top of page

შენ რომ მომკვდარიყავი
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

მარიკა მამაცაშვილი
შენ რომ მომკვდარიყავი
ფლორიან ზელერი თანამედროვე ფრანგი დრამატურგია, რომელიც ფსიქოლოგიური და ემოციურად დატვირთული პიესებითაა ცნობილი. მისი ნამუშევრები იკვლევს ოჯახურ ურთიერთობებს, მეხსიერებას, დანაკარგს და იდენტობის საკითხებს.
"Si tu mourais" ფრანგული სათაურია, რომელსაც რეჟისორმა თემო დვალმა შესანიშნავი ქართული შესატყვისი მოუნახა - "შენ რომ მომკვდარიყავი". პიესის თარგმანი ქმედითია. დრამა სიკვდილზე, ეჭვსა და ახლობელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ მწუხარებაზეა. ზელერის პიესების მახასიათებელია უჩვეულო სტრუქტურა, სადაც დროის აღქმა და რეალობა შეიძლება დამაბნეველი იყოს, რაც მკითხველს და მაყურებელს ემოციურად რთულ სამყაროში ითრევს. დრამატურგი ხაზს უსვამს ილუზორული ძიების საფრთხეებს და ამავდროულად სასოწარკვეთას იუმორით ავსებს.
ეს მოცემულობაც შესანიშნავად ასახა თემომ თავის სპექტაკლში და თარგმანშიც.
მნიშვნელოვანია ისიც გავითვალისწინოთ, რომ თემო დვალის სპექტაკლი საკურსო ნამუშევარია. ვგულიხმობ, რომ სპექტაკლის დადგმა სასწავლო პროცესის ნაწილია და ახალგაზრდულ ექსპრესიას მოიცავს. საკურსო სპექტაკლები, უკეთესს შემთხვევაში, რეჟისორებისა და მსახიობებისთვის შემოქმედებითი ძიებების პლათფორმაა, სადაც ისინი ცდიან საკუთარ თავს, ავითარებენ საკუთარ იდეებს, ცდილობენ მიღებულ განათლებას საკუთარი ხელწერა შემატონ და შედეგს ისე მიაღწიონ.
ყველაფერი ეს თემო დვალს გამოუვიდა. პირველი, რაც რეჟისორის, როგორც ხელმძღვანელის, უნარებს უსვამს ხაზს, მსახიობების შერჩევა და მათთან მუშაობის ტექნიკაა. თემომ ამ ამოცანას შესანიშნავად გაართვა თავი და სცენაზე ისეთი "გაწრთვნილი" შემოქმედებითი ჯგუფი დააყენა, რომელიც ნებისმიერ ექსპერიმენტულ დადგმას წარმატებით შეითავსებდა.
სპექტაკლი პიესას მიყვება. ამბავი ერთია: პიერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. საბუთების დალაგების მცდელობისას, მისი ქვრივი, ანა, აღმოაჩენს მომავალი პიესისთვის გაკეთებულ ჩანაწერებს. ისინი მოგვითხრობენ დაქორწინებული მწერლის ისტორიას, რომელიც ვნებიანად შეუყვარდება ახალგაზრდა მსახიობს. ანა უმალევე დარწმუნდება, რომ ტექსტი პიერის ღალატზეა და ამ ქალის საძებნელად გაეშურება, ილუზიის რეალობისგან გარჩევას ცდილობს: ტკივილი ხომ არ უბნევს თავ-გზას? თუ საბოლოოდ გაახილა თვალები? ამგვარი ფიქრები მოსვენებას არ აძლევს ქვრივს.
თავისი უაღრესად პირადი თხრობითი თავისუფლებით, თემო დვალი ქმნის დაძაბულობას, დაუსრულებლად ამრავლებს კითხვებს და ოსტატურად შლის ზღვარს რეალობასა და ტყუილს შორის. დასმული კითხვები რეალური კითხვებია, რომლებზეც პასუხის გაცემა მას არ აქვს განზრახული: რამდენად უნდა ჩავუღრმავდეთ წარსულს? რას ცვლის სიმართლის გაგება? ფლეშბექებიდან მოულოდნელ სიტუაციებამდე, მაყურებელი მოხიბლულია, მიჯაჭვულია სცენაზე მიმდინარე ქმედებაზე, რომელიც აერთიანებს რეალობას, წარმოსახვას, შიშს, სიცილს და ფანტაზიას.
სპექტაკლი პროლოგით იწყება. სანამ მაყურებელი საკუთარ ადგილს იკავებს ავანსცენაზე მსახიობები სხედან და ნერვიულად ეწევიან სიგარეტს. პუბლიკა ხვდება, რომ სცენაზე დრამატული ამბავი გათამაშდება. ფარდა იხსნება და ცოლ-ქმრულ ყოფით დიალოგში ვერთვებით. დაკვირვებულ აუდიტორიას პირველივე სცენიდან იზიდავენ, ინტრიგაში აგდებენ მსახიობები. მაშინვე ხვდები, ამ ორ ადამიანს შორის ურთიერთობა მინელებული და გაციებულია. ანას როლის შემსრულებელი, კესო ავალიშვილი, მუდმივად ზამბარასავით მოჭიმულია. გასაოცარია, როგორი ოსტატობით ახერხებს მესამე კურსის სტუდენტი, ზრდასრული ქალის განცდების, მისი უმართავი ეჭვის, ცუდის მოლოდინის ერთდროულად განსახიერებას.
ნიკა ჭკადუას პიერი კი გულგრილობასა და მოყირჭებას ერთდროულად თამაშობს. მისი პლასტიკიდან და მიმიკებიდან ხვდები რომ ცოლის დღევანდელი საქციელი და საუბარი უკვე დიდი ხანია რუტინის შემადგენელი გამხდარა. ანა (კესო ავალიშვილი) ორი საათის განმავლობაში მუშაობს მაყურებელზე და კონტაქტშია პარტნიორებთან. ის სულ ქმედითია, მაშინაც, როცა სდუმს და მაშინაც, როცა სხვებს ან გარემოს აკვირდება. მისი პერსონაჟი ნამდვილი დეტექტივია, რომელმაც, რადაც არ უნდა დაუჯდეს, სიმართლე უნდა შეიტყოს!
ორცეცხლშუა მოქცეულ ახალგაზრდას განასახიერებს კობა ნასყიდაშვილი. ის მეგობრის საიდუმლოს შენახვას ცდილობს და თან ანაც (კესო ავალიშვილი) არ უნდა გააწბილოს, მითუმეტეს რომ მეგობრის ქვრივის მიმართ გულგრილი არ არის, რაც მის წარმოდგენას მეგობრობასა და ერთგულებაზე არყევს. ასეთ რთულ ამოცანებს უმკლავდება სტუდენტი-მსახიობი.
ლორა (ლალიკო ღერკენაშვილი) კეკლუცი მსახიობია, რომელიც კარიერული წინსვლისთვის უკან არაფერზე იხევს. სიყვარულისთვის მუდამ მზადყოფნას ასხივებს, მითუმეტეს თუ ეს "საქმეს ჭირდება". ლალიკო ღერკენაშვილი სწორედ იმ პერსონაჟს განასახიერებს, რომლის ყოველი გამოჩენა სცენაზე მაყურებლის დაბნეულობას იწვევს...როდის ამბობს ის სიმართლეს? ვისთანაა გულწრფელი - ანასთან თუ დანიელთან? მისი შექმნილი სახე თითქოს ტრივიალურია, - ლამაზი, ახალგაზრდა მსახიობი ქალი, რომელიც დიდებაზე ოცნებობს, მაგრამ როგორი ოსტატობითაც სტუდენტი მსახიობი ამას თამაშობს, სწორედ ეს თამაში სცდება ბანალურობას.
რეჟისორმა, თემო დვალმა 4 კაციანი ქორო (მარიამ ერაძე, მარიამ ბალახაძე, ელენე ჭავჭავაძე, სალომე ჭიტაიშვილი) შემოიყვანა სპექტაკლში. რაც რეჟისორის ერთერთი საუკეთესო მიგნებაა. ქოროს საშუალებით მართლდება ყველა ის სცენა, სადაც ისინი მონაწილეობენ. ქორო ქმედითია, ის მონაწილეა მოვლენების განვითარების.. ორი შესანიშნავი ეპიზოდი მახსენდება - ანას (კესო ავალიშვილი) ქმრის კაბინეტის დალაგებაში ეხმარება ოთხეული, ისე აფრიალებენ წიგნების ფურცლებს, თითქოს პიერის ღალატის მტკიცებულებას ეძებენ...თეფეშების მსხვრევის სცენაც ისეა დადგმული რომ ორგანულია მოქმედების მსვლელობისათვის.
მხატვარმა, სანდრო ჯავახიშვილმა და განათების მხატვარმა - თინა გობეჯიშვილმა რეჟისორთან ტანდემში შექმნეს სცენოგრაფია და განათება. დრამაში სივრცეც პერსონაჟად აქცია ამ სამეულმა. ლორასთან (ლალიკო ღერკენაშვილი) სტუმრად მისული ანა (კესო ავალიშვილი) ოთახის თვალიერებას ისე გულმოდგინედ იწყებს, თითქოს ქმრის ღალატის დასტური ამ გარემოში უნდა აღმოაჩინოს, რაც შემთხვევითი არ არის, ვინაიდან ლორას ბინა ისეთივე კეკლუცი და გამომწვევია, როგორც დიასახლისი. მხოლოდ ლორას ბინაა ფერადი, მჭახედ აბრდღვიალებული, იაფფასიანი ნივთებით დახუნძლული. ასეთ ფერთა გამას ვერც პიერის კაბინეტში ვხედავთ და ვერც ანასთან. პირიქით შავი, ყავისფერი მუქი ლურჯი დომინირებს ამ სივრცეებში, განათება კი ისეთია რომ ბურუსში ახვევს ყველაფერს... ანას გონებაც ისევე დაბინდულია, როგორც ის გარემო, სადაც ცხოვრობს. თითოეული სცენის დეკორაცია და განათება პერსონაჟების სულიერი და ფიზიკური მდგომარეობის ამსახველი სარკეა. რაც უდავოდ მისასალმებელია.
სპექტაკლის მუსიკალური გააფორმება თემო დვალს ეკუთვნის. მუსიკაც პერსონაჟების სულიერი მდგომარეობის გამოძახილია. ეშმაკურ მინიშნებებსაც ვაწყდებით - ერთერთ სცენაში აგატა კრისტის მოთხრობის ცნობილი კინოვერსიიდან საუნდტრეკს ვხვდებით. The innocence of Caroline Crale (From Five Little Pigs).
ფლორიან ზელერის ეს კონკრეტული პიესა საქართველოში არ სარგებლობს ისეთი პოპულარობით, როგორც მისი ტრილოგია - "მამა"; "ვაჟიშვილი"; "დედა". თემურ დვალი პირველია, ვინც "Si tu mourais" თარგმნა და მრავლისმთქმელი დადგმაც განახორციელა. მადლობა მას ამისთვის.
bottom of page