აღშფოთებულმა კოტე მარჯანიშვილმა სანდრო ახმეტელს უთხრა - შეგიძლია, ჩემი გვარი აფიშიდან წაშალოო!

axmeteli005.jpeg

გუბაზ მეგრელიძე:

აღშფოთებულმა კოტე მარჯანიშვილმა სანდრო ახმეტელს უთხრა - შეგიძლია, ჩემი გვარი აფიშიდან წაშალოო!

 „ორ ლეგენდარულ რეჟისორს - სანდრო ახმეტელსა და კოტე მარჯანიშვილს შორის კონფლიქტი რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული“, - ამბობს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ტელეკომპანია „საქართველოს ცენტრალური ტელევიზიის“ დირექტორი გუბაზ მეგრელიძე და აგრძელებს საუბრებს ქართულ თეატრალურ ქრონიკებსა და თეატრში არსებულ კონფლიქტებზე:

-        ახმეტელსა და მარჯანიშვილს შორის კონფლიქტი სათავეს იღებს ჯერ კიდევ 1924 წლიდან, როდესაც სანდრო ახმეტელმა რუსთაველის თეატრში კორპორაცია `დურუჯი” შექმნა. მისი წევრები ამავე თეატრის მსახიობები იყვნენ. ამ კორპორაციას თავიდან მარჯანიშვილიც მხარს უჭერდა, რადგან ძველი ტრადიციებისაგან განთავისუფლება, დისციპლინის დამყარება და ევროპული, იმხანად თანამედროვე ფორმების ძიება სურდა. მარჯანიშვილს იმედი ჰქონდა, რომ ამ საქმეში „დურუჯი“ დაეხმარებოდა, მაგრამ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა - კორპორაციამ მარჯანიშვილისვე მხატვრულ მუშაობაზე კონტროლის დაწესება მოისურვა. მსახიობთა ასეთი პოზიცია მარჯანიშვილს არ გამოპარვია, ამიტომ კორპორაციის დატოვება გადაწყვიტა. ეს საკითხი `დურუჯის“ 5-ე სხდომაზე კი განიხილეს, მაგრამ ამ სხდომას მარჯანიშვილი არ დასწრებია – განაწყენებული იყო. ბოლოს კორპორაციის წევრებმა მარჯანიშვილს ულტიმატუმიც წაუყენეს _ სხდომაზე თუ არ გამოცხადდებოდა, მასთან მუშაობას შეწყვეტდნენ. მაგრამ მარჯანიშვილს არც ამ ულტიმატუმის შეშინებია და სხდომაზე არ მივიდა. მას სოლიდარობა გამოუცხადა ვერიკო ანჯაფარიძემ და საკითხი – უნდა შეეწყვიტათ თუ არა მსახიობებს მარჯანიშვილთან მუშაობა – განუხილველი დარჩა. რადგან ასეთ ვითარებას თეატრში ფსიქოლოგიური დაძაბულობა შეჰქონდა და მარჯანიშვილი პრინციპულ პოზიციას არ თმობდა, ამიტომ კორპორაციამ უკან დაიხია და მას ბოდიში მოუხადა „უნებლიე შეცდომისთვის“.

-        საქმე როგორ გადაწყდა?

-        ამ საკითხს კორპორაცია 1924 წლის 10 ნოემბერს მიუბრუნდა. ვითარება უფრო დაიძაბა, ვინაიდან მარჯანიშვილსა და ვერიკო ანჯაფარიძეს თანადგომა გამოუცხადეს კორპორანტებმა: უშანგი ჩხეიძემ, დავით ჩხეიძემ, ალექსანდრე გველესიანმა და ელენე დონაურმა. სხდომის დადგენილებით, მარჯანიშვილი კორპორაციიდან გაათავისუფლეს და მხოლოდ საპატიო წევრად დატოვეს. ერთი თვის შემდეგ ვერიკო ანჯაფარიძემაც დატოვა კორპორაცია და ხმამაღლა განაცხადა - კორპორაციის იდეის რწმენა დავკარგეო.

მარჯანიშვილსა და კორპორანტებს შორის მეორე მნიშვნელოვანი უთანხმოება მოხდა 1925-1926 წლების სეზონის დასასრულსაც, როდესაც მარჯანიშვილმა კორპორანტთა გარკვეული ნაწილის (არასაჭირო მსახიობების) გათავისუფლება მოითხოვა. ხელოვნების საქმეთა მთავარი საბჭოს 1926 წლის 17 ივლისის (#666) ბრძანებით, რეორგნიზაციისა და ხარჯების შემცირების მიზნით, შტატები შემცირეს - 25 მსახიობი გაუშვეს, მათ შორის მხატვარი ირაკლი Gგამრეკელი, მორიგე რეჟისორები ალექსანდრე გველესიანი და კუკური პატარიძე. დატოვეს მხოლოდ 12 მსახიობი. ეს ნიშნავდა კორპორაციის დაშლას. იმავე დღეს მსახიობებმა სასწრაფოდ მოიწვიეს კრება და ამ ბრძანებას პროტესტი გამოუცხადეს.

-        ფაქტობრივად, მარჯანიშვილს მსახიობები აუმხედრდნენ...

-        კორპორაციის წესდება ერთმანეთის თანადგომას ითვალისწინებდა _ ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის. ამიტომ მსახიობებმა მარჯანიშვილს ჩანაფიქრზე ხელის აღება მოსთხოვეს. ამის გამო მარჯანიშვილმა თეატრი მეორედ დატოვა, მაგრამ მსახიობები არ დააბრუნა. ამ ინციდენტის მოსაგვარებლად 1926 წლის 6 ივლისს კორპორანტები რეჟისორს სახლში ეწვივნენ. მარჯანიშვილი გაბრაზებული იყო, არტისტები საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენისანი არიან, სხვებს ანგარიშს არ უწევენო. კორპორანტებმა რეჟისორს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს თავიანთი პატივისცემა და თეატრში დაბრუნება სთხოვეს. მარჯანიშვილმა მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე ითხოვა, თუმცა, 7 ივლისს თეატრში მისულ მსახიობებს მარჯანიშვილის განცხადება დახვდათ წასვლის თაობაზე.

-        ინციდენტი ამოიწურა?

-        კორპორაციამ კონფლიქტის გარკვევას კიდევ 3 სხდომა მოანდომა, თუმცა, მარჯანიშვილმა მათთან ურთიერთობა აღარ ისურვა და კინოფილმის `სამანიშვილის დედინაცვალი“ გადაღებაზე გაემგზავრა. იმ პერიოდში ის კინემატოგრაფიით იყო გატაცებული. ერთი წლით ადრე - 1925 წელს ფილმის `ქარიშხლის წინ“ გადაღება დაასრულა, „სამანიშვილის დედინაცვალი“ მისი მეორე სურათი იყო. მარჯანიშვილის მიერ თეატრის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი ესეც გახლდათ.  აქვე დავამატებ,  „სამანიშვილის დედინაცვალში“ მთავარ როლებზე მიწვეული ჰყავდა კორპორანტები - პლატონის როლზე - აკაკი ვასაძე, ხოლო ბეკინას როლზე – შალვა ღამბაშიძე.

-        სად იყო ამ დროს სანდრო ახმეტელი?

-        მარჯანიშვილის წასვლიდან ერთი თვის შემდეგ - 1926 წლის 6 აგვისტოს, სოფელ რიონში მარჯანიშვილთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა სანდრო ახმეტელი.  ეს იყო თეატრალური კომისიის იმჟამინდელ თავმჯდომარის ლევან ღოღობერიძის დავალება, რომელსაც უნდოდა, რომ 1926-1927 წლების სეზონი მარჯანიშვილსა და ახმეტელს ერთად წარმოედგინათ. თეატრში კრიტიკული სიტუაცია იყო და თეატრს სეზონის ჩაშლა ემუქრებოდა. ამ ორი რეჟისორის შეხვედრის ოქმის გაფორმებას ესწრებოდნენ რეჟისორი ზაქრო ბერიშვილი და მსახიობი პლატონ კორიშელი. საუბარი საკამაოდ მკაცრი და პრინციპული იყო.. მარჯანიშვილი დათმობაზე წავიდა 4 მსახიობთან დაკავშირებით, მაგრამ პავლე კანდელაკისა და ვანიკო აბაშიძის დაბრუნებაზე უარი განაცხადა. მოითხოვა ახმეტელის მოხსნა მთავარი რეჟისორობიდან და რიგითად გადაყვანა, რეპერტუარი თვითონ უნდა შეედგინა, როლებს კი ერთად გაანაწილებდნენ. ამას გარდა, მარჯანიშვილს სურდა უფროსი თაობის მსახიობების ალექსანდრე იმედაშვილის, იუზა ზარდალიშვილის, მიხეილ გელოვანისა და მიხეილ ჭიაურელის დაბრუნება და ორივე რეჟისორი, თავიანთი შეხედულებისამებრ, სპექტაკლებში დააკავებდნენ მსახიობებს. მარჯანიშვილის ყველა ამ მოთხოვნას ახმეტელი დათანხმდა, თუმცა, ბოლოს უთხრა: ერთმანეთს თუ არ ვენდობით, მაშინ რა სეზონი გვექნება?! მარჯანიშვილმაც არ დააყოვნა: არც შენ გენდობი და არც იმათ, თქვენი დამოკიდებულებით ჩემს გარშემო ასეთი ატმოსფერო შექმენით. ახმეტელმა უკან აღარ დაიხია: კოტე, შენ ამით ამბობ, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავშორდეთ, რადგან რა საქმე შეიძლება იყოს იქ, სადაც არ არის ნდობა?! მარჯანიშვილმა უპასუხა: მართალია, რაც გაბზარულია, ძნელია იმის გამრთელება. საუბრის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო. ოქმი შედგა სამ ეგზემპლარად: ლევან  ღოღობერიძისთვის, სანდრო ახმეტელისა და მარჯანიშვილისთვის. რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელად დაინიშნა სანდრო ახმეტელი, რომელიც ახალი სეზონის მზადებას შეუდგა, ხოლო მარჯანიშვილმა მოგვიანებით ქუთაის-ბათუმის თეატრს ჩაუყარა საფუძველი.

-        საერთოდ, მარჯანიშვილი როგორ აფასებდა სანდრო ახმეტელის მუშაობას?

-        თავიდან ახმეტელი მარჯანიშვილის თანაშემწე იყო, თუმცა, როცა ავადმყოფობის გამო (ბრმანაწლავის ოპერაცია გაიკეთა) მარჯანიშვილს გარკვეული დროით  სპექტაკლის რეპეტიციების მიტოვება მოუწია,  მისი საქმე ახმეტელმა გააგრძელა. გრიგოლ რობაქიძის `ლამარას“ დგამდნენ. პირველი და მეორე მოქმედება მარჯანიშვილმა დადგა, ხოლო მესამე და მეოთხე - ახმეტელმა. ამ სინთეზმა გამოკვეთა ორი დიდი ხელოვანის სხვადასხვა მხატვრული ხედვა, სხვადასხვა შემოქმედებითი ხასიათი.

-        რაში გამოიხატებოდა განსხვავება?

-        სპექტაკლის მარჯანიშვილისეული გადაწყვეტა ლირიკულ-რომანტიკული იყო, ხოლო ახმეტელის - ეროვნული ფორმით და ჰეროიკული განწყობის ტემპერამენტით. როდესაც მარჯანიშვილი ამ სპექტაკლს დაესწრო, მესამე მოქმედებიდან დარბაზი დატოვა _ სპექტაკლი გამიფუჭესო და ახმეტელს უთხრა: თავისუფლად შეგიძლია ჩემი გვარი აფიშიდან მოშალოო. პრესამ სპექტაკლი მაღალ დონეზე შეაფასა: `დადგმისა და სცენური განსახიერების მხრივ, `ლამარა“ იშვიათ წარმოდგენად უნდა ჩაითვალოს”, `ლამარაში“ გამარჯვებულია ქართული თეატრი და ქართველი არტისტი“... ფაქტობრივად, ახმეტელმა უგულებელყო ამ სპექტაკლის მარჯანიშვილისეული გადაწყვეტა და თავის ჩანაფიქრს მისცა გასაქანი. ახმეტელსა და მარჯანიშვილს შორის მსგავსი უთანხმოება მოხდა შექსპირის `მეფე ლირის“ დადგმის დროსაც. მათი გზები სამუდამოდ გაიყო. 1933 წლის 25 ივნისს, მოსკოვში რუსთაველის თეატრის გასტროლების დროს, ახმეტელმა მარჯანიშვილთან დაკავშირებით განაცხადა:  `ჩვენ ერთმანეთს დავცილდით. ამით დამთავრდა ერთად მუშაობა. გულწრფელად ვაცხადებ, რომ გარდა პრინციპული თეატრალური ბრძოლისა, ჩემსა და მარჯანიშვილს შორის არაფერი ყოფილა“. მაშინ უკვე კოტე მარჯანიშვილი 2 თვის გარდაცვლილი იყო და მისი ფერფლი ოპერის ბაღში განისვენებდა.