top of page

შეშლილი - ოსკარას კორშუნოვასი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

79ABC9D7-8C9F-4B21-9F53-28F98F601130.png

10.11.2025

ტატო ჩანგელია

შეშლილი - ოსკარას კორშუნოვასი

 

შემოდგომის თბილისი უკვე წლებია თეატრალური დღესასწაულების სივრცედ არის გადაქცეული, სადაც სხვადასხვა ფესტივალი ერთმანეთს ენაცვლება და ხშირად პარალელური დინებებითაც ცოცხლდება. ამ მრავალხმოვან ნაკადში გასულ წელს ჩაეწერა ახალი ფესტივალი - "თბილისური ბროწეულები" - კამერული და მონოსპექტაკლების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის. მათი წლევანდელი იდეა და სლოგანიც ასეთი იყო - "მცირე ფორმები, დიდი იდეები".

სლოგანი პირველივე დღეს გამართლდა. ახმეტელის თეატრის სცენაზე OKT - ვილნიუსის ქალაქის თეატრმა წარმოადგინა ოსკარას კორშუნოვასის სპექტაკლი - "შეშლილი", რომელიც ნიკოლაი გოგოლის "შეშლილის წერილების" მოტივით შეიქმნა.

სპექტაკლში მთავარ როლს ეიმანტას პაკალკა ასრულებს, გამორჩეული ლიეტუველი მსახიობი. პაკალკა არ თამაშობს „შეშლილს“ როგორც ფსიქოლოგიურ როლს; იგი ინაცვლებს პიროვნულსა და კოლექტიურ განზომილებებს შორის. მისი სხეული ერთდროულად ინდივიდის დაშლისა და ეპოქის კრიზისის ალეგორიად იქცევა.

ეიმანტას პაკალკა უაღრესად ნიჭიერი მსახიობია, და სწორედ ასეთი მსახიობები თუ შეძლებენ "შეშლილის“ შესრულებას. ამ დრომდე ლიეტუვაში ამ მასალაზე მხოლოდ ძალიან გამორჩეული მსახიობები მუშაობდნენ - ვალენტინ მასალსკისი, დაინიუს კაზლაუსკასი და ვაინიუს სოდეიკა. ამ როლის მასშტაბი უკიდურესად დიდია. ყველა ამ მსახიობს აქვს რაღაც არსებითი ხიბლი, უნიკალური ბუნება" - ამბობს ოსკარას კორშუნოვასი.

კორშუნოვასი ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორია, რომელმაც 1990-იან წლებში საკუთარი სახელობის თეატრი (OKT) დაარსა, რომელიც სწრაფად იქცა ევროპული ავანგარდის მნიშვნელოვან ცენტრად. მისი სტილი ხშირად გამოირჩევა სოციალური კრიტიკით, პოლიტიკურობითა და რეალობის მიმართ ირონიული დამოკიდებულებით. კორშუნოვასი განსაკუთრებით ცნობილია კლასიკური ტექსტების თანამედროვე ინტერპრეტაციებითა და მისთვის პოლიტიკური კონტექსტის მინიჭებით. რეჟისორის ხელწერა არც მოცემულ სპექტაკლში იცვლება. ეს მონოწარმოდგენა გოგოლის "შეშლილის წერილს" კითხულობს, როგორც წინასწარმეტყველებას დიქტატორული სენის შესახებ, რომელიც XIX საუკუნის ფიქციის ფარგლებს სცდება და რეალობას იქცევა ჯერ ჰიტლერის სახით, შემდეგ კი თანამედროვე პოლიტიკური ლიდერების სახით.

კორშუნოვასის "შეშლილი" თავისი ფორმით მკაცრად კამერულია, მაგრამ ინტენსივოით - კათარზისული. სცენოგრაფია მინიმალისტურია: სცენაზე მხოლოდ ირმის რქები, კიბე და ჭერში დაკიდული თეთრი ნაჭერია გაშლილი, რომელზეც პროექცია იშლება. ეს მინიმალისტური სცენა, არა იმდენად დეკორის ელემენტებია, არამედ სიმბოლო. მაგალითად ირმის რქა, შეგვიძლია ძალაუფლების, ბნელისა და მტაცებლის ინსტიქტებზე აგებული იერარქიის ნიშანი იყოს. კიბე - აღმავლობისა და დაცემის ბილიკი, რაც მაყურებელს უკეთ წარმოუდგენს პერსონაჟის შინაგან მოძრაობას, მის ავადმყოფურ მეტამორფოზას. თეთრი ნაჭერი კი გარდაიქმნება გონების ეკრანად, სადაც თავდაპირველად აბსტრაქტული ფორმებია - თითქოს ფსიქიკის ჯერ კიდევ გაუფორმებელი მხუტებია - შემდე კი ეს ნარევი მკვეთრ პოლიტიკურ კადრებად გარაიქმნება: მესამე რაიხის მარში, პუტინის გამოსვლები, დიქტატორული ქარიზმის სახეები და სხვა.

მოცემული სტრატეგიით კორშუნოვასი გოგოლის ტექსტს დროისგან გაათავისუფლებს და მას პოლიტიკურ არქეტიპად აქცევს. "შეშლილის წერილი" ამრიგად, არა მხოლოდ პიროვნული დესტრუქციის, არამედ ძალაუფლების ტოტემური კულტის ანატომიაცაა. რეჟისორისთვის ფსიქიატრიულ დიაგნოზზე უფრო მთავარი ძალაუფლების მექანიზმია, რომელიც სიგიჟეს ამუშავებს, მას კულტად აქცევს და ბოლოს - სახელმწიფოებრივ სისტემად გარდაქმნის.

მონოსპექტაკლი იმართება სიზმრისა და ბოდვის საზღვარზე, სადაც მსახიობი (ერთდროულად მაყურებლის წინაშე და საკუთარ თავში) დგამს გონებრივი დაშლის თითქმის ფიზიოლოგიურ ქორეოგრაფიას. მისი სხეული სუნთქვის, წონასწორობის დაკარგვისა და ხმოვანი რიტმის საშუალებით ქმნის იმ რყევას, რაც "შეშლილის" ცნობიერების მოშლის ანალოგი ხდება.

პროექციების ზრდა და მათში კონკრეტული პოლიტიკურობის გაჩენა, ამ პროცესს თან ახალვს, როგორც სიგიჟე ხდება კონკრეტული, ასევე პოლიტიკური ძალაუფლება ვლინდება სახეებში, გამოსვლებში, ლოზუნგებში. სპექტაკლის დასასრულისკენ მაყურებელი ხვდება, რომ პერსონაჟის ჰალუცინაციები რეალობას ემთხვევა - ამით კორშუნოვასი თანამედროვე ეპოქის პარადოქსს გვიჩვენებს: სიგიჟე და რეალობა ერთ ტერიტორიაზე ტივტივებენ. რეჟისორი ირჩევს არა ემპათიურ, არამედ დიაგნოსტიკურ თეატრს, სადაც შეგვიძლია ამოვიკითხოთ ბრეხტიანულლი გაუცხოების მეთოდი - მაყურებელი არ იძირება ფსიქოლოგიურ დრამაში, პირიქით, რეჟისორი აშორებს ტექსტს ფსიქოლოგიზმის ნალექებს და მას პოლიტიკურ ალეგორიად გარდაქმნის.

თანამედროვე პოლიტიკური ლანდშაფტი ხშირად ფსიქიატრიული პალატის მეტაფორაა. ძალაუფების ლოგიკა ემყარება არა რაციონალურ არგუმენტებს, არამედ ილუზიებს, შეთქმულების თეორიებს, ჰალუცინაციებს. თანამედროვე ესთეტიკის კვლევებში ხშირად შეინიშნება, რომ პოლიტიკა ხშირად მუშაობს ესთეტიკის პრინციპებით, უფრო ძლიერი ეფექტით, ვიდრე თავად ხელოვანები. ლიდერები ქმნიან საკუთარ სპექტაკლებსა და მითებს, რომლებიც მათ ძალაუფლებას უფრო და უფრო ამყარებს. პოლიტიკის ესთეტიზირების მეთოდს კი თან დაყვება გარკვეული ტიპის ირაციონალური შესრულების მანერა. ესე იგი, თუ კი სიგიჟის ანთროპოლოგია შემდეგნაირი იყო, და იგი წარმოიქმნებოდა ძალაუფლების მიერ დაწესებულ საზღვრებთან მიმართებაში, თანამედროვე პოლიტიკურ სივრცეში ეს საზღვრები იშლება: რაც ერთი ადამიანის ბოდვაა, მასების აღიარების შემთხვევაში შესაძლოა "პოლიტიკურ რეალობას" იქცეს.

ტრამპის მიტინგები, პუტინის აგრესიული „ისტორიული ლოგიკა“, ორბანის ან ბოლსონაროს პოპულიზმი – ეს ყველაფერი ერთი და იგივე პროცესის ვარიაციებია: პოლიტიკის სპექტაკლიზაცია, სადაც მმართველის პიროვნება იქცევა თეატრალურ ფიგურად. სწორედ ამიტომ კორშუნოვასის სცენაზე ნაჩვენები პროექციები – მესამე რაიხის მარში თუ პუტინის გამოსვლები – ფუნქციონირებს არა როგორც ილუსტრაცია, არამედ როგორც დოკუმენტური მასალა, რომელიც მაყურებელს აჩვენებს: სიგიჟე რეალურია, ის უკვე აქაა.

bottom of page