოიპოვა. პიესის სიუჟეტში განვითარებული ამბავი, დაძაბული, დრამატული და ცხოვრებისეულია. რეჟისორმა, გეგა გაგნიძემ  პიესის საინტერესო ინტერპრეტაცია შესთავაზა მაყურებელს. სპექტაკლის ფორმა და სტრუქტურა ნატურალისტური ხერხებისა და პირობითი თეატრალური ესთეტიკის საშუალებით წარმოადგინა, რაც სრულიად მოერგო სპექტაკლის  სტილისტიკას. პიესის მთარგმნელმა დავით გაბუნიამ, ტექსტი თანამედროვე სამეტყველო ენით გადმოსცა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, ვინაიდან „სცენას მორგებული“  ტექსტი, მაყურებელს აღქმას უადვილებს და სპექტაკლის გააზრებას უწყობს ხელს.

სპექტაკლის დეკორაცია მინიმალისტურია (მხატვარი-ქეთი ნადიბაიძე). სცენაზე ყველა ნივთი (მაგიდა, სკამი და ა. შ) სადად და უბრალოდ არის წარმოდგენილი.  სცენოგრაფია, მიზანსცენების განლაგება, მუსიკა (კომპოზიტორი- ნოე კვირკველია), თუ ფერთა გამა სპექტაკლის შინაარსთან იმდენად თანხვედრაშია, რომ ნაცნობი გარემოს ილუზიას ქმნის. სცენის სივრცე სანახევროდ არის ათვისებული. რეჟისორმა მოქმედების გარემო შეზღუდა და გმირები ერთ პატარა გამჭვირვალე ოთახში გამოკეტა, რომელიც ოფისის მოსასვენებელ ადგილს მოგვაგონებს. ამ დროს კი მოქმედი გმირი პიესიდან რემარკას კითხულობს,  გარემოს აზუსტებს და ავტორისეულ მითითებას იძლევა (ეს პასაჟი სპექტაკლში რამდენჯერმე მეორდება. ბუნდოვანია მისი გამოყენების მიზანშეწონილობა, რაც არაფერს მატებს სპექტაკლს).

სპექტაკლში ყველა კომპონენტი გემოვნებით არის წარმოდგენილი. მიზანსცენები, მუსიკა თუ სცენოგრაფია. განსაკუთრებით  უნდა აღინიშნოს მსახიობთა (თემიკო ჭიჭინაძე, ნინი იაშვილი) შესრულება.  ვინაიდან ვნებებს და ემოციებს სცენაზე დიდი ადგილი ეთმობა, რომელიც დარბაზს გადაედება ხოლმე, ყურადღება ექცევა მსახიობთა შინაგანი მდგომარეობის, სულიერი სამყაროს გადმოცემის შესაძლებლობას. ისინი ახერხებენ საკუთარი ვნებების გამოვლენას ყალბი პათეტიკისა და ემოციის გარეშე. ამდენად, მსახიობთა შესრულება ზომიერია და თანმიმდევრული, რაც მათ მაღალ საშემსრულებლო ოსტატობას უსვამს ხაზს. (თუმცა  ზოგჯერ მათ საუბარში შეიმჩნევა მონოტონური, ერთფეროვანი ტონი, ეს განსაკუთრებით ეხება ნინი იაშვილის შესრულებას, რაც სპექტაკლს რამდენიმე წუთით რიტმიდან აგდებს).

სპექტაკლში ძირითადად ორი მსახიობი მონაწილეობს,  სპექტაკლის მუხტი და ემოციაც მათ მუშაობაზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით მაშინ როდესაც    რეჟისორი არ მიმართავს გარეგნულ ეფექტებს (მხოლოდ რამდენჯერმე იცვლება განათება), მიზანსცენების ცვლილებებს. მაყურებლის ყურადღება  ასეთ დროს მხოლოდ მსახიობის თამაშზეა კონცენტრირებული.

დაახლოებით 30 წლის ახალგაზრდა ქალმა კაცს სამსახურში მიაკითხა, ალბათ ყოფილი ცოლი ან მეგობარია, რომლებიც  დიდი ხანია დაშორდნენ. ამ ხნის მანძილზე ერთმანეთის მიმართ ბევრი კითხვა დაუგროვდათ. ერთი შეხედვით ეს ბანალური დასაწყისი, შემდეგში საშინელ ისტორიად იქცევა. „შოკში ხარ“?-ეკითხება ქალი კაცს, რომელიც მის ნახვას არ ელოდა და უხერხულობას განიცდის მისი უდროო ვიზიტის გამო. ირკვევა, რომ ისინი დიდი ხნით ადრე იცნობდნენ ერთმანეთს და „შეყვარებულები“ იყვნენ.  ასაკობრივი სხვაობაც მათ შორის დიდი იყო. ასაკს ყურადღებას არც კი მიაქცევდი, ქალი მაშინ 12 წლის ბავშვი რომ არ ყოფილიყო, რომელსაც  40 წლის მამაკაცი შეუყვარდა. მასთან გატარებული სამთვიანი ურთიერთობის შემდეგ, კაცმა მიატოვა და გაუჩინარდა. მოგვიანებით, ჟურნალის ყდაზე ნახა მისი ფოტო და იპოვა კიდეც.  მართალია, სპექტაკლში მოქმედება აქ და ამ დროს ხდება, მაგრამ მთელი ამბავი წარსულის მოგონებებს ეთმობა, რომელსაც ვერა და ვერ დააღწიეს თავი. მათი ხელახალი შეხვედრა, კვლავ წარსულის მოგონების ტრაგიკული განცდაა, რომელიც ყველაფრის თავიდან გააზრების საშუალებას აძლევს. მათი  ურთიერთობა და საუბარი ცხადად ავლენს თითოეული პერსონაჟის ხასიათს, დამოკიდებულებას ერთმანეთისა და მოვლენების მიმართ.   

საერთოდ უნდა ითქვას, რომ ორივე როლი რთული შესასრულებელია და მსახიობისაგან ფიზიკურის გარდა, დიდ ემოციურ დატვირთვას მოითხოვს. ფსიქოლოგიური ხასიათების გამოკვეთა, ვნებებისა და განცდების ჩვენება, დრამატული ისტორიების გახსენება, წარსულის ემოციების აწმყოსთან შეერთება და მათი ზუსტად გადმოცემა, როგორც ეს მსახიობებმა მოახერხეს მხოლოდ ნიჭისა და შრომის ფასად მიიღწევა.

თემიკო ჭიჭინაძის გმირი  (რეი/პიტერი), მეზობლის გოგოს გაუპატიურების გამო, ციხეში აღმოჩნდება. ციხეში გატარებული „ჯოჯოხეთური“ წლების შემდეგ, სადაც ყველა ამცირებდა და აბუჩად იგდებდა, მაინც მოახერხა ახალი ცხოვრების დაწყება. ბევრს მუშაობდა რაღაცისთვის რომ მიეღწია. წარსულთან კავშირის  გაწყვეტის გამო, სახელიც კი შეიცვალა, მაგრამ საკუთარ თავს ვერსად გაექცა. ვინაიდან 12 წლის ბავშვთან ურთიერთობა მას არანორმალურად მიაჩნდა, თავის თავის უკეთ შეცნობის მიზნით, რათა გაერკვია ჰქონდა თუ არა ბავშვების მიმართ ლტოლვა, შესაბამის წიგნებს კითხულობდა და ჯგუფურ თერაპიას გადიოდა.

თემიკო ჭიჭინაძე  საინტერესოდ ახერხებს გმირის შინაგანი ბუნების გადმოცემას. მსახიობი თავის მოქმედებაში ბუნებრივია, ზუსტად აქვს გააზრებული როლის ყველა ნიუანსი, პატარა წვრილმანიც კი, რასაც მაყურებელი ინტერესით ადევნებს თვალყურს. მსახიობის ფსიქოლოგიური განცდა დამაჯერებელია, ის არასოდეს კარგავს წონასწორობას, მაშინაც კი როდესაც ჭარბი ემოციების გამოვლენის ეპიზოდი დგება (მაგ. სცენა იატაკზე). მთელი სპექტაკლის განმავლობაში, მსახიობ თემიკო ჭიჭინაძეს არ ღალატობს ინტუიცია, რაც მის პერსონაჟს გარკვეულ ხიბლს ანიჭებს. მისი მონათხრობი ამბავი, იმდენად გულწრფელია, რომ მცირე ეჭვსაც კი არ იწვევს მაყურებელში. გჯერა, რომ არ თვალთმაქცობს და მხოლოდ რეი უყვარდა, რომ  ბავშვთან ურთიერთობა,  მხოლოდ  ერთადერთი საბედისწერო  შემთხვევა იყო.

აღსანიშნავია, მსახიობის დამოკიდებულება პარტნიორ ნინი იაშვილის მიმართ, რომელიც გარკვეულ იმპულსს აძლევს მას, რაშიც თემიკო ჭიჭინაძეს თავისი მრავალწლიანი სამსახიობო გამოცდილება, ინტელექტი, როლის სწორად გააზრება და საშემსრულებლო ოსტატობა ეხმარება. 

ნინი იაშვილის უნა, თავის პარტნიორთან შედარებით უფრო ემოციური და მგრძნობიარეა, თუმცა ამავე დროს უხეში და ხისტია. კაცმა, რომელმაც მიატოვა უყვარდა და მასთან გარკვეული მიჯაჭვულობაც ჰქონდა. რეისაგან განსხვავებით, არც სახელი შეუცვლია და არც საცხოვრებელი.  მას სძულდა თავისი ცხოვრება, წარსული, რომელიც მის ფსიქიკაში „გაიჭედა“  და  არ მისცა მომავალი ცხოვრების გაგრძელების საშუალება. ნინი იაშვილის უნასთვის არაფერს აქვს მნიშვნელობა, ამაზე მეტყველებს მისი დამოკიდებულება კაცების მიმართ.

 მსახიობი ნინი იაშვილი ქმნის სულიერად დასახიჩრებული ქალის ფსიქოლოგიურ პორტრეტს, რომელშიც ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები იყრის თავს. სიყვარულისა და სიძულვილის, გაბრაზების, თანაგანცდის, რაც მის წინააღმდეგობრივ ბუნებას ავლენს.

ფინალურ ეპიზოდში რეჟისორი გარკვეულ ინტრიგას სთავაზობს მაყურებელს. მოვლენების შეცვლას პატარა გოგონას (თეკლა მძინარაშვილი) სცენაზე გამოჩენა იწვევს, რომელმაც რეის მოაკითხა სამსახურში. (პიესაში, გოგონა 12 წლის ბავშვია). პიესისგან განსხვავებით, გოგონას სპექტაკლში უსიტყვო როლი აქვს, მაგრამ მრავალმნიშვნელოვანი. მისი გამოჩენით, რეის კიდევ ერთხელ უწევს თავის მართლება: „მე ეგეთი არ ვარ და არასოდეს ვყოფილვარ.“

მაყურებელში კი  რეის მიმართ უნდობლობა ჩნდება. გიწევს ყველაფრის თავიდან გააზრება.  ვინ არის ეს გოგონა მისი ახლობელი თუ მორიგი მსხვერპლი?.. ჩნდება ორაზროვნება და ეჭვი, კითხვები, რომლებსაც მაყურებელი სპექტაკლის დამთავრების შემდეგ ცდილობს პასუხი გასცეს...

bottom of page