შენ ალბათ ჰიტლერიც მოგეწონებოდა, ქალი რომ ყოფილიყო

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

244645286_4519774801415383_7140236507421118342_n.jpeg

ნუცა კობაიძე

შენ ალბათ ჰიტლერიც მოგეწონებოდა, ქალი რომ ყოფილიყო

 

„სამოსის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ პიროვნებებზე, მის შინაგან სამყაროსა და თქვენ წარმოიდგინეთ, მის ბედზეც კი“. რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი თავის წარმოდგენაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და ხაზს უსვამს ყოველი პერსონაჟის კოსტიუმს, რაზეც იმუშავეს კომპანიებმა „DALOOD” და “RECKLESS”-მა. დინამოს სტადიონზე ჩვენ ვხედავთ 8 მსახიობ ქალს, რომელიც ორჯერ იცვლის სამოსს (მარლინის პერსონაჟის გარდა), ვხედავთ არფისტს (ქეთანა სტურუა)  შავებში და ასევე შავებში კომპოზიტორს (ანუშკა ჩხეიძე), რომელიც არფისტთან ერთად მუსიკალურად აფორმებს „ყველაზე მაგარ გოგოებს“ (ავტორი: კერილ ჩერჩილი).

მიუხედავად იმისა რომ მწვანე ბალახისა და განათების ფონზე კოსტიუმების ფერის აღქმა ცოტა რთულია, არ შეიძლება არ აღვნიშნო ნინო კასრაძის, ნატა მურვანიძის, კატო კალატოზიშვილის  და ქეთა შათირიშვილის ექსტრავაგანტური სამოსი (I მოქმედება). ჩვენს წინაშე დგას ოთხი ქალი დიდი ძალაუფლებით, სისასტიკითა და სიბრძნით, რაც მათ ტანსაცმელშიც ისახება. კოსტიუმების სტაბილური, მკაცრი ფორმები წინააღმდეგობაში მოდის ქალის, როგორც სუსტი სქესის წარმომადგენელთან და პირიქით, აფიქსირებს მათ მნიშვნელობას სამყაროში. მდიდრული, მდგრადი და კაშკაშა ფერები: ლურჯი, წითელი, ყვითელი და შინდისფერი მკვეთრად გამოყოფს მათ სოციალურ ფენას. კოსტიუმები ამ სპექტაკლში მთავარ როლს ასრულებს. რეჟისორი მეორე მოქმედებაში ცვლის ნინო კასრაძის ბურჟუაზიულ სამოსს და აქცევს მუშათა კლასის წარმომადგენლად, რომელიც გატანჯულია ცხოვრებით. თითქოს სამოსი ეხმარება მსახიობს ამ გარდასახვაში. ყვითელი ფერი სიმბოლურად ავადმყოფობასთან, გლოვასთან, სიკვდილთან ასოცირდება. სწორედ ამ ფერის კაბას იცვამს ენჯი (კატო კალატოზიშვილი), რომელსაც განზრახული აქვს დედის მკვლელობა, რასაც განუხორციელებელს ტოვებს.

არ არის აუცილებელი ყველაფერს ახსნა მოვუძებნოთ. რატომ სტადიონი? თუ ეს კითხვა ჩნდება, შესაძლებელია შეკითხვადვე დავტოვოთ. ის, რომ აქაც ამფითეატრის მსგავსი განლაგებაა, რომ მსახიობები გუნდურად იბრძვიან წარმოდგენის გამარჯვებით დასრულებისთვის და ა.შ. გასაგებია, ეს კონცეფცია ნებისმიერ სპექტაკლს მოერგება. ცოტა გაუგებარია სათადარიგო სკამის და ფეხბურთის კარის ჩადგმა, როგორც რეკვიზიტის, როცა სტადიონის მოცემულობაში ეს ყველაფერი ისედაც არის. ასევე, უკვე აღვნიშნე, რომ მწვანე საფარი და განათება არ გვაძლევს საშუალებას ზუსტად აღვიქვათ კოსტიუმების ფერი და რაც მთავარია მსახიობების გამომეტყველება.

ფაქტია, ინტერესი დიდი იყო და ძალიან რთულად მოსაპოვებელი გახდა ბილეთი. რეჟისორი სხვა უნარსაც ავლენს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია გურამ მაცხონაშვილი, რომელსაც შეუძლია სწორი პიარის გაკეთება და მაყურებლის მოზიდვა, რაც სულაც არ არის რეჟისორის საქმე, მაგრამ, სამწუხაროდ საქართველოში არ არსებობენ კვალიფიციური კულტურის მენეჯერები (ამაზე არ შემომედავოთ, არც ერთ თეატრს და არც ერთ თეატრალურ პროექტს არ ჰყავს პროფესიონალი კულტურის მენეჯერი).

ბევრი ალკოჰოლი, ქათამი, სისხლიანი სტეიკი, კანელონი, კიდევ სტეიკი მეტი სისხლით და სხვ. ნამდვილად არ ჰგავს მანდილოსნების სუფრას, თუმცა ძალიან ნაზად და ესთეტიკურად მიირთმევენ მსახიობები. დაუკვირვებელი თვალი ვერც მიხვდება ამ კანიბალურ მიზანსცენას. ეს მაღალი რანგის საზოგადოება ხორცისმჭამელ მონსტრებად გვესახებიან, რასაც ისეთი ოსტატობით ასრულებენ არტისტები, რომ შემზარავი აქ არაფერია.

პრინტერის აპარატი ერთგვარ თეატრალურ სიმბოლოდ იქცა, სამუშაო გარემოს დასაფიქსირებლად რომ იყენებენ რეჟისორები. და უცებ გვახსენდება ახლო წარსულში ნანახი „ოიდიპოს მეფე“ (ახალი თეატრი. რეჟისორი დავით დოიაშვილი) იქაც ნინო კასრაძე, იქაც ავანსცენაზე პრინტერის აპარატი. აქ თუ ჯოისი (კატო კალატოზიშვილი) დედის მკვლელობისთვის განკუთვნილ იარაღს - აგურს აქსეროქსებს, იქ ოიდიპოსი საკუთარ სახეს ბეჭდავს, მისდაუნებურად დედა სასიკვდილოდ რომ გაწირა. ეს მხოლოდ ასოციაციებია, არ ვთვლი რომ შეგნებულ პარალელებს აქვს ადგილი.

აბორტი, გაუპატიურება, ოჯახური ძალადობა... სწორედ ეს აქცევს პერსონაჟებს ყველაზე მაგარ გოგოებად, გოგოებად რომლებიც თავის დროზე ცდილობდნენ ამ ყველაფრისთვის ახსნა მოეძებნათ - გაემართლებინათ დამნაშავე მამაკაცები, ეპატიებინათ და გაეგრძელებინათ თანაცხოვრება. დღეს ეს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია ჩვენს ყოფაში  და ამ ტრაგიზმს ისევ ქალები ექსპლუატაციასთან შეგუებით ამძაფრებენ.

ემოციური სცენა აღმოჩნდა მარლინისა (ნატა მურვანიძე) და ჯოისის (ნინო კასრაძე),  უკვე როგორც დების (მეორე მოქმედებაში), შეხვედრა. ორი ძლიერი მსახიობი უპირისპირდება ერთმანეთს და ცდილობს დაგვაჯეროს თავის სიმართლეში. ნინო კასრაძის ემოცია წინა როლისგან განსხვავებით (იოკასტე-„ოიდიპოს მეფე“) გულწრფელია. მსახიობი განიცდის პერსონაჟის მდგომარეობას მთელი სიზუსტით. ის უბედური ქალია, რომელმაც ცხოვრება შესწირა თავის დის შვილს, საკუთარი ნაყოფიც მსხვერპლად გაიღო. ის მიატოვა ღვიძლმა დამ, ქმარმა და დატოვეს ჩვილით ხელში. ამ სიმწრის მიუხედავად სიამაყეს და თავმოყვარეობას არ კარგავს პერსონაჟი. მარლინს ამ სცენაში ტალახიანი ბოტები აცვია. სწორედ ამ მეტაფორით გვაჩვენებს რეჟისორი მის წარმომავლობას, რომ არაფრით განსხვავდება საკუთარი დისგან, რომელიც სოფელში დატოვა.

იაპონელი კურტიზანი ლედი ნიძიო (ნატუკა კახიძე), ამართლებს მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას, ის ხომ იმპერატორის ხარჭად გაზარდეს. მამის ავტორიტეტი ღუპავს ქალს, რომელიც მშობლის სურვილს მსხვერპლად წირავს საკუთარ თავისუფლებას და ბუდისტი მონაზონი ხდება.  მეორე მოქმედებაში მსახიობი უკვე 12 წლის ქითი ხდება. იმდენად შთამბეჭდავია ეს გარდასახვა, რომ გვიჭირს კიდეც ნატუკას ამოცნობა. ის ძალიან ნატურალურად თამაშობს ამ ორ როლს. კაცად გადაცმული რომის პაპობიდან ოფისის თანამშრომლობამდე მისვლა ქეთა შათირიშვილის ამოცანაა. ის დიდი ნაბიჯებით, თავდაჯერებით კომპიუტერული თამაშების მუსიკის ფონზე გადის ამ გზას.

აქ ყველა ქალს აქვს თავისი უმძიმესი ტრაგედია, რასაც ცრემლნარევი სიცილით უყვებიან ერთმანეთს და აგრძელებენ რბოლას ფინიშამდე მისაღწევად.