„შენ ხომ ჭკვიანი ხარ, ჰელვერ!“

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

273033790_4998204723571455_4950263076395822628_n.jpeg

ელენე შალუტაშვილი

„შენ ხომ ჭკვიანი ხარ, ჰელვერ!“

მიუხედავად მასობრივი ინფორმაციის ეპოქაში ცხოვრებისა, შემოქმედება მაინც ერთადერთ საშუალებად რჩება, რომელიც ადამიანებში არა მხოლოდ თანაგანცდას იწვევს, არამედ მოვლენების მონაწილედაც აქცევს. დღევანდელი მოვლენებიდან გამომდინარე, არაა გასაკვირი, რომ გოგი მარგველაშვილის ,,ჰელვერის ღამემ'' ბოლო პერიოდში დადგმულ სპექტაკლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ეს კი ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სპექტაკლი ფართო საზოგადოების მოთხოვნასაც აკმაყოფილებს და მაღალ პროფესიულ სტანდარტსაც.

ორი სხვადასხვა თაობის მსახიობის - ირინა მეღვინეთუხუცესისა და ბექა მეძმარიაშვილის დუეტი უდავოდ შთამბეჭდავია. როგორც თავად პერსონაჟები, ვერც ისინი იარსებებენ სცენაზე ერთმანეთის გარეშე. ირინა მეღვინეთუხუცესი თითოეული მზერით, სიტყვითა თუ ჟესტით ,,ეფერება'' ჰელვერს. თუ ვილკვისტის მიერ აღწერილი კარლა მარტოსულია და ჰელვერს დიდ ცხოვრებისეულ ტვირთად აღიქვამს, ირინა მეღვინეთუხუცესის კარლა მას არა როგორც ცოდვების გამოსასყიდ საშუალებად, არამედ ყველაზე ძვირფას ადამიანად მიიჩნევს. თუ პიესაში ჰელვერი კარლას მიმართ სასტიკი და დაუნდობელია, ბექა მეძმარიაშვილის მიერ განხორციელებული პერსონაჟი გვაჩვენებს, რომ სრულიად უცხო ადამიანიც კი შეიძლება მშობელივით შეგიყვარდეს. განსაკუთრებული სითბო და სიყვარული იგრძნობა მისგან, როდესაც კარლა საკუთარ მძიმე ცხოვრებაზე უთხრობს, ჰელვერი კი ინტუიციურად შეიგრძნობს, თუ როგორ აკლია ქალს წრფელი, ადამიანური გრძნობები. 

 

რეჟისორის ჩანაფიქრის განხორციელება მთლიანად მსახიობებზეა დამოკიდებული. პირველივე პრემიერაზე მათ პრაქტიკულად შეუცდომლად გაიარეს ღრმა ფსიქოლოგიური, თეატრალური ლაბირინთები. წარმატებულ საპრემიერო დღეებს, კიდე უფრო წარმატებული სპექტაკლი მოჰყვა. მხატვრულ სახეებს შორის გადაკვეთის ხაზები უფრო შთამბეჭდავი და ემოციური გახდა. ირინა მეღვინეთუხუცესის კარლას ყოველი მოქმედება, არა მხოლოდ ლოგიკას, არამედ ნამდვილ, ადამიანურ გრძნობებს ეყრდნობა, რის გამოც იგი მაყურებლისთვის ასე ახლობელი და მნიშვნელოვანი ხდება. შემოქმედებითი მიგნებები, რომლითაც რეჟისორისა და მსახიობის მიერ შერჩეულია პერსონაჟის მიმიკა, საუბრისა და სიარულის მანერა, ტოვებს განცდას, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ კარლას ნიშან-თვისებებია.

 

ახალგაზრდა მსახიობმა - ბექა მეძმარიაშვილმა ბავშვობაში ჩარჩენილი ადამიანის სახე დაგვიხატა. ჰიპერაქტიური ქმედებებისა და მოტორული ემოციების მიღმა, დაკვირვებული მაყურებელი მის ინფანტილურ სიყვარულს აღმოაჩენს. ასეთი ფსიქოტიპის დამაჯერებელი განხორციელება, კი სცენაზე უზარმაზარ ემოციურ და ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. პიესაში ჰელვერის გმირი გაცილებით მეტ უარყოფით ემოციებს იწვევს, იგი მეტად აგრესიული და დაუნდობელია, ვიდრე ამას მარგველაშვილის ვერსიაში ვხედავთ. რეჟისორმა მსახიობთან ერთად მაყურებელს პერსონაჟი შეაყვარა და მის მიმართ თანაგრძნობის განცდაც გაუჩინა.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნე, სპექტაკლის ატმოსფეროს მთლიანად მსახიობები ქმნიან. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რეჟისორ გოგი მარგველაშვილს სპექტაკლის გამომსახველობითი საშუალებები უკანა პლანზე გადააქვს და მთავარ (ზოგჯერ კი ერთადერთ) გამომსახველობით საშუალებად მსახიობებს აქცევს. სწორედ ეს თვისება გამოარჩევს მას თანამედროვე ფორმალისტური ტენდენციებისგან. ამ შემთხვევაში მან მაყურებელი სცენაზე, მსახიობებთან ძალიან ახლოს მიიყვანა. ეს რეჟისორისა და მსახიობების არა მხოლოდ სითამამეზე, არამედ მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. ამ დროს ყოველი დეტალი გასათვლელია, მსახიობებს აღარ რჩებათ სივრცე, სადაც მცირე შეცდომის დამალვას  მოახერხებენ. შესაბამისად უკლებლივ ყველა სცენა დეტალიზიცაიას საჭიროებს, რადგან მცირე შეცდომითაც კი შეიძლება მაყურებელსა და მსახიობებს შორის კავშირი გაწყდეს. თავად გარემოც ასეთია. შოთა ბაგალიშვილის სცენოგრაფია მინიმალისტური და მეტყველია. უშუალოდ ვილკვისტის რემარკაში უფრო მეტ დეტალს ვაწყდებით, მაგრამ ვფიქრობ სცენოგრაფმა სპექტაკლისთვის ზუსტი გარემო შექმნა. კარლასა და ჰელვერის საცხოვრებელი, თავისი ყველა მცირე დეტალით მაყურებლისთვის ახლობელი და ნაცნობია.

 

ცნობილია, რომ პოლიტიკური თეატრის მიზანი სოციალური სამყაროს არა მხოლოდ ასახვა, არამედ შეცვლაა. სწორედ ამის გამოა პიესა დღესდღეობით ამდენად პოპულარული. შესაბამისად მისი მთავარი მიზანი ვერ იქნება სულიერი კათარსისი და ღრმა ფსიქოლოგიური ძიებები. საბოლოო ჯამში სოციალურ-პოლიტიკური თეატრი საყვედურობს ყველასა და ყველაფერს, გარდა საკუთარი თავისა. თამაზ ჭილაძე წერდა: ,,ჩვენ დიდი და საინტერესო თეატრალური ტრადიცია გვაქვს, რომელიც, სხვათა შორის, იმასაც გვასწავლის, რომ სჯობს თვითონ შექმნა ახალი, ან და განავითარო ტრადიციული თეატრი, რომელიც შენი მაყურებლის სულისკვეთებას ეხმაურება და ამაში სამარცხვინო არაფერია, ვიდრე მოირგო უცხო თეატრალური დოგმა, რომელიც როდესმე უსათუოდ სასაცილოს გაგხდის, რადგან ყველა დაინახავს, რომ სხვისი ტანსაცმელი ჩაგიცვამს...''. დღესდღეობით კი ,,სხვის ტანსაცმელში'' გამოწყობილ არა ერთ სპექტაკლს ვხედავთ ქართული თეატრის სცენაზე. გოგი მარგველაშვილი კი პირიქით მოიქცა, მან ინგმარ ვილკვისტის პიესა საკუთარ თარგზე გამოჭრა. ამან კი სპექტაკლის ინდივიდუალიზმი და უნიკალობა განაპირობა. მიხეილ თუმანიშვილი  საბჭოთა მარწუხების დროსაც კი ახერხებდა მაყურებლის ცხოვრებაში სიცოცხლისა და ნამდვილი გრძნობების გაჩენას. სწორედ ამ სკოლის ღირსეული წარმომადგენელია გოგი მარგველაშვილი. მუდმივ საპროტესტო რეჟიმში ყოფნა, საზოგადოებისა და ღმერთის დადანაშაულება საკუთარ წარუმატებლობაში, თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად იქცა. სწორედ ამაზე წერს ვილკვისტი. ავტორი სამყაროს საყვედურობს იმის გამო, თუ როგორ დევნის იგი განსხვავებულებს, რეჟისორი კი გვაჩვენებს თუ როგორ შეიძლება მათი შეყვარება. ამ რიგად პოლიტიკურ და სოციალურ კონფლიქტებში, სადაც სიძულვილს სიძულვილი პასუხობს, დრამატურგისგან განსხვავებით, რეჟისორი გვეუბნება, რომ სიძულვილით გაჟღენთილ საზოგადოებაში, ადამიანის (მითუმეტეს განსხვავებული ადამიანის) შეყვარება ნებისმიერ დემონსტრაციაზე უფრო მძლავრი იარაღია.

 

ეპოქა, რომელშიც ტექნოლოგიურმა განვითარებამ ადამიანებში აღფრთოვანების უნარი ჩაახშო, მაყურებელი კარლასთან და ჰელვერთან ერთად ერთ უბრალო, მესჩანურ საცხოვრებელში პოულობს იდუმალ, საიდუმლო განცდებს. დღეს, როდესაც ჩვენი ცხოვრების მერკანტილური წესი, მთავარ ექსისტენციალურ საკითხებს გვავიწყებს, რეჟისორმა ადამიანური არსებობის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეგვახსენა. კარლა და ჰელვერი იღუპებიან, მაგრამ მათ შორის გაჩენილი გრძნობა, რომელიც არც ლოგიკას ეფუძნება, ან რაიმე ,,სოციალურ ვალდებულებას'', მაყურებელში აგრძელებს არსებობას. მაყურებელი კი ჩვენი საზოგადოების ნაწილია, საზოგადოების, რომელიც დღეს უნდობლობის, სიძულვილისა და გაუტანლობის უფსკრულის პირას დგას და კარლას მსგავსად, შეიძლება რეჟისორი სწორედ ჩვენ საზოგადოებას მიმართავს: ,,შენ ხომ ჭკვიანი ხარ, ჰელვერ!”.