top of page

შემზარავი ამბები დონბასის ომის ქრონიკებიდან

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

280611797_1032753310696917_7341149652681539891_n.jpg

ლაშა ჩხარტიშვილი

შემზარავი ამბები დონბასის ომის ქრონიკებიდან

 

ახმეტელის თეატრის სცენიდან, რამდენიმე წლის წინანდელ ნამდვილ ისტორიებს გვიყვებიან, რომელიც დღევანდელი მსოფლიოსთვის ყველაზე აქტუალურ და მწვავე პრობლემას - ომს ეხება. ეს ის თემაა, რომელიც სამწუხაროდ, ახლა და ამ წუთას აქტუალურია, როცა ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში უკრაინაში ომი მძვინვარებს, რომელიც პირდაპირ და ირიბად ჩვენც გვეხება.

თანამედროვე უკრაინელი ავტორის ნატალია ვოროჟბიტის რამდენიმე ნოველისგან შემდგარი თხზულება ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიამ ქართული თეატრის სცენიდან უკრაინაში ახალი ომის დაწყებიდან მალევე ააჟღერა ახმეტელის თეატრის მსახიობებთან ერთად, რომლებმაც ომის ქრონიკა თავისი რეალობით მაყურებლამდე ლამის დოკუმენტური ხერხებით მოიტანეს. სპექტაკლის მსვლელობისას მაყურებელი სულგანაბული, დანაღვლიანებული და დიდი ყურადღებითა და ინტერესით მისჩერებია სცენას, რომელზედაც ომის გმირები ომში ცხოვრობენ. მსახიობები თითქოს არაფერს თამაშობენ, ისინი ნატალია ვოროჟბიტის პერსონაჟებს ოსტატურად აცოცხლებენ სცენაზე ისე, რომ წარმოდგენის მსვლელობაში მაყურებლის ბოლომდე ჩართვას ახერხებენ.

ირაკლი გოგიას სპექტაკლი (ასისტენტი გიორგი კაულაშვილი) ნატალია ვოროჟბიტის რამდენიმე ნოველას აერთიანებს, რომლის სცენური და ეკრანული ვერსიები, თბილისში მის დადგმამდე არსებობდა. ახმეტელის თეატრის ვერსია განწყობით, ფორმით და ატმოსფეროს თვალსაზრისით, რადიკალურ განსხვავდება მათგან. ტექსტის თარგმანი გიორგი ყაჯრიშვილს ეკუთვნის, სცენური ადაპტაცია კი ოთარ ქათამაძეს, რომლებმაც მაქსიმალურად შეინარჩუნეს ორიგინალი ვერსიის ენა, სასაუბრო სტილი და ლექსიკა, რაც ასევე ეხმარებათ მსახიობებს მაქსიმალურად ორგანული გმირების მხატვრული სახეების შექმნაში.

ახმეტელის თეატრის სცენის კიდეებში რამდენიმე სარკმელი დგას, ხოლო სიღრმეში რკინის კასრები, რომლებშიც ცეცხლი ანთია. აქვე ვხედავთ ნაომარ და შელახულ ავტობუსის გაჩერებას, მგზავრთა მოსაცდელს. სცენოგრაფია მუქ ტონებშია გადაწყვეტილი, თუმცა იგულისხმება, რომ გარემო, რომელშიც დონბასის მოქალაქეები ომამდე ცხოვრობდნენ იყო ნათელი და ფერადი, მაგრამ ომმა აქ, ადამიანებთან ერთად, ყველაფერი შეცვალა. ამ ატმოსფეროს შემქმნელები, მხატვრები: ირაკლი ბილისეიშვილი და ანა ქობულაშვილი არიან, რომლებმაც ზედმიწევნით ზუსტად გადმოსცეს ომის ვიზუალურ მხარე და რაც მთავარია, განწყობა, რომელსაც ლოგიკურად ერწყმის კომპოზიტორ მეჰრან მირმერის ორიგინალური მუსიკის ჰანგები.

სპექტაკლში გამორჩეული მხატვრული სახეები შექმნეს მსახიობებმა თამარ ბეჟუაშვილმა და მამუკა მაზავრიშვილმა. ისინი ცოლ-ქმარს განასახიერებენ, სადაც ქალი დომინანტია (მცირე მოძალადეც კი), გაცილებით გონიერი და გამჭრიახი. ორივე მსახიობი მცირე ეპიზოდში ახერხებენ გამოავლინონ პერსონაჟების ხასიათები, მათ მიერ განვლილი ცხოვრება და „ღირებულებები“, რომელიც მათ ომამდე გააჩნდათ, ან ომის შემდეგ შეიძინეს. თამარ ბეჟუაშვილი ძუნწი გამომსახველობითი საშუალებებით, მიმიკითა და ჟესტიკულაციით, ძალიან მცირე ტექსტით ხატავს ზნედაცემულ, გადაგვარებულ ადამიანს, რომელიც ომშიც კი, სიტუაციის საკუთარ კეთილდღეობაზე მორგებას ცდილობს. პერსონაჟი ბევრს არ ლაპარაკობს, ის მხოლოდ ფრაზებს ან მოკლე წინადადებებს წარმოთქვამს, სამაგიეროდ, ყველაფერს ჰყვება მისი მწირი მოძრაობა და სახე, რომელიც მეტყველია და ეფექტური. თამარ ბეჟუაშვილის მსგავსად, მამუკა მაზავრიშვილსაც ზუსტი რეაქციები და შეფასებები აქვს სპექტაკლში მიმდინარე მოვლენებსა და სიტუაციებზე. მსახიობი წარმოგვიჩენს ლოთობისგან დაუძლურებულ, გამომძალველ და გამომყენებელ კაცს, რომელსაც არავითარი გავლენა და ავტორიტეტი არ აქვს ოჯახში. მამუკა მაზავრიშვილის გრიმი და ჩაცმულობა (ისე როგორც თამარ ბეჟუაშვილის მიერ განსახიერებული პერსონაჟის) ზუსტად გამოხატავს ვასიას პერსონაჟს. რაია (თამარ ბეჟუაშვილი) და ვასია (მამუკა მაზავრიშვილი) ის წყვილია, რომელიც აუცილებლად დაამახსოვრდება მაყურებელს მათი ქცევით, მოძრაობის მანერით, ლექსიკითა და სახეებით, რომელიც მკვეთრად გამოხატავს მათ სულიერ სამყაროს და ფარულ თუ ღია ზრახვებს.

ზუსტი (და რაც მნიშვნელოვანია ზომიერად ემოციური) შეფასებები და მოვლენებისადმი დამოკიდებულება აქვს სოფია სებისკვერაძეს, რომელიც სხვადასხვა მოცემულობაში განსხვავებულ მხატვრულ ხერხებს იყენებს. მის მიერ შექმნილი პერსონაჟი გულწრფელია და მიამიტი, მაგრამ შესაბამის სიტუაციაში, ის ავლენს გონიერებას და მოხერხებულობას, რათა თავი ფიზიკურად მაინც გადაირჩინოს. ლირიკული პერსონაჟიდან სოფია სებისკვერაძის მიერ განსახიერებული პერსონაჟი დრამატულ პერსონაჟად იქცევა, რომელიც ოკუპანტი ჯარისკაცის (ოთო ჩიქობავა) პირადი ტყვეა. მსახიობი წარმოგვიჩენს უკიდურესი ძალადობის მსხვერპლ ქალს, რომელიც იკრებს შესაძლებლობებს შურისძიებისთვის, არ კარგავს გადარჩენის იმედს. კომპლექსებით და ბავშვობის ტრავმებით დატვირთულ მოძალადე და ამავდროულად, საბრალო პერსონაჟს განასახიერებს ოთო ჩიქობავა, რომლის მიერ სოფია სებისკვერაძესთან ერთად შესრულებული სექსუალური ძალადობის ეპიზოდი მკვეთრი სიმძაფრის და ლამის რეალისტური ხერხებით შესრულების გამო, მაყურებელს შოკში აგდებს (რამდენიმე მაყურებელმა ვერც გაუძლო ამ ეპიზოდის ცქერას და დარბაზი დატოვა). დიახ, შოკისმომგვრელია და გაუსაძლისი იმის ყურება, თუ როგორ ექცევა რიგითი რუსი ჯარისკაცი უდანაშაულო ახალგაზრდა ქალს. აღსანიშნავია, რომ ძალადობის ეპიზოდი ესთეტიკური თვალსაზრისით კი არა, არამედ მისი შინაარსის გამო იწვევს მაყურებელში დაუფარავ პროტესტს. ოთო ჩიქობავა განასახიერებს პერსონაჟს, რომელიც ერთდროულად იწვევს აგრესიას და სიბრალულს. აგრესიას იმის გამო, რომ ის ბრმად ასრულებს მეთაურთა მითითებს, ხოლო სიბრალულს იმის გამო, რომ ის სულიერად არის ავად, მისი ბავშვობის ტრავმები და კომპლექსები (ფეტიშები) აიძულებს მას ბევრი სისაძაგლის ჩადენას. ის არის ჯარისკაცი, რომელიც სხვის მწუხარებაზე განიცდის ორგაზმს. მაყურებელი კი, რომელიც ოკუპანტის ჩადენილ საქციელს ადევნებს თვალს, მას შემდეგ ამოისუნთქავს შვებით, როცა მსხვერპლი - იულია (სოფია სებისკვერაძე) მისგან თავის დაღწევის მიზნით, ქვას კეფაში ჩაარტყამს. სოფია სებისკვერაძე გვიჩვენებს იმასაც, თუ როგორ კარგავს ადამიანის სახეს იულია, რომელმაც ომში გარკვეული მეტამორფოზა განიცადა. იულია კი ზუსტად მაშინ კლავს რუს ჯარისკაცს, როცა მასში ადამიანმა გაიღვიძა, მაგრამ უკან დახევა არ ღირს... ამაღელვებელია ის სცენაც, როცა სოფია სებისკვერაძის გმირი „გამარჯვებული“ (?!) ჯერ ავტომატს აღმართავს, ხოლო შემდეგ მიათრევს სცენის სიღრმეში.

ემოციის გარეშე ვერ უყურებს მაყურებელი გიორგი გასვიანის, ოთო ჩიქობავას და თეკლა სულაქველიძის მიერ გათამაშებულ ეპიზოდებს. გარდა იმისა, რომ ძნელი ამოსაცნობია გიორგი გასვიანი ვიზუალურად და ხმითაც კი, მსახიობი გმირის სულიერ სამყაროს მაყურებელს ხელის გულზე უშლის, რომლის მიმართ აუდიტორიას თანაგრძნობის განცდა უჩნდება, ისე როგორც თეკლა სულაქველიძის მიერ განსახიერებული პერსონაჟის ლუდკას მიმართ, რომელიც ომის მიუხედავად, დაუღალავად ელოდება შეყვარებულს მტრის ბანაკიდან. პერსონაჟის სახე იმდენად მეტყველია, რომ მასზე ასახულია ომის მძიმე კვალი, მიღებული შოკი და სულიერი ტრავმები. ახალგაზრდა მსახიობის თვალებიდან სიყვარულის ნაპერწკლები გამოსჭვივის, ხოლო გიორგი გასვიანის მიერ განსახიერებული სკოლის დირექტორის თვალებიდან კი სასოწარკვეთა და გაურკვეველი მომავლის შიში.

ირაკლი გოგია გვიჩვენებს, ერთი მხრივ, ადამიანებს, რომელიც ომმა საბოლოოდ გარყვნა, წაართვა ღირსების შეგრძნება, დააკარგვინა თავმოყვარეობა, ხელი ააღებინა კეთილსინდისიერებაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, გვიჩვენებს ადამიანებს, რომლებიც ზრუნავენ ერთმანეთზე, რომლებსაც ჯერ კიდევ შერჩათ ძალა და უნარი თავის გადარჩენის, ღირსების აღდგენის, თავმოყვარეობის დაკმაყოფილების.

„ცუდი გზები“ ის სპექტაკლია, რომელიც მაყურებელმა აუცილებლად უნდა ნახოს, რათა კარგად გაითავისოს რა ხდება ახლა უკრაინაში, რას განიცდის მშვიდობიანი მოსახლეობა და როგორ ანგრევს და ანადგურებს (სულიერად და ფიზიკურად) ადამიანს ომი.

ფოტო: გიორგი ყაულაშვილი

bottom of page