top of page

შენ როგორი იყავი მის ასაკში?

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

att.C2jIkX8ft27Nn-VBBynjCEUazD_7lppj0UYMLekjqhs.jpg

თამთა ქაჯაია

შენ როგორი იყავი მის ასაკში?

ახლობელი ადამიანების გარემოცვაში დიდი ხანია ყველანი „უცნობებად“ ვიქეცით - ყოველივე ამას კი ხელი სოციალური ქსელის განვთარებამ/მოთხოვნამ შეუწყო. „ადამიანი  თავისუფლად იბადება, მაგრამ ყველგან ჯაჭვებით არის შეკრული“ - ამბობდა ჟან-ჟაკ რუსო, ამ ჯაჭვებს კი ერთმანეთს, შეგნებულად თუ შეუგნებლად ერთმანეთს ვადებთ. თანაცხოვრებაში - ვალდებულებები და პასუხისმგებლობები ისე იქცევა ყოველდღიურ რუტინად, რომ ყველაზე ახლო ადამიანისთვის ყველაზე უცხონი ვხდებით. ყველასათვის ცნობილი, თანამედროვე სოციალური დრამა, კინოეკრანიზაცია „იდეალური უცნობები“  (რეჟისორი - პაოლო ჯენოვეზე) ეხება ტექნოლოგიების გავლენას ჩვენს ცხოვრებაში და იმ ნიღბების ტარებას, რომლებსაც ადამიანები ვირგებთ ყოველდღიურად. სწორედ ამ საკითხს შეეხო ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში რეჟისორი გიორგი სულთანიშვილი და ზემოთ ხსენებული კინოსცენარის მიხედვით „უცნობების“ პრემიერა შემოგვთავაზა. მსახიობები თეატრალური უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტები არიან (ხელმძღვანელი - დიმიტრი ხვთისიაშვილი).   ფილმის და სპექტაკლის სიუჟეტი ვითარდება ერთი საღამოს განმავლობაში, შვიდი მონატრებული მეგობარი იკრიბება ვახშამზე. ერთი შეხედვით, ლაღი, ბედნიერი წყვილები სრულიად გარდაისახებიან, როდესაც იწყებენ პირადი ტელეფონის შეტყობინებების კითხვას. ექსპერიმენტის არსი შემდეგში მდგომარეობს, ხმამაღლა წაიკითხონ შემოსული მესიჯები და საჯაროდ უპასუხონ შემოსულ ზარებს.

ოცდამეერთე საუკუენში მობილური ტელეფონები თანამედროვე ადამიანის „შინაგანი სამყარო“ გახდა. ისინი შეიცავენ საიდუმლოებებს, ფარულ ურთიერთობებსა და იმ მხარეებს, რომლებსაც სხვებს არ ვაჩვენებთ.  პერსონაჟები,  რომლებიც დასაწყისში იდეალური წყვილები ჩანან, რეალურად სავსე არიან  ტყუილებითა და გაურკვევლობით. სპექტაკლის სიუჟეტი სვამს მთავარ კითხვას: ნამდვილად ვიცნობთ ჩვენს საყვარელ ადამიანებს? ნამდვილად გვიყვარს ისინი რეალურად როგორებიც არიან?

სპექტაკლის მხატვარი ბექა ჩადუნელი გახლავთ, იგი სცენას მინიმალურად ტვირთავს და რაც მთავარია ყველა ნივთი ფუნქციური, ქმედითია. დეკორაციას რამდენიმე მაგიდა, სკამი, ბუშტი და გამჭვირვალე თეჯირი, წარმოადგენს. სცენის ცენტრში მაგიდა დგას და მის გარშემო ვითარდება მოვლენები. აქვე აღვნიშნავ, რომ სპექტაკლი  ძირითადად დიალოგებზეა აწყობილი, რეჟისორს ფოკუსში მსახიობები ჰყავს, სცენაზე მათი პარტნიორობა და სამსახიობო შესაძლებლობებია წინ წამოწეული.

ევა (ლალიკო ღერკენაშვილი) და როკო (ალექსანდრე შარაბიძე) მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ალბათ 20-25 წლის ასაკის არიან,  სპექტაკლში თუ ნახავთ ნამდვილად დაგაჯერებენ, რომ უკვე 18 წლიანი ქორწინება აკავშირებთ და თინეიჯერი შვილი ყავთ. მთელი სპექტაკლის განმავლობაში ვაკვირდებოდი ორ ახალგაზრდა სტუდენტს, და  ვხედავდი, როგორ თამაშობდნენ იმ პერსონაჟებს, რომელიც ორივეს სრულიად გათავისებული ჰქონდათ.  მათი ფიზიკური თუ ემოციური გამომსახველობითი ხერხები, პარტნიორთან კავშირი,  აბსოლუტურად შესამჩნევი და ორგანული იყო. მათ ერთმანეთთან აკავშირებთ ნამდვილი, ცოცხალი ურთიერთობები. ისინი გათავისუფლებულები არიან ყველანაირი ზედმეტი თეატრალური ფორმისგან და გადმოსცემენ საკუთარ შინაგან ენერგიას. ისინი მოზარდი სოფის (ანა თოგოშვილი) მშობლები არიან, ევა ვერ ალაგებს შვილთან ურთიერთობას, როკო კი ბალანსია დედა-შვილის ურთიერთობაში. სოფი ქმნის ახალგაზრდა გოგოს სახეს, რომელიც „ეძებს კონფლიქტს, რომ იპოვოს საკუთარი თავი“.  მიუხედავად იმისა, რომ სამივე მსახიობი თანატოლია, ისინი ქმნიან ოჯახურ პორტრეტს. სიმბოლურია სიუჟეტში მთვარის დაბნელება, რადგან იგი ცვლილებას და გარდამავალ პერიოდზე მიგვანიშნებს.  ფარული სიმართლის გამჟღავნება, ტრანსფორმაცია და სულიერი გამოღვიძება, ძველის დასასრული და ახლის დასაწყისი - პერსონაჟების ცხოვრებისეული ცვლილებები.

ელე (მია მიქელაძე), და ლეო (ნიკუშა ხრიკული) ასევე ზემოთ ხსენებული წყვილის ნაწილობრივ პროტოტიპები არიან, განსხვავებული პრობლემებით. მათ ქორწინებაშიც კრიზისია, ოღონდ ამ შემთხვევაში მიზეზად ლეოს დედას ასახელებს ელე, რომელიც მათთან ცხოვრობს და თვლის, რომ მათი ურთიერთობა შეიცვალა, რაც ის მათთან გადავიდა საცხოვრებლად. ხრიკულის პერსონაჟი მექალთან კაცია, რომელიც პეპეს (ნიკა ჭკადუა) დახმარებას სთხოვს, ტელეფონები გაცვალონ, რომ ღალატი მისი ცოლისთვის არ გახდეს ცნობილი. ელე და ლეო, როგორც ევა და როკოს წყვილი სცენაზე ქმნიან ნამდვილ, რეალურ გმირებს. „მე არ მჯერა მარტოსული ხელოვანის“ ამბობდა კონსტანტინე სტანისლავსკი და ამით იგი უსვამდა ხაზს, რომ პარტნიორობა სცენაზე მსახიობის თამაშის განუყოფელი ნაწილია. ისინი უსმენენ ერთმანეთს, რეაგირებენ ზუსტად ისე, როგორც რეალურ, მოცემულ სიტუაციაში. რაც შეეხება ბიანკას (ნანიშა მეტრეველი) და ლუკას (ალექსანდრე კვეზერელი) ისინი ახალ დაქორწინებულები არიან, ბიანკა მუდმივად ეჭვიანობს ლუკასზე, რომელსაც რეალურად მიზეზი ნამდვილად აქვს, რადგან ლუკასი როგორც ევას, ასევე კიდევ სხვა ქალის საყვარელი აღმოჩნდება. როკო, ძალზედ დელიკატურად, ღირსეულად იღებს ცოლის ღალატს. ევასა და როკოს შესრულების და პარტნიორობის კულმინაცია სწორედ ამ სცენაში იყრის თავს.  ბიანკა ქმნის ეჭვიანი, ცოტა ნერვული მაგრამ ამავდროულად შეყვარებული ქალის სახეს. იგი მოზომილად ავითარებს საკუთარი პერსონაჟის ხასიათს.

და ბოლოს, მეშვიდე პერსონაჟი პეპე (ნიკა ჭკადუა), რომლის მეორე ნახევრის გაცნობასაც ელიან მეგობრები და ამ ვახშმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს გახლავთ. პეპე საბოლო ჯამში აღმოჩნდება გეი, რომელიც   გაცვლილი ტელეფონის გამო ლეოს ბრალდება. ნიკა ჭკადუას ინტონაცია, შეფასებები  გამორჩეულად ცოცხალს და შთამბეჭდავს ქმნის გმირს.  თითოეული გმირი, სავსეა ფარული, დამალული ურთიერთობის, სპექტაკლის ბოლოს მათ ვხედავთ სრულიად გულწრფელებს, საკუთარ ნაკლოვანებებთან და ღირსებებთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორი ღიად ტოვებს ფინალს, და არჩევანის საშუალებას გვაძლევს მაყურებელს თუ როგორ გააგრძელებენ ისინი ურთიერთობებს, (ან კი გააგრძელებენ საერთოდ?), მაინც მჯერა მათი ერთიანობის რადგან  მათ აკავშირებთ მთავარი  - სიყვარული.

და ბოლოს, ჩნდება კითხვა - რამდენად სამართლიანია, რომ ადამიანს ჰქონდეს პირადი სივრცე იმასთან ვისთანაც წლებია ურთიერთობაშია? სრული სიმართლეა, ნამდვილი სიყვარულის საფუძველი? სპექტაკლში ჩანს რამდენად არასტაბილურია ნდობა თანამედროვე სამყაროში და რამდენად სენსიტიურია ურთიერთობები, როცა სიმართლე ზედაპირზე ჩანს. ტექნოლოგიურ ეპოქაში პირადი სივრცე ფაქტობრივად დაუცველია. წარმოდგენაში ბუშტები ერთ-ერთი რეკვიზიტია, რომელიც დროზე მიგვანიშნებს.. ბუშტი, ხომ დღესასწაულის, მხიარულობისა და უდარდელობის სიმბოლოა, ოცნების და თავისუფლების გამომხატველი... რომელიც შეიძლება ადამიანის შინაგან სამყაროში არსებულ ბავშვურ უმანკო მხარეზე მიგვანიშნებდეს...

bottom of page